ყადაღა
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-66-კ-ს-02 6 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2002წ. 5 აგვისტოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192-ე, 193-ე მუხლების საფუძველზე, განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, მოითხოვა სს «ქ. შ.» კუთვნილ ქონებაზე, მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებზე, ასევე საბანკო ანგარიშებსა და ფასიან ქაღალდებზე ყადაღის დადება. განმცხადებლის განმარტებით, სს «ქ. შ.» «თურქმენეთის მიმართ არსებული სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების უზრუნველყოფის დაფინანსების შესახებ» 2002წ. 15 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ გააჩნდა დავალიანება, რომელიც 2002წ. 2 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენდა 1865402,33 აშშ დოლარს და სარჩელის უზრუნველყოფის მიუღებლობა დააბრკოლებდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 5 აგვისტოს განჩინებით, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტის თანახმად, ყადაღა დაედო სს «ქ. შ.» კუთვნილ უძრავ-მოძრავ ქონებას, საბანკო ანგარიშებს და ფასიან ქაღალდებს, რის საფუძველზეც იმავდროულად გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 5 აგვისტოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს «ქ. შ.» კომერციულმა დირექტორმა კ. ძ-მა და განჩინების გაუქმება მოითხოვა დაუსაბუთებლობის მოტივით, რადგან სარჩელის უზრუნველყოფის სახით ყადაღის გამოყენებით პრაქტიკულად ხდება მათი საქმიანობის პარალიზება, რაც ბუნებრივია, ხელს შეუშლის ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და გამოუსწორებელ შედეგს გამოიწვევს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 29 აგვისტოს განჩინებით, დაუსაბუთებლობის მოტივით, არ დაკმაყოფილდა სს «ქ. შ.» კერძო საჩივარი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, განსახილველად გადმოიგზავნა უზენაეს სასამართლოში.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოუსმინა მოწინააღმდეგე მხარის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელს, რომელმაც განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარებამ რეალური შედეგი გამოიღო და 1865402 აშშ დოლარის დავალიანებიდან ამჟამად სს «ქ. შ.» ფინანსთა სამინისტროს მიმართ ერიცხება 900000 აშშ დოლარის დავალიანება. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა შესაბამისად მოითხოვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სარჩელის უზრუნველყოფის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, კერძო საჩივრის დასაბუთებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს «ქ. შ.» კერძო საჩივარი, დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 5 აგვისტოს განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ «თურქმენეთის მიმართ არსებული სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების უზრუნველყოფის დაფინანსების შესახებ» 2002წ. 15 იანვრის ხელშეკრულებით, საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 10 იანვრის ¹33 განკარგულების საფუძველზე, კერძო საჩივრის ავტორს _ სს «ქ. შ.» სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყო 11 მილიონი ლარი. 2002წ. 2 აგვისტოს მდგომარეობით სს «ქ. შ.» ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ გააჩნდა 1865402,33 აშშ დოლარის დავალიანება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შემდეგ აღნიშნული დავალიანება 900000 აშშ დოლარამდე შემცირდა. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფა შედეგიანია, გამართლებული, დავის სასამართლო წესით გადაწყვეტის გარეშეც ხელს უწყობს სს «ქ. შ.» მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან შესრულებას, ამიტომ ძალაში უნდა დარჩეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2002წ. 5 აგვისტოს განჩინება და სს «ქ. შ.» კერძო საჩივარი, დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, კერძო საჩივარში, მართალია, მითითებულია რომ განჩინებით თითქოს პრაქტიკულად საწარმოს საქმიანობის პარალიზება ხდება, მაგრამ არ არის დასაბუთებული სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების აუცილებლობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» პუნქტით, 419-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით, 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს «ქ. შ.» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 5 და 29 აგვისტოს განჩინებები;
3. სს «ქ. შ.» კერძო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა;
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და რა საჩივრდება.