3გ-ად-68-კ-ს-02 19 ოქტომბერი, 2002წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: კანონის ნორმის განმარტება და საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
22.08.02წ. თბილისის საოლქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საკრებულოს მდივანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლ. გ.-მ და მოითხოვა: ა) სასამართლოს მიერ «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» ორგანული კანონის 481 მუხლის განმარტება, მუხლის მესამე პუნქტის უპირატესი იურიდიული ძალის დადგენა პირველ პუნქტთან შედარებით; ბ) ქ. თბილისის 1998წ. მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა ახლადარჩეული საკრებულოს პირველ შეკრებამდე; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 31.07.02წ. ¹210/23/1-414 წერილის ბათილად ცნობა; დ) თბილისის საკრებულოს მიერ 20.06.02წ. შემდგომ მიღებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანის, სარეგისტრაციო კოდის მინიჭების დავალება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 26.08.02წ. განჩინებით მოსარჩელეს დაევალა სარჩელის ხარვეზის შევსება 2002წ. 10 სექტემბრამდე, კერძოდ, დამატებით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. აღნიშნული ხარვეზი მოსარჩელემ 29.08.02წ. შეავსო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 02.09.02წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა სასამართლოს მიერ «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» ორგანული კანონის 481 მუხლის განმარტებას და ქ. თბილისის 1998წ. მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობას ახლადარჩეული საკრებულოს პირველ შეკრებამდე. დანარჩენ ნაწილში სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში.
სასამართლომ ზემოაღნიშნულ ნაწილში სარჩელის წარმოებაში მიღებაზე მოსარჩელეს უარი უთხრა შემდეგი მოსაზრებით: აღნიშნული მოთხოვნები არ არის საერთო სასამართლოების განსჯადი და არ ექვემდებარება სასამართლოებს უწყებრივად. კანონის ნორმის ოფიციალურ განმარტებას იძლევა მხოლოდ თვით ნორმის დამდგენი და გამომცემი ორგანო. სასამართლო სამართლის ნორმის განმარტებას ახდენს მხოლოდ კონკრეტული საქმის განხილვისას ამა თუ იმ ნორმის შეფარდების დროს, რაც არ წარმოადგენს ნორმის ისეთ ზოგად და სავალდებულო განმარტებას, რომელსაც მოსარჩელე ითხოვს. სასამართლო არ არის უფლებამოსილი ცნოს ქ. თბილისის 1998წ. მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილება ახლადარჩეული საკრებულოს პირველ შეკრებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების კომპეტენცია გააჩნია საქართველოს პარლამენტს და არა საერთო სასამართლოებს.
ქ. თბილისის საკრებულომ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ნაწილში საოლქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა კერძო საჩივრით. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სასამართლოს მოსაზრება თითქოს მოსარჩელე ითხოვდეს სამართლის ნორმის ოფიციალურ განმარტებას, არ შეეფერება სინამდვილეს, მოსარჩელეს მხედველობაში ჰქონდა ნორმის განმარტება სწორედ საქმის განხილვისას და არა ზოგადად, ცალკე, ძირითადი სასარჩელო მოთხოვნისაგან დამოუკიდებლად, ვინაიდან ორგანული კანონის 481 მუხლის კოლიზიური ნორმების განმარტების გარეშე სასამართლო სხვაგვარად ვერ იმსჯელებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული აქტის ბათილობასა თუ კანონიერებაზე. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლო კოლეგია ვალდებული იყო მოეხდინა ნორმის ოფიციალური განმარტებაც და შეექმნა პრეცედენტი, რომელიც გამოიყენებოდა მომავალში როგორც სამართლის წყარო. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ განმარტების მიცემის უფლება აქვს მხოლოდ ნორმის დამდგენ და გამომცემ ორგანოს, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის ასეთ უფლებამოსილებას; რაც შეეხება 1998წ. მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობას, ეს მოთხოვნა თავისთავად გამომდინარეობდა 481 მუხლის განმარტებიდან, თუკი კოლეგია აღნიშნულს მოახდენდა. მოსარჩელეს ასევე მიაჩნია, რომ 02.09.02წ. განჩინება ეწინააღმდეგება 26.08.02წ. განჩინებას ხარვეზის შევსების შესახებ, სასამართლო კოლეგია ვალდებული იყო ხარვეზის შევსებისთანავე სარჩელი მთლიანად მიეღო წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა საოლქო სასამართლოს 02.09.02წ. განჩინების პირველი პუნქტის გაუქმება, რომლითაც ქ. თბილისის საკრებულოს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» ორგანული კანონის 481 მუხლის განმარტებას, მუხლის მე-3 პუნქტის უპირატესი იურიდიული ძალის დადგენას 1-ელ პუნქტთან შედარებით და 1998წ. მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობას ახლადარჩეული საკრებულოს პირველ შეკრებამდე.
