Facebook Twitter

3გ/ად-68-კ-01 21 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის 24.08.2000წ. აქტის, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 27.11.2000წ. ¹61 ბრძანების იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომელიც ეხება შპს «ტ-ს».

აღწერილობითი ნაწილი:

შპს «ტ-მა» სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხეების – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობასა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების ინსპექციის უფროსის 15.08.2000წ. ¹27 ბრძანების, ინსპექციის 24.08.2000წ. აქტის, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 27.11.2000წ. ¹61 ბრძანების და დანართის იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომელიც ეხება შპს «ტ-ს». მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავდა, რომ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის უფროსმა გამოსცა 15.08.2000წ. ¹27 ბრძანება, რომლითაც გადაწყდა შპს «ტ-იში» ფასების (ტარიფების) დადგენის და გამოყენების სისწორის შემოწმება. მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ აღნიშნული ბრძანება ეწინააღმდეგებოდა «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» საქართველოს კანონს, რადგანაც კანონის მე-15 მუხლი ანიჭებდა ინსპექციას მხოლოდ სახელმწიფო რეგულირებად ფასებზე კონტროლის განხორციელების უფლებას. შპს «ტ-ის» მიერ განხორციელებული მომსახურების საფასური არ წარმოადგენს სახელმწიფო რეგულირებად ფასს და, შესაბამისად, მომსახურების ეს სახე არ არის ასახული ეკონომიკის მინისტრის 09.09.98წ. ¹56 ბრძანებაში ,,იმ საქონლის (პროდუქციის, მომსახურების) ნუსხის (ნომენკლატურის) დამტკიცების შესახებ, რომელზედაც ვრცელდება ფასების (ტარიფების) სახელმწიფო რეგულირება”. უკანონო ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს «ტ-ის» შემოწმება მომსახურების საფასურის სისწორეზე, რასაც შედეგად მოჰყვა 24.08.2000წ. შემოწმების აქტი. აღნიშნული აქტი, მოსარჩელის აზრით, წარმოადგენს კერძო –სამართლებრივ ურთიერთობებში, სახელდობრ, სადაზღვევო სახელშეკრულებო ურთიერთობებში, აგრეთვე საგადასახადო ორგანოთა უფლებამოსილებაში უხეშ ჩარევას, რადგან შპს «ტ-ის» მომსახურებაზე არ ვრცელდება სახელმწიფო რეგულირება. მოსარჩელეს დაუსაბუთებლად და ულოგიკოდ მიაჩნდა აქტში ასახული დასკვნა შპს «ტ-ის» მიერ გაწეული მომსახურების საფასურის უკანონო კალკულაციის თაობაზე, პირობებში როდესაც მომსახურების ტარიფი – 0,60 ლარი, თვით შემმოწმებლების აღიარებით, არ დარღვეულა. ამასთანავე, შპს «ტ-ის» ხარჯთაღრიცხვა დამტკიცებულია საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ და შეთანხმებულია ტრანსპორტის სამინისტროსთან. შესაბამისად უკანონოა აგრეთვე ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 27.11.2000წ. ¹61 ბრძანება და მისი დანართი იმ ნაწილში, რომელიც ემყარება ზემოაღნიშნულ აქტს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 06.03.01წ. გადაწყვეტილებით შპს «ტ-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ფასების სახელმწიფო ინსპექციის 24.08.2000წ. აქტი და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 27.11.2000წ. ¹61 ბრძანების და დანართის ის ნაწილი, რომელიც შპს «ტ-ს» ეხება. მოსარჩელეს უარი ეთქვა ფასების სახელმწიფო ინსპექციის უფროსის 15.08.2000წ. ¹27 ბრძანების ბათილად ცნობაზე. საოლქო სასამართლოს კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს «ტ-ი» წარმოადგენს «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» კანონით განსაზღვრულ ფასწარმოქმნის სუბიექტს, რომლის მომსახურების ტარიფი დადგენილია სახელმწიფოს მიერ და ამავე კანონის 1,2,15 მუხლების თანახმად ინსპექციას უფლება აქვს განახორციელოს კონტროლი მოსარჩელის მიერ მომსახურების ტარიფების კანონიერებაზე, შესაბამისად უმართებულოდ იქნა მიჩნეული ინსპექციის უფროსის 15.08.2000წ. ¹27 ბრძანების ბათილად ცნობა. კოლეგიამ აღნიშნა აგრეთვე, რომ არც ფასების სახელმწიფო ინსპექციის 24.08.2000წ. აქტში და არც სამინისტროს 27.11.2000წ. ¹61 ბრძანებაში არ არის მითითებული იმის შესახებ, თუ «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» კანონის რომელი მუხლი დაარღვია შპს «ტ-მა». ამასთანავე, აღნიშნული კანონის მე-16 მუხლი არ ითვალისწინებს კალკულაციის დარღვევის გამო უკანონოდ მიღებული შემოსავლის ორმაგი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებას. გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრის 11.09.98წ. ¹60 ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ფასების ინსპექციის” დებულების 46-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით შპს «ტ-ის” დირექტორი არ იქნა მიწვეული აქტის განხილვაზე, რითაც დაირღვა ადმინისტრაციული აქტის მომზადების წესი. ამდენად, კოლეგიამ მიიჩნია, რომ ფასების სახელმწიფო ინსპექციის 24.08.2000წ. აქტი და მის საფუძველზე გამოცემული სამინისტროს 27.11.2000წ. ¹61 ბრძანება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

