Facebook Twitter

3გ-ად-63-კ-02 24 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: ქ. ქუთაისის მერიისათვის მ. ყ-ძის სასარგებლოდ 8047 ლარის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 10 ივლისს მ. ყ-ძემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და აღნიშნა, რომ «ქუთაისში 2001-2002 წლებში გამოტანითი ვაჭრობის მოსაწესრიგებლად გატარებული ღონისძიებების შესახებ» ქუთაისის მერიის 2001 წლის 25 მაისის ¹4 ბრძანების საფუძველზე 2001 წლის 14, 18, 19 და 20 ივნისს ჩატარებული აუქციონის შედეგების მიხედვით, მოსარჩელე მ. ყ-ძემ 159 ადგილზე ვაჭრობის უფლება მოიპოვა. მოსარჩელის მიერ თანხის გადახდის შემდეგ მოპასუხე ქუთაისის მერიას სავაჭრო ადგილების გამოთავისუფლება უნდა უზრუნველეყო. ყ-ძემ სავაჭრო ადგილების ღირებულების ნაწილი – 7807 ლარი მაშინვე შეიტანა, მაგრამ იმის გამო, რომ მოპასუხემ თავისი ვალდებულება არ შეასრულა და სავაჭრო ადგილების გამოთავისუფლება არ უზრუნველყო, მ. ყ-ძეს თანხის დარჩენილი ნაწილი არ შეუტანია. იმის გათვალისწინებით, რომ სავაჭრო ადგილების უმრავლესობა (ნაყინისა და წყლების რეალიზაციისათვის) სეზონური იყო, ხოლო მათზე უფლება მხოლოდ 2002 წლის 1 მაისამდე მოქმედებდა, ყ-ძე მოპასუხე მხარის – ქუთაისის მერიის უმოქმედობის გამო აღნიშნული საქმიანობის ყველაზე შემოსავლიან პერიოდს დაკარგულად მიიჩნევდა და აღნიშნავდა, რომ შემდგომში ამ ადგილებზე განხორციელებულ სამეწარმეო საქმიანობას მისთვის შეიძლება საერთოდ დაეკარგა მნიშვნელობა. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მას 6 ცალი სამაცივრო დანადგარი ჰქონდა შეძენილი, რაც 5184 ლარი დაუჯდა, თუმცა ქუთაისის მერიას, მიუხედავად ამისა, არ გაუთავისუფლებია სავაჭრო ადგილები. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მ. ყ-ძემ ქუთაისის მერიისაგან სავაჭრო ადგილებზე ვაჭრობის უფლების შესაძენად შეტანილი 7807 ლარის, შეძენილი სამაცივრო მოწყობილობების ღირებულების _ 4347 ლარის, მაცივრების ტრანსპორტირების ხარჯების _ 300 ლარის, მოპასუხე მხარის ბრალეული მოქმედებით მიყენებული მატერიალური ზიანის _ 20 000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე მ. ყ-ძეს ქუთაისის მერიის 2001 წლის 25 მაისის ¹4 ბრძანებით გათვალისწინებული პირობები არ შეუსრულებია. კერძოდ, ქუთაისის მერიის ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტში, სასამართლოსა და საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები არ წარუდგენია. ამდენად, მერიის წარმომადგენლის მოსაზრებით, მოსარჩელემ თვითონ დაარღვია ვალდებულება, რის გამოც მისი სარჩელი უსაფუძვლოა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. ყ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქუთაისის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ 8002 ლარის გადახდა დაეკისრა. ამასთან, მ. ყ-ძეს ქუთაისის მერიისათვის მის მიერ შეძენილი 6 ცალი სამაცივრო დანადგარის გადაცემა დაევალა, რის შემდეგაც ქუთაისის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ მათი ღირებულების _ 5184 ლარის გადახდა დაეკისრა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის მერიისათვის ზიანისა და ხარჯების დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ყ-ძემ და მიუთითა, რომ არსებული გაანგარიშების მიხედვით, მას თითოეული სავაჭრო ადგილიდან თვეში მინიმუმ 800 ლარი უნდა მიეღო, აღნიშნული მიუღებელი შემოსავლი მოპასუხე _ ქუთაისის მერიის ბრალეული მოქმედებით იყო გამოწვეული და მისი ანაზღაურება მასვე უნდა დაკისრებოდა.

აპელანტი, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ქუთაისის მერიის ფულად სახსრებზე – 32 954 ლარის ფარგლებში ყადაღის დადებას, ქუთაისის მერიისათვის მისთვის მიყენებული ზიანის 20 000 ლარის, აუქციონის ხარჯების – 500 ლარის, სამაცივრო დანადგარების ტრანსპორტირების ხარჯების 300 ლარის და სახელმწიფო ბაჟის სახით – 824 ლარის დაკისრებას მოითხოვდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ქუთაისის მერიამაც გაასაჩივრა და მიღებული გადწყვეტილების მთლიანად გაუქმება მოითხოვა. აპელანტმა მიუთითა, რომ მოსარჩელეს თვითონ ჰქონდა დარღვეული აუქციონის პირობები, არ ჰქონდა სრულად დაფარული აუქციონით განსაზღვრული თანხა და არც ქუთაისის მერიის ¹4 ბრძანების შესაბამისად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგენია ქუთაისის მერიაში, რაც მოპასუხე მხარეს შესაძლებლობას ართმევდა გაეფორმებინა ხელშეკრულება მოსარჩელე მ. ყ-ძესთან.

