Facebook Twitter

3გ-ად-58-კ-02 24 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის შესრულების დავალება, არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება, არასაცხოვრებელი ფართის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

ხაშურის რაიონის გამგეობის 26.03.99წ. ¹31 დადგენილებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქ. ხაშურში, ... მდებარე 114 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის იჯარით გაცემის შესახებ. სახელმწიფო ქონების მართვის (შემდგომში-სქმ) სამინისტროს რაიონული სამმართველოს 31.05.99. ¹76 ბრძანებით დამტკიცდა საწყისი წლიური საიჯარო ქირა, განისაზღვრა საკონკურსო პირობები. ბრძანების შესაბამისად საკონკურსო განცხადება არასაცხოვრებელი ფართის იჯარით გაცემის შესახებ 03.06.99წ. გამოქვეყნდა გაზეთ «......-ში». სქმ სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს საკონკურსო კომისიის 06.07.99წ. სხდომის ოქმით კომერციულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა ტ. ბ-ძე. აღნიშნული ოქმი დამტკიცდა სქმ სამმართველოს 20.07.99წ. ¹114 ბრძანებით.

26.08.99წ. სქმ სამინისტროს ხაშურის რაიონულ სამმართველოს და ტ. ბ-ძეს შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება 114კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართზე. სქმ ხაშურის რაიონული სამმართველოს 11.11.99წ. ¹249 ბრძანებით დადგენილია, რომ ფართი იჯარით გადაეცა დ. გ-ძეს ტ. ბ-ძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც უარი განაცხადა ხელშეკრულებაზე და დ. გ-ძის სახით სამმართველოს შესთავაზა გადახდისუნარიანი და მისაღები მოიჯარე. 23.12.99წ. სამმართველოსა და დ. გ-ძეს შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება 114კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე, ხელშეკრულება დაიდო 2004წ. 26 აგვისტომდე, ხელშეკრულება დამოწმებულია ნოტარიულად და რეგისტრირებულია რეესტრში.

დ. გ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს სქმ სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს, მესამე პირის – სპს «ნ-ძე ჯ. – მამაკაცთა და ქალთა სალონი «ლ-ას» (შემდგომში სპს «ლ-ას») დირექტორის ჯ. ნ-ძის მიმართ, რომელშიც აღნიშნა, რომ 23.12.99წ. მოპასუხესთან დადო ქ. ხაშურში, ... მდებარე 114კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის იჯარის ხელშეკრულება. მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ გადასცა მას იჯარით აღებული ფართი, რომლის ერთი წლის საიჯარო ქირა – 730 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში, ხელშეკრულების პირობების თანახმად, მოიჯარემ წინასწარ გადაიხადა. სსკ-ს 581-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა სქმ სამმართველოსათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული არასაცხოვრებელი ფართის გადმოცემის დავალება.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 14.04.2000წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული ქალაქის საკრებულო. სქმ სამინისტროს ხაშურის რაიონულმა სამმართველომ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც დ. გ-ძის მოთხოვნა კანონიერად მიიჩნია და აღნიშნა, რომ საიჯარო ხელშეკრულების პირობების შესრულების ხელისშემშლელ მიზეზს წარმოადგენს სადავო ფართში სპს «ლ-ას» უკანონოდ განთავსება. შეგებებულმა მოსარჩელემ მიუთითა, რომ ხაშურის რაიონის გამგეობის 26.03.99წ. ¹31 დადგენილების შესაბამისად სამმართველომ 31.05.99წ. ¹76 ბრძანების საფუძველზე ადგილობრივ გაზეთ «.....-ში» 03.06.99წ. გამოაცხადა კონკურსი. დ. გ-ძესთან 23.12.99წ. დადებული საიჯარო ხელშეკრულებით მუნიციპალური დაქვემდებარების 114 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ. ხაშური, ..... 2004წ. 26 აგვისტომდე გადაეცა დ. გ-ძეს. მოსარჩელემ მოითხოვა სპს «ლ-ას» არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება, ერთი წლის განმავლობაში ფართის არაკანონიერად ფლობის გამო მასზე ჯარიმის დაკისრება.

