3გ/ად-69-კს-01 5 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა; ქონების უპირატესი შესყიდვის უფლების აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 12.12.94წ. ¹854 დადგენილებით ქ. ჭიათურის ...-ი შეტანილ იქნა საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში. 1995-96წ.წ. ორჯერ გამოცხადდა ობიექტის პრივატიზების შესახებ, ობიექტის პრივატიზება ვერ მოხერხდა მყიდველის არარსებობის გამო. სახელმწიფო ქონების მართვის ჭიათურის სამმართველომ, მხედველობაში მიიღო რა ჭიათურის ...-ის მუშა-მოსამსახურეთა საერთო კრების აზრი (10.08.96წ. ¹1 ოქმი) 20.01.97წ. წერილით მიმართა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს იჯარა-გამოსყიდვის წესით პრივატიზების თაობაზე. 18.03.97წ. ¹1-3/161 ბრძანებით ს.ქ.მ. სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და ს.ქ.მ. ჭიათურის სამმართველოს წერილების საფუძველზე, ჭიათურის ...-ი ამოიღო საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხიდან. 22.04.97წ. გაზეთ «...-ში» გამოქვეყნდა ს.ქ.მ. ჭიათურის სამმართველოს განცხადება ჭ.-ის იჯარა-გამოსყიდვის უფლების მოსაპოვებლად კომერციული წესით კონკურსის ჩატარების შესახებ. ობიექტი 29.05.97წ. ხელშეკრულებით იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გადაეცა ი. გ-ძეს, რაც გასაჩივრდა შრომითი კოლექტივის მიერ. ქ. ჭიათურის სასამართლოს 16.10.97წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 29.05.97წ. ქ. ჭიათურის მერიასა და ი. გ-ძეს შორის დადებული ხელშეკრულება ქ. ჭიათურის ...-ის იჯარა-გამოსყიდვის შესახებ და საკონკურსო კომისიის 22.05.97წ. ¹3 ოქმი ი. გ-ძისათვის ...-ის იჯარა-გამოსყიდვის უფლებით მიყიდვის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა და ძალაშია შესული.
რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული არ იყო შრომითი კოლექტივის უპირატესი უფლებების აღდგენის შესახებ, ს.ქ.მ. სამინისტრომ 09.12.97წ. ¹02-1902/4-ში წერილით მიუთითა ს.ქ.მ. სამმართველოს ხელახალი პრივატიზაციის შემთხვევაში ეხელმძღვანელა «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» 30.05.97წ. კანონით, რის საფუძველზე 20.12.97წ. ქ. ჭიათურის მერიის კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება ¹175/25 ...-ის განმეორებით საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის შესახებ. 27.08.98წ. ¹08373/5-8 წერილით ...-ის თანამშრომლებს ეცნობათ, რომ საქართველოს პარლამენტის 20.09.94წ. ¹555-1ს დადგენილებით დამტკიცებული «სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის წესის თაობაზე» დებულება გაუქმდა «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» 30.05.97წ. კანონით. 04.09.99წ. ს.ქ.მ. ჭიათურის სამმართველოს და თ. გ-შვილს შორის, ხელახლა ჩატარებული კონკურსის შედეგად, დაიდო ხელშეკრულება. 18.10.99წ. ჭიათურის რაიონული სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ჭიათურის ...-ის თანამშრომლებმა: თ. მ-ძემ, ნ. ა-ძემ, ნ. ბ-ძემ, მ. გ-შვილმა, გ. მ-ძემ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ს.ქ.მ. ჭიათურის სამმართველოსა და თ. გ-შვილს შორის 04.09.98წ. დადებული ხელშეკრულების გაუქმება და იჯარა-გამოსყიდვის უპირატესი უფლების აღდგენა. საქმე აცილების წესით განიხილა ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ, რომელმაც 25.12.2000წ. გადაწყვეტილებით უარი თქვა ...-ის თანამშრომლების სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ ...