გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-60-კ-02 19 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 3 ნოემბერს შპს «მ.»-მა სარჩელი აღძრა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ისნის რაიონის გამგეობის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ შპს «მ.»-მა 1998 წელს თხოვნით მიმართა ისნის რაიონის გამგეობას, ქ. თბილისში, მოსკოვის გამზირზე, შპს «შ. გ-ის» ბაზრობის მესრის გასწრივ, რკინიგზის პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენდა ნაგავსაყრელს, სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის საცალო-საბითუმო სავაჭრო ობიექტის მოწყობის თაობაზე.
ისნის რაიონის გამგეობამ საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტის 1998წ. 21 დეკემბრის ¹68-1\1837 თანხმობის საფუძველზე 1999წ. 3 თებერვლის ¹4-27\7 განკარგულებით ნება დართო შპს «მ.»-ს ისნის რაიონის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებული პროექტით ეწარმოებინა სავაჭრო ობიექტის კეთილმოსაწყობი სამუშაოები. შპს «მ.»-მა პროექტით გათვალისწინებული ნორმების დაცვით შეასრულა ყველა სამუშაო, კერძოდ, აღნიშნული ტერიტორია, რომლის საერთო ფართობი შეადგენდა 600 კვ.მ-ს, შემოღობა მავთულის ბადით, გაუკეთა ალაყაფის კარი, ტერიტორია მთლიანად მოაასფალტა, მოაწყო სავაჭრო დახლები, გაიყვანა სასმელი წყალი. მოსარჩელის განმარტებით, შპს «ს. რ-ის» სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სავაჭრო ობიექტს ჩაუტარდა სანიტარულ-ჰიგიენური სერტიფიცირება, რაზეც შედგა შესაბამისი აქტი. გარდა ამისა, 1999წ. 1 აგვისტოს ისნის რაიონის სანიტარული დასუფთავების სპეცავტომეურნეობასთან გაფორმდა ხელშეკრულება ნარჩენების დროულ და სისტემატურ გატანაზე. 2002წ. 22 აგვისტოს კი ქ. თბილისის მერიის ვაჭრობის, მომსახურებისა და სამომხმარებლო ბაზის რეგულირების საქალაქო სამსახურის მიერ მოხდა შპს «მ.»-ის სავაჭრო ობიექტის პასპორტიზაცია.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მიუხედავად ამისა, ისნის რაიონის გამგეობამ ა.წ. 16 ოქტომბერს გამოსცა ¹4-27\100 განკარგულება, რომლითაც გააუქმა 1999წ. 3 თებერვლის თავისივე ¹4-27\7 განკარგულება იმ საფუძვლით, რომ შპს «მ.»-მა არ დაიცვა პროექტით გათვალისწინებული ნორმები.
მოსარჩელის განმარტებით, ისნის რაიონის გამგეობა შპს «მ.»-ის მიმართ წაყენებულ ბრალდებების უმეტეს ნაწილს ასაბუთებდა შპს «ს. რ-ის» მიერ თბილისის მერიასა და გამგეობაში მიწერილ წერილებზე დაყრდნობით, სადაც მითითებული იყო, რომ აღნიშნული სავაჭრო ობიექტის ფუნქციონირება საფრთხეს უქმნიდა და აფერხებდა მატარებლის ნორმალურ მიმოსვლას.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ისნის რაიონის გამგეობის არგუმენტები არასწორი იყო, რადგანაც შპს «მ.»-ს არავითარი კავშირი არ ჰქონდა შპს «შ. გ-ის» ბაზრობის წინ და სადგურ «ს-ის» მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გარე ვაჭრობასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა ისნის რაიონის გამგეობის 2000წ. 16 ოქტომბრის ¹4-27\100 განკარგულების გაუქმება და პირვანდელი საქმიანობის გაგრძელების უფლება.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 იანვრის გადაწყვეტილებით შპს «მ.»-ის სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე შპს «მ.»-მა შეიტანა სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას მესამე პირებად ჩაებნენ ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტი და შპს «ს. რ.».
2001წ. 25 დეკემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივარი და გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, გაუქმდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 იანვრის გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი ისნის რაიონის გამგეობის 2000წ. 16 ოქტომბრის ¹4-271\100 განკარგულება და ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას დაევალა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა შესაბამის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ისანი-სამგორის რაიონის გამგეობამ, რომელიც საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის «დ» პუნქტის ნაცვლად უნდა გამოეყენებინა ამავე მუხლის მე-2 ნაწილი, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის ნაცვლად _ ამავე მუხლის პირველი ნაწილი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «ბ» პუნქტების თანახმად საკასაციო საჩივრის საფუძველს წარმოადგენს.
გარდა ამისა, კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოს კი დაავალა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, მაგრამ არ დაუწესა აქტის გამოცემის ვადა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, რომლითაც არ დაკმაყოფილდება შპს «მ.»-ის სარჩელი.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ისნის რაიონის გამგეობის 1999წ. 3 თებერვლის ¹4-27\7 განკარგულების მე-3 პუნქტის თანახმად შპს «მ.» იღებდა ვალდებულებას, რომ ისნის რაიონის გამგეობის პირველივე მოთხოვნისთანავე კომპენსაციის გარეშე გაეთავისუფლებინა მისთვის ამავე განკარგულებით გამოყოფილი ტერიტორია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ისნის რაიონის გამგეობამ აღნიშნულ განკარგულებაში ზუსტად მიუთითა თავის უფლებასა და შპს «მ.»-ზე დაკისრებულ ვალდებულებებზე, რაც იმაში გამოიხატა, რომ ისნის რაიონის გამგეობამ შპს «მ.»-ს მისცა დროებითი საქმიანობის ნებართვა, ხოლო თავად დაიტოვა უფლება, ნებისმიერ დროს მოეთხოვა ტერიტორიის გამოთავისუფლება ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე. შპს «მ.»-მა ისნის გამგეობის მიერ შეთავაზებული პირობებები მიიღო კორექტივების გარეშე. ამდენად, ნება გამოავლინა ორივე მხარემ.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი ისნის რაიონის გამგეობამ გამოსცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის 2000წ. 16 ოქტომბრის ¹4-27\100 განკარგულებას, რომლითაც გაუქმდა ზემოთ აღნიშნული განკარგულება, ერთ-ერთ საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ შპს «მ.»-ს არ გააჩნდა მიწათსარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მიხედვით მიწათსარგებლობისათვის სავალდებულოა მიწის გადასახადის გადახდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო საკუთარი ინიციატივითაც შეეგროვებინა ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, არსებობდა თუ არა შპს «მ.»-ზე გამოყოფილ ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დოკუმენტი და იხდიდა თუ არა მიწის გადასახადს მოსარგებლე.
კასატორმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის 2002წ. 21 მაისის ¹77\02 წერილი, რომლიდანაც ირკვევა, რომ შპს «მ.»-ის სახელზე 2002წ. 21 მაისის მონაცემებით ზემოთ აღნიშნული ტერიტორია საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, მაგრამ რადგანაც საკასაციო ინსტანციაში ახალი მტკიცებულებების წარდგენა დაუშვებელია, საკასაციო სასამართლომ ზემოთ აღნიშნული წერილი არ მიიღო მტკიცებულებად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, თავად ვერ მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას მოცემულ საქმეზე, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.