თბილისის საოლქო სასამართლოს 06.03.01წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ინსპექციის მიერ. კასატორი ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ინსპექციის 24.08.2000წ. აქტი და სამინისტროს 27.11.2000წ. ¹61 ბრძანების და დანართის ის ნაწილი, რომელიც შპს «ტ-ის» ეხება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი აღნიშნავს, რომ შპს «ტ-ის» მიერ მძღოლთა წინასარეისო სამედიცინო შემოწმებისათვის დადგენილი ფასი (ტარიფი) თანდართული კალკულაციით 31.08.98წ. შეთანხმებულია ეკონომიკის სამინისტროსთან და დადგენილი წესით რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროში. შპს «ტ-ი» აღნიშნულ ტარიფს იყენებდა 1999 წლის 27 ოქტომბრამდე ანუ შპს «ტ-ისა» და სადაზღვევო კომპანია «ნ-თან» ხელშეკრულების დადებამდე, რომლის მიერ გაწეული მომსახურება შეტანილ იქნა წინასარეისო სამედიცინო შემოწმების მომსახურების კალკულაციაში, მისი ოდენობა მთლიანი ტარიფის მოცულობიდან (ე.ი.60 თეთრიდან) 33,3% შეადგენს. ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებულ კალკულაციაში (რომელიც ტარიფის სტრუქტურულ საფუძველს, სამუშაოების ცალკეული ეტაპების, სახეებისა და დანახარჯების მიხედვით ანაზღაურების რაოდენობის ცალ-ცალკე და საბოლოო შეფასებას წარმოადგენს) რეგისტრაციის გარეშე «სამედიცინო მომსახურების ხარჯების» მე-6 მუხლის დამატება, ტარიფის 33% შეცვლა, ამის შედეგად შრომის ანაზღაურების ფონდის, სამეურნეო და საკანცელარიო ხარჯების შემცირება, შპს «ნ-ისათვის» გაწეული სადაზღვევო მომსახურების ანაზღაურება წარმოადგენს უკანონო შემოსავალს, რამდენადაც მომსახურეობისათვის თანხის გადახდა ხდება მძღოლების მიერ წინასარეისო სამედიცინო შემოწმების დროს, მით უფრო, რომ მძღოლებმა არ იციან მათი დაზღვევის შესახებ შპს «ტ-ი» მძღოლებს ახდევინებს იგივე თანხას, რაც მას დამტკიცებული აქვს, თუმცა მძღოლი ღებულობს 33,3%-ით ნაკლებ მომსახურებას, ვიდრე ეს სტანდარტითაა განსაზღვრული, მძღოლებს უწევენ ნაკლებ მომსახურეობას ხოლო ახდევინებენ თანხას, რომლის ექვივალენტ მომსახურებას ისინი არ ღებულობენ. კალკულაციის შეცვლით შპს «ტ-იმ» დაარღვია ფასების და ფასწარმოქმნის კანონმდებლობა.