თბილისის საოლქო სასამართლოს 18.09.02წ. განჩინებით ქ. თბილისის საკრებულოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ქ. თბილისის საკრებულოს წევრმა, საკრებულოს წარმომადგენელმა მ. ელოშვილმა ქ. თბილისის საკრებულოს კერძო საჩივართან დაკავშირებით 25.09.02წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომელშიც აღნიშნა, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგია მოქცეულია ზოგიერთი პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშ, რამაც გამოხატულება ჰპოვა საქმეში მე-3 პირად ჩართვის შემდეგ ურთიერთსაწინააღმდეგო განჩინებების მიღებაში, საქმის განხილვის გაჭიანურებაში, საარჩევნო დავების ტენდენციურ განხილვაში. განმცხადებლის აზრით საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე და კოლეგია დაინტერესებული არიან საქმის შედეგებით მესამე პირის «ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატიული ფრონტის» სასარგებლოდ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დედაქალაქში შექმნილი არაორდინალური ვითარების გათვალისწინებით, განმცხადებელმა ითხოვა კერძო საჩივრის უმოკლეს ვადაში განხილვა, საოლქო სასამართლოსათვის არსებითი განხილვისათვის საქმის არ გადაგზავნა, საკასაციო პალატის მიერ სარჩელის არსებითი განხილვა, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოებში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამავე მუხლის II ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება და ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. სსსკ-ის მე-11 მუხლის შესაბამისად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ. კანონის და მისი ცალკეული ნორმების სასამართლოს მიერ ზოგადი განმარტების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს აგრეთვე «საერთო სასამართლოების შესახებ» და «საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ» ორგანული კანონები, რის გამო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» ორგანული კანონის 481 მუხლის განმარტებით ახალი სასამართლო პრეცენდენტის შექმნის, სამართლის ახალი წყაროს დაარსების შესაძლებლობის შესახებ. სასამართლო იურისდიქციის მნიშვნელოვანი გაფართოება, სასამართლო პრაქტიკის ახალი ფუნქციების დამკვიდრება, მოქალაქეთა და ორგანიზაციათა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის სფეროში ახალი ფუნქციების შესრულება არ მოიცავს აღნიშნულ უფლებამოსილებას.
განსახილველ დავაში მოსარჩელის – ქ. თბილისის საკრებულოს ერთი-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლოს მიერ «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 481 მუხლის განმარტება, მუხლის მესამე პუნქტის უპირატესი იურიდიული ძალის დადგენა პირველ პუნქტთან შედარებით. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში კანონის ნორმის განმარტების მოთხოვნა მოსარჩელის პირდაპირი, ცალკე მოთხოვნის სახით არის ჩამოყალიბებული, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ იგი არ განეკუთვნება საერთო სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეთა რიგს. უფრო მეტიც, ასეთი მოთხოვნის განხილვა არ გულისხმობს დავის განხილვასა და მართლმსაჯულების განხორციელებას, რაც «საერთო სასამართლოების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის თანახმად საერთო სასამართლოების ფუნქციას შეადგენს. სასამართლოს მიერ გამოყენებული მატერიალური და პროცესუალური ნორმების შინაარსის ახსნა მიმდინარეობს კონკრეტულ საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელებისას. სასამართლო ხელისუფლება კანონის ნორმის განმარტებას იძლევა მის წარმოებაში არსებული კონკრეტული საქმის გადაწყვეტის დროს, რომელსაც სავალდებულო ძალა გააჩნია განხილული საქმის მიმართ. აღნიშნული ისეთ შემთხვევათა რიგს განეკუთვნება, როდესაც ნორმის შემფარდებელი ორგანო განმარტებას ახორციელებს უშუალოდ ნორმის გამოყენების პროცესში და არა განყენებულად, ცალკე მოთხოვნის საფუძველზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული აქტის კანონიერების დადგენისათვის ორგანული კანონის 481 მუხლის განმარტების აუცილებლობა არ ადასტურებს 481 მუხლის განმარტების თაობაზე ცალკე მოთხოვნის დასაშვებობას.
საკასაციო პალატა ასევე იზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საერთო სასამართლოების განსჯად საქმეთა რიგს არ განეკუთვნება აგრეთვე მოსარჩელის მოთხოვნა 1998წ. მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შესახებ. აღნიშნული არ შეადგენს საერთო სასამართლოების კომპეტენციას, ვინაიდან მოსარჩელე არ უთითებს ამ მოთხოვნის მიმართ კონკრეტულ მოპასუხეს, კონკრეტული აქტის კანონმდებლობასთან შესაბამისობის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების მოთხოვნას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უმართებულოდ თვლის კერძო საჩივრის შემტანის მოთხოვნას სარჩელის იმ ნაწილში მიღების შესახებ, რომელიც სასამართლოს მიერ «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» ორგანული კანონის 481 მუხლის განმარტებას და ახლადარჩეული საკრებულოს პირველ შეკრებამდე 1998წ. მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობას შეეხება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული აქტის კანონიერების დადგენისას ორგანული კანონის 481 მუხლის განმარტების აუცილებლობა და 1998წ. საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის საკითხის გადაწყვეტის აუცილებლობა არ ადასტურებს ცალკე სასარჩელო მოთხოვნათა სახით აღნიშნული მოთხოვნების წარმოებაში მიღების შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს აგრეთვე, რომ მოქმედი პროცესუალური კანონმდებლობით დაშვებულია მოსამართლის და არა სასამართლოს აცილება, განცხადება აცილების შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს სარჩელის განმხილველ სასამართლოში. მოქმედი კანონმდებლობით განსახილველი დავა საოლქო სასამართლოს განსჯად საქმეთა რიგს განეკუთვნება. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოცემული დავის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის წესით განხილვის შესაძლებლობას. ამდენად, საკრებულოს წარმომადგენლის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ სარჩელის არსებითი განხილვის შესახებ არ ემყარება პროცესუალური კანონმდებლობის მოთხოვნებს და იგი არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილით, 29-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 408-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის საკრებულოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 02.09.02წ. განჩინება დარჩეს უცვლელად.
2. საქმის მასალები არსებითი განხილვისათვის გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.