Facebook Twitter

3გ/ად-69-კს-01 5 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების განმარტება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.07.01წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჭიათურის ...-ის შრომითი კოლექტივის წევრების სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 25.12.2000წ. გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი ს.ქ.მ. სამმართველოს და თ. გ-შვილს შორის 04.09.99წ. დადებული ხელშეკრულება, სასარჩელო მოთხოვნა შრომითი კოლექტივისათვის უპირატესი უფლების აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე შრომითი კოლექტივის წევრებმა განცხადებით მიმართეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს და ითხოვეს მისი განმარტება, ვინაიდან არაერთგვაროვანი აზრი შეიქმნა სარეზოლუციო ნაწილის იმ დებულების მიმართ, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 04.09.99წ. ხელშეკრულება. განმცხადებლები ითხოვდნენ განმარტებას იმის თაობაზე გულისხმობდა თუ არა 04.09.99წ. ხელშეკრულების ბათილობა იმავდროულად კონკურსის შედეგების ბათილობას. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 05.10.01წ. განჩინებით განმარტა, რომ 04.09.99წ. დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა გულისხმობს კონკურსის შედეგების ბათილობას, რადგანაც აღნიშნული ხელშეკრულება უშუალოდ წარმოადგენს ჩატარებული კონკურსის შედეგს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში განხილული ყველა იურიდიული დოკუმენტი, რომლის საფუძველზე განხორციელდა კონკურსის წესით პრივატიზაცია, მათ შორის ს.ქ.მ. სამმართველოს საკონკურსო კომისიის ოქმი ¹7 და ¹142 ბრძანება ოქმის დამტკიცების შესახებ ითვლება ბათილად.

17.07.01წ. გადაწყვეტილების განმარტების შესახებ 15.10.01წ. განჩინებაზე ჭიათურის ს.ქ.მ. სამმართველოს მიერ შეტანილ იქნა კერძო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს ვინაიდან სამოტივაციო ნაწილის ფორმულირებით გაუქმებულად შეიძლება იქნეს მიჩნეული 14.07.99წ. პარტნიორთა კრების ოქმი, ს.ქ.მ. სამმართველოს 14.07.99წ. ¹114 ბრძანება ობიექტის კომერციული კონკურსის ფორმით გაყიდვის თაობაზე, სხვა მრავალი დოკუმენტი, რაც არ გამომდინარეობს 17.07.01წ. გადაწყვეტილებიდან. ს.ქ.მ. სამმართველოს საკონკურსო კომისიის სხდომის დადგენილებით ნაწილში ობიექტის პრივატიზების შესახებ ზოგადი კონტექსტის ფორმულირება მართალია არ შეიცავს წილზე მითითებას, მაგრამ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებია, რომ საკონკურსო კომისიისათვის წარდგენილ მასალებში საუბარი იყო სახელმწიფო წილის რეალიზაციაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე ჭიათურის ს.ქ.მ. სამმართველომ მოითხოვა განჩინებით მითითებული ორი დოკუმენტის ბათილად ცნობის გაუქმება. სააპელაციო პალატის 01.11.01წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების, კერძო საჩივრის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხოლოდ სასამართლოს აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტებას, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ აღსრულდა და არ გასულა აღსრულების ვადა (სსსკ-ის 262-ე მუხ.). სააპელაციო პალატის 17.07.01წ. გადაწყვეტილება არ იყო შესული კანონიერ ძალაში, ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ იყო დასაშვები.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე,285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სახელმწიფო ქონების მართვის ჭიათურის სამმართველოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 15.10.01წ. და 01.11.01წ. განჩინებები.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.