Facebook Twitter

3გ/ად-59კ.ს.-01 31 იანვარი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: დავის გადაწყვეტამდე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი (ნორმატიული) აქტების მოქმედების შეჩერება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 13 სექტემბერს კერძო საჩივრის ავტორებმა ს. ხ-ძემ, ე. გ-შვილმა, ე. გ-ძემ, ე. ლ-შვილმა, მ. ბ-ძემ, ა. გ-ურმა, ა. ც-შვილმა, ზ. წ-ანმა მოპასუხეთა მიმართ აღძრეს სარჩელი და მოითხოვეს საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 22 თებერვლის ¹63 და 17 მაისის ¹194 ბრძანებულების ¹2 დანართის 5.4; 7.2; 7.3; 7.4; 8; 8.2; 8.3; 8.4; 8.5; 8.6; 8.7; 8.8; 9.2 პუნქტებისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 22 ივნისის ¹236/ნ ბრძანების ბათილად ცნობა. იმავდროულად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერება დავის გადაწყვეტამდე, რაც დაკმაყოფილდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 18 სექტემბრის განჩინებით და სარჩელის წარმოებაში მიღების მომენტიდან, 2001 წლის 18 სექტემბრიდან შეჩერდა გასაჩივრებული აქტების მოქმედება.

2001 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერების გაუქმება მოითხოვა იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული სამართლებრივი აქტები წარმოადგენდნენ არა ადმინისტრაციულ აქტებს, არამედ ნორმატიულ აქტებს და მათი შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე, დაუშვებელია.

თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიამ 2001 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით დააკმაყოფილა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შუამდგომლობა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების მოქმედების შეჩერების გაუქმების შესახებ, თანახმად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მე-2, 29-ე მუხლის პირველი და 30-ე მუხლის მე-8 ნაწილისა, ვინაიდან გაირკვა, რომ 2001 წლის 18 სექტემბრის განჩინებით შეჩერებულად გამოცხადებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შეიცავდნენ მუდმივი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს ანუ წარმოადგენდნენ ნორმატიულ აქტებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის I ნაწილი დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერებას, ხოლო ნორმატიული აქტების შეჩერების შესაძლებლობას ადმინისტრაციული პროცესი საერთოდ არ ითვალისწინებს. ამასთან, კოლეგიამ მიუთითა, რომ განჩინება არ საჩივრდება.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 5 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელეთა ნაწილმა და მის გაუქმებას ითხოვს შემდეგი საფუძვლით:

1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ, სასამართლოს 2001 წლის 18 სექტემბრის განჩინება კოლეგიამ გააუქმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-3-4 ნაწილის დარღვევით, ვინაიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების გაუქმების შესახებ თავისი შუამდგომლობის 2001 წლის 4 ოქტომბრს წარდგენით დაარღვია სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გასაჩივრების ხუთდღიანი ვადა;

2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლით დასაშვებია მხოლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის შეცვლა მეორეთი და არა უზრუნველყოფის საერთოდ გაუქმება;

3. სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის მე-8 ნაწილი, რასაც ეფუძნება სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ 2001 წლის 5 ოქტომბრის განჩინება, ვინაიდან ახლად აღმოჩენილ გარემოებებს მიეკუთვნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში დასახელებული გარემოებანი, ხოლო ის გარემოება, რომ 2001 წლის 18 სექტემბრის განჩინებით მოქმედებაშეჩერებული აქტები ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებია და არა ადმინისტრაციული აქტები, სამართლებრივად არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ ან აღმოჩენილ გარემოებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2001 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა დაუშვებლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. სასამართლო კოლეგიის განჩინება ემყარება შემდეგ გარემოებებს:

1. მოსარჩელეთა მიერ გასაჩივრებული აქტები რომ ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებია და არა ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული, საქმეში მონაწილე არც ერთი მხარე სადავოდ არ ხდის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი კი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს;

2. სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრება, რომ გასაჩივრებული ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერება დასაშვებია საქართველოს სამოქალაქო საპროცო კანონმდებლობით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, კანონისა და სამართლის ანალოგიის მოშველიებით. კოლეგიამ მიიჩნია, რადგან საქართველოს ადმინისტრაციიული საპროცესო კოდექსის 29-ე, 30-ე მუხლები აწესრიგებენ სასამართლოში გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების მოქმედების შეჩერების საკითხებს, ამიტომ, ამავე კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, დაუშვებელია ამ საკითხებზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებათა გამოყენება.

კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასა და თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2001 წლის 15 ოქტომბრის გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვებას ითხოვს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელსაც მიაჩნია:

1. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი (ნორმატიული) აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ, 2001 წლის 18 სექტემბრის განჩინება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის I ნაწილს, ასევე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის «დ» ქვეპუნქტს და განჩინების გაუქმებით საქმის განხილვა მოექცა კანონის ფარგლებში;

2. სარჩელის შეტანის გამო ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან განსხვავებული სამართლებრივი ინსტიტუტია, ამ დროს არ გამოიყენება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიღების პრინციპები (მოსარჩელის ცალკე, სპეციალური განცხადება, აგრეთვე დასაბუთება, რომ ამ ღონისძიების გამოუყენებლობამ შეიძლება გააძნელოს ან შეუძლებელი გახადოს გადაწყვეტილების აღსრულება);

3. სარჩელის წარდგენის გამო ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილ სპეციალურ წესს და ამ კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მასზე ვერ გავრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები, მათ შორის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გასაჩივრების ნორმები. ადმინისტრაციული აქტის მოქმედებას სასამართლო აჩერებს სარჩელის მიღების შესახებ განჩინებით, რაც არც სამოქალაქო და არც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით არ საჩივრდება, ამიტომ კერძო საჩივრის დასაშვებობაზე მითითებული არ ყოფილა 2001 წლის 18 სექტემბრის განჩინებაში. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის მე-8 ნაწილი რადგან ითვალისწინებს ადმინისტრაციული აქტის შეჩერების შესახებ განჩინების გაუქმების შესაძლებლობას მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ამიტომ კანონიერია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე 2001 წლის 18 სექტემბრის განჩინების გაუქმება;

4. უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრება, თითქოს კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებას. ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ იძლევა ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებათა ლეგალურ დეფინიციას, ასეთად უნდა ჩაითვალოს ყველა ის გარემოება, რაც ცნობილი რომ ყოფილიყო თავის დროზე, სასამართლოს მიერ არ იქნებოდა გამოტანილი ადმინისტრაციული აქტის შეჩერების შესახებ განჩინება. რადგან სარჩელის წარმოებაში მიღების დროს სასამართლოს არ გაურკვევია გასაჩივრებული აქტის სამართლებრივი ბუნება, სამინისტროს შუამდგომლობაში მითითებული გარემოება, რომ გასაჩივრებული და შეჩერებული აქტები წარმოადგენენ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, უდავოდ უნდა ჩაითვალოს ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებად.

საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივრის ზეპირი განხილვა, კერძო საჩივრის ავტორთა თხოვნით, ჩანიშნული იყო 2002 წლის 23 და 30 იანვარს, მაგრამ მათი და საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო, საკასაციო პალატამ ადგილზე თათბირით დაადგინა კერძო საჩივრის მხარეთა დასწრების გარეშე განხილვა, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 420-ე მუხლისა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ხ-ძის, მ. გ-შვილის, ე. გ-ძის, ე. ლ-შვილისა და გ. ბ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 5 ოქტომბრის განჩინება, ხოლო 15 ოქტომბრის განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს კერძო საჩივრის დაუშვებლად ცნობის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის პირველ არგუმენტს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილში 2001 წლის 18 სექტემბრის განჩინების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევით გაუქმების შესახებ. აღნიშნული განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე, სარჩელის წარმოებაში მიღების მომენტიდან შეჩერდა გასაჩივრებული აქტების – საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის ¹63 და ¹194 ბრძანებულების სადავო პუნქტებისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის ¹236/ნ ბრძანების მოქმედება, ვინაიდან მითითებული ნორმის თანახმად: «სარჩელის წარდგენა სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედებას».

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-30 მუხლები გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური ნორმებია, რომლებიც სამართლებრივად წარმოადგენენ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას, ანალოგიურად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებისა, რაც დასტურდება მთელი რიგი საერთო დამახასიათებელი ნიშნებით. სახელდობრ, ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ მხარის შუამდგომლობა, ისევე, როგორც განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, სასამართლოში შეიძლება წარდგენილ იქნეს სარჩელის აღძვრამდეც და ორივე შუამდგომლობას სასამართლო ოპერატიულად იხილავს უმოკლეს ვადაში, თანახმად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192-ე მუხლის I ნაწილისა და 193-ე მუხლისა, თუმცა ადმინისტრაციული სამართალწარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე მათ შორის განსხვავებაც არის. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მიხედვით, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ «უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას” და სასამართლო ამ მითითებებიდან გამომდინარე წყვეტს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა-მიზანშეწონილობის საკითხს მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის წარდგენა სასამართლოში თავისთავად აჩერებს გასაჩივრებული ადმინისტრაციული (ინდივიდუალური) აქტის მოქმედებას, ხოლო ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოსაკრებლებისა და გადასახადების გადახდაზე, ასევე პოლიციის ორგანოს ადმინისტრაციულ და სხვა აქტების მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით (რომელთა მოქმედებაც სარჩელის შეტანით ავტომატურად არ ჩერდება) განმცხადებელმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მსგავსად, უნდა მიუთითოს, რომ სადავო აქტის გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს მიაყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესის დაცვას.

ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე, 30-ე მუხლებით გათვალისწინებული გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება სამართლებრივად წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას. ამასთან, ვინაიდან «სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას”, როგორც პროცესუალურ ინსტიტუტს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი საირთოდ არ ითვალისწინებს, ამიტომ ამავე კოდექსის 1 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ პროცესში დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების გამოყენებაც.

საკასაციო პალატას, ასევე მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე, 30-ე მუხლები რადგან არ ადგენენ ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ განჩინების გასაჩივრების სპეციალურ, განსხვავებულ წესს, ამ კოდექსის ზემოაღნიშნული I მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამჯერადაც გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, კერძოდ კოდექსის 194-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვითაც სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილი განჩინება მოპასუხეს შეუძლია გაასაჩივროს 5 დღის ვადაში, განჩინების მოპასუხისათვის გადაცემის მომენტიდან.

კონკრეტულ შემთხვევაში, 2001 წლის 18 სექტემბრის გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლო კოლეგიამ ხაზგასმით მიუთითა, რომ განჩინება არ საჩივრდება, რასაც საკასაციო პალატა ნაწილობრივ არ იზიარებს. თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის I პუნქტით, კოლეგიამ განსახილველად წარმოებაში მიიღო ს. ხ-ძის, მ. გ-შვილის და სხვა სასარჩელო განცხადება სადავო აქტების ბათილად ცნობის შესახებ, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, ნამდვილად არ საჩივრდება, მაგრამ გასაჩივრებული განჩინებით, სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა თხოვნა, გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეაჩერა სადავო აქტების მოქმედება, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილის მიხედვით, საჩივრდება კერძო საჩივრით. ამიტომ საკასაციო პალატა უსწოროდ მიიჩნევს 2001 წლის 18 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის მითითებას, რომ განჩინება არ საჩივრდება.

2001 წლის 18 სექტემბრის განჩინება მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელს ხელზე 21 სექტემბერს ჩაბარდა, რომელმაც შუამდგომლობა ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების ანუ 18 სექტემბრის განჩინების გაუქმების შესახებ, შეიტანა 2001 წლის 4 ოქტომბერს, რაც საკასაციო პალატას არ მიაჩნია საპროცესო ვადის დარღვევად, ვინაიდან თვით განჩინების გამომტანმა სასამართლომ არასწორად განუმარტა მხარეებს განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა და წესი, უფრო სწორად, უმართებულოდ აუკრძალა (შეუზღუდა) გასაჩივრების უფლება. ასეთ შემთხვევებში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, გასაჩივრება შეიძლება სასამართლო აქტის გამოტანიდან 1 წლის განმავლობაში. ამრიგად, საკასაციო პალატის აზრით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შუამდგომლობა-საჩივარი დასაშვებია, სასამართლო კოლეგიას ამ ნაწილში საპროცესო ნორმა არ დაურღვევია და მართებულად მიიღო განსახილველად აღნიშნული შუამდგომლობა;

2. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო, ასევე, ვერ გაიზიარებს კერძო საჩივარს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დარღვევით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე. კერძო საჩივრის ავტორთა მიერ მითითებული 196-ე მუხლის I ნაწილი, მართალია, უშვებს მხარეთა თხოვნით სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლას და გაუქმებაზე მასში არაფერია ნათქვამი, მაგრამ სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმება გათვალისწინებულია ამავე კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» და «გ» პუნქტებითა და 197-ე მუხლით. ამდენად, სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის – სადავო აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ განჩინების გაუქმება პროცესუალურად დასაშვებია, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმებით საოლქო სასამართლო კოლეგიას კანონი არ დაურღვევია, ამიტომ კერძო საჩივარი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს;

3. საკასაციო სასამართლო არსებითად ეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 5 ოქტომბრის განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე, მაგრამ მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ უსწოროდ განმარტა ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების დაუშვებლობის საკითხი. სახელდობრ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე, 30-ე მუხლები ითვალისწინებენ მხოლოდ ადმინისტრაციული აქტების ანუ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის «დ» პუნქტით განმარტებული ინდივიდუალური სამართლებრივი (ადმინისტრაციული) აქტების მოქმედების შეჩერებას, ხოლო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების საკითხს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი საერთოდ არ არეგულირებს. ამიტომ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით «სარჩელის უზრუნველყოფა” და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ვ” პუნქტით, რომლის თანახმადაც: «სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს, ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის სადავო აქტის მოქმედების შეჩერება”. სამართლებრივი აქტი, «ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის 1-2 ნაწილის თანახმად, არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) შესასრულებლად სავალდებულო აქტი, რომელიც ორი სახისაა – ნორმატიული და ინდივიდუალური.

