Facebook Twitter

3გ-ად-66-კ-02 7 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: სამინისტროს ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა; მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯებისა და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ფასების სახელმწიფო ინსპექციის მცხეთა-თიანეთის ფასების ინსპექციამ, 2001წ. 19 აპრილის ¹8 და 16 მაისის ¹10 ბრძანებების საფუძველზე, სს «მ-ში» სახელმწიფო რეგულირებადი ფასების დადგენისა და გამოყენების სისწორე შეამოწმა. შემოწმების შედეგად შედგა შემოწმების აქტი, რომლითაც სს «მ-ს» საჯარიმო სანქციის გათვალისწინებით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 101 591,86 ლარის გადახდა უნდა დაკისრებოდა. შემოწმების აქტი განსახილველად ფასების სახელმწიფო ინსპექციას გადაეგზავნა, რომელმაც კანონიერად მიიჩნია აქტში დაფიქსირებული დარღვევები და ბრძანების გამოსაცემად საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიმართა.

საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ 2001წ. 25 ივლისს გამოსცა ბრძანება ¹96 (დანართით), რომლის თანახმად სხვადასხვა ორგანიზაციებს, მათ შორის სს «მ-ს», «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევისათვის (საჯარიმო სანქციების გათვალისწინებით) 190886 ლარის გადახდა დაეკისრათ. აქედან 75% - საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 25% - ფასების სახელმწიფო ინსპექციის ანგარიშზე უნდა ჩარიცხულიყო. სს «მ-ს» აღნიშნული ბრძანებით 101 591,86 ლარის გადახდა დაეკისრა. სს «მ-ის» მიმართ სადავო ბრძანების გამოცემას სამინისტრომ ის გარემოება დაუდო საფუძვლად, რომ სს «მ-ი» ბუნებრივი აირის (გაზის) განაწილებაზე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ის) 2000წ. 23 თებერვლის ¹11 გადაწყვეტილებით დადგენილი სახელმწიფო რეგულირებადი ფასით (ტარიფით) სარგებლობდა, რომელიც «ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნების დარღვევით იყო მიღებული. კერძოდ, სემეკის მიერ ბუნებრივი აირის (გაზის) განაწილებაზე სახელმწიფო რეგულირებადი ფასი (ტარიფი) სს «მ-ისათვის» დადგენილების და არა გადაწყვეტილების ფორმით უნდა დაწესებულიყო, რადგან დადგენილება წარმოადგენს ნორმატიულ აქტს და სახელმწიფო რეგულირებადი ფასი (ტარიფი) მხოლოდ ნორმატიული აქტით დგინდება, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანას ექვემდებარება და ძალაშია ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების დღიდან. ამდენად, ფასების სახელმწიფო ინსპექციამ სს «მ-ის» მიერ სემეკის აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული მთელი შემოსავალი უკანონო შემოსავლად მიიჩნია და საჯრიმო სანქციის გათვალისწინებით სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებას დაუქვემდებარა.

სს «მ-მა» 2001წ. 22 აგვისტოს სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში და ზემოთდასახელებული ბრძანების იმ ნაწილის ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც მას 101 591,86 ლარის გადახდა დაეკისრა. მოსარჩელემ მოპასუხეზე გაწეული ხარჯებისა და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2 539 ლარის) დაკისრებაც მოითხოვა. მოსარჩელის განმარტებით, სს «მ-ი» სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციაში გატარდა 1995წ. 30 ნოემბერს (რეგისტრაციის ¹46/5-9). საზოგადოების საქმიანობის საგანს წარმოადგენდა: მცხეთის რაიონში, ფიზიკური და იურიდიული პირების ბუნებრივი და თხევადი გაზით მომარაგება. მოსარჩელის განმარტებით, სააქციო საზოგადოება კეთილსინდისიერად ასრულებდა სემეკის გადაწყვეტილებას, რომლითაც სს «მ-ისათვის» პირდაპირ მომხმარებლებზე ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფი ყოველი 1000 კუბ.მეტრისათვის 8,0 ლარის ოდენობით განისაზღვრა და რომელიც სემეკის მიერ შესასრულებლად გადაეგზავნა სს «მ-ს».

საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ფასების სახელმწიფო ინსპექციამ) და მცხეთა-თიანეთის ფასების ინსპექციამ სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს რომ სემეკის 2000წ. 23 თებერვლის ¹11 გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, ეწინააღმდეგება «ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ» საქართველოს კანონის და «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნებს. შესაბამისად, უკანონოა ამ აქტის საფუძველზე მიღებული მთელი შემოსავალი, რაც სს «მ-მა» უნდა გადაიხადოს.

