Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-64კ-02 26 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: პენსიების გადაანგარიშება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სხვადასხვა დროს სარჩელით მიმართეს მოსარჩელეებმა ა. გ-შვილმა, მ. მ-ძემ და კ. ს-ძემ, რომლებმაც მიუთითეს, რომ ყოფილი საბჭოთა არმიის რიგებში იმსახურეს გარკვეული წლები და თადარიგში დათხოვნისას დაენიშნათ სამამულო ომის ინვალიდობის პენსიები. 1997წ. იანვრიდან მათი პენსიები გადაანგარიშებულ იქნა «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მთხოვნათა დარღვევით. პენსიის გადაანგარიშებას საფუძვლად დაედო ფინანსთა ყოფილი მინისტრის 1997წ. 5 მარტის წერილი, რომელიც ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საოლქო სასამართლოს 1999წ. 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მათი პენსიის 1997წ. 1 იანვრიდან გადაანგარიშება მომხდარიყო ზემოაღნიშნული კანონის მე-10 და მე-14 მუხლების შესაბამისად.

დამატებითი სასარჩელო განცხადებით მოსარჩელეებმა მითხოვეს ფაქტობრივად მიღებულ საპენსიო თანხებსა და პენსიის მიუღებელ თანხებს შორის სხვაობის ერთდროულად გადახდა 1997წ. 1 იანვრიდან, ასევე გადაანგარიშებული პენსიის ბათილად ცნობა.

ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელეთა შუამდგომლობის საფუძველზე ერთ წარმოებად გააერთიანა მათი საქმეები.

მოპასუხემ – საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ კანონის მე-10 მუხლი ეხება პენსიების გაანგარიშებას და არა გადაანგარიშებას.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს 1997წ. 1 იანვრიდან მ. მ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 345,95 ლარი მდგომარეობის შეცვლამდე, ა. გ-შვილის სასარგებლოდ _ 385 ლარი და კ. ს-ძის სასარგებლოდ _ 298 ლარი მათი მდგომარეობის შეცვლამდე. დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა ერთდროულად პენსიის სხვაობის გადახდის თაობაზე 1997წ. 1 იანვრიდან 2001წ. მაისამდე ფაქტობრივად მიღებულ და მიუღებელ პენსიის თანხებს შორის; სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა 2001წ. 1 მაისიდან მოსარჩელეებზე ყოველთვიურად წელთა ნამსახურობის პენსიის გადახდა მათი მდგომარეობის შეცვლამდე; მტკიცებულებათა წარმოუდგენლობის გამო, განუხილველად იქნა დატოვებული მოსარჩელეთა მოთხოვნა წელთა ნამსახურობიდან გამომდინარე პენსიის გაანგარიშების ნაწილში.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივარი მთლიანად დაკმაყოფილდა შემდეგი მოტივით:

1. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რადგან მოსარჩელეები არიან ომის ინვალიდები, ამიტომ «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონი ვრცელდება მათზე, მაგრამ ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებით და წესებით. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კანონის მე-10 მუხლი მოთავსებულია ზოგად დებულებებში და იგი პენსიის გაანგარიშებას ეხება, რაც განსხვავდება გადაანგარიშების ცნებისაგან, რომელიც უკვე დანიშნული პენსიის გარკვეული გარემოებების დადგომისას ხელახლა დაანგარიშებას გულისხმობს. კანონის არც ერთი ნორმა არ მიუთითებს უკვე დანიშნული პენსიის ხელმეორედ გადაანგარიშებაზე მე-10 მუხლის გათვალისწინებით;

2. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას, რომ კანონის 58-ე მუხლის მიხედვით დადგენილი ყოველთვიური ფულადი სარგო, მე-10 მუხლით დადგენილი ფულადი სარგოს ოდენობით განისაზღვრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყოფილ სსრ კავშირის შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილი პენსიონერები ჩაირიცხებოდნენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და უარს განაცხადებდნენ ადრე დანიშნულ პენსიაზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია;

3. სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მოსარჩელეებზე ვრცელდება მხოლოდ ზემოაღნიშნული კანონის 45-ე მუხლი, რომლითაც დანიშნული პენსიების გადასინჯვა გათვალისწინებულია მხოლოდ ცხოვრების დონისა და შრომის ანაზღაურების ცვლილებების მხედველობაში მიღებით;

4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რაიონულ სასამართლოს უფლება არ ქონდა მოსარჩელეებისათვის საპენსიო თანხის გაანგარიშებისას მოეხდინა რუსული რუბლის ინდექსირება ეროვნული ვალუტის კურსთან შესაბამისობით;

5. საოლქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეების მოთხოვნა სააპელაციო საჩივრის ვადის დარღვევით შეტანის გამო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. საოლქო სასამართლოს განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში სრულყოფილად არ მიუთითა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, ამიტომ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, არის ერთი წელი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებენ მოსარჩელეები – ა. გ-შვილი, მ. მ-ძე და კ. ს-ძე და შემდეგი საფუძვლით ითხოვენ გადაწყვეტილების გაუქმებას:

1. კასატორებს მიაჩნიათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება არ ქონდა მიეღო სააპელაციო საჩივარი, რადგან რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაში იყო შესული და გაცემული იყო სააღსრულებო ფურცელი. ამასთან, სააპელაციო საჩივარს ხელს არ აწერდა უფლებამოსილი პირი, არ იყო სათანადო მინდობილობა სახეზე. სააპელაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილ 1-თვიანი ვადის დარღვევით;

2. კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას, თითქოს კანონი «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხონილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც პენსიის მიღების უფლება მოიპოვეს 1997წ. 1 იანვრიდან (ამ კანონის ამოქმედებიდან). კანონის პირველი მუხლის «ა» პუნქტიდან ნათლად ჩანს, რომ ამ კანონით საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირებს ასევე მიეკუთვნებიან ოფიცრები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალებში;

3. მოსარჩელეები პენსიის მიღებას მოითხოვენ ზემოაღნიშნული კანონის პირველი მუხლის «ა» პუნქტის, მე-10 მუხლისა და მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტის საფუძველზე, რადგან მათი წელთა ნამსახურობა 20 წელზე მეტია. რაც შეეხება კანონის 58-ე მუხლს, კასატორების აზრით, ეს მუხლი მათ არ ეხებათ. კასატორებს მიაჩნიათ, რომ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი ფულადი სარგო ენიშნებათ პენსიონერებს არა მხოლოდ მაშინ, როცა ისინი მსახურობდნენ საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში და შემდეგ ჩაირიცხებიან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, არამედ აღნიშნული მუხლი გულისხმობს პენსიის გაანგარიშებას ოფიცერ-პენსიონერთა ყველა კატეგორიაზე;

4. კასატორების მითითებით, რაიონულ სასამართლოს კანონის მე-10 მუხლიდან გამომდინარე, სრული უფლება ქონდა მოეხდინა საბჭოთა მანეთის ინდექსირება ეროვნული ვალუტის კურსთან შესაბამისობაში, რაც სასამართლომ გააკეთა საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობების საფუძველზე, რომლებიც ეხება საბჭოთა მანეთისა და ეროვნული ვალუტის შესაბამისობის დადგენას.

მოწინააღმდეგე მხარის – საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ გაიზიარა, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. მისი განმარტებით კასატორებზე პენსიების გაანგარიშება განხორციელდა სწორედ «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნვედყოფის შესახებ» კანონის შესაბამისად და არა თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისისტროს 1997წ. ბრძანებით დადგენილი წესით, მხოლოდ კასატორების პენსიის დანიშვნის დროს არ იქნა გათვალისწინებული ინდექსაცია, რადგან პენსიების ინდექსაციის რაიმე მექანიზმი შემუშავებული არ ყოფილა, ერთადერთი ნორმატიული აქტი ინდექსაციის შესახებ ეხებოდა ანაბრების ინდექსაციას, რაც უკვე ძალადაკარგულია. წარმომადგენლის განმარტებით, კასატორებს პენსია ზემოაღნიშნული კანონის მიხედვით დანიშნული აქვთ მათი წოდების სამხედრო მოსამსახურის ყოველთვიური სარგოს შესაბამისობით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-შვილის, მ. მ-ძის და კ. ს-ძის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 18 დეკემბრის გადაწვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. უსაფუძვლოა კასატორთა პრეტენზია საოლქო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის უხეში დარღვევით, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ მიღების შესახებ. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის არგემუნტს და მიაჩნია, რადგან თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეესაბამებოდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ სრულყოფილად არ განმარტავდა გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას, ორგანოს, სადაც შეიძლებოდა გასაჩივრება, მის ადგილმდებარეობას, გასაჩივრების ვადასა და წესს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამგვარი გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება სასამართლო აქტის გამოტანიდან, 2001წ. 16 მაისიდან, ერთი წლის განმავლობაში, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად ცნო დასაშვებად ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი და მითითებულ პროცესუალურ დარღვევას ადგილი არ ჰქონია;

