ხელფასის და მორალური ზიანის ანაზღაურება
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა*
¹ 3გ-ად-59-კ-ს-02 13 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: იძულებითი განაცდურისა და მორალური ზიანის სახით 5000 ლარის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 28 იანვარს ლ. ფ-ემ სარჩელი აღძრა თერჯოლის რაიონის სასამართლოში სოფელ ზედა საზანოს თემის საკრებულოს თავმჯდომარე გ. გ-ის (კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ და მოითხოვა .... თემის საკრებულოს 1999წ. 27 აგვისტოს რიგგარეშე სხდომისა და 2000წ. 18 იანვრის სხდომის ოქმის გაუქმება, საკრებულოს მდივნობიდან მისი გადარჩევის უკანონოდ ცნობა და საკრებულოს მდივნის მიუღებელ ხელფასზე განაცდურის ანაზღაურება, თანახმად «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 112-ე მუხლისა.
ზედა საზანოს თემის საკრებულოს 1999წ. 27 აგვისტოს რიგგარეშე სხდომის საოქმო გადაწყვეტილებით უნდობლობა გამოეცხადა და არჩეული თანამდებობიდან გათავისუფლდა საკრებულოს თავმჯდომარე (გამგებელი) თ. ჩ-ე და თავმჯდომარედ არჩეულ იქნა გ. გ-ე, ხოლო საკრებულოს 2000წ. 18 იანვრის სხდომამ საკრებულოს მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლა მოსარჩელე ლ. ფ-ე.
2000წ. 14 მარტს თერჯოლის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა ... თემის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარე თ. ჩ-ემ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მოითხოვა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირად საქმეში ჩართვა, იმავე საფუძვლით მოითხოვა საკრებულოს 1999წ. 27 აგვისტოს რიგგარეშე სხდომის გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობა, საკრებულოს თავმჯდომარედ აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ აცილების წესით განიხილა საქმე და 2001წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ფ-ისა და თ. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა, ბათილად იქნა ცნობილი სოფ. .... თემის საკრებულოს 1999წ. 27 აგვისტოსა და 2000წ. 18 იანვრის საოქმო დადგენილებები, ლ. ფ-ეE აღდგენილ იქნა საკრებულოს მდივნის თანამდებობაზე იძულებითი განაცდურის _ 520 ლარის ანაზღაურებით, ხოლო თ. ჩ-ე _ საკრებულოს თავმჯდომარედ, 1347 ლარის განაცდურის ანაზღაურებით.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 4 ივნისის განჩინებით, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. გ-ის მიერ, ხოლო ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 3 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ლ. ფ-ისა და თ. ჩ-ის შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 4 ივნისის განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, რაც არ გასაჩივრებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 30 იანვრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. გ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოპასუხედ სათანადო მხარის მოუწვევლობის მოტივით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
2002წ. 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს არჩევნების შედეგად სოფ. .... საკრებულოს წევრები შეიცვალნენ, 14 ივნისს ჩატარდა საკრებულოს პირველი სხდომა, რომელზეც ცნობილი იქნა საკრებულოს ახალი წევრების უფლებამოსილება, შესაბამისად 1998 წელს არჩეულ საკრებულოს წევრებს, მათ შორის მოსარჩელე ლ. ფ-ესა და თ. ჩ-ეს, შეუწყდათ საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, თანახმად «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილისა, რის გამოც მოსარჩელე ლ. ფ-ემ და მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით თ. ჩ-ემ იშუამდგომლეს დავის საგნის არარსებობისა და გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის (ლ. ფ-ე ითხოვდა საკრებულს მდივნად, ხოლო თ. ჩ-ე _ თავმჯდომარედ აღდგენას) გამო საქმის წარმოების შეწყვეტა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 ივლისის განჩინებით მოსარჩელეების ლ. ფ-ისა და თ. ჩ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე უარის თქმის მოტივით, შეწყდა საქმის წარმოება და გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხე გ. გ-ემ და იმ მოტივით მოითხოვა განჩინების გაუქმება, რომ 2001წ. 13 სექტემბრიდან 2002წ. 14 იანვრამდე ზედა საზანოს საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას თ. ჩ-ე ასრულებდა და მას იძულებით, უკანონოდ მიატოვებინეს გამგებლის მოვალეობა, რის გამოც იგი კერძო საჩივრით ითხოვს სამუშაოს იძულებითი განაცდურის მთლიან ანაზღაურებას და მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 5000 ლარს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 აგვისტოს განჩინებით გ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფიდა დაუშვებლობის მოტივით, რადგან კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების სრულად გამოცხადებას გ. გ-ეც ესწრებოდა 2002წ. 16 ივლისის სხდომაზე, სადაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად მხარეებს განემარტათ განჩინების გასაჩივრების წესი და ვადები, ხოლო კერძო საჩივარი განჩინებაზე გ. გ-ემ 12 დღის ვადის გასვლის შემდეგ 16 აგვისტოს შეიტანა სასამართლოში, რის გამოც კერძო საჩივარს დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, განსახილველად გადმოიგზავნა უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 ივლისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეთა ლ. ფ-ისა და თ. ჩ-ის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, შეწყდა საქმის წარმოება, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხე გ. გ-ის მიერ. კერძო საჩივრის ავტორი საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ მოტივით ითხოვს, რომ 2001წ. 13 სექტემბრიდან 2002წ. 2 ივნისამდე გამგებლის მოვალეობას ასრულებდა მოსარჩელე თ. ჩ-ე, რის გამოც მას იძულებით მოუწია გამგებლის მოვალეობის უკანონოდ დატოვება, ამიტომ მოითხოვა სამუშაოს იძულებითი განაცდურის მთლიანად და მორალური ზიანის სახით 5000 ლარის ანაზღაურება, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან გამგებლის მოვალეობის უკანონოდ იძულებით დატოვების, სამუშაოს იძულებითი განაცდურისა და მორალური ზიანის სახით 5000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნა სამართლებრივად წარმოადგენს დამოუკიდებლი დავის საგანს და იგი განხილული უნდა იქნეს არა კერძო საჩივრის წესით, არამედ ცალკე სასარჩელო წარმოებით, ამიტომ გ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 ივლისის განჩინება. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო საჩივარში დაყენებული მოთხოვნა უკანონო განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 5000 ლარის დაკისრების შესახებ, წარმოადგენს რა დამოუკიდებლი დავის საგანს, მისი დაკმაყოფილების შესახებ კერძო საჩივრის ავტორს შეუძლია ცალკე სასარჩელო წარმოების წესით იდავოს მოქმედი ადმინისტრაციული-სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 ივლისის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ;
3. გ. გ-ეს კერძო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 75 ლარის გადახდა.
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
* am saqmesTan dakavSirebiT ix. susg 2002, # 2, admin., gv. 199-204.