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ტ-ი» საკასაციო საჩივარს არ ცნობს და აღნიშნავს, რომ შპს «ტ-ი» მძღოლების მომსახურებას ეწევა დადგენილი ტარიფის, 0,60 ლარის მიხედვით. კასატორს არ წარმოუდგენია ეკონომიკის სამინისტოსთან შეთანხმებული და შპს «ტ-ის» მიერ დარღვეული კალკულაცია. კასატორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი _ «მძღოლთა წინასარეისო სამედიცინო შემოწმების ტარიფის გაანგარიშება» ხელმოუწერელია, იგი არ არის დამოწმებული ბეჭდით, არანაირად არ დასტურდება რომ კალკულაცია (გაანგარიშება) შეთანხმებულია ეკონომიკის სამინისტროსთან, რის გამო მას არა აქვს იურიდიული ძალა. მოწინააღმდეგე მხარე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ შპს «ტ-ის» ის ხარჯთაღრიცხვა, რომელიც უკანონოდ მიიჩნია ფასების სახელმწიფო ინსპექციამ, დამტკიცებულია საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ 22.03.2000წ. და 15.03.2000წ. შეთანხმებულია საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროსთან. ამ დოკუმენტების მიხედვით, საწარმოს სპეციფიკიდან გამომდინარე, დასაშვებად იქნა მიჩნეული შემოსავლების და ხარჯების მუხლებში სათანადო ცვლილებების შეტანა. კასატორი არ მიუთითებს თუ სახელდობრ რომელი ნორმა დაარღვია შპს «ტ-მა», ამასთანავე, კასატორი გვერდს უვლის იმას, რომ ინსპექციის 24.08.2000წ. აქტის საფუძველზე გამოცემული სამინისტროს 27.11.2000წ. ¹61 ბრძანების მიღებისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლები, ფასების ინსპექციის დებულების 4.6 მუხლის მოთხოვნები.

დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში კასატორი აღნიშნავს, რომ დადგენილი 60 თეთრიანი ტარიფიდან სტანდარტის შესრულებას ხმარდებოდა 40 თეთრი, ხოლო დანარჩენი 20 თეთრი არამიზნობრივად იხარჯებოდა. კალკულაციის თვითნებური შეცვლა იწვევს «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-10 მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტის მოთხოვნის და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ¹55 ბრძანების დარღვევას, რისთვისაც კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებულია სანქციის გამოყენაბა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა, საქმის მასალების გაცნობის და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ინსპექციის მუშაკების მიერ შედგენილი 24.02.2000წ. აქტში დადგენილად არის მიჩნეული, რომ შპს «ტ-ის» მიერ დაცულია გაწეული მომსახურეობისათვის განსაზღვრული ფასი (ტარიფი). ვინაიდან მომსახურების დადგენილი ტარიფი არ დარღვეულა, ულოგიკოა 24.08.2000წ. შედგენილ აქტში შპს «ტ-ისათვის» მიცემული წინადადება ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებული ტარიფით მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ.