რაიონულმა სასამართლომ 05.11.2000წ. გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ფართი რეალურად ვერ იქნება გადაცემული მოიჯარეზე, ვინაიდან ხელშეკრულების დადების წინააღმდეგი იყვნენ ქ.ხაშურის საკრებულო და ამ ფართში განთავსებული სპს «ლ-ა». ქალაქის საკრებულომ უკანონოდ სცნო მერიის დადგენილება საკრებულოს ბალანსზე რიცხული არასაცხოვრებელი ფართის გადაცემაზე, გააუქმა იგი და დასვა სქმ სამმართველოს წინაშე საკითხი კონკურსის შეჩერების შესახებ, საკრებულოს ეს მოთხოვნა «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» ორგანული კანონის 38-ე, 39-ე მუხლების მიხედვით სქმ სამმართველოს უნდა გაეთვალისწინებია. სასამართლომ მიუთითა, რომ საიჯარო ხელშეკრულება დადებული სამმართველოსა და დ. გ-ძეს შორის შეუსაბამოა უფლებრივად უნაკლო ნივთის გადაცემის მოთხოვნებთან. რადგან საიჯარო ხელშეკრულება ცალმხრივადაა შესრულებული, მოსარჩელეს გადახდილი აქვს საიჯარო თანხა, ხოლო სამმართველომ ვერ შეასრულა ხელშეკრულების პირობა და მოიჯარეს ვერ გადასცა ქონება მესამე პირთა პრეტენზიის გამო, სსკ-ს 533-ე, 534-ე, 581-ე მუხლებზე მითითებით სარჩელი საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შესახებ არ დაკმაყოფილდა, სქმ სამინისტროს ხაშურის რაიონულ სამმართველოს დ. გ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 750 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. ამასთანავე, დაკმაყოფილდა მესამე პირთა – სპს «ლ-ას» და ქ. ხაშურის საკრებულოს დამოუკიდებელი მოთხოვნა, გაუქმდა სქმ სამინისტროს ხაშურის რაიონულ სამმართველოს და დ. გ-ძეს შორის 23.12.99წ დადებული საიჯარო ხელშეკრულება სადავო არასაცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 11.05.2000წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სქმ სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს და დ. გ-ძის მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 11.12.01წ. გადაწყვეტილებით დ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სქმ სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 11.05.2000წ. გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, სქმ სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სპს «ლ-ა» გამოსახლებული იქნა სადავო არასაცხოვრებელი ფართიდან, შეგებებული სარჩელის მოთხოვნა სპს «ლ-ასათვის» 730 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრების შესახებ სქმ სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს სასარგებოდ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სქმ სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოსათვის დ. გ-ძის სასარგებლოდ 730 აშშ დოლარის ექვივალენტური ლარის თანხის გადახდის დაკისრებით რაიონულმა სასამართლომ დაარღვია სსსკ-ს 248-ე მუხლი, მიაკუთვნა მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია. ამასთანავე, რაიონულმა სასამართლომ საერთოდ არ განიხილა სამმართველოს შეგებებული სარჩელი, სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა სპს «ლ-ას» და ქ.ხაშურის საკრებულოს დამოუკიდებელი მოთხოვნა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, მაშინ როდესაც მითითებულ მესამე პირებს ასეთი სარჩელი სასამართლოში არ წარუდგენიათ.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სპს «ლ-ას» წარმომადგენლის მიერ წარდგენილი 02.01.97წ. ¹31 ქირავნობის ხელშეკრულება დადებული რაიონის სახლმმართველობასა და მცირე საწარმო «ჰ-ას» შორის, რომლის ვადა განსაზღვრულია 1999წ. 31 დეკემბრამდე, არ წარმოადგენს ამჟამად სპს «ლ-ას» მიერ სადავო ფართით ფლობისა და სარგებლობის დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტს, ვინაიდან სპს «ლ-ა» არ წარმოადგნენს მცირე საწარმო «ჰ-ას» სამართალმემკვიდრეს. სსკ-ს 172-ე მუხლის საფუძველზე კოლეგიამ კანონიერად მიიჩნია სამმართველოს შეგებებული სარჩელი ფართიდან სპს «ლ-ას» გამოსახლების ნაწილში. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა სპს «ლ-ასთვის» გადაუხდელი ქირის გამო ჯარიმის სახით 730 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან სამმართველოსა და სპს «ლ-ას» შორის არ დადებულა ხელშეკრულება ანუ არ არსებობს ვალდებულების წარმოშობის საფუძველი. სასამართლომ მიუთითა აგრეთვე, რომ პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას სამმართელოსა და დ. გ-ძეს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების კანონიერებაზე, ვინაიდან აღნიშნული არ წარმოადგენს დავის საგანს.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ხაშურის საკრებულოს და სპს «ლ-ას» მიერ. კასატორი _ ქ. ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა სსსკ-ს 248-ე მუხლის მოთხოვნა და აღნიშნავს, რომ 11.05.2000წ. სხდომის ოქმში ასახულია მოსარჩელე დ. გ-ძის მოთხოვნა 750 აშშ დოლარის დაბრუნების შესახებ. სპს «ლ-ას» და ქ. ხაშურის საკრებულო საქმეში ჩაბმულ იქნენ ს.ა.ს.კ. მე-16 მუხლის და არა სსსკ 88.1 მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის თავისებურებებიდან გამომდინარე ქ. ხაშურის საკრებულო და სპს «ლ-ა» არ იყვნენ ვალდებულნი სარჩელის წარდგენით მოეთხოვათ საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობა. სპს «ლ-ა» და ქ. ხაშურის გამგეობამ თავიანთი შესაგებლებში აღნიშნეს რა ხელშეკრულების არამართლზომიერება, შესაბამისად მოითხოვეს მისი ბათილად ცნობა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ იქონია რა მსჯელობა დ. გ-ძესა და სქმ სამმართველოს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების კანონიერებაზე, დაარღვია სსსკ-ს 377.1 მუხლი.

