3გ-ად-61-კ-ს-02 20 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და
სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების გაუქმება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
05.08.02 წ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ი. მ-მ ქ. ფოთის საკრებულოს მიმართ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მუშაობს ქ. ფოთის მერის მოადგილედ, 17.07.02წ. ჩატარდა ქ. ფოთის საკრებულოს სხდომა დღის წესრიგით: „ქ.ფოთის მერისათვის მთავრობის წევრთა დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, მთავრობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო მოსარჩელე. აღნიშნულ საკითხზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგები დამტკიცდა ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის მიერ, სხდომამ დაამტკიცა დროებითი კომისიის ¹2 ოქმი, კენჭისყრის შედეგების შესაბამისად ქ. ფოთის მერს მიეცა მთავრობის წევრად, კერძოდ, მერის მოადგილედ მოსარჩელის დანიშვნაზე თანხმობა. სხდომის დახურვიდან 15 წუთში საკრებულოს თავმჯდომარემ ხელახლა გახსნა სხდომა, ჩატარდა ხელახალი კენჭისყრა, რომლის შედეგიც მოსარჩელისათვის უარყოფითი აღმოჩდნა. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა „ქ. ფოთის მერისათვის მთავრობის წევრთა დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საკრებულოს 17.07.02 წ. ¹3/10 დადგენილების ბათილად ცნობა, 17.07.02წ. ფოთის საკრებულოს კანონიერი სხდომის კენჭისყრის შედეგების ამსახველი დადგენილების გამოცემა და მორალური ზიანის 501 000 ლარის ანაზღაურება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 06.08.02წ. განჩინებით ი. მ-ს სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავე განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელის წარმოებაში მიღებით შეჩერდა ქ. ფოთის საკრებულოს 17.07.02წ. ¹3/10 დადგენილების მოქმედება.
ქ. ფოთის საკრებულომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების ნაწილში საოლქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა კერძო საჩივრით. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სასამართლომ გასაჩივრებული ინდივიდუალური აქტის შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მეორე ნაწილი და 30-ე მუხლის I ნაწილი, რომელთა თანახმადაც, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, არ შეიძლებოდა 17.07.02 წ. ¹3/10 დადგენილების მოქმედების შეჩერება. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად ჩათვალა მოცემული საქმე ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განსჯადად და შესაბამისად გასაჩივრებული აქტის შეჩერება სასამართლო კოლეგიას არ უნდა მოეხდინა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმებზე დაყრდნობით, რადგან მოცემული დავის საგანს წარმოადგენს შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა. ამდენად, საქმე წარმოებაში მიიღო არაგანსჯადმა კოლეგიამ და შესაბამისად უკანონოდ იქნა გამოყენებული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის I ნაწილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის შემტანმა მოითხოვა საოლქო სასამართლოს 06.08.02წ. განჩინების მეორე პუნქტის გაუქმება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 26.08.02წ. განჩინებით ქ. ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუშვებლობისა და უსაფუძვლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. საოლქო სასამართლოს კოლეგიამ მიუთითა, რომ 06.08.02წ. განჩინების მე-2 პუნქტთან დაკავშირებით კერძო საჩივრის შემოტანის შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს, კერძო საჩივრის ავტორი ფაქტიურად ასაჩივრებს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ, რომელზედაც არ დაიშვება კერძო საჩივრის შეტანა. სასამართლო კოლეგიამ ასევე მიუთითა, რომ მოცემული დავა ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას განეკუთვნება, კოლეგიამ არ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის II ნაწილისა და 30-ე მუხლის I ნაწილის თანახმად კოლეგია არ იყო უფლებამოსილი შეეჩერებინა ადმინისტრაციული აქტის მოქმედება. კოლეგიამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მოითხოვს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის – ქ. ფოთის საკრებულოს 17.07.02წ. ¹3/10 დადგენილების ბათილად ცნობას, ს.ა.ს.კ. 29-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, საქმის წარმოებაში მიღების განჩინებით ჩერდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის მოქმედება.