Facebook Twitter

3გ-ად-67-კ-ს-02 25 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და

სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: კომპენსაციის რიგგარეშე გაცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელე დ. შ-ა ნაძალადევის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილების თანახმად, გაწევრიანებული იყო ¹653-ე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივში 4 ოთახიანი ბინის მშენებლობაზე, რომელიც უნდა აშენებულიყო ზღვის უბანში, მოსარჩელემ პირველი შესატანი 14000 საბჭოთა მანეთი შეიტანა 1990 წელს, ხოლო პაი მთლიანად დაფარა 1992 წელს და სულ გადაიხადა 27040 მანეთი. 1990წ. 20 მაისს ¹653-ე კოოპერატივსა და კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ამ უკანასკნელს უნდა ჩაებარებინა მოსარჩელისათვის 4-ოთახიანი ბინა, რაც არ შესრულებულა.

საქართველოს მთავრობის 1992წ. 9 ოქტომბრის ¹983 დადგენილების მიხედვით, საბინაო კოოპერატივების, ვისაც 1991წ. 1 იანვრამდე საბანკო დაწესებულებაში შეტანილი ქონდათ პირველი საპაიო შენატანები, მშენებლობის ღირებულების გაძვირებით გამოწვეული ფასთა სხვაობა უნდა დაფარულიყო რესპუბლიკის ბიუჯეტიდან და სახლების მშენებლობა დამთავრებულიყო 1993-95 წლებში, მაგრამ მითითებული ნორმაც ვერ შესრულდა და „სახელმწიფო ვალის შესახებ“ კანონის 48-ე მუხლის თანახმად, დაუმთავრებელ კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებული ვალდებულება სახელმწიფომ აღიარა სახელმწიფოს შიდა ვალად.

„საქართველოს კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანების დაფარვის ხელშემწყობ ღონისძიებათა განხორციელების პროგრამის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებულებით დადგინდა, დაუმთავრებელი ბინათმშენებლობის კოოპერატივის მეპაიეებისათვის ერთჯერადი საკომპენსაციო თანხის, ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული სახელმწიფო ვალის დაფარვის წესის მიხედვით, გაცემა ასაშენებელ რაიონში 1 კვ. მ. ფართის ღირებულების გათვალისწინებით მოქმედ საბაზრო ფასებში. ბრძანებულების შესაბამისად, ფინანსთა მინისტრმა 1999 წ. 11 ოქტომბერს გამოსცა ¹226 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა „საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესი“. პრეზიდენტის ბრძანებულებისა და მინისტრის ბრძანების შესრულებასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ დაადგინა ზღვის უბანში ასაშენებელი ¹106-ე კორპუსის 4 ოთახიანი ბინის ფართი 90, 68 კვ.მ-ის ოდენობით, ხოლო 1 კვ.მ. ფართის ღირებულება ზღვის უბანში განისაზღვრა 365 ლარით.

დ. შ-ამ სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების საფუძველზე ფინანსთა სამინისტროსაგან მოითხოვა კუთვნილი საკომპენსაციო თანხის – 33100 ლარის რიგგარეშედ გაცემა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, რის დასადასტურებლადაც მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა ცნობები, რომლის მიხედვითაც იგი მძიმედ არის ავად და სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია. საქმის განხილვის დროს მოსარჩელემ დააზუსტა თანხის ოდენობა და მოითხოვა კუთვნილი საკომპენსაციო თანხის – 16775, 8 აშშ დოლარის რიგგარეშე გაცემა.

მოპასუხემ _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ არ ცნო სარჩელი და მიუთითა, საშინაო ვალის დაფარვის საკითხი უნდა გადაწყდეს ფინანსთა სამინისტროს 1999 წ. 11 ოქტომბრის ¹226 ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ შესაბამისად. ამასთან, „საქართველოს 2001წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით ამ მიმართულებით ასიგნების გამოყოფა არ არის გათვალისწინებული.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წ. 28 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 16775 დოლარის ეკვივალენტი ლარის რიგგარეშე გაცემა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროს მიერ.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმეში მოპასუხედ ჩაბმულ იქნა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, რადგან „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონში 2001წ. 20 ივლისს შეტანილი ცვლილების თანახმად, კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების ნაწილში ანაზღაურების მიზნით, ამ პირთა თანხმობის შემთხვევაში, ქონების მართვის სამინისტრო 2001-2005წ. ჩათვლით პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს მეპაიეებისათვის გარკვეული საპრივატიზებო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის შესახებ, რომლის სანაცვლოდ მისაღები საკომპენსაციო თანხა ჩაითვლება გადაცემული სახელმწიფო ქონების ღირებულებაში.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დ. შ-ას შემდეგი მოტივით ეთქვა უარი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;

1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ კანონის თანახმად, კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებული ვალდებულება სახელმწიფოს მიერ აღიარებულია სახელმწიფოს საშინაო ვალად, რომლის დაფარვის წესს, ამავე კანონის 48.4 მუხლის შესაბამისად, შეიმუშავებს ფინანსთა სამინისტრო. ფინანსთა სამინისტროს 1999წ. 11 ოქტომბრის ¹226 ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესი“.

სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო აღნიშნული ბრძანების 3.4 მუხლს, რომლის მიხედვით დამთავრებას დაუქვემდებარებელი კატეგორიის სახლების ბინათმშენებლობისათვის ბინების სანაცვლოდ, ერთჯერადი განაცემის გაცემას, დადგენილი რიგითობის მიხედვით განახორციელებს საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია, მის მომსახურე ბანკში ამ მიზნით გახსნილი სპეციალური ანგარიშიდან. ასოციაცია თვითონვე განსაზღვრავს თანხის გაცემის რიგითობას, ადგენს დამთავრებას დაუქვემდებარებელი კატეგორიის სახლების ჩამონათვალს და წარუდგენს ფინანსთა სამინისტროს შესათანხმებლად. ბრძანების მიხედვით, თანხის გაცემის რიგითობა განისაზღვრება ორი კრიტერუმით: ა) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992წ. 9 ოქტომბრის ¹983 დადგენილების მოთხოვნათა შერულება; ბ) დამკვეთთან ხელშეკრულების დადების თარიღი;

2. სააპელაციო პალატა ასევე დაეყრდნო საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელის მითითებას იმის შესახებ, რომ მათ მიერ განსაზღვრული რიგითობის მიხედვით, მოსარჩელე დ. შ-ა მე-3 ნომრად არის განთავსებული სიაში და მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, ვერ მოხდება მისთვის რიგის დათმობა;

3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დ. შ-ს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა არ არის საფუძველი მისი მოთხოვნის რიგგარეშე დაკმაყოფილებისა, ვინაიდან ფინანსთა სამინისტროს არა აქვს უფლება საკომპენსაციო თანხების რიგგარეშედ გაცემაზე. ფინანსთა მინისტრის ¹226 ბრძანებით დამტკიცებული საშინაო ვალის დაფარვის წესის მიხედვით, თანხების გაცემის რიგითობას განსაზღვრავს არა ფინანსთა სამინისტრო, არამედ კოოპერატივის წევრთა საერთო კრება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. შ-ამ და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება იმ შესწორებით, რომ მოთხოვნილი თანხა – 16775 დოლარი დაეკისროს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს, კერძოდ:

1. კასატორის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებულების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრო ვალდებული იყო 1999-2005 წლებში მოეხდინა დამთავრებას დაუქვემდებარებელი კატეგორიის ბინათმშენებლობისათვის სახელმწიფო ვალის დაფარვის წესის მიხედვით საკომპენსაციო თანხის გაცემა, რასაც ადგილი არ ჰქონია;

2. კასატორი მიუთითებს, რომ მას თანხის გადაცემა არ მოუთხოვია რიგგარეშედ. არამედ, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოხდებოდა სააღსრულებო დეპარტამენტის მიერ თანხის ჩამოჭრა საინკასო წესით, ამით გადაიჭრებოდა სადავო საკითხი და თანხა აღებულად ჩაეთვლებოდა თავის (და არა სხვის) რიგში. აღნიშნულზე თანახმა იყო ასოციაციის პრეზიდენტი ა. თოფერიძე;

3. დ. შ-ას მითითებით 2000წ. ბიუჯეტის შესახებ კანონის მე-10 მუხლის მიხედვით, მათი ვალის დასაფარავად გამოიყო 1300000 ლარი, რომელიც ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნა დაცულ მე-17 მუხლად. თუმცა 4 თვეში, ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით მოხდა ამ მუხლის „სეკვესტრირება“, რამაც შელახა მათი უფლებები;

4. კასატორი თავდაპირველად საკასაციო საჩივარში წინააღმდეგი იყო მისთვის თანხის ნაცვლად საპრივატიზაციო ქონების, მიწის ნაკვეთების, წილის, აქციების, შენობა-ნაგებობების მიღებაზე, რადგან ეს პროცესი არის ხანგრძლივი, მაგრამ საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვის დროს იშუამდგომლა საკომპენსაციო თანხის ნაცვლად, მისთვის საპრივატიზებო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემაზე.

