Facebook Twitter

მესამე პირად ჩაბმა

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-60-კს-02 13 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

კერძო საჩივრის თხოვნა: განჩინების გაუქმება და მესამე პირად ჩაბმა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 25 სექტემბერს შპს «ი.» სარჩელი აღძრა მოპასუხე სამხედრო ვაჭრობის სამმართველოს მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ქ. ქუთაისში, ... მდებარე, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 12310 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში განთავსებული იყო. ფეხსაცმლების შემკეთებელი, სამკერვალო სახელოსნოებისა და სადალაქოს შენობები, რომლებიც დასავლეთ საქართველოს საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის ბალანსზე იმყოფებოდნენ.

მოსარჩელის განმარტებით, სურდა კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკუთარი მიზნებისათვის გამოყენება, მაგრამ ხელი ეშლებოდა იქ განთავსებული შენობების გამო. მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოპასუხის დავალდებულება ზემოთ აღნიშნული შენობა-ნაგებობების საკუთარი სახსრებით აღებისა და გამოთავისუფლებული მიწის ფართობის მოსარჩელისათვის ჩაბარების თაობაზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 29 ოქტომბრის განჩინებით მოცემულ საქმეში სამხედრო ვაჭრობის სამმართველო ჩაითვალა არასათანადო მოპასუხედ და იგი შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის ¹2 რეგიონალური ბაზით.

მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის ¹2 რეგიონალურმა ბაზამ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ, რადგანაც სადავო შენობები იყო თავის ბალანსზე, შესაბამისად, შენობების ქვეშ არსებული მიწაც წარმოადგენდა მოპასუხის საკუთრებას, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც არსებობდა საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997წ. 29 სექტემბრის ¹12/93 საქმეში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2001წ. 21 ნოემბერს განიხილა მოცემული საქმე და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის ¹2 რეგიონალურმა ბაზამ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას 2002წ. 13 ივნისს აპელანტმა იშუამდგომლა მოცემულ საქმეში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და დ. ჟ-ის მესამე პირებად ჩაბმა.

აპელანტმა შუამდგომლობა დაამყარა შემდეგ გარემოებაზე:

სადავო შენობა-ნაგებობები, რომელთა ბალანსმფლობელი იყო აპელანტი, წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რასაც ადასტურებდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და დ. ჟ-ს შორის 2002წ. 26 თებერვალს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის ¹2 რეგიონალური ბაზის შუამდგომლობა, მოცემულ საქმეში მესამე პირების ჩართვის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივრები შეიტანეს დ. ჟორჟოლიანმა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ.

დ. ჟ-ი კერძო საჩივრით ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 21 ივნისის განჩინების გაუქმებას და მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაბმას იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე შპს «ი.» და მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის ¹2 რეგიონალურ ბაზას შორის სასამართლოში მიმდინარე დავა აუცილებლად შეეხებოდა დ. ჟ-ის ინტერესებს, ვინაიდან სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსთან 2002წ. 26 თებერვალს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების თანახმად იგი წარმოადგენდა თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის ¹2 რეგიონალური ბაზის ბალანსზე რიცხული იმ საყოფაცხოვრებო მომსახურების ¹9 სახელოსნოს მოიჯარეს, რომლის აღებასაც ითხოვდა მოსარჩელე.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოც თავის კერძო საჩივრით ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 21 ივნისის განჩინების გაუქმებას და მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაბმას იმ საფუძვლით, რომ ზემოთ აღნიშნულ მხარეებს შორის არსებული დავის საგანი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად შეეხებოდა სახელმწიფოს ინტერესებს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ივლისის განჩინებით კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებისა და კერძო საჩივრების საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს.

საქმეში არის წარმოდგენილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და ფიზიკურ პირ დ. ჟ-ს შორის 2002წ. 26 თებერვალს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება. იჯარის საგანს წარმოადგენს ქ. ქუთაისში, ... მდებარე, თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის ¹2 რეგიონალური ბაზის ბალანსზე რიცხული საყოფაცხოვრებო მომსახურების ¹9 სახელოსნო, რომელიც მოიჯარე დ. ჟ-მა 2002წ. 22 თებერვლიდან 2004წ. 6 სექტემბრამდე იჯარით აიღო მეიჯარე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსაგან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველო და ფიზიკური პირი დ. ჟ-ი მოცემულ საქმეში აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ ჩაბმული მესამე პირებად ქვემდგომ სასამართლო ინსტანციებში, რადგანაც ისინი არიან იმ სამართალურთიერთობის მონაწილენი, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევით, რის გამოც არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველო და დ. ჟ-ი მოცემულ საქმეში უნდა ჩაებან მესამე პირებად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და დ. ჟ-ის კერძო საჩივრები დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 ივნისისა და 12 ივლისის განჩინებები.

3. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველო და დ. ჟ-ი მოცემულ საქმეში ჩაებან მესამე პირებად.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.