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოებში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამავე მუხლის II ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. ვინაიდან მოპასუხე განსახილველ საქმეში არის ადმინისტრაციული ორგანო – ქ. ფოთის საკრებულო, მოსარჩელე – საჯარო მოხელე, ხოლო დავის საგანს წარმოადგენს საკრებულოს 17.07.02წ. ¹3/10 დადგენილება, ახალი ადმინისტრაციული აქტის მიღება და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მორალური ზიანის ანაზღაურება, საკასაციო პალატა იზიარებს ქუთაისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განსახილველი საქმე ადმინისტრაციულ კატეგორიათა რიგს განეკუთვნება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილ განჩინებაზე მოპასუხეს შეუძლია შეიტანოს კერძო საჩივარი. თავისი არსით გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას, რომლის თაობაზეც გამოტანილ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კერძო საჩივრის ავტორი ფაქტიურად ასაჩივრებს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ და თვლის, რომ სასამართლო კოლეგიის 06.08.02წ. განჩინების მე-2 პუნქტით 17.07.02წ. ¹3/10 დადგენილების მოქმედების შეჩერება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. შესაბამისად, საკასაციო პალატა ქ. ფოთის საკრებულოს კერძო საჩივარს მიიჩნევს დასაშვებად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელის წარდგენა სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედებას. მოსარჩელე სადავოდ არ ხდის საკრებულოს 17.07.02წ. ¹3/10 დადგენილებაში აღნიშნული არცერთი თანამდებობის პირის დანიშვნაზე თანხმობის მიცემას, 17.07.02წ. ¹3/10 დადგენილებით მთავრობის წევრთა დანიშვნაზე თანხმობის მიცემის მიმართ მოსარჩელეს არ აქვს რაიმე იურიდიული, უფლებ-მცავი ინტერესი. ამასთანავე, თვით ის, რომ საკრებულოს 17.07.02წ. ¹3/10 დადგენილების ტექსტი არ ითვალისწინებს მთავრობის კანდიდატთა შორის საკრებულოსათვის შესათანმხებლად წარდგენილი ი. მ-ს კანდიდატურას, თავისთავად შეიცავს საკრებულოს უარს ი. მ-ს კანდიდატურის დანიშვნაზე. ი. მ-ა უკანონოდ მიიჩნევს რა საკრებულოს მიერ მიღებულ 17.07.02წ. ¹3/10 დადგენილებას, ითხოვს თავდაპირველი კანჭისყრის შესაბამისი დადგენილების მიღებას, ფაქტობრივად იგი სადავოდ ხდის მისი კანდიდატურის მიმართ ჩატარებული კენჭისყრის შედეგების დადგენის სისწორეს, მისი ქ. ფოთის მერის მოადგილედ დანიშვნის თანხმობის მიცემაზე უარის თქმას. პალატა აღნიშნავს, რომ ი. მ-ს მიერ სარჩელის წარდგენა სასამართლოში თავისთავად აჩერებს მის მიმართ კენჭისყრის შედეგების მოქმედებას. ე.ი. გასაჩივრებული საკრებულოს დადგენილების მოქმედება მოსარჩელის მიმართ შეჩერებულია საქმის სასამართლოში საბოლოო გადაწყვეტამდე. ამასთანავე, 17.07.02წ. ¹3/10 დადგენილებით საკრებულოს თანხმობა არ გაუცია რომელიმე სხვა პირის დანიშვნაზე იმ თანამდებობაზე, რომელზედაც წარდგენილი იყო, ი. მ-ს კანდიდატურა, დადგენილების ტექსტი არ შეიცავს აგრეთვე მითითებას მოსარჩელის კანდიდატურის მთავრობის წევრად დანიშვნის შესახებ თანხმობის მიცემაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საკრებულოს 17.07.02წ. ¹3/10 დადგენილების მოქმედების შეჩერების რაიმე საფუძველი, მისი აღსრულება ზიანს არ აყენებს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს აგრეთვე მითითებული აქტით მოწესრიგებული საჯარო ინტერესების მომეტებულ მნიშვნელობას, კერძოდ იმას, რომ საკრებულოს აღნიშნული აქტით ქ. ფოთის მერს თანხმობა მიეცა მთავრობის წევრთა კანდიდატურების დანიშვნაზე, მათ საქმიანობაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა გამართული ფუნქციონირება. სადავო აქტის მოქმედების შეჩერება ფაქტობრივად იწვევს ქ. ფოთის ადგილობრივი მმართველობის – ქ. ფოთის მთავრობის საქმიანობის პარალიზებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უმართებულოდ თვლის „ქ. ფოთის მერისათვის მთავრობის წევრთა დანიშვნაზე თანმხობის მიცემის შესახებ“ ქ. ფოთის საკრებულოს 17.07.02წ. ¹3/10 დადგენილების მოქმედების შეჩერებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით, 29-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 408-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ფოთის საკრებულოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 06.08.02წ. განჩინების მე-2 პუნქტი და ამავე კოლეგიის 26.08.02წ. განჩინება.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.