Facebook Twitter

3გ/ად-66-კ.ს-01 1 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლის ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 22 ივლისის ¹740 განკარგულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 31 ივლისს სს «ე-ის» მუშაკებმა _ ლ. მ-შვილმა, გ. შ-შვილმა, ვ. ე-შვილმა და სხვებმა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს და მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 22 ივლისის ¹740 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვეს. აღნიშნული განკარგულებით საქართველოს ქონების მართვის სამინისტროსა და სათბობენერგეტიკის სამინისტროს სს «ე-ისა» და შპს «დ-ის» შერწყმის ორგანიზება და ახალი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განსაზღვრა დაევალათ. საქართველოს პრეზიდენტის ¹740 განკარგულება მოსარჩელეებმა მათი ინტერესების საზიანოდ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმათა დარღვევით მიღებულად მიიჩნიეს და მისი ბათილად ცნობა მოითხოვეს.

2001 წლის 31 აგვისტოს საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ სს «ე-ის» მუშაკების სარჩელზე შესაგებელი შეიტანა და მოსარჩელეთა მოთხოვნა დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მიიჩნია. აქვე სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ «ე-ისა» და «დ-ის» შერწყმის თაობაზე მსოფლიო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის რეკომენდაციები წარადგინა.

მითითებულ სარჩელთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ნ. თ-ემ სასამართლოში შესაგებელი წარადგინა და მიუთითა, რომ რადგან «ე-აცა» და «დ-აც» სახელმწიფოს 100%-იან წილობრივ საკუთრებას წარმოადგენდნენ, სახელმწიფო მათი რეორგანიზაციის საკითხის გადაწყვეტისას კერძო პირების წინაშე ანგარიშვალდებული არ იყო. ამასთან, თ-ის თქმით, მოსარჩელეები ვერ ასაბუთებდნენ, თუ რა სახის ზიანი მიადგათ მათ 2001 წლის 22 ივლისის განკარგულების შედეგად და, ამდენად, მოსარჩელეთა მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.

2001 წლის 4 სექტემბერს სს «ე-ის» ფილიალის მესხეთის საქსელო საწარმოს მუშაკებმა _ დ. ჯ-ძემ, ლ. ჟ-ძემ და სხვებმა თბილისის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს და, «ე-ის» მუშაკთა სასარჩელო მოთხოვნის მსგავსად, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წ. 22 ივლისის ¹740 განკარგულების ბათილად ცნობა და, მოთხოვნათა ერთგვაროვნების გამო, მათ მიერ წარმოდგენილი სარჩელის «ე-ის» მუშაკთა სარჩელთან გაერთიანება და მათი ერთად განხილვა მოითხოვეს. აღნიშნული მოთხოვნა «ე-ის» მუშაკებმაც წარადგინეს სასამართლოში, რის შედეგადაც საოლქო სასამართლოს 2001 წლის 6 სექტემბრის განჩინებით «ა-ის» მუშაკთა სარჩელის საფუძველზე აღძრული საქმე «ე-ის» მესხეთის ფილიალის საქსელო საწარმოს თანამშრომელთა საქმესთან ერთ წარმოებად გაერთიანდა.

2001 წლის 19 აგვისტოს მოსარჩელე «ა-ის» მუშაკებმა მათ მიერ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 22 ივლისის ¹740 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე წარდგენილ სარჩელზე უარი თქვეს და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელე «ე-ის» მუშაკების სარჩელის ნაწილში საქმის წარმოება შეწდა.

იმავე წლის 1 ოქტომბერს ლ. ჟ-ძის, დ. ჯ-ძის, ვ. ქ-ძისა და სხვების ადვოკატმა დ. დ-ემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და სადავო განკარგულების აღსრულებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების _ სს «ე-ის» აქციონერთა კრებისა და შპს «დ-ის» პარტნიორთა კრების მიერ საწარმოთა შერწყმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმება მოითხოვა.