კასატორი უმართებულოდ თვლის აგრეთვე სქმ სამმართველოს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას სსკ-ს 172.2 მუხლის საფუძველზე, რადგან სქმ სამმართველოს 31.05.99წ. ¹76, 20.07.99წ. ¹111 ბრძანებების თანახმად საიჯარო ფართი წარმოადგენს ხაშურის საკრებულოს გამგეობის ბალანსზე რიცხულ ფართს. კასატორი საიჯარო ურთიერთობაში ყოფნის ფაქტის დასამტკიცებლად საკმარისად თვლის ფართის ფლობას, რადგანაც სს კოდექსის კერძო ნაწილი არ ითვალისწინებს წერილობითი ხელშეკრულების დადებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას.

სააპელაციო პალატის 11.12.01წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა აგრეთვე მესამე პირის – სპს «ლ-ას» მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 12.10.99წ. ¹592 ბრძანებულების საფუძველზე ხაშურის საქალაქო საკრებულოს 28.12.99წ. გადაწყვეტილებით შეიქმნა საკრებულოს გამგეობის არასაცხოვრებელი ფონდი, რომელიც მოიცავს სადავო ფართს. საკრებულოს აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, იგი რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, მოქმედებს, მისი კანონშეუსაბამობის საკითხი სასამართლოში არ დასმულა. კასატორი აღნიშნავს, რომ სპს «ლ-ას» და ფართობის მესაკუთრეს – ხაშურის საქალაქო საკრებულოს შორის წლების მანძილზე იდებოდა ქირავნობის ხელშეკრულება, უკანასკნელი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 31.12.99წ. იწურებოდა. ფართში 30 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში განთავსებული იყო მამაკაცთა და ქალთა საპარიკმახერო, მისი კერძო ფირმად, სპს «ლ-ად» გარდაქმნას არ გამოუწვევია პროფილის შეცვლა, აღნიშნული, კასატორის აზრით, ადასტურებს კონკურსის გაყალბებას, ობიექტის ფარულად სხვა პირზე გაცემას. საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებამდე საქალაქო საკრებულოს დადგენილებით სქმ სამმართველოს დაევალა სადავო ფართობზე კონკურსის ჩატარების შეჩერება, რაც საკმარისია კონკურსის არ შემდგარად ჩათვლისათვის, ვინაიდან სპს «ლ-ა» შესაძლოა ამ დადგენილებით შეცდომაში შესულიყო. ზემოაღნიშნულთან ერთად დარღვეულია კონკურსის ჩატარების წესი, საკონკურსო კომისიაში არ იყო მოწვეული საკრებულოს წარმომადგენელი, საკონკურსო კომისიის წევრი, რითაც ხელყოფილ იქნა მესაკუთრის _ საკრებულოს და სპს «ლ-ას» ინტერესები. ამასთანავე, სპს «ლ-ას» სქმ სამმართველოში შეტანილი ჰქონდა განცხადება ფართის გასხვისების შემთხვევაში მისი ინტერესების გათვალისწინების თაობაზე, რაც კონკურსში მონაწილეობის თხოვნის ტოლფასია. კასატორი აღნიშნავს, რომ თუ დამქირავებელი სარგებლობს ნივთით ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც და გამქირავებელი ამაზე არ ედავება, სსკ-ს 559-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება განახლდება განუსაზღვრელი ვადით. სსკ-ს 572-ე მუხლის თანახმად, სქმ სამმართველო რომც ყოფილიყო ფართობის მესაკუთრე, სპს «ლ-აზე» გაქირავების შემდეგ იგი დაიკავებდა გამქირავებლის ადგილს. სასამართლოს დავის სწორად გადაწყვეტისათვის კანონის ანალოგიით უნდა გამოეყენებინა ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა _ სსკ-ს 517.1 და 209.1 მუხლები და ქირავნობის უპირატესი უფლება დ. გ-ძესთან შედარებით სპს «ლ-ას» უნდა მინიჭებოდა, რომელსაც 30 წლის განმავლობაში დაქირავებული აქვს ფართი, იხდის ქირას, არის მცირე საწარმო «ჰ-ას» სამართალმემკვიდრე. კასატორი არ ეთანხმება აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გასცდა სარჩელის ფარგლებს და თვლის, რომ სპს «ლ-ა» და საქალაქო საკრებულო სადავო გახადეს 23.12.99წ. საიჯარო ხელშეკრულება და იგი წარმოადგენდა დავის საგანს. კასატორი უთითებს აგრეთვე, რომ კონკურსში გაიმარჯვა არა მოსარჩელე დ. გ-ძემ, არამედ ტ. ბ-ძემ, რომლის შეცვლა არ იყო გათვალისწინებული საკონკურსო პირობებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღებას, სადავო ფართის მოიჯარედ სპს «ლ-ას» ცნობას.

