გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-65-კს-01 21 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
სამეცნიერო კვლევითი ფირმა ,,ბ-შვილის იდეას» ხელმძღვანელმა ზ. ბ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოპასუხე ქ.წყალტუბოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს მიმართ სახელმწიფო აგროსამრეწველო კომბინატის წყალტუბოს ზონის ¹... ჩაის ფაბრიკაში მისი გამოგონების _ «აგურა ჩაის მიღების ხაზი ,,ზ. ბ-შვილის» დანერგვის სამუშაოების საფასურის 10000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ.
ზ. ბ-შვილმა ქუთაისის საოლქო სასამართლოში ასევე აღძრა სარჩელი წყალტუბოს ს.ს. «ს-ს» მიმართ 24.03.99წ. ¹1505 საპატენტო სიგელით დაცული გამოგონების «აგურა ჩაის მიღების ხაზი ,,ზ. ბ-შილის”” გამოყენების აკრძალვისა და ჯარიმის 10000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ.
2001წ. 14 სექტემბერს მოსარჩელე ზ. ბ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს აღნიშნული ორი საქმის ერთ წარმოებად გაერთიანების შესახებ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 14 სეტიემბრის განჩინებით ზ. ბ-შვილის განცხადება დაკმაყოფილდა და საქმეები მისი სარჩელის გამო წყალტუბოს სს «ს-სა» და წყალტუბოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს მიმართ გაერთიანდა ერთ წარმოებად.
16.10.01წ. ზ. ბ-შვილმა განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება იმ მოტივით, რომ ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს წარმოებაშია მისი სარჩელი ინტელექტუალური საკუთრების ცენტრ «საქპატენტთან» მის მიერ 12.01.96წ. შეტანილ ¹002336 განცხადებაზე (აგურა ჩაის მიღების ხაზი ,,ზ. ბ-შვილი”) პატენტის გაუცემლობით მისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზარალის ანაზღაურების თაობაზე, აღნიშნული საქმე მოსარჩელის განმარტებით უშუალო კავშირშია სასამართლო კოლეგიის წარმოებაში არსებულ საქმესთან, კერძოდ ¹1505 საპატენტო სიგელთან.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 19.10.2001წ. განჩინებით ზ. ბ-შვილის განცხადება დაკმაყოფილდა და შეჩერდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება ზ. ბ-შვილის სარჩელისა გამო წყალტუბოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს და წყალტუბოს ს.ს. «ს-ს» მიმართ ¹1505 საპატენტო სიგელით დაცული გამოგონების «აგურა» ჩაის მიღების ხაზი ზ. ბ-შვილის გამოყენების აკრძალვისა და ჯარიმის გადასახადის დაკისრების შესახებ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ს.ს. «ს-ს» გენერალურმა დირექტორმა დ. ჟ-ტმა და მიუთითა, რომ საოლქო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმე არავითარ კავშირში არ არის თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში არსებულ საქმესთან. ამასთან სასამართლომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არ ჩაატარა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომლითაც დადასტურებული იქნებოდა, რომ მოსარჩელის მიერ დაპატენტებული დანადგარი თავისი ტექნიკური მონაცემებით არ შეესაბამება ს.ს. «ს-ში» არსებულ დანადგარებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა სასამართლო კოლეგიის 19.10.01წ. განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 05.11.01წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა სარჩელის ელემენტების ანალიზის შედეგად თვლის, რომ სახეზეა განსხვავებული სარჩელები, საქმეები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სარჩელის საგნით, კერძოდ ქუთაისის საოლქო სასამართლოს წარმოებაში არსებული სარჩელით ზ. ბ-შვილი მოითხოვს წყალტუბოს ს.ს. «ს-სთან» ¹1505 საპატენტო სიგელით დაცული გამოგონების «აგურა ჩაის მიღების ხაზი ,,ზ. ბ-შვილის” გამოყენების აკრძალვასა, ს.ს. ,,ს-სათვის” ჯარიმის _ 10000 ლარის ოდენობით დაკისრებას და წყალტუბოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოსაგან იგივე ¹1505 საპატენტო სიგელით დაცული აღნიშნული გამოგონების დანერგვის სამუშაოებისათვის 10000 აშშ დოლარის ანაზღაურებას. ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის საგანს წარმოადგენს პატენტის გაუცემლობით ზ. ბ-შვილზე მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. ასევე განსხვავდებიან ამ ორი საქმის მხარეები, პირველ შემთხვევაში მოსარჩელე არის ზ. ბ-შვილი, მოპასუხეები – ს.ს. «ს.» და წყალტუბოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველო, ხოლო მეორე შემთხვევაში მოსარჩელეა კვლავ ზ. ბ-შვილი, ხოლო მოპასუხე _ საქართველოს ინტელექტუალური სააკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში არსებული საქმის გადაწყვეტის გარეშე შესაძლებელია მოცემული საქმის გადაწყვეტა, შესაბამისად არ არსებობს საქმის შეჩერების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა ;
1. წყალტუბოს ს.ს. «ს-ს» გენ. დირექტორის დ. ჟ-ტის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 19.10.01წ. განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.