მოწინააღმდეგე მხარეების: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს და უსაფუძვლობის მოტივით მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, თუმცა წინააღმდეგობა არ გამოუხატავთ „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აუშენებელი ბინის საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ საპრივატიზებო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. შ-ას საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

1. კასატორი დ. შ-ა, როგორც ¹653 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის მეპაიე-წევრი, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ კანონის 48-ე მუხლისა და „საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანების დაფარვის სახელმწიფო ღონისძიებათა განხორციელების პროგრამის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. ¹592 ბრძანებულების საფუძველზე, მოითხოვდა სახელმწიფოს საშინაო ვალად აღიარებული ოთხოთახიანი კოოპერატიული ბინათმშენებლობის საკომპენსაციო თანხის – 16775, 8 აშშ დოლარის რიგგარეშე გაცემას. „სახელმწიფო ქონეიბს პრივატიზების“ შესახებ კანონის (დამატების) პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოში დაუმთავრებელი კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებზე და მუნიციპალური საწარმო „თ-ში“ ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლთათვის საკომპენსაციო თანხების მიღების ნაცვლად სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის წესის შესახებ“ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001წ. 27 დეკემბრის ¹1-3/915 ბრძანების შესაბამისად, კასატორმა კუთვნილი საკომპენსაციო თანხის ნაცვლად საკასაციო სასამართლოში კვლავ მოითხოვა საპრივატიზებო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით მისთვის გადაცემა, რასაც დაეთანხმა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის უფლებების დაცვის ასოციაციის წარმომადგენელიც. მოწინააღმდეგე მხარეთა – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, მართალია, გაიზიარეს კასატორის წინადადება, მაგრამ მხარეთა შორის მორიგება მაინც ვერ იქნა მიღწეული. საკასაციო პალატამ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, ყოველნაირად შეუწყო ხელი დავის მორიგებით დამთავრებას, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, რადგან მხარეთა შორის ამგვარი მორიგება არ ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას, მაგრამ მიუხედავად სასამართლოს დიდი მცდელობისა, მხარეთა შორის ვერ მოხდა მორიგება დაუმთავრებელი კოოპერატიული ბინის საკომპენსაციო თანხის ნაცვლად კასატორისათვის საპრივატიზებო ობიექტის პირდაპირი ფორმით მიყიდვის თაობაზე;

2. საკასაციო პალატა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით ვერ გაიზიარებს დ. შ-ას საკასაციო საჩივარს და ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ. შ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე – კუთვნილი საკომპენსაციო თანხის რიგგარეშე გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რადგან „სახელმწიფო ვალის შესახებ“ კანონის 48-ე მუხლის პირველი, მეოთხე პუნქტების, საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. ¹592 ბრძანებულებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1999წ. ¹226 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილ სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესის“ მართებული გამოყენებითა და განმარტებით სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ დამთავრებას დაუქვემდებარებელი კატეგორიის კოოპერატიული ბინების სანაცვლოდ ერთჯერად კომპენსაციის გაცემის რიგითობას განსაზღვრავს და საკომპენსაციო თანხების გაცემას განახორციელებს საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია (საერთო კრება) და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არაუფლებამოსილია საკომპენსაციო თანხების რიგგარეშე გაცემაზე. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ კასატორი დ. შ-ა მე-3 ნომრად არის მითითებული ასოციაციის წევრთა საერთო კრების მიერ დადგენილ რიგში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებას, საკომპენსაციო თანხების რიგგარეშე გაცემის სამართლებრივ საფუძველს. ამდენად, სააპელაციო პალატამ ნორმატიული აქტების მართებული გამოყენება-განმარტებით საქმეზე მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს, ხოლო დ. შ-ას საკასაციო საჩივარს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, უარი უნდა ეთქვას. საკასაციო პალატა აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლო არ აკმაყოფილებს მხოლოდ დ. შ-ას მოთხოვნას საკომპენსაციო თანხის რიგგარეშე გაცემაზე და აღნიშნული უარი არ ეხება სახელმწიფოს შიდა ვალად აღიარებული, დაუმთავრებელი ბინათმშენებლობისათვის ერთჯერადი საკომპენსაციო თანხის დ. შ-ასათვის მიკუთვნების (გაცემის) საკითხს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით, 47-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. შ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. დ. შ-ა განთავისუფლდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.