საოლქო სასამართლოს 2001 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით სს «ე-ის» ფილიალის მესხეთის საქსელო საწარმოს მუშაკების _ დ. ჯ-ძის, ლ. ჟ-ძისა და სხვათა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელეთა წარმომადგენელმა _ დ. დ-ემ და მიუთითა, რომ 2001წ. 15 ოქტომბრის განჩინების მიღებისას სასამართლოს დარღვეული ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, რადგან სასამართლომ ცალკე განჩინებით არ გადაწყვიტა მოსარჩელეთა შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ. კერძო საჩივრის ავტორმა აქვე დაამატა, რომ მოსარჩელემ, საქართველოს პრეზიდენტის გასაჩივრებული აქტის შესაბამისად, საწარმოთა შერწყმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებების სახით საწარმოთაA ოქმების გამოთხოვა მოითხოვა, საოლქო სასამართლომ კი 15 ოქტომბრის განჩინებით აღნიშნული საკითხები კანონის შესაბამისად არ გადაწყვიტა.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 22 ივლისის ¹740 განკარგულება ადმინისტრაციულ აქტს წარმოადგენს და მის აღსასრულებლად მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საკითხი ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისად უნდა განხილულიყო.

დ. დ-ე აქვე, კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საწარმოთა შერწყმა «მეწარმეთა შესახებ» კანონის თანახმად განხორციელდა და აღნიშნავს, რომ რადგან პრეზიდენტის აქტი შეჩერდა, მის აღსასრულებლად განხორციელებული საწარმოთა შერწყმაც უკანონო იყო და, ამდენად, საოლქო სასამართლოს 2001 წლის 15 ოქტომბრის განჩინების გაუქმების საფუძველი არსებობდა.

თბილისის საოლქო სასამართლომ განიხილა დ. დ-ის კერძო საჩივარი და 2001 წლის 12 დეკემბრის განჩინებით იგი დაუსაბუთებლად მიიჩნია იმ მოტივით, რომ მეწარმე სუბიექტთა _ «დ-ისა» და «ე-ის» შიდა კორპორაციული ურთიერთობები ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან არ გამომდინარეობდა და, ამდენად, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, მოსარჩელეთა მიერ სასამართლოს წინაშე წარდგენილ მოთხოვნებზე ემსჯელა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ 2001 წლის 12 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ დ. დ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 15 ოქტომბრისა და 12 ნოემბრის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას და თვლის, რომ შპს «დ-ა» და სს «ე-ა» სამეწარმეო სამართალურთიერთობის სუბიექტებს წარმოადგენენ და მათი შიდა კორპორაციული ურთიერთობები «მეწარმეთა შესახებ» კანონის შესაბამისად უნდა დარეგულირდეს.

საკასაციო პალატა აქვე დაამატებს, რომ მოსარჩელის მიერ სააქციო საზოგადოების აქციონერთა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა კრების ოქმის გადაწყვეტილებები არ ყოფილა გასაჩივრებული «მეწარმეთა შესახებ» კანონის მე-15 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რომელიც აღნიშნული შინაარსის გადაწყვეტილებათა გასაჩივრების პროცედურას ითვალისწინებს და დაინტერესებულ მხარეს საშუალებას აძლევს გაასაჩივროს მისი ინტერესების საზიანოდ მიღებული გადაწყვეტილება «მეწარმეთა შესახებ» კანონის შესაბამისად. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხების განხილვა არა თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის, არამედ რაიონული საამართლოს განსჯადია. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რადგან სს «ა-ის» აქციონერთა საერთო კრების 26.09.2001წ. გადაწყვეტილება და იმავე თარიღის შპს «დ-ის» პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით მხარის მიერ სასამართლოში გასაჩივრებული არ ყოფილა, სასამართლო მოსარჩელის შუამდგომლობას დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე ვერ დააკმაყოფილებს.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ზემოთ მითითებული სააქციო საზოგადოებისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კრებების გადაწყვეტილებები საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 22 ივლისის ¹740 განკარგულების აღსასრულებლად იქნა მიღებული და რადგან ზემოაღნიშნული განკარგულება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საქმის განხილვამდე შეჩერებულად ითვლება, მისგან გამომდინარე გადაწყვეტილებები უნდა გაუქმდეს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს «დ-ა» და სს «ე-ა», «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-5.4 მუხლის შესაბამისად 100%-იანი სახელმწიფო წილით დაფუძნებულ კერძო სამართლის სუბიექტებს წარმოადგენენ, რომლებიც ამავე კანონის 14.5-ე და 14.7-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უფლებამოსილნი არიან გაერთიანდნენ, მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტის ნების გამოვლენისა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დ. დ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 15 ოქტომბრისა და 12 ნოემბრის განჩინებები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს «ე-ის» ფილიალის მესხეთის საქსელო საწარმოს მუშაკების ადვოკატის დ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 15 ოქტომბრისა და 12 ნოემბრის განჩინებები.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.