24.08.2000წ. აქტით და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 27.11.2000წ. ¹61 ბრძანებით არასწორად არის აგრეთვე დადგენილი შპს «ტ-ის» მიერ მიღებული შემოსავალის და შესაბამისად, საჯარიმო თანხის ოდენობა. კერძოდ, ინსპექციის მუშაკების მიერ 24.08.2000წ. შედგანილი აქტის მიხედვით, მიღებული შემოსავლის ოდენობის ათვლა მოხდა შპს «ტ-ის» მიერ შემოსავლის მიღების დაწყებიდან ანუ 1999 წლის მარტის თვიდან 2000 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით, მაშინ, როდესაც შპს სადაზღვევო კომპანია «ნ-თან» ხელშეკრულება 1999 წლის 27 ოქტომბერს დაიდო. ამასთანავე, ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო თანხები არ შეადგენდა შპს ,,ტ-ის” შემოსავალს, უკანასკნელი ახდენდა სადაზღვევო შენატანების აკუმულირებას და ყოველთვიურად მზღვეველის ანგარიშზე გადარიცხვას, ამდენად სახეზე არ არის ,,ფასებისა და ფასწარმოქმნის შესახებ” კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული უკანონო შემოსავლის მიღება. უმართებულოა აგრეთვე 24.08.2000წ. აქტში მითითება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 24.04.97წ. ¹120 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საწარმოს განკარგულებაში დარჩენილი მოგებიდან და სხვა საკუთარი სახსრებიდან დასაფარავი ხარჯების შემადგენლობის შესახებ დებულება, ვინაიდან შპს «ნ-თან» ხელშეკრულების დადების დროისათვის (27.10.99წ.) ფინანსთა მინისტრის აღნიშნული ბრძანება გაუქმდა «ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ» 05.02.99წ. კანონით.

არსებითად არის აგრეთვე დარღვეული სადავო ადმინისტრაციული აქტის _ «საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის მიერ 2000 წლის III კვარტალში სხვადასხვა ორგანიზაციაში ფასების დადგენისა და გამოყენების სისწორის შესწავლის შესახებ» საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 27.11.2000წ ¹61 ბრძანების (იმ ნაწილში, რომელიც შპს «ტ-ის» ეხება) მომზადების წესი, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველს. «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მეწარმის მიერ ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მიღებული მთელი უკანონო შემოსავალი, ასევე, ამავე ოდენობის საჯარიმო თანხა ფასების ინსპექციის წარდგინებით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით. სადავო აქტების მიღების დროს მოქმედი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 11.09.98წ. ¹60 ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ფასების ინსპექციის» დებულების 4.6, 6.3 პუნქტების მიხედვით, თუ მოკვლეული ობიექტის ხელმძღვანელობა არ ეთანხმებოდა მოკვლევის შედეგებს, ასეთ შემთხვევაში, მოკვლეული ობიექტის ხელმძღვანელის თანდასწრებით, საკითხი განსახილველად სამინისტროს მუდმივმოქმედ სათათბირო საბჭოს წარედგინებოდა, რის შემდეგ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ღებულობდა მინისტრი. მიუხედავად იმისა, რომ შპს «ტ-ის» დირექტორი არ ეთანხმებოდა 24.08.2000წ. აქტს, არ მოაწერა მას ხელი, ხოლო შემდგომ რამდენიმეჯერ შენიშვნებით მიმართა ინსპექციის უფროსს, შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელი არ მოწვეულა აქტის განხილვაზე, რაც დასტურდება სამინისტროს 12.12.2000წ. ¹1-1/233 წერილით. ამდენად საკასაციო პალატა ეთანხმება საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დარღვეულია სამინისტროს სადავო ადმინისტრაციული აქტის მომზადების წესი, რასაც შეეძლო ემოქმედა საკითხის გადაწყვეტის შედეგზე.