აპელანტი აქვე განმარტავდა: ის გარემოება, რომ მ. ყ-ძეს 6 ცალი მაცივარი ჰქონდა ნაყიდი, არ მტკიცდებოდა საქმეში არსებული მტკიცებულებით და ზეპირსიტყვიერი განცხადება მერიისათვის საკომპენსაციო თანხის დაკისრების კანონიერ საფუძვლად ვერ იქნებოდა მიჩნეული.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი საქმე განხილული იყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, მაშინ, როცა საქმე ადმინისტრაციული ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას განეკუთვნებოდა და მისი განხილვა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა მომხდარიყო. ამდენად, ქუთაისის საოლქო სასამართლომ, 377-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 394-ე მუხლის «ე» პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, გააუქმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქუთაისის მერიას მ. ყ-ძის სასარგებლოდ 7808 ლარისა და ბაჟის სახით 240 ლარის გადახდა დააკისრა. ამასთან, საოლქო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება დაადგინა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით მხოლოდ ქუთაისის მერიამ გაასაჩივრა და აღნიშნა, რომ რადგან ყ-ძემ არ შეასრულა აუქციონის პირობები და სხვა დოკუმენტებთან ერთად, ქუთაისის მერიას არ წარუდგინა საგადასახადო დეპარტამენტში რეგისტრაციის ცნობა, მან დაარღვია ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც გადახდილი თანხის უკან მოთხოვნის უფლება აღარ გააჩნია.

ქუთაისის მერიის წარმომადგენელი აქვე განმარტავს, რომ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევისას, სააპელაციო პალატამ დაარღვია «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის მოთხოვნები, რომელიც ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ორგანიზაციაზე დაუყოვნებლივ აღსრულების დაწესებამდე მისთვის ნებაყოფლობითი აღსრულების მოთხოვნით უნდა მიემართათ, ხოლო იძულებითი აღსრულება დაიშვებოდა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში. ამასთან, სასამართლოს სამოტივაციო ნაწილში არ განუმარტავს, რა გარემოებებმა გამოიწვიეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქნა მიქცეული და საქმეზე მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს და ეთანხმება ქუთაისის მერიის წარმომადგენლის მოსაზრებას და განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას საოლქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი.

«სამოქალაქო საპროცესო კოდექსის» 268-ე მუხლი დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილებების ამომწურავ ჩამონათვალს იძლევა. მითითებული მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქცევს გადაწყვეტილებას თუ იგი ეხება ალიმენტის მიკუთვნების საკითხს, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების, აგრეთვე, მუშაკთათვის არაუმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების და უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის თაობაზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას და თამასუქის ან ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებისას. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში საოლქო სასამართლოს არც ზემოთმითითებული კანონის «ზ» პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული გარემოებებზე უმსჯალია, მას გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ განუმარტავს, რა გარემოებებით იყო განპირობებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, მიაყენებდა თუ არა აღსრულების გადადება გადამხდელს (ქუთაისის მერიას) ზიანს ან გახდებოდა თუ არა შეუძლებელი გადაწყვეტილების შემდგომი აღსრულება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც უნდა გაუქმდეს საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც გამოტანილი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნა მიქცეული აღსასრულებლად.

რაც შეეხება გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც ქუთაისის მერიას მ. ყ-ძისათვის მის მიერ გადახდილი 7807 ლარის დაბრუნება დაეკისრა, საკასაციო სასამართლოს კანონიერად მიაჩნია და განმარტავს, რომ «საქართველოს სამოქალაქო კოდექსის» 352-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი-ერთი მხარე, 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უკან უბრუნდებათ. ამავე კოდექსის 405-ე მუხლი კი ერთი მხარის მიერ ორმხრივი ხელშეკრულების დარღვევისას მეორე მხარეს უფლებას აძლევს, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ რადგან ქუთაისის მერიის 2001 წლის 25 მაისის ¹4 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული აუქციონის პირობები დარღვეული იყო ქუთაისის მერიის მიერ და აუქციონის პირობების შესაბამისად არ განხორციელებულა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება სავაჭრო ადგილების გამოთავისუფლების თაობაზე, მითითებული, მ. ყ-ძეს უფლებას აძლევს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის თანახმად, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს შესრულების (გადახდილი 7807 ლარის) უკან დაბრუნება. აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ჩატარებული აუქციონის შედეგად, მ. ყ-ძისათვის გადაცემული სავაჭრო ადგილების უმრავლესობა (ნაყინისა და წყლების რეალიზაციისათვის) სეზონური იყო, მათზე უფლება კი ყ-ძეს მხოლოდ 2002 წლის 1 მაისამდე გააჩნდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მერიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობით, დანარჩენის შესრულებამ მ. ყ-ძისათვის ინტერესი დაკარგა, რაც მოსარჩელეს, სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უფლებას ანიჭებს უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს გადახდილის უკან დაბრუნება.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რადგან მ. ყ-ძეს ქუთაისის მერიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო არ მიეცა შესაძლებლობა აუქციონის შედეგად მიღებული ადგილების სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებისა, ქუთაისის მერიას ყ-ძის მიერ გადახდილი 7807 ლარის დაბრუნება უნდა დაეკისროს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლები

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიექცა აღსასრულებლად და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. მ. ყ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ქ. ქუთაისის მერიას მის სასარგებლოდ 8047 ლარის გადახდა დაეკისროს, მასვე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 240 ლარის გადახდა მ. ყ-ძის სასარგებლოდ.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.