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულია სარჩელის უზრუნველყოფის სახით სადავო სამართლებრივი აქტის, როგორც ინდივიდუალურ-სამართლებრივი (ადმინისტრაციული), ასევე ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობა, მაგრამ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის 1 ნაწილმა დამატებით დააწესა სპეციალური ნორმა, რომლის მიხედვითაც, სარჩელის წარდგენა სასამართლოში თავისთავად (ავტომატურად) აჩერებს გასაჩივრებული ადმინისტრაციული (ინდივიდუალური) აქტის მოქმედებას, განსხვავებით ნორმატიული აქტებისა და გასაჩივრებული ინდივიდუალური აქტის მოქმედების შეჩერება დავის გადაწყვეტამდე არ არის დამოკიდებული სასამართლოს ნებაზე.

ნორმატიული აქტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ვინაიდან იგი შეიცავს მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს და შესაბამისად, მისი სოციალური დატვირთვაც უფრო დიდია (საზოგადოების ბევრად უფრო ფართო წრეს ეხება), საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის სახით ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას ნათელი უნდა იყოს ამ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, უნდა არსებობდეს დასაბუთებული ეჭვი ნორმატიული აქტის კანონიერების თაობაზე ან უზრუნველყოფის გამოუყენებლობა არსებით ზიანს უნდა აყენებდეს მხარეს ან შეუძლებელს ხდიდეს მისი კანონიერი უფლებების დაცვას ან გადაწყვეტილების აღსრულებას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის 1 ნაწილი).

რადგან კერძო საჩივრის ავტორები მათ მიერ გასაჩივრებული ნორმატიული აქტების _ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის ¹63 და ¹194 ბრძანებულებისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის ¹236/ნ ბრძანების მოქმედების შეჩერების დასასაბუთებლად არ უთითებენ ზემოაღნიშნულ რომელიმე გარემოებაზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია სარჩელის უზრუნველყოფის სახით, დავის გადაწყვეტამდე გასაჩივრებული ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერება და ამ ნაწილში კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 15 ოქტომბრის განჩინებას, რომლითაც კოლეგიამ დაუშვებლად ცნო კერძო საჩივარი. საკასაციო პალატა არ ეთანხმება განჩინებას, რადგან განსახილველი კერძო საჩივარი შეტანილია სასამართლოს 2001 წლის 5 ოქტომბრის განჩინებაზე, რომლითაც გაუქმდა გასაჩივრებული ადმინისტაციული აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ კოლეგიის 2001 წლის 18 სექტემბრის განჩინება, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას კოლეგიას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლით: «სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ გამოტანილ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა”.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი კერძო საჩივარიც, სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლითაა გათვალისწინებული, ეხება სარჩელის უზრუნველყოფის (გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერების) გაუქმების შესახებ 5 ოქტომბრის განჩინებას, პროცესუალურად დასაშვებია, ამიტომ 15 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრის დაუშვებლობის ნაწილში უნდა გაუქმდეს, ხოლო განჩინება კერძო საჩივრის დაუსაბუთებლობის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო არსებითად ეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 5 ოქტომბრის განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ, ამიტომ უცვლელი უნდა დარჩეს, 15 ოქტომბრის განჩინება კი უნდა გაუქმდეს კერძო საჩივრის დაუშვებლობის ნაწილში, ხოლო დავის გადაწყვეტამდე გასაჩივრებული ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერებაზე კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას უსაფუძვლობის მოტივით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, 29-ე, 30-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ხ-ძის, გ. გ-შვილის, ე. გ-ძის, ე. ლ-შვილის, გ. ბ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 5 ოქტომბრის განჩინება, 15 ოქტომბრის განჩინება ნაწილობრივ გაუქმდეს კერძო საჩივრის დაუშვებლობის ნაწილში.

3. კერძო საჩივარს უარი ეთქვას დავის გადაწყვეტამდე გასაჩივრებული ნორმატიული აქტების _ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის ¹63 და ¹194 ბრძანებულებისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის ¹236/ნ ბრძანების მოქმედების შეჩერების ნაწილში.

4. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს გადაწყვეტილების გამოტანისას.

5. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.