გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-68-კ.ს-01 15 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი(თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: მოპასუხეთა ბინიდან გამოსახლებისა და ბინით სარგებლობის თანხის იძულებით გადახდევინების მოთხოვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
1999 წლის 22 სექტემბერს ი. ს-ძემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ი. ქ-შვილის, ბ. კ-ძისა და ლ. ბ-ძის მისი კუთვნილი სახლიდან გამოსახლება და მოპასუხეთა მიერ სადავო ბინით სარგებლობისათვის უკანასკნელი 3 წლის გადაუხდელი ბინის ქირის იძულებით გადახდევინება მოითხოვა. ს-ძემ სარჩელში მიუთითა შემდეგზე: ქ. ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა მისი მამკვიდრებლის _ ს. ს-ძის პირად საკუთრებას, რომელიც საბჭოთა სახელმწიფოს მიერ უკანონოდ ჰქონდა ჩამორთმეული კანონიერ მესაკუთრეს და, როგორც კომუნალური ფართი, სარგებლობის უფლებით მოპასუხეებს ჰქონდათ გადაცემული. მოსარჩელე აქვე დაამატებს, რომ ქუთაისის სასამართლოს 1991 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით აღდგა პირვანდელი მდგომარეობა და იმავე ქუჩაზე …...-ში მდებარე სახლის ორი ოთახი აღირიცხა ი. ს-ძის ბაბუის _ ს. ს-ძის სახელზე. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, 1992 წლის 8 დეკემბერს ნოტარიუსის მიერ ი. ს-ძეზე კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა იქნა გაცემული, რომლითაც ს. (იგივე ბ.) ს-ძის ქონებაზე ი. ს-ძის მემკვიდრეობა იქნა დადგენილი. ამასთან, ქუთაისის სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ქუთაისის გამგეობის 1992 წლის გადაწყვეტილებით, ქუთაისში, ... ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე, რომელიც მანამადე საბინაო სამმართველოს ბალანსზე იყო აღრიცხული, აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა და იგი გარდაცვლილი ბ. ს-ძის სახელზე აღირიცხა. Mმითითებული აქტის თანახმად, სადავო ბინა ტექაღრიცხვისა და ინვენტარიზაციის ბიუროში სოხაძის სახელზე იქნა დარეგისტრირებული. Aამდენად, მოსარჩელის თქმით, რადგან ს. ს-ძის ქონებაზე მისი მემკვიდრეობა კანონის შესაბამისად იყო დადგენილი, სადავო ქონებაც მის პირად საკუთრებას წარმოადგენდა და იგი მისი კუთვნილი სახლიდან მოპასუხე ბ-ძის, კ-ძისა და ქ-შვილის გამოსახლებას, მათთვის უკანასკნელი 3 წლის გადაუხდელი ბინის ქირის სახით 15 000 ლარის დაკისრებასა და გამოთავისუფლებული სახლის კანონიერი მესაკუთრისათვის ჩაბარებას ითხოვდა.
მოპასუხეებმა _ ბ-ძემა და კ-ძემ ი. ს-ძის სარჩელზე შეგებებული სარჩელი შეიტანეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელე ს-ძის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, რადგან მათ სადავო ბინები 70-იან წლებში ორდერის საფუძველზე ჰქონდათ სახელმწიფოსაგან მიღებული და ისინი კეთილსინდისიერ მფლობელებს წარმოადგენდნენ. ამასთან, მოპასუხეებმა მოსარჩელისაგან მათთვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვეს.
1999 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, მოპასუხე კ-ძის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმეში თანამოპასუხედ ქუთაისის მერია ჩააბა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საქმე სირთულის გამო განსახილველად ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას გადაეცა.
2000 წლის 11 თებერვალს მოპასუხეებმა სასამართლოში დაზუსტებული შეგებებული სარჩელი შეიტანეს და მოსარჩელე ს-ძის სარჩელთან ერთად 1992 წლის 8 დეკემბრის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაუქმების საკითხის განხილვა მოითხოვეს, მოპასუხეებმა აქვე აღნიშნული მოწმობის საფუძველზე ი. ს-ძეზე 1999 წლის 22 ივლისს გაცემული მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტისა და, შესაბამისად, მის შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება მოითხოვეს, რადგან ყოველივე ზემოთქმულს 1992 წლის სამემკვიდრეო მოწმობა ედო საფუძვლად.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 10 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ი. ს-ძის გამოუცხადებლობისა და მოპასუხეთა შუამდგომლობის საფუძველზე, ი. ს-ძეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, ხოლო ბ. კ-ძისა და ლ. ბ-ძის სარჩელის საფუძველზე, გაუქმდა ქუთაისის ¹2 სანოტარო კანტორის მიერ 1992 წლის 8 დეკემბერს გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რომლითაც ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი ი. ს-ძისQსაკუთრებად იქნა მიჩნეული.