მოწინააღმდეგე მხარე – სქმ სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველო წარმოდგენილი შესაგებლით საკასაციო საჩივრების საფუძვლებს არ ცნობს, ითხოვს მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს სსსკ-ს 248-ე მუხლის დარღვევაზე. სადავო ფართის ბალანსზე ყოფნა არ ნიშნავს ფართზე საკუთრებას, იგი არ გადაცემულა ქალაქის საკრებულოს საკუთრებაში, ამასთანავე საქმეში არ მოიპოვება სპს «ლ-ას» საიჯარო ურთიერთობებში ყოფნის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, რის გამო პალატამ სამართლიანად მიუთითა 317-ე მუხლზე. მოწინააღმდეგე მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორებმა ანალოგიური პრეტენზიებით მიმართეს სქმ სამინისტროს, რომელმაც დაადასტურა ჩატარებული კონკურსის კანონიერება, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის შიდა ქართლის სამსახურის და სქმ ხაშურის რაიონული სამმართველოს სარჩელი ქ. ხაშურის საკრებულოს 29.12.99წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ გორის რაიონული სასამართლოს 12.12.01წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა.

თავდაპირველ მოსარჩელეს დ. გ-ძეს შესაგებელი საკასაციო საჩივარზე არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არ მოიპოვება კასატორების – ქ. ხაშურის საკრებულოს და სპს «ლ-ას» სასარჩელო განცხადებები კონკურსის შედეგების, სქმ რაიონული სამმართველოს და დ. გ-ძეს შორის დადებული ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, ე.ი. არ არსებობს აღნიშნული მოთხოვნის პროცესუალური საფუძველი. ასეთად ვერ ჩაითვლება მესამე პირთა შესაგებლებში გამოთქმული მოსაზრებები დადებული საიჯარო ხელშეკრულების არამართლზომიერების შესახებ. ადმინისტრაციული პროცესის ინკვიზიციური ხასიათი, ქალაქის საკრებულოს და სპს «ლ-ას» პროცესში მე-3 პირებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის საფუძველზე ჩაბმა არ ცვლის სარჩელის უფლების დისპოზიციურ ხასიათს. სასარჩელო განცხადების სათანადო ფორმის დაცვა სარჩელის წარდგენის უფლების განხორციელების უმნიშვნელოვანესი პირობათაგანია, სსსკ-ს 177-ე მუხლის თანახმად სარჩელი სავალდებულო წესით შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უნდა პასუხობდეს სსს კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, შეიცავდეს კანონში მითითებულ რეკვიზიტებს. აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობა არ ქმნის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, სსკ-ს მე-2 მუხლით გარანტირებული უფლებების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას, სასამართლო არ არის უფლებამოსილი მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა (სსსკ-ს 248-ე მუხლი). აღნიშნული წარმოადგენდა სააპელაციო პალატის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საკმაო საფუძველს. საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის არ არსებობის გამო, სააპელაციო სასამარლო ვერ იქონიებდა მსჯელობას ჩატარებული კონკურსის შედეგად სქმ ხაშურის რაიონული სამმართელოსა და დ. გ-ძეს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების მართლზომიერებაზე, ვინაიდან სადავო მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობას, დავის საგანს განსაზღვრავს სასარჩელო მოთხოვნა. ამდენად პალატა არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას სააპელაციო პალატის მიერ სსსკ-ს 377-ე მუხლის I-ლი ნაწილის დარღვევის შესახებ.