-ის კოლექტივის წევრები მიიჩნია არასათანადო მოსარჩელეებად, ვინაიდან კოლექტივის წევრებს, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ პრივატიზების შესახებ, მონაწილეობა პრივატიზების პროცესში არ მიუღიათ, შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ მათ უფლება არ ჰქონდათ მოეთხოვათ ობიექტის საკონკურსო წესით პრივატიზების შედეგების ბათილობა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ჭიათურის შრომითი კოლექტივის წევრების მიერ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.07.01წ. გადაწყვეტილებით ...-ის შრომითი კოლექტივის წევრების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 25.12.2000წ. გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი ს.ქ.მ. ჭიათურის სამმართველოს და თ. გ-შვილს შორის 04.09.99წ. დადებული ხელშეკრულება. უპირატესი უფლების აღდგენის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე შრომითი კოლექტივს უარი ეთქვა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სარჩელი აღძრულია არასათანადო მხარის მიერ, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლომ არ დაიცვა სსსკ-ის 84-ე მუხლის მოთხოვნა, ამასთანავე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად დაინტერესებულ მხარედ ითვლება ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესებზე პირდაპირ ან უშუალოდ ახდენს გავლენას ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. 04.09.99წ. ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია შემდეგი: რაიონის გამგეობის 18.06.99წ. ¹46 განკარგულების საფუძველზე ს.ქ.მ. სამმართველომ მუნიციპალური დაქვემდებარების საწარმოები, მათ შორის ჭიათურის ...-ი, დააფუძნა შპს-დ. ე.ი. ...-ის ქონება იქცა შპს «ჭ.-ის” საკუთრებად. გაზეთ «...-ში» ინფორმაცია შპს «ჭ.-ის» 100%-იანი სახელმწიფო წილის კომერციული კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ გამოქვეყნდა კონკურსის ჩატარებამდე ერთი თვით ადრე. «სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ» მე-3 მუხლის მიხედვით ასეთი ობიექტის პრივატიზება უნდა განეხორციელებინა ს.ქ.მ. სამინისტროს. მიუხედავად ამისა, ს.ქ.მ. სამმართველოს საკონკურსო კომისიის 31.08.99წ. სხდომის დადგენილებითი ნაწილის, ა. ჩ-ძისათვის ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილების მიმნიჭებელი ს.ქ.მ. სამმართველოს 03.09.99წ. ¹143 ბრძანების, 04.09.99წ. პრივატიზების ხელშეკრულების, 03.09.99წ. ¹124 მიღება-ჩაბარების აქტის ტექსტის მიხედვით განხორციელდა არა წილის, არამედ ქონების პრივატიზაცია, რითაც დაირღვა კანონის მე-6 და მე-9 მუხლების მოთხოვნები. «მეწარმეთა შესახებ» კანონის 46-ე მუხლის თანახმად წილის გასხვისებისათვის სავალდებულოა საზოგადოების ნებართვა, რომელიც მიღებული უნდა ყოფილიყო პარტნიორთა კრებაზე. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ს.ქ.მ. სამმართველოს მიერ პრივატიზების დროს დაირღვა ინფორმაციის გამოქვეყნების, საკონკურსო კომისიის შექმნის, განაცხადის ზონარგაყრილ წიგნში რეგისტრაციის და გასაყიდი ქონების სასტარტო ფასის დადგენის ნაწილში. მტკიცებულებების არ არსებობის გამო არ იქნა გაზიარებული აგრეთვე აპელანტების მოსაზრება იმის შესახებ, რომ შრომითი კოლექტივის წევრებმა ობიექტის იჯარა-გამოსყიდვის შესახებ ნამდვილად შეიტანეს განაცხადი ს.ქ.მ. სამმართველოში 05.05.97წ., რომელიც დაიკარგა. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ფაქტი არ არის დადასტურებული 16.10.97წ. გადაწყვეტილებით, ვინაიდან მის სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში აღნიშნულის შესახებ არაფერია ნათქვამი. ამდენად, სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ 20.09.94წ. ¹555-1ს დადგენილებით დამტკიცებული «სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის წესის შესახებ» დებულების შესაბამისად, შრომით კოლექტივს ობიექტის იჯარა-გამოსყიდვის შესახებ ნება არ დაუფიქსირებია კანონით გათვალისწინებული წესით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.07.01წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ...-ის შრომითი კოლექტივის ნაწილის და ჭიათურის ს.ქ.მ. სამმართველოს მიერ. ...-ის შრომითი კოლექტივის წევრები თ. მ-ძე, ნ. ა-ძე, მ. გ-შვილი, ვ. ტ-ძე, ნ. ფ-ავა, თ. ბ-ძე თავიანთ საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მათი მოთხოვნის მიუხედავად, სსსკ-ის 249-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევით გადაწყვეტილებაში არ არის ნახსენები კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ, რაც სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. დაუსაბუთებელია აგრეთვე უპირატესი უფლების აღდგენის შესახებ უარი, ვინაიდან შეუძლებელია ჭიათურის სასამართლოს 16.10.97წ. გადაწყვეტილების რევიზია. ამასთანავე, რადგანაც ბათილად ცნობილი გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან, კასატორის აზრით მათ შენარჩუნებული აქვთ ადრინდელი კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა მოითხოვეს ახალი გადაწყვეტილების გამოტანით მათი მოთხოვნების მთლიანად დაკმაყოფილება. საქმის განხილვისას კასატორების წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა, აგრეთვე, რომ «სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის» დებულება, «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის 13.3 და 12.2 მუხლების მიხედვით, გაუქმდა არა 1997 წელს, ამ კანონის ძალაში შესვლისთანავე, არამედ კანონის 12.2 მუხლში მითითებული ს.ქ.მ. მინისტრის 31.03.99წ. ბრძანებებით შესაბამისი დებულებების დამტკიცებისთანავე, ამდენად უსაფუძვლოა კონკურსის გარეშე ქონების იჯარით გაცემაზე უარი «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის ძალაში შესვლის მომიზეზებით. კასატორების თ. მ-ძის და სხვათა წარმომადგენელმა აღნიშნა აგრეთვე, რომ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით ინფორმაცია კონკურსის ჩატარების შესახებ გამოქვეყნდა მხოლოდ რესპუბლიკურ პრესაში, კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით განისაზღვრა აგრეთვე საპრივატიზებო ობიექტის საწყისი ფასი.
სააპელაციო პალატის 17.07.01წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა აგრეთვე ჭიათურის ს.ქ.მ. სამმართველოს მიერ, რომელმაც მოითხოვა 17.07.01წ. გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ს.ქ.მ. სამმართველოსა და თ. გ-შვილს შორის 04.09.99წ. დადებული ხელშეკრულება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით ჭ.-ის შრომითი კოლექტივის წევრებისათვის 04.09.99წ. ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე უარის თქმა. კასატორი უსაფუძვლოდ თვლის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებას იმაზე, რომ შპს-ის წილის რეალიზაცია «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მე-3 მუხლის მიხედვით ს.ქ.მ. სამინისტროს უნდა განეხორციელებია. კონკურსი გამოცხადდა სახელმწიფოს 100% წილზე და არა ქონებაზე, გადაწყვეტილებაში მითითებული კანონის მე-3, მე-6, მე-9 მუხლები ამ საკითხებს არ არეგულირებენ, შპს-ის დამფუძნებელი და საწესდებო კაპიტალში 100% წილის მფლობელი არის ჭიათურის ს.ქ.მ. სამმართველო, რომელიც კანონის 3.6 პუნქტის და ს.ქ.მ. ტიპიური დებულების შესაბამისად ახორციელებს მუნიციპალური დაქვემდებარების ქონების პრივატიზებას და არ საჭიროებს სამინისტროსაგან საამისოდ უფლებამოსილების დელეგირებას.