2001 წლის 9 ნოემბერს ი. ს-ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს და ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 10 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. განცხადებაში ს-ძემ მიუთითა, რომ მან საქმის სასამართლოში განხილვისას არაერთხელ მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, რათა პრეზიდენტთან მის შეხვედრამდე, მის მიერ წარდგელი სარჩელი არ ყოფილიყო განხილული, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, საქმე განხილულ იქნა მისი მონაწილეობის გარეშე და გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება. ამდენად, ი. ს-ძე არაკანონიერად მიღებული 2000 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ი. ს-ძეს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად და განემარტა, რომ მას გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლებისათვის კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ჰქონდა დაცული. იმავე სასამართლოს 2001 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ი. ს-ძის განცხადება, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის გაშვების გამო, დარჩა განუხილველი. საოლქო სასამართლომ აღნიშნული განჩინებით მიიჩნია, რომ განმცხადებელს გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დროულად ეცნობა, თუმცა მან გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებაზე უარი განაცხადა, რაც, სასამართლოს მოსაზრებით, არ აჩერებს კანონით დადგენილ ერთთვიან ვადას და, ამდენად, სოხაძის მიერ გასაჩივრების ვადაც გაშვებულად ითვლება.
ი. ს-ძემ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 21 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა და 2000 წლის 10 მაისის ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებისა და ზემომითითებული განჩინების გაუქმება მოითხოვა. Gგანმცხადებელმა კერძო საჩივარში მიუთითა, რომ მისთვის 2000 წლის 10 მაისის სხდომის შესახებ ცნობილი არ იყო, მას არც დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარებია და რადგან მისთვის მითითებულის თაობაზე მოგვიანებით იქნა ცნობილი, ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების 10 დღიანი და ბათილად ცნობის თაობაზე განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადა არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული გაშვებულად.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ი. ს-ძის კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა, უცვლელად იქნა დატოვებული 2001 წლის 21 ნოემბრის განჩინება და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 21 ნოემბრისა და 28 ნოემბრის განჩინებები უნდა გაუქმდეს და ი. ს-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო კოლეგიის 2000 წლის 10 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განსჯადობით განსახილველად ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას უნდა გადაეგზავნოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 1999 წლის 17 ნოემბრის განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ქუთაისის მერიის ჩაბმისა, მოცემული დავა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან არ გამომდინარეობდა და დავის საგანს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები არ წარმოადგენდა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2000 წლის 10 მაისს განიხილა ი. ს-ძის სარჩელი და ბ-ძის, კ-ძისა და ქ-შვილის მიერ წარდგენილი შეგებებული სარჩელი ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლზე საკუთრების უფლების დადგენის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მერიას ი. ს-ძის მიმართ სარჩელი არ დაუყენებია და მისი საკუთრების უფლება სადავოდ არ გაუხდია, მეტიც, ქუთაისის გამგეობის 1992 წლის გადაწყვეტილებით, ქუთაისის სასამართლოს 1991 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სადავო საცხოვრებელი სახლი ი. ს-ძის საკუთრებად იქნა აღრიცხული და შესაბამისი ცვლილებები საჯარო რეესტრშიც განხორციელდა. აღნიშნული აქტის კანონიერება სადავოდ არც ერთ მხარეს არ გაუხდია, არც სხვა რაიმე მოთხოვნა ყოფილა ქუთაისის მერიის მიმართ წაყენებული. აქედან გამომდინარე, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ განსჯადობის წესების დაცვით განიხილა მოცემული დავა და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაზეც ი. ს-ძის მიერ შეტანილ იქნა განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული განცხადება ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას არ უნდა განეხილა, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემული დავა თავისი იურიდიული ბუნებით ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან არ გამომდინარეობს და სამოქალაქო სამართლებრივი ხასიათისაა. ამასთან, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მიერ სამოქალაქო კანონმდებლობის შეაბამისად, ი. ს-ძის სარჩელზე გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მაშინ როცა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების გამოყენება არ დაიშვება.
საკასაციო პალატა, ითვალისწინებს რა «საერთო სასამართლოების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრულ საოლქო სასამართლოთა კოლეგიებისა და პალატების ფორმირებისა და მოსამართლეთა შესაბამის კოლეგიებსა და პალატებში მონაწილეობის წესებს, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ა» პუნქტისა და 424-ე მუხლის 1 ნაწილის მოთხოვნებს, მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 21 ნოემბრისა და 28 ნოემბრის განჩინებები და საქმე განსჯადობით განსახილველად ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას უნდა გადაეცეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 და 26-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე და 424-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 21 ნოემბრისა და 28 ნოემბრის განჩინებები.
2. ი. ს-ძის კერძო საჩივარი განსჯადობით განსახილველად ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას გადაეცეს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.