პალატა აღნიშნავს, რომ სადაზღვევო ხელშეკრულების დადების მართლზომიერება, დაზღვევის ფორმის შეცვლა, გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხი სცილდება ფასების სახელმწიფო ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებს და შეადგენს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, საგადასახადო ორგანოების, სამედიცინო სამსახურების უფლებამოსილების სფეროს. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სამეურნეო, საკანცელარიო, შრომის ანაზღაურების ფონდის ხარჯების შემცირების შედეგად არ იყო შესაძლებელი მძღოლთა წინასარეისო სამედიცინო შემოწმების ტარიფის გაანგარიშებაში სამედიცინო მომსახურეობის ხარჯების ცალკე მუხლად შეტანა, ვინაიდან ტარიფი და კალკულაცია რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტოში ნორმატიული ძალის მქონე აქტით. პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს ტარიფის და არა მისი კალკულაციის რეგისტრაციას, გაწეული მომსახურების დანახარჯების გაზრდა ან შემცირება, შპს «ტ-ის» მიერ ხარჯთაღრიცხვის ყოველგვარი ცვალებადობა ტარიფის დაცვის პირობებში არ საჭიროებდა შეთანხმებას და რეგისტრაციას. უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ კალკულაციის შეცვლით დაირღვა «ფასების და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» კანონის მე-10 მუხლის I ნაწილის «ვ» ქვეპუნქტი, მითითებული ნორმა ითვალისწინებს სამინისტროს მიერ ზღვრული და ფიქსირებული ფასების და არა მათი კალკულაციის შეთანხმებას. ამასთანავე, შპს «ტ-ის» ხარჯთაღრიცხვა 15.03.2000წ. შეთანხმებული იქნა საქართველოს ტრანსპორტის სამინისტოსთან და დამტკიცდა საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის 22.03.2000წ. ¹16 ბრძანებით «საავტომობილო ტრანსპორტის დარგში სახელმწიფოს ასპროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ». «ჯანმრთელობის დაცვის შესახებ» კანონის 21-ე მუხლის თანახმად, შპს «ტ-ის», როგორც სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს, რომელიც დადგენილი წესით მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაო უნდა აუნაზღაურდეს სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ტარიფების დაწესების შესაბამისად. ,,ფასების და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” კანონის მე-13, მე-15 მუხლების, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 09.09.98წ. ¹55 ბრძანებულებით დამტკიცებული «სახელმწიფო რეგულირებადი ფასების (ტარიფების) პროექტების წარდგენის, განხილვის, შეთანხმებისა და დამტკიცების წესის შესახებ» დებულების მე-7 პუნქტის თანახმად, რეგულირებადი ფასები (ტარიფები) ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ მტკიცდება და ძალაში შედის სამინისტროს ნორმატიული აქტით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. «საქართველოში მძღოლთა წინასარეისო შემოწმების მიზნით სახაზინო საწარმო «ტ-ის» ფუნქციონირების დაწყების შესახებ» საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 29.09.98წ. ¹67 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებული «მძღოლთა წინასარეისო სამედიცინო შემოწმების ტარიფი», რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, შეტანილია ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი (¹110.012.003.376). ამასთანავე, ტრანსპორტის მინისტრის 29.09.98წ. ¹67 ბრძანება არ გამოქვეყნებულა ოფიციალურ გამოცემაში _ «საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში», რომელიც საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს სახით 1998წ 1 ოქტომბრიდან გამოიცემა (საგულისხმოა, რომ «საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში» გამოქვეყნებულია ტრანსპორტის მინისტრის მითითებული, სადავო ბრძანების წინამორბედი, უფრო გვიანდელი პერიოდის, კერძოდ ტრანსპორტის მინისტრის 23.09.98წ. ¹66 ბრძანება). ამდენად დარღვეულია «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 38-ე, 61-ე მუხლების მოთხოვნები. ნორმატიული აქტის გამოქვეყნება წარმოადგენს ნორმაშემოქმედებითი პროცესის ბოლო, დამაგვირგვინებელ სტადიას, მისი ძალაში შესვლის სავალდებულო წინაპირობას, ამასთანავე, ნორმატიული აქტის ძალაში შესვლისათვის სავალდებულოა აქტის არა ყოველგვარი, არამედ სახელდობრ ოფიციალურ გამოცემაში გამოქვეყნება, რომლითაც დასტურდება აქტის ძალაში შესვლა. ვინაიდან საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 29.09.98წ. ¹67 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა მძღოლთა წინასარეისო სამედიცინო შემოწმების ტარიფი, არ გამოქვეყნებულა ოფიციალურ გამოცემაში, მას არა აქვს ნორმატიული ძალა, შესაბამისად არა აქვს სავალდებულო, ნორმატიული ძალა ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებულ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებულ მძღოლთა წინასარეისო სამედიცინო შემოწმების ტარიფს და კალკულაციას. ამასთანავე, სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის უფროსის 15.08.2000წ. ¹27 ბრძანების მართლზომიერებაზე, ვინაიდან საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 06.03.01წ. გადაწყვეტილება ამ ნაწილში საკასაციო წესით კასატორს არ გაუსაჩივრებია.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს 06.03.01წ. გადაწყვეტილება.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.