კასატორი არ ეთანხმება აგრეთვე სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დაირღვა «მეწარმეთა შესახებ» კანონის 46-ე მუხლის მოთხოვნები. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების თაობაზე ოქმის ასლი მოსარჩელის მიერ ამ საკითხის სადავოდ გახდომიისთანავე წარედგინა სასამართლოს. კასატორი უსაფუძვლოდ თვლის აგრეთვე სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 04.09.99წ. ხელშეკრულება თავისი შინაარსით წარმოადგენს ქონების და არა წილის გასხვისებას. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ თ. გ-შვილი იღებს მფლობელობასა და სარგებლობაში შპს «ჭ.-ის» 100% სახელმწიფო წილს, გარდა ამისა, «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის 1 მუხლის «ა» ქვეპუნქტში განმარტებული ტერმინი «სახელმწიფო ქონება» მოიცავს სახელმწიფო წილს, რის გამო ტერმინი «სახელმწიფო ქონება» გულისხმობდა წილს. წილის და არა ქონების რეალიზაცია დასტურდება ს.ქ.მ. სამმართველოს 12.09.99წ. ¹362 სასამართლოსადმი და არა საჯარო რეესტრის სამსახურისადმი მიმართვით, რომლითაც ს.ქ.მ. სამმართველო ითხოვდა სათანადო ცვლილებების შეტანას სამეწარმეო რეესტრში, საწარმოს 100% წილის მფლობელად თ. გ-შვილის დაფიქსირებას. კასატორი თვლის აგრეთვე, რომ კონკრეტული ხელშეკრულების გაუქმებამ არ უნდა გამოიწვიოს მთლიანი კონკურსის შედეგების გაუქმება.
საკასაციო პალატაში საქმის განხილვისას კასატორებმა, ჭიატურის ...-ის შრომითი კოლექტივის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მათი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება. ს.ქ.მ. სამმართველოს წარმომადგენლებმა მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, სააპელაციო პალატის 17.07.01წ. გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება, 04.09.99წ. ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმა. საქმეში მესამე პირებად ჩაბმული კონკურსში გამარჯვებულად ცნობილი თ. გ-შვილმა, ნოტარიუსმა ზ. ც-ძემ, ჭ.-ის შრომითი კოლექტივის დანარჩენმა წევრებმა, მხარი დაუჭირეს ობიექტის პრივატიზებას და მოითხოვეს 04.09.99წ. ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 17.07.01წ. გადაწყვეტილება უპირატესი უფლების აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ს.ქ.მ. სამმართველოს და თ. გ-შვილს შორის 09.04.01წ. დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
ჭიათურის სასამართლოს 16.10.97წ. გადაწყვეტილებით არ დადასტურებულა ...-ის თანამშრომლების უპირატესი უფლება კონკურსის გარეშე ქონების იჯარით აღებაზე, ამდენად მას არ აქვს განსახილველი სადავო საკითხის მიმართ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის 20.09.94წ. ¹555-1ს დადგენილებით დამტკიცებული «სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის» დებულების მე-8 მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად პირდაპირი კონკურსის და აუქციონის გარეშე ქონების იჯარით აღების უპირატესი უფლება გააჩნდათ საწარმოს თანამშრომლების მიერ შექმნილ ამხანაგობას, თუ განცხადებას წარუდგენდა კომისიას კონკურსის შესახებ საინფორმაციო ცნობის გამოქვეყნებიდან 14 კალენდარული დღის განმავლაობაში. არც ერთი ინსტანციის სასამართლოში საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება ამხანაგობის შექმნის შესახებ, რის საფუძველზე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შრომითი კოლექტივის წევრებს არ მიუმართავთ ობიექტის იჯარა-გამოსყიდვის შესახებ განცხადებით ჭიათურის ს.ქ.მ. სამმართველოსათვის. პალატა არ იზიარებს აგრეთვე კასატორთა წარმომადგენლის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 20.09.94წ. ¹555-1ს დადგენილებით დამტკიცებული «სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის» დებულება მოქმედებდა ს.ქ.