2. ასევე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორთა პრეტენზია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის დარღვევით, სააპელაციო საჩივრის არაუფლებამოსილი პირის მიერ შეტანის შესახებ, რადგან, მართალია, საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სახელით სააპელაციო საჩივარი შეტანილია არა ფონდის ხელმძღვანელის, არამედ ფონდის იურიდიული სამსახურის უფროსის ი. ლ-ძის მიერ, მაგრამ ფონდის 2001წ. 31 ივლისის ¹05/16-983 მინდობილობის საფუძველზე, რომლითაც ა. გ-შვილის, მ. მ-ძისა და კ. ს-ძის საქმესთან დაკავშირებით ფონდი ი. ლ-ძეს უფლებამოსილებას ანიჭებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებების, მათ შორის სასამართლოს განჩინებებისა და გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლებას. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში მითითებულ საპროცესო დარღვევას ასევე არ ჰქონია ადგილი. ი. ლ-ძის მიერ ფონდის სახელით შეტანილი სააპელაციო საჩივარი შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნას და სააპელაციო საჩივარი შეტანილი იყო უფლებამოსილი პირის მიერ;

3. უმართებულოა კასატორთა საჩივარი, თითქოს სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგი დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონი ვრცელდება მხოლოდ 1997წ. 1 იანვრიდან პენსიაზე გასულ ვეტერანებზე, რადგან სააპელაციო პალატა ხაზგასმით მიუთითებს, რომ კანონი სწორედ ვრცელდება სამამულო ომის მე-2 ჯგუფის ინვალიდ ა. გ-შვილზე, I ჯგუფის ინვალიდ მ. მ-ძესა და მე-2 ჯგუფის ინვალიდ კ. ს-ძეზე, მხოლოდ კანონით დადგენილი პირობებითა და წესებით.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივს, რომ კასატორთა მიერ მითითებული კანონის მე-10 მუხლი «პენსიის გაანგარიშება» არის ზოგადი ნორმა, რომელიც პენსიის გაანგარიშების ზოგად წესს განსაზღვრავს: «პენსიის გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის დღისათვის არსებული ყოველთვიური თანამდებობრივი, სამხედრო ან სპეციალური წოდების, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატის და სასურსათო ულუფის ღირებულების ფულადი სარგო ინდექსაციის გათვალისწინებით». მაგრამ, რადგან სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ კასატორები წარმოადგენენ ამ კანონის პირველი მუხლის «ა» პუნქტით გათვალისწინებულ პირებს, კანონის ამოქმედების შემდეგ მათი პენსიის გაანგარიშება უნდა მომხდარიყო კანონის მე-11 მუხლის «ა» პუნქტით, მე-12, მე-15 მუხლებით რეგლამენტირებული წესით, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულად კასატორთა კატეგორიის პირთათვის წელთა ნამსახურობის პენსიის დანიშვნას;

4. საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორთა მოსაზრებას, რომ კანონის 58-ე მუხლი _ «სამხედრო, შინაგან, სახელმწიფო უშიშროებისა და დაზვერვის ორგანოებში ხელმეორედ გამწესებულ პირთათვის პენსიების გაუქმება და დანიშვნა” მათ არ ეხებათ და სააპელაციო სასამართლოც გადაწყვეტილების მე-5 გვერდზე იგივეს მიუთითებს;

5. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას რაიონული სასამართლოს მიერ რუსული რუბლით გაანგარიშებული ხელფასის ეროვნულ ვალუტაში ინდექსირების არაკანონიერების შესახებ. რაიონულმა სასამართლომ კანონის მე-10 მუხლზე მითითებით, ლარის ინფლაციის გათვალისწინებით საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობის საფუძველზე მოახდინა კასატორთა მანეთებით დანიშნული პენსიების ლარზე გადაანგარიშება, რაც საკასაციო პალატის აზრით უმართებულოა, ვინაიდან სამართლებრივ-ფინანსური თვალსაზრისით ინფლაცია და ინდექსაცია არსებითად განსხვავებული კატეგორიებია. რაიონულმა სასამართლომ კასატორთა სარჩელის დაკმაყოფილება და პენსიების გადაანგარიშება საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობაზე დაყრდნობით, სწორედ ინფლაციის გათვალისწინებით მოახდინა, რასაც კანონის არც მე-10 და არც სხვა რაიმე ნორმა არ ითვალისწინებს. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ასევე საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლის განმარტებას და დღეისათვის სამხედრო სამსახურში მყოფი იმავე წოდების მოსამსახურის ყოველთვიური ფულადი სარგოს ოდენობით კასატორებისათვის პენსიის დანიშვნა კანონშესაბამისად მიაჩნია.

ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, ა. გ-შვილის, მ. მ-ძის, კ. ს-ძის საკასაციო საჩივრები უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილება, ვინაიდან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სააპელაციო პალატამ კანონის მართებული გამოყენებითა და განმარტებით გამოიტანა სწორი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. გ-შვილის, მ. მ-ძისა და კ. ს-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. კასატორები გათავისუფლდნენ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.