ს.ქ.მ. ხაშურის რაიონული სამმართველოს 31.05.99წ. ¹76, 20.07.99წ. ¹111 ბრძანებებში, რომლებითაც დამტკიცდა საწყისი წლიური საიჯარო ქირა და საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი, მითითება იმაზე, რომ ქ. ხაშურში, ... მდებარე 114კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის ბალანსთმფლობელი არის ქალაქის საკრებულო არ ადასტურებს ფართის საკრებულოს საკუთრებაში ყოფნას. «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» ორგანული კანონის 33-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრება იქმნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრების ობიექტების გადაცემით. ობიექტი არ გადაცემულა ქალაქის საკრებულოსათვის საქართველოს პრეზიდენტის 25.05.99წ. ¹334 ბრძანებულებით დამტკიცებული «ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ობიექტების გადაცემის წესის» მიხედვით. ამასთანავე, «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, ს.ქ.მ. სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო არის სახელმწიფოსაგან უფლებამოსილი სახელმწიფო ქონების მესაკუთრე, რომელიც ფლობს განკარგავს და მართავს სახელმწიფო ქონებას. ამდენად, სქმ რაიონული სამმართველო უფლებამოსილი იყო მოეთხოვა სასამართლოსაგნან საკუთრების გამოყენების ხელისშეშლის აღკვეთა, პალატა მართლზომიერად თვლის სქმ რაიონული სამმართველოს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას სსკ-ს 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

სასამართლო არ იზიარებს აგრეთვე კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საიჯარო ურთიერთობაში ყოფნის ფაქტის დადასტურებისათვის საკმარისია ფართის ფლობა სპს «ლ-ას» მიერ. 23.12.99წ. საიჯარო ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ გარიგებას, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 69-ე მუხლის მიხედვით შეიძლება დაიდოს მხოლოდ წერილობითი ფორმით. სქმ მინისტრის მიერ 14.11.97წ. ¹1-3/687 და 27.05.99წ. ¹1-3/274 ბრძანებებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ» დებულება ითვალისწინებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის უფლებით გაცემას მხოლოდ კონკურსის ფორმით, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს სქმ სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო. ხელშეკრულების მონაწილე მხარეებად გამოდიან სქმ სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო და უშუალოდ ქონების მიმღები, ამასთანავე, ქონების იჯარით გაცემისათვის საჭიროა გარიგების რთული სანოტარო ფორმის დაცვა. ქონების იჯარით გადაცემისათვის ანალოგიურ მოთხოვნას შეიცავდა აგრეთვე მანამდე მოქმედი საქართველოს პარლამენტის 20.09.94წ. დადგენილებით დამტკიცებული «სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის დებულება». ზემოაღნიშნულს არ ცვლის აგრეთვე და სპს «ლ-ას» კანონმდებლობით დადგენილი წესით საიჯარო ურთიერთობაში ყოფნას არ ადასტურებს საკასაციო საჩივრისადმი დართული ქირის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, მით უფრო, რომ საკასაციო ინსტანციაში არ დაიშვება ახალი მტკიცებულებების წარდგენა. ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა იმის შესახებ, რომ არ არსებობს საიჯარო ურთიერთობებში სპს «ლ-ას» ყოფნის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.