მ. მინისტრის 31.03.99წ. დებულებების ძალაში შესვლამდე. «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» 30.05.97წ. კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საქართველოს პარლამენტის 20.09.94წ. დადგენილება «სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის დებულების დამტკიცების შესახებ» ძალადაკარგულად ჩაითვლება ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის «ა», «ბ» და «გ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დებულებების ძალაში შესვლის დღიდან. აღნიშნული დებულებები დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 08.09.97წ. ბრძანებებით, რომლებიც გამოქვეყნდა და 12.09.97წ. ძალაში შევიდა. 08.09.97წ. ბრძანებით დამტკიცებული დებულებები ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 31.03.99წ. ბრძანებებით დამტკიცებული დებულებების ძალაში შესვლის დღიდან. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის 13.3 მუხლის თანახმად საქართველოს პარლამენტის 20.09.94წ. დადგენილებით დამტკიცებული «სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის» დებულება მოქმედებდა 1997 წლის 12 სექტემბრამდე. ვინაიდან ჭიათურის სასამართლოს 16.10.97წ. გადაწყვეტილებით ჭიათურის ...-ის თანამშრომლებზე არ იქნა გავრცელებული აღნიშნული დებულებით საპრივატიზებო ობიექტის თანამშრომლებისათვის გათვალისწინებული შეღავათები, ჭიათურის ს.ქ.მ. სამმართველომ, ს.ქ.მ. სამინისტროს მითითების თანახმად, მართებულად განახორციელა ობიექტის პრივატიზება მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რომელიც აღარ ითვალისწინებდა საწარმოს თანამშრომლებისათვის ობიექტის უკონკურსოდ გადაცემას. პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ ობიექტის პირველი გაყიდვიდან (29.05.97წ.), 20.09.94წ. ¹555 – 1ს დადგენილებით დამტკიცებული «სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის» დებულების ძალის დაკარგვის მომენტიდან ან თუნდაც ჭიათურის სასამართლოს 16.10.97წ. გადაწყვეტილებით საპრივატიზებო ხელშეკრულების ბათილად ცნობის მომენტიდან კონკურსის გარეშე იჯარა-გამოსყიდვით ობიექტის უპირატესი უფლების აღდგენის საკითხის დასმამდე (28.11.2000წ.) გასულია 3 წელზე მეტი ვადა, რის გამოც კასატორების თ. მ-ძის, მ. გ-შვილის და სხვათა მოთხოვნა ადრინდელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ობიექტის პრივატიზაციის უპირატესი უფლების მინიჭების შესახებ ხანდაზმულია და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.
პალატა აღნიშნავს, რომ 04.09.99წ. ხელშეკრულება დაიდო გამოცხადებული კონკურსის ჩატარების შედეგად, ს.ქ.მ. სამმართველოსა და კონკურსში გამარჯვებულ თ. გ-შვილს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა თავისთავად ნიშნავს კონკურსის შედეგების ბათილად ცნობასაც. ს.ქ.მ. სამმართველოს კონკურსის მაორგანიზებელი აქტები საკონკურსო კომისიის შექმნის, კონკურსის გამოცხადების, მისი შედეგების დამტკიცების შესახებ მიზნად ისახავდა განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას – საიჯარო ხელშეკრულების დადებას. საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორების თ. მ-ძის და სხვათა საკასაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ არ იქონია მსჯელობა კონკურსის თაობაზე, საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.07.01წ. გადაწყვეტილებაში კანონიერად იქნა ცნობილი კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაციის კონკურსის ჩატარებამდე ერთი თვით ადრე გაზეთ «მესაკუთრეში» გამოქვეყნება, სასამართლომ კანონიერად მიიჩნია აგრეთვე ს.ქ.მ. სამმართველოს მიერ საკონკურსო კომისიის შექმნა, სასტარტო ფასის განსაზღვრა. ვინაიდან კონკურსი თავისი ბუნებით ცალმხრივ ადმინისტრაციულ გარიგებას წარმოადგენს, ხოლო კონკურსში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებას აქვს საკონკურსო სამართალურთიერთობის შემწყვეტი მნიშვნელობა, სასამართლომ ძირითადი, პრიორიტეტული მნიშვნელობა მიანიჭა ხელშეკრულებას და მიიჩნია რა იგი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით დადებულად, ბათილად ცნო იგი.
