გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹3 გ-ად-68-კ 21 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: აღმასრულებლის მიერ ჩატარებული აუქციონის კანონიერება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 29 იანვარს ი. ნ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ყვარლის რაიონულ სასამართლოს და აღმასრულებლის მიერ 2000წ. 9 ოქტომბერს ჩატარებული აუქციონის ბათილად ცნობა, 2000წ. 4 ოქტომბრის აუქციონის ჩატარებულად ცნობა და შპს “ე-ის” კუთვნილ “დტ-75” მარკის ტრაქტორზე მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ შპს “ე-მა” კუთვნილი, 1987 წელს დამზადებული, ჩამოწერას დაქვემდებარებული, “დტ-75” მარკის ტრაქტორი 1995 წელს აქტით ჩააბარა. დირექტორის დავალებით, აღნიშნული ტრაქტორი ორი წლის განმავლობაში საკუთარ ეზოში ეყენა, რადგან საწარმოს სატრაქტორო პარკი აღარ ქონდა. იგი ტრაქტორს აუცილებელ სარემონტო სამუშაოებს საკუთარი სახსრებით უტარებდა. მისთვის აღმასრულებელ გ. ლ-ძისაგან ცნობილი გახდა, რომ “დტ-75” მარკის ტრაქტორზე 2000წ. 4 ოქტომბერს აუქციონი იყო გამოცხადებული და თანხა (250 ლარი), რითაც ტრაქტორი იქნა შეფასებული, აღმასრულებელს წინასწარ გადაუხადა, თუმცა ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთები არ გადაუციათ. მოგვიანებით შეიტყო, რომ იგივე ტრაქტორი აღმასრულებელმა გ. ლ-ძემ 2000წ. 9 ოქტომბერს ჩატარებულ განმეორებით აუქციონზე დ. ჯ-შვილს მიჰყიდა.
მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 485-ე მუხლზე დაამყარა, კერძოდ, თუ გამყიდველმა ერთი და იგივე საქონელი რამდენიმე პირს მიჰყიდა, უპირატესობა იმ მყიდველს ენიჭება, რომლის მფლობელობაშიც ნივთი პირველად გადავიდა, თუ საქონელი არც ერთს არ გადასცემია, მაშინ ნივთის მესაკუთრეა ის, ვისთანაც ხელშეკრულება უფრო ადრე დაიდო.
მოპასუხე კახეთის სააღსრულებლო ბიუროს წარმომადგენელმა გ. ტ-შვილმა შესაგებელში სარჩელი არ ცნო. მან მიუთითა, რომ არცერთი აუქციონის ჩატარების შესახებ პრესაში საჯარო განცხადება არ ყოფილა გაკეთებული. ამით დაირღვა “სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
ყვარლის რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 13 მარტის განჩინებით დ. ჯ-შვილი საქმეში მესამე პირად ჩააბა. მესამე პირმა დ. ჯ-შვილმა სასამართლოს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა და «დტ-75” მარკის ტრაქტორზე მისი საკუთრების უფლების ცნობა და ნივთის პირად მლობელობაში გადაცემა მოითხოვა. მან აღმასრულებლის მიერ შედგენილი აუქციონის ოქმის მიხედვით დაადასტურა, რომ ტრაქტორის შესაძენად 350 ლარი გადაიხადა. დ. ჯ-შვილმა თავისი მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 164-ე და 186-ე მუხლებზე დაამყარა.
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ნ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სასამართლო აღმასრულებლის მიერ 2000წ. 9 ოქტომბერს გამოცემული სააღსრულებლო განკარგულებები ბათილად იქნა ცნობილი. ი. ნ-შვილს 2000წ. 4 ოქტომბრის აუქციონის ჩატარებულად ცნობაზე უარი ეთქვა. მესამე პირის დ. ჯ-შვილის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ყვარლის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ კანონის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აღმასრულებელი ვალდებული იყო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და არა მხოლოდ სასამართლო დაფაზე განცხადების გამოკვრით აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ ოფიციალური განცხადება გაეკეთებინა, რადგან, კონკრეტულ შემთხვევაში, ქონება მცირე მნიშვნელობის არ იყო.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ი. ნ-შვილმა სააპელაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა. მან ყვარლის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 აპრილის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, 2000წ. 4 ოქტომბრის აუქციონის ჩატარებულად ცნობა და “დტ-75” მარკის ტრაქტორზე მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ყვარლის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 აპრილის გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა. გაუქმებულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კერძოდ, სასამართლომ 2000წ. 4 ოქტომბრის აუქციონი ჩატარებულად, ხოლო მოსარჩელე ი. ნ-შვილი კეთილსინდისიერ შემძენად და სადავო ტრაქტორის მესაკუთრედ მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირმა დ. ჯ-შვილმა საკასაციო წესით გაასაჩივრა და თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ სამართლის ნორმები უხეშად დაარღვია, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. მან თავისი მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების “ბ” და ”ე” პუნქტებზე დაამყარა.