სპს «ლ-ას» საკასაციო საჩივართან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქალაქო საკრებულოს 28.12.99წ. გადაწყვეტილებით არასაცხოვრებელი ფონდის შექმნა, ფონდში ..... მდებარე სადავო ფართობის აღრიცხვა, მისი ნორმატიული აქტის სახით რეგისტრაცია არ წარმოადგენს აღნიშნულ ფართზე დადებული საიჯარო ხელშეკრულების შეუსრულებლობის, სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გარემოებას, ვინაიდან სქმ რაიონულ სამმართელოს და დ. გ-ძეს შორის საიჯარო ხელშეკრულება დაიდო ქალაქის საკრებულოს მიერ 28.12.99წ. გადაწყვეტილების მიღებამდე და მისი ნორმატიული აქტების რეესტრში რეგისტრაციამდე, ამასთანავე განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს ჩატარებული კონკურსის შედეგად 23.12.99წ. დადებული საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობა, შესაბამისად არ არსებობს სქმ ხაშურის რაიონული სამმართველოსა და იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის შიდა ქართლის სამსახურის მიერ ქ. ხაშურის საკრებულოს მითითებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელის სასამართლოში აღძვრის გამო, სსსკ-ს 279-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი.

სახლმმართველობის საბინაო-საექსპლოატაციო კანტორის და მცირე საწარმო «ჰ-ას» შორის დადებული ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, რომელიც 1999წ. 31 დეკემბრამდე მოქმედებდა, ასევე არ წარმოადგენდა დ. გ-ძის და სქმ რაიონული სამმართველოს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, ვინაიდან არ არსებობს მცირე საწარმო «ჰ-ას» და ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ 14.04.99წ. რეგისტრირებულ სპს «ნ-ძე ჯ. – მამაკაცთა და ქალთა სალონი «ლ-ას» (სპს «ლ-ას») სამართალმემკვიდრეობის დამადასტურებელი რაიმე საბუთი, შესაბამისად არ არსებობს სპს «ლ-ას» კეთილსინდისიერ დამქირავებლად, ფართის ქირავნობის ხელშეკრულებაში სქმ სამმართველოს სსკ-ს 572-ე მუხლის საფუძველზე ფართის გამქირავებლად მიჩნევის საფუძველი. სადავო ფართში 30 წლის განმავლობაში ქალთა და მამაკაცთა საპარიკმახეროს განთავსება, სპს «ლ-ას» მიერ პროფილის შენარჩუნება, ფართობის დანიშნულებით გამოყენება, ასევე არ ადასტურებს კასატორის – სპს «ლ-ას» არასაცხოვრებელი ფართით ფლობის მართზომიერებას, მით უფრო, რომ ჩატარებული კონკურსის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენდა მოიჯარის მიერ საპარიკმახეროს მუშაობის უზრუნველყოფა. პალატა არ იზიარებს სპს «ლ-ას» მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სსკ-ს 517.1 და 209.1 მუხლების ანალოგიით სპს «ლ-ას» აქვს ქირავნობის უპირატესი უფლება. საკასაციო პალატა სსკ-ს 5.1 მუხლის, «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 27-ე მუხლის საფუძველზე შეუძლებლად თვლის სსკ-ს 517.1 და 209.1 მუხლების ანალოგიით გამოყენებას, ვინაიდან ადგილი არა აქვს კანონით გაუთვალისწინებელ შემთხვევას, კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო ურთიერთობების მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმებს. სქმ მინისტრის 27.05.99წ. ბრძანებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის გადაცემის წესის შესახებ» დებულება ითვალისწინებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ქირავნობის, იჯარის უფლებით გაცემას მხოლოდ კონკურსის ფორმით, «სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ» დებულების მოთხოვნათა შესაბამისად. დებულების 6.9 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ არაუგვიანეს 2 თვისა დამქირავებელს შეუძლია ისარგებლოს ქირავნობის შესახებ ხელშეკრულების ვადის გარკვეული ვადით გაგრძელების უპირატესი უფლებით სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ამდენად, უსაფუძვლოა აგრეთვე კასატორის მოსაზრება ვადაგასული ხელშეკრულების მოქმედების ავტომატური გაგრძელების შესახებ.

