Facebook Twitter

3გ-ად-63-კ-ს-02 23 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 3 მაისს გარდაბნის რაიონის გამგეობასა და საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელ ჯ. მ.-ს შორის გაფორმდა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება ¹209, რომლის მიხედვითაც მოიჯარე ჯ. მ.-ს 10წ. ვადით იჯარით გადაეცა 50 ჰა მიწის ფართობი. გარდაბნის რაიონის გამგეობის 2002წ. 27 თებერვლის ¹32 დადგენილებით ნაწილობრივ ცვლილება შევიდა ჯ. მ.-თან დადებული იჯარის ხელშეკრულებაში საიჯარო ფართობზე მომუშავე ქვემოიჯარეებსა და მ.-ს შორის არსებული უკმაყოფილების გამო. მოიჯარე ჯ. მ.-სა და მის ჯგუფს (16 ოჯახი) დარჩა 16 ჰა ფართობი, ხოლო ახლადშექმნილ ჯგუფს (40 ოჯახი) იჯარით გადაეცა 34 ჰა მიწა.

2002წ. 13 მარტს ჯ. მ.-მ სარჩელით მიმართა გარდაბნის რაიონის სასამართლოს გარდაბნის რაიონის გამგეობის 2002წ. 27 თებერვლის ¹32 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ. გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 27 მარტის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სარჩელი, ბათილად ცნო გამგეობის სადავო ¹32 დადგენილება და მოსარჩელეს უფლება მიეცა საინიციატივო ჯგუფთან ერთად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით მთლიანად ფლობდეს 50 ჰა მიწის ფართობს.

2002წ. 29 აპრილს გარდაბნის რაიონის გამგეობამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 7 ივნისის განჩინებით აპელანტს მიეცა ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსკ-ს 368-369-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ იგი ხელმოწერილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი გამოსწორდა და საოლქო სასამართლოს 2002წ. 20 ივნისის განჩინებით გარდაბნის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებაზე ჯ. მ.-მა შეიტანა კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოში და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ დარღვეული იყო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, ვინაიდან გარდაბნის რაიონის სასამართლოს 2002წ. 27 მარტის გადაწყვეტილება გარდაბნის რაიონის გამგეობას ჩაბარდა 2002წ. 28 მარტს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილი იქნა 2002წ. 29 აპრილს. ამასთან, რაიონული სასამართლოს მოსამართლემ 13 მაისს შეატყობინა გარდაბნის რაიონის გამგებელს სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის შესახებ. გამგეობამ რეაგირება არ მოახდინა მოსამართლის წერილზე, რის გამოც 2002წ. 20 მაისს მოსამართლემ მ.-ის სასარგებლოდ გასცა სააღსრულებო ფურცელი.

ჯ. მ.-ის კერძო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია საპელაციო პალატამ 2002წ. 2 აგვისტოს განჩინებით და სსკ-ს 417-ე მუხლის თანახმად, გადაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, ჯ. მ.-ის კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. მ.-ის კერძო საჩივარს, დაუშვებლობის მოტივით, უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 ივნისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატის 2002წ. 20 ივნისის გასაჩივრებული განჩინებით, სასამართლომ ხარვეზის გამოსწორების შემდეგ (გარდაბნის რაიონის გამგეობის მიერ თ. ჯ.-ის ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის დადასტურება) განსახილველად წარმოებაში მიიღო გარდაბნის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი, თანახმად სსკ-ს 374-ე მუხლისა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი უკვე აკმაყოფილებდა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ჯ. მ.-მა 2002წ. 24 ივლისს კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებაზე, რაც პროცესუალურად დაუშვებელია. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რადგან სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ სპეციალურ, განსხვავებულ წესს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს, ამიტომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს ნორმები, რომლის 414-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს: “კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში”. ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სპეციალური ნორმა _ 374-ე მუხლი «სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება» სააპელაციო სასამართლოს მიერ საპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებაზე არ ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას, არამედ კერძო საჩივარი ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე, ამიტომ ჯ. მ.-ის კერძო საჩივარი პროცესუალურად დაუშვებელია და საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს 2002წ. 2 აგვისტოს განჩინებას კერძო საჩივრის დაუშვებლობის შესახებ. ამასთან, საკასაციო პალატა განუმარტავს კერძო საჩივრის ავტორს, რომ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების გასაჩივრების პროცესუალური უფლება მას ექნება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების დროს, თანახმად სსკ-ს 404-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, რადგან აღნიშნული ნორმის მიხედვით, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს სასამართლოს ის განჩინებებიც, რომლებიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანას უსწრებდა წინ (სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება, აცილება) იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს აზრით, ჯ. მ.-ის კერძო საჩივარი სამართალწარმოების ამ ეტაპზე დაუშვებელია და სააპელაციო პალატამ სსკ-ს 374-ე, 414-ე მუხლების მართებული გამოყენება _ განმარტებით, დაუშვებლობის მოტივით სწორად არ დააკმაყოფილა ჯ. მ.-ის კერძო საჩივარი, ამიტომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 ივნისისა და 2 აგვისტოს განჩინებები უცვლელად უნდა დარჩეს, ხოლო ჯ. მ.-ს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ. მ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 ივნისისა და 2 აგვისტოს განჩინებები;

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას;

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და რა საჩივრდება;