პალატა თვლის, რომ კონკურსის შესახებ ინფორმაციის ცენტრალურ პრესაში გამოქვეყნება შეესაბამება «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მე-9.1., «სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ» დებულების 2.7. პუნქტის ალტერნატიულ მოთხოვნას ინფორმაციის ს.ქ.მ. სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში ან ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნების შესახებ. დადგენილია, რომ კონკურსის ჩატარებამდე 1 თვით ადრე ინფორმაცია გამოქვეყნდა გაზეთ «...-ში», ადგილობრივ პრესაში ინფორმაციის გამოქვეყნება ვერ მოხერხდა ადგილობრივი საინფორმაციო ორგანოს ბრალით, რაც დასტურდება გაზეთ «...-ს» რედაქტორის 20.07.99წ. წერილით. პალატა თვლის, რომ ინფორმაციის ცენტრალურ პრესაში გამოქვეყნება უზრუნველყოფდა საჯაროობის სათანადო დონეს, ჩასატარებელი კონკურსის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
პრივატიზაციის პროცესში არ დარღვეულა აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის 17.11.97წ. ¹675 ბრძანებულების მოთხოვნები საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ. ჭიათურის სასამართლოს 16.10.97წ. გადაწყვეტილებით ...-ის იჯარა-გამოსყიდვის შესახებ 29.05.97წ. ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემდეგ 31.08.99წ. ჩატარებული კონკურსით, რომლის გამარჯვებულად თ. გ-შვილი იქნა ცნობილი, მოხდა შპს «ჭ.-ის» 100%-იანი სახელმწიფო წილის კომერციული კონკურსის ფორმით პრივატიზება, ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ 31.08.99წ. ჩატარებული კონკურსის შედეგად მოხდა მისი პირველი გაყიდვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. მ-ძის, ნ. ა-ძის, მ. გ-შვილის, ვ. ტ-ძის, ნ. ფ-ავას და თ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
საკასაციო პალატა უმართებულოდ თვლის 17.07.01წ. გადაწყვეტილებაში მოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შპს-ის ქონების რეალიზაცია «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მე-3 მუხლის მიხედვით ს.ქ.მ. სამინისტროს და არა ს.ქ.მ. სამმართველოს უფლებამოსილებას შეადგენს. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება უსაფუძვლოა და არ ემყარება კანონმდებლობას, «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონი არ შეიცავს ამგვარ დებულებას. ს.ქ.მ. სამმართველო წარმოადგენდა შპს «ჭ.-ის» დამფუძნებელს და 100% სახელმწიფო წილის მფლობელს, შესაბამისად ს.ქ.მ. სამმართველო უფლებამოსილი იყო განეხორციელებია სახელმწიფოს კუთვნილი წილის პრივატიზება, საამისოდ იგი არ საჭიროებდა ს.ქ.მ. სამინისტროს უფლებამოსილების დელეგირებას.
პალატა არ იზიარებს აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოხდა შპს «ჭ.-ის» ქონების და არა წილის რეალიზება. ს.ქ.მ. სამმართველოს და თ. გ-შვილს შორის 04.09.99წ. დადებულ ხელშეკრულებაში ცხადად და ერთმნიშვნელოვნად არის აღნიშნული, რომ კონკურსში გამარჯვებულ თ. გ-შვილს მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცა შპს «ჭ.-ის” 100%-იანი სახელმწიფო წილი. ამასთანავე, 04.09.99წ. ხელშეკრულების ტექსტის სხვა ნაწილებში წილთან ერთად ქონების გადაცემაზე მითითება არ ადასტურებს თ. გ-შვილის მიერ წილის ნაცვლად შპს-ის ქონების შესყიდვას, სსკ-ის 147-ე მუხლის თანახმად ქონება განსაზღვრულია როგორც ნივთებისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთეების ერთობლიობა, ხოლო ამავე კოდექსის 152-ე მუხლით არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეში იგულისხმება ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე. სწორედ ასეთი უფლებებისა და მოვალეობების გამოხატულებაა წილი რომლის გასხვისებით მოხდა უფლების გასხვისება. «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის 1-ლი მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ წილს მოიცავს ტერმინი «სახელმწიფო ქონება», პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაცია უთითებდა შპს «ჭ.