მოპასუხემ, კახეთის სააღსრულებლო ბიუროს ყვარლის რაიონის აღმასრულებელმა გ. ლ-ძემ საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ დ. ჯ-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ყვარლის აღმასრულებელმა – გ. ლ-ძემ 2000წ. 4 ოქტომბერს ი. ნ-შვილს გამოართვა ტრაქტორის ფასი – 250 ლარი, თუმცა არც აუქციონის ჩატარების ოქმი შეუდგენია და არც სადავო ქონების ნ-შვილის მიერ ყიდვის ფაქტი დადასტურებულა წერილობითი ფორმით. შემდგომში სასამართლოს აღმასრულებელმა სასამართლოს დაფაზე გამოაკრა განცხადება და მიუთითა, რომ 2000წ. 9 ოქტომბერს ჩატარდებოდა შპს «ე-ის» მთელი უძრავ-მოძრავი ქონების აუქციონი. მითითებულ აუქციონზე სადავო ტრაქტორი _ «დტ-75» დ. ჯ-შვილს 350 ლარად მიეყიდა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლომ სწორად მიუთითა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის მოთხოვნებზე. მითითებული კანონის 71-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აღმასრულებელი აუქციონის ჩატარებამდე 7 დღით ადრე სპეციალურ განცხადებას აკეთებს აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ. განცხადების გამოქვეყნება ხდება საჯაროდ სასამართლოს დაფაზე გამოკრული განცხადებითა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებით. თუ ქონება მცირე ღირებულებისაა, შესაძლებელია საგაზეთო განცხადება არ გაკეთდეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აღმასრულებელი აუქციონის დროისა და ადგილის შესახებ მხარეებს აცნობებს უწყების გადაცემით.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რადგან აუქციონი ტარდებოდა შპს «ე-ის» მთელ უძრავ-მოძრავ ქონებაზე, მითითებული მცირე ღირებულებად ვერ იქნებოდა მიჩნეული და აუქციონის გამოცხადება საჯაროდ უნდა მომხდარიყო, მხარეებსაც აუქციონის დრო უწყების მიღებით უნდა შეეტყოთ და არა ზეპირსიტყვიერად.
ამდენად, საოლქო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი და 2000წ. 9 ოქტომბრის აუქციონი, როგორც «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის მოთხოვნათა დარღვევით ჩატარებული, ბათილად მიიჩნია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ი. ნ-შვილი სადავო ქონების კეთილსინდისიერი შემძენია და განმარტავს, რომ, მართალია, იგი ტრაქტორს რეალურად ფლობს და ქონებაც სამოქალაქო კოდექსის 485-ე მუხლის თანახმად, პირველად მას გადაეცა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ი. ნ-შვილი ნივთს ფლობს ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე, თვით აუქციონზე მის მიერ ტრაქტორის შეძენა კი «სააღსრულებო წარმოების შესახებ» კანონის იმპერატიული მოთხოვნების დარღვევითაა განხორციელებული და არც სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი გარიგების წესები ყოფილა დაცული. საქმის მასალებში არ მოიპოვება 2000წ. 4 ოქტომბრის აუქციონის შედეგად ნ-შვილზე ქონების კანონით დადგენილი წესით გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევას გამორიცხავს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ჯ-შვილის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ – გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ჩატარებულად იქნა მიჩნეული 2000წ. 4 ოქტომბრის აუქციონი, ხოლო ძალაში დარჩეს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 2000წ. 9 ოქტომბრის აუქციონი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დ. ჯ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ი. ნ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ბათილად იქნეს ცნობილი სასამართლოს აღმასრულებლის მიერ 2000წ. 9 ოქტომბერს გამოცემული სააღსრულებო განკარგულებები დ. ჯ-შვილის მიერ აუქციონის წესით «დტ-75» მარკის ტრაქტორის შეძენაზე. ი. ნ-შვილს უარი ეთქვას 2000წ. 4 ოქტომბერს აუქციონის ჩატარებულად და «დტ-75» მარკის ტრაქტორზე მესაკუთრედ ცნობაზე.
4. მესამე პირის დ. ჯ-შვილის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
5. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.