სს «მ-ის» სასარჩელო მოთხოვნას მხარი დაუჭირა საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა საქართველოს ეერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკმა) და განმარტა, რომ 2000წ. 23 თებერვლის ¹11 გადაწყვეტილება მიღებული იქნა ინდივიდუალურ საკითხზე. იგი შეეხება კონკრეტულ სუბიექტებს და ამდენად, ამ საკითხზე დადგენილების მიღების საჭიროება არ არსებობდა. ამასთან, სს «მ-ი» ვალდებული იყო შეესრულებინა აღნიშნული გადაწყვეტილება, რის გამოც საზოგადოებას უკანონო ქმედება არ ჩაუდენია და შესაბამისად, არც უკანონო შემოსავალი მიუღია.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს «მ-ის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2001წ. 25 ივლისის ¹96 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც სს «მ-ს» 101 591,86 ლარის გადახდა დაეკისრა.

საოლქო სასამართლოს კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ შპს «მ-ს» უკანონო მოქმედება არ ჩაუდენია. მოსარჩელეს სემეკის გადაწყვეტილება შესასრულებლად გადაეგზავნა და მას კანონიერი ნდობა გააჩნდა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, რის გამოც დაცული უნდა იქნეს შპს «მ-ის» კანონიერი ნდობის უფლება (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 მუხლის I-ლი და მე-2 ნაწილები).

საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ფასების სახელმწიფო ინსპექციამ), რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, საოლქო სასამართლოს კოლეგიამ არ გამოიყენა «ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლი, «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» საქართველოს კანონის მე-7 და მე-16 მუხლები, რომლის თანახმად ბუნებრივ აირზე (გაზზე) სახელმწიფო რეგულირებადი ფასი დგინდება ნორმატიული აქტით, რომელიც «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონით დადგენილი წესით უნდა გამოქვეყნდეს და გატარდეს რეგისტრაციაში.

ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიას არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლი კანონიერი ნდობის უფლების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ფასების სახელმწიფო ინსპექციის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საოლქო სასამართლოს კოლეგიამ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის I-ლი და მე-2 ნაწილები კანონიერი ნდობის უფლების შესახებ და მიიჩნია, რომ სს «მ-ს» კანონიერი ნდობა გააჩნდა ადმინისტრაციული ორგანოს – სემეკის მიმართ, რომელმაც ბუნებრივი აირის (გაზის) განაწილებაზე სახელმწიფო რეგულირებადი ფასი (ტარიფი) ადმინისტრაციული აქტით – 2002წ. 23 თებერვლის ¹11 გადაწყვეტილებით დაადგინა. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას და განმარტავს, რომ კანონიერი ნდობის უფლება შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების შემთხვევაში (რაიმე ქმედების შესასრულებლად), თუ დაპირება კანონს არ ეწინააღმდეგება (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილი), რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ «ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად სახელმწიფო რეგულირებადი ფასი (ტარიფი) ბუნებრივი აირის (გაზის) გამოყენებაზე უნდა დადგენილიყო სემეკის დადგენილებით (და არა გადაწყვეტილებით), რომელიც ნორმატიულ აქტს წარმოადგენს და ძალაში შედის «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონით დადგენილი წესით. აქედან გამომდინარე, საოლქო სასამართლოს კოლეგიას უნდა ემსჯელა, თუ რამდენად წარმოადგენდა სს «მ-ისათვის» სემეკის აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან სატარიფო რეჟიმის დამდგენ დოკუმენტს და რამდენად სავალდებულო ხასიათს ატარებდა იგი შესასრულებლად საზოგადოებისათვის.

საკასაციო სასამართლო ამასთან ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებას ექვემდებარება სს «მ-ის» მიერ სემეკის გადაწყვეტილების გამოყენებით მიღებული მთელი შემოსავალი და მიიჩნევს, რომ სემეკის ¹11 გადაწყვეტილების მიღებამდე მოსარჩელე სარგებლობდა ბუნებრივი აირის (გაზის) გამოყენებაზე დადგენილი სახელმწიფო რეგულირებადი ფასით (ტარიფით), რომლითაც იღებდა შემოსავლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის ხელმეორედ განხილვისას, საოლქო სასამართლოს კოლეგიამ უნდა დაადგინოს: სს «მ-ის» მიერ სემეკის გადაწყვეტილების გამოყენებით მიღებული იქნა თუ არა ზედმეტი შემოსავალი, ვიდრე იგი მიიღებდა შემოსავალს ამ გადაწყვეტლების გამოყენებამდე, რაც შეიძლება მიცნეული იქნეს უკანონო შემოსავლად. ამის შემდეგ საოლქო სასამართლოს კოლეგიამ უნდა იმსჯელოს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 2001წ. 25 ივლისის ¹96 ბრძანების გასაჩივრებული ნაწილის კანონიერებაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს (ფასების სახელმწიფო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს (ფასების სახელმწიფო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.