-ის» 100% წილის კომერციული კონკურსის ფორმით პრივატიზებაზე, ჭიათურის რაიონულ სასამართლოში 07.07.99წ. დადგენილების მიხედვით საზოგადოების საწესდებო კაპიტალი – 148 140 ლარი წარმოდგენილია არაფულადი შესატანის სახით, კერძოდ, ...-ის კაპიტალური შენობით. ვინაიდან წილი შესდგებოდა გარკვეული ქონებისაგან, 04.09.99წ. ხელშეკრულებაში წილთან ერთად მითითება ქონების გადაცემაზე გულისხმობს სახელმწიფოს კუთვნილი წილის გადაცემას, 04.09.99წ. ხელშეკრულება და სხვა საპრივატიზაციო დოკუმენტები (საკონკურსო კომისიის ოქმი, მიღება-ჩაბარების აქტი) შპს კუთვნილი ქონების შესყიდვის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგებს, შესაბამისად საჯარო რეესტრში შპს-ის ქონება არ ასახულა თ. გ-შვილის სახელზე. 04.09.99წ. ხელშეკრულებით წილის შემძენმა დაიკავა პარტნიორის ადგილი შპს-ში, მასზე გადავიდა ყველა ის უფლება-მოვალეობა, რომელიც ძველ პარტნიორს გააჩნდა. ს.ქ.მ. სამმართველოს საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის არაჯეროვანი რედაქცია ვერ იქნება მიჩნეული კონკურსის ბათილად ცნობის საკმარის საფუძვლად, ვინაიდან კომისიისათვის წარდგენილ მასალებში (ინფორმაცია კონკურსის ჩატარების შესახებ, თ. გ-შვილის განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ და სხვ) საუბარი იყო შპს 100% სახელმწიფოს კუთვნილი წილის პრივატიზებაზე. საკონკურსო კომისიის დასკვნა თ. გ-შვილის კონკურსში გამარჯვებულად ცნობის შესახებ დეტერმინირებული იყო შპს-ის სახელმწიფო წილის საპრივატიზაციო მასალებით, რის გამოც საკასაციო პალატა უმართებულოდ თვლის ასეთი ფორმალური საბაბით კონკურსის ბათილად ცნობას. ს.ქ.მ. სამმართველო შპს «ჭ.-ის» ერთადერთი დამფუძვნებელი და წილის 100% მესაკუთრე იყო, მისი გადაწყვეტილება წილის რეალიზაციის შესახებ (ს.ქ.მ. სამმართველოს 14.07.99წ. ¹114 ბრძანება ,,შპს «ჭ.-ის» სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის (100%) კომერციული კონსურსის ფორმით პრივატიზების შესახებ», 14.07.99წ. შპს პარტნიორთა კრების ოქმი) არ საჭიროებდა სხვა პარტნიორთა თანხმობას და წარმოადგენდა წილის რეალიზაციის საკმარის საფუძველს, ამდენად შპს-ის საწესდებო კაპიტალში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის პრივატიზებისას არ დარღვეულა «მეწარმეთა შესახებ» კანონის 46-ე მუხლი. 04.09.99წ. ხელშეკრულება სანოტარო წესით არის დამოწმებული და მას იურიდიული დოკუმენტის ძალა აქვს მინიჭებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო პრივატიზაციის განხორციელებისას ადგილი არ ჰქონია კანონის უხეშ დარღვევას, ჭიათურის ს.ქ.მ. სამმართველოს არ შეულახავს კასატორთა უფლებები, ხელი არ შეუშლია მათთვის თავიანთი უფლებების განხორციელებაში, რის გამო თ. მ-ძეს და სხვათა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას, დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს ჭიათურის ს,ქ.მ. სამმართველოს საკასაციო საჩივარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე, 399-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თ. მ-ძის, ნ. ა-ძის, მ. გ-შვილის, ვ. ტ-ძის, ნ. ფ-ავას და თ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. დაკმაყოფილდეს ჭიათურის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს საკასაციო საჩივარი.
3. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 17.07.01წ. გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად შრომითი კოლექტივის უპირატესი უფლების აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჭიათურის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და თ. გ-შვილს შორის 04.09.99წ. დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
4. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.