სპს «ლ-ას» ფართის მოიჯარედ ცნობის პირობას არ წარმოადგენს აგრეთვე ქ. ხაშურის საკრებულოს 30.06.99წ. დადგენილებით სქმ სამმართველოსათვის სადავო არასაცხოვრებელ ფართობზე კონკურსის ჩატარების შეჩერების მოთხოვნა, ვინაიდან ძალაში იყო ხაშურის რაიონის გამგეობის 26.03.99წ. ¹31 დადგენილება, რომლის მე-2, მე-4 პუნქტების მიხედვით დამტკიცდა ქ. ხაშურის საკრებულოს გამგეობის მიერ წარმოდგენილი სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით ფასიან სარგებლობაში არასაცხოვრებელი ფართობების ნუსხა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონულ სამმართველოს დაევალა ქალაქის საკრებულოს ბალანსზე რიცხული არასაცხოვრებელი ფართობების, მათ შორის სადავო არასაცხოვრებელი ფართის, ფასიან სარგებლობაში გაცემა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

ვინაიდან თავად ჩატარებული კონკურსი და მის შედეგად დადებული ხელშეკრულება არ წარმოადგენს დავის საგანს, საკასაციო პალატა არ იქონიერბს მსჯელობას კასატორის მოსაზრებებზე საკონკურსო კომისიის შემადგენლობის, კასატორის მიერ ფართის გასხვისების შემთხვევაში მისი ინტერესების გათვალისწინების შესახებ სქმ სამმართველოში განცხადების შეტანის თაობაზე.

უსაფუძვლოა აგრეთვე სპს «ლ-ას» მოსაზრება იმის შესახებ, რომ საკონკურსო პირობებით არ დაიშვებოდა კონკურსში გამარჯვებული ტ. ბ-ძის შეცვლა დ. გ-ძის მიერ. «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ» დებულების მე-7 მუხლის თანახმად, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე უკან აბრუნებს ქონებას, იგი თავისუფლდება საიჯარო ქირის შემდგომი გადახდისაგან იმ შემთხვევაში, თუ მის სანაცვლოდ მეიჯარეს შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მისთვის (მეიჯარისათვის) მისაღებ მოიჯარეს. ახალი გადახდისუნარიანი და მეიჯარისათვის მისაღები მოიჯარის წარდგენის გზით მოიჯარის მიერ საიჯარო ქონების ვადამდე უკან დაბრუნებას ითვალისწინებს აგრეთვე სსკ-ს 588-ე მუხლი. აღნიშნული ნორმების შესაბამისად, სქმ სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს და ტ. ბ-ძეს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების 3.5 პუნქტი ადგენდა, რომ თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე უკან აბრუნებს ქონებას, იგი თავისუფლდება საიჯარო ქირის შემდგომი გადახდისაგან იმ შემთხვევაში, თუ მის სანაცვლოდ მეიჯარეს შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მისთვის (მეიჯარისათვის) მისაღებ მოიჯარეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ტ. ბ-ძის 30.09.99წ. განცხადების და სქმ რაიონული სამმართველოს 11.11.99წ. ¹249 ბრძანების საფუძველზე, 23.12.99წ. საიჯარო ხელშეკრულება დ. გ-ძესთან კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით გაფორმდა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილება ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს და თვლის, რომ არ არსებობს ქ. ხაშურის საკრებულოს საკასაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების, გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. ვინაიდან დავის საგანს არ წარმოადგენდა რაიონული სამმართველოსა და დ. გ-ძეს შორის 23.12.99წ. დადებული საიჯარო ხელშეკრულების მართლზომიერება, ხოლო სსსკ-ს 406-ე მუხლის მიხედვით საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, საკასაციო პალატა შეუძლებლად თვლის აგრეთვე სპს «ლ-ას» საკასაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ახალი გადაწყვეტილების მიღებით ქ. ხაშურში, ... განთავსებული 114კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის მოიჯარედ სპს «ლ-ას» ცნობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ხაშურის საკრებულოს და სპს «ლ-ას» საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 11.12.01წ. გადაწყვეტილება.

2. თითოეულ კასატორს გადახდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი 40 ლარის ოდენობით, რომლის 70% _ 28 ლარი უნდა ჩაირიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹000141107 ანგარიშზე (კოდი 59), ხოლო 30% _ 12 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.