Facebook Twitter

3გ-ად-70-კ-02 7 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 20 ივნისს ი. დ-შვილმა, თ. და ლ. თ-ძეებმა სარჩელი აღძრეს გორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე გორის რაიონის გამგეობის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ გორის რაიონის გამგეობის 1999წ. 12 მაისის ¹51 დადგენილებით დაკმაყოფილდა გორის რაიონის სოფ. ... მცხოვრები ა. ბ-შვილის თხოვნა და დადგინდა, რომ მას ცხრა წლის ვადით იჯარით გადასცემოდა ... თემის საკრებულოს სოფ. ... ტერიტორიიდან 10 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული _ 5 ჰა სახნავი მიწის ნაკვეთი და 5 ჰა მიწის ნაკვეთი მრავალწლიანი ნარგავებით. ამავე დადგენილებით მოიჯარე ა. ბ-შვილს 30 დღის ვადაში უნდა უზრუნველეყო მიწის საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება და რეგისტრაცია გორის რაიონის მიწის მართვის სამმართველოში, წინააღმდეგ შემთხვევაში «მიწის რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 2 აგვისტოს ბრძანებულების შესაბამისად ძალადაკარგულად ჩაითვლებოდა გორის რაიონის გამგეობის აღნიშნული დადგენილება.

მოსარჩელეთა განმარტებით, ამ დადგენილების მე-2 პუნქტის მოთხოვნა არ შესრულდა.

გორის რაიონის გამგეობამ 2000წ. 17 მაისს გამოიტანა ¹126 დადგენილება, რომლშიც აღნიშნული იყო, რომ ა. ბ-შვილმა გორის მერიას მიმართა განცხადებით და ითხოვა გორის რაიონის გამგეობის 1999წ. 12 მაისის ¹51 დადგენილების მე-2 პუნქტის, როგორც უკანონოს, გაუქმება.

გორის რაიონის გამგეობამ მიიჩნია, რომ მითითებული სადავო პუნქტის იურიდიული საფუძველი მართლაც არ არსებობდა. იგი ითვალისწინებდა მხოლოდ საჯარიმო სანქციების გატარებას. ა. ბ-შვილის მიერ კი ზუსტად იყო დაცული «მიწის იჯარის რეგისტრაციის შესახებ» კანონის მოთხოვნა გაფორმებიდან 30 დღეში საიჯარო ხელშეკრულების სარეგისტრაციოდ წარდგენის თაობაზე.

გორის რაიონის გამგეობის 2000წ. 17 მაისის ¹126 დადგენილებით დადგინდა, რომ გორის რაიონის გამგეობის 1999წ. 12 მაისის ¹51 დადგენილების მე-2 პუნქტი გაუქმებულიყო და იმგვარად ჩამოყალიბებულიყო, რომ «მიწის რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად მოიჯარეს 30 დღის ვადაში უზრუნველეყო მიწის საიჯარო ხელშეკრულების რეგისტრაცია მიწის მართვის სამმართველოში, წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე გატარებულიყო კანონით დადგენილი სანქციები. აგრეთვე, კანონიერად ჩათვლილიყო გორის რაიონის ... თემის საკრებულოს სოფ. ... ყოფილი აგროფირმის ტერიტორიიდან 8,01 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მოიჯარე ა. ბ-შვილთან 1999წ. 31 დეკემბერს გაფორმებული და 2000წ. 31 იანვარს რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება.

მოსარჩელეების განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად ა. ბ-შვილი უფლებამოსილი იყო, გორის რაიონის გამგეობაში საჩივარი წარედგინა გორის რაიონის გამგეობის 1999წ. 12 მაისის ¹51 დადგენილების გამოცემიდან ერთი თვის ვადაში. მან კი დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მიმართა გორის რაიონის გამგეობას ამ აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მასში ცვლილება-დამატების შეტანის თაობაზე. თავის მხრივ, გორის რაიონის გამგეობამაც დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183-ე მუხლით დადგენილი საკითხის განხილვის ერთთვიანი ვადა. კერძოდ, ა. ბ-შვილმა გამგეობას მიმართა 2000წ. 12 თებერვალს, ხოლო მოცემულ საკითხზე გამგეობამ დადგენილება გამოიტანა იმავე წლის 17 მაისს. ასე რომ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ გამოტანილა დასაბუთებული გადაწყვეტილება საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. აგრეთვე, არ ყოფილა მსჯელობა, ა. ბ-შვილის მიერ ვადის გაშვება საპატიოდ უნდა ჩათვლილიყო, თუ არა. იმავე კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად გასაჩივრებული აქტის მოქმედება უნდა შეჩერებულიყო ა. ბ-შვილის საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან, რაც არ მომხდარა.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად არ შეიძლებოდა ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკაგრულად გამოცხადება, თუ პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის რაიმე ქმედება ამ აქტის საფუძელზე. კონკრეტულ შემთხვევაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ძალაში შევიდა 2000წ. 1 იანვარს, ხოლო გასაჩივრებული დადგენილება გამოტანილ იქნა 1999წ. 12 მაისს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა ითხოვეს გორის რაიონის გამგეობის 2000წ. 17 მაისის ¹126 დადგენილების ბათილად ცნობა.

გორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 3 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გორის რაიონის გამგეობის 2000წ. 17 მაისის ¹126 დადგენილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონის გამგეობამ.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება ა. ბ-შვილი.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 26 თებერვლის განჩინებით გორის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 3 ივლისის გადაწყვეტილება და შეწყდა საქმის წარმოება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეების განმარტება, რომ სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად ისინი იყვნენ სადავო მიწის ნაკვეთის კეთილსინდისიერი მფლობელები, რადგანაც ა. ბ-შვილთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე სარგებლობდნენ აღნიშნული მიწის ნაკვეთით.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეები არ წარმოადგენდნენ სადავო მიწის ნაკვეთის მოიჯარეებს და შესაბამისად, არ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ სათანადო მოსარჩელეები.

სააპელაციო სასამართლოში მთავარ სხდომაზე საქმის ზეპირი განხილვისას მოსარჩელეებმა თანხმობა განაცხადეს სათანადო მოსარჩელით შეცვლაზე.

სააპელაციო პალატამ მოსარჩელეთა თანხმობა სათანადო მოსარჩელით შეცვლაზე გაუთანაბრა სარჩელზე უარის თქმას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» პუნქტის თანახმად შეწყვიტა საქმის წარმოება.

აღნიშნულ განჩინებაზე ი. დ-შვილმა, ლ. თ-ძემ და თ. თ-ძემ შეიტანეს კერძო საჩივარი, რომელშიც აღნიშნეს, რომ არ უღიარებიათ არასათანადო მოსარჩელეობა და სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მოთხოვნები.

კერძო საჩივრის მოთხოვნა იყო სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 26 თებერვლის განჩინების გაუქმება.

სააპელაციო სასამართლომ 2001წ. 23 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი ჩათვალა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

საკასაციო სასამართლომ 2001წ. 11 სექტემბერს ზეპირი მოსმენით განიხილა კერძო საჩივარი და გამოიტანა განჩინება, რომლითაც გააუქმა სააპელაციო პალატის 2001წ. 23 აპრილის განჩინება, კერძო საჩივარი ჩაითვალა დასაშვებად და არსებითად განხილვისათვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო პალატამ 2001წ. 21 დეკემბრის განჩინებით დააკმაყოფილა კერძო საჩივარი და გააუქმა მის მიერ 2001წ. 26 თებერვალს გამოტანილი განჩინება.

სააპელაციო სასამართლომ იმ დღესვე, 2001წ. 21 დეკემბერს განიხილა გორის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი და გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 3 ივლისის გადაწყვეტილება. ლ. თ-ძის, თ. თ-ძისა და ი. დ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი გორის რაიონის გამგეობის 2000წ. 17 მაისის ¹126 დადგენილება მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრები შეიტანეს ა. ბ-შვილმა და გორის რაიონის გამგეობამ.

ა. ბ-შვილი თავის საკასაციო საჩივარში ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 21 დეკემბრის გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმებას, მოსარჩელეთა მიჩნევას არასათანადო მოსარჩელეებად და საქმის წარმოების შეწყვეტას, ხოლო მიწის თვითნებურად მიტაცების გამო მოსარჩელეების დაჯარიმებას კანონით დადგენილი წესით.

კასატორმა საკასაციო საჩივარი დაამყარა შემდეგ გარემოებებზე:

1) სააპელაციო სასამართლომ ისე განიხილა საქმე, რომ აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით, არ შეუმოწმებია მოსარჩელეთა სამართლებრივი უფლებები, რის გამოც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მოთხოვნები. მოსარჩელეებს იურიდიული უფლება არ ჰქონდათ, სამოქალაქო თუ ადმინისტრაციული წესით გაესაჩივრებინათ მესაკუთრის მიერ მიწის იჯარით აღების ფაქტი.

2) ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავის თანახმად საქმის ადმინისტრაციული წარმოება დასაშვებია მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. ა. ბ-შვილს ან სხვა დაინტერესებულ პირს არავითარი ადმინისტრაციული საჩივარი არსად წარუდგენია. ა. ბ-შვილმა მხოლოდ თხოვნით მიმართ გორის რაიონის გამგეობას, რომელმაც გაასწორა სადავო დადგენილებაში არსებული მცირე შეცდომა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე, 62-ე მუხლებით ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, მის მიერ ადრე გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში ნებისმიერ დროს გაასწოროს შეცდომები, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს. ამავე კოდექსის 63-ე მუხლი ადმინისტრაციულ აქტში ცვლილება-დამატების ერთპიროვნულ უფლებას ანიჭებს მხოლოდ მის გამომცემ ორგანოს. ამ უფლების განხორციელებისას დროში შეზღუდვას კანონი არ ითვალისწინებს.

3) სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ძალადაკარგულად ჩათვალა გორის რაიონის გამგეობის 1999წ. 31 დეკემბრის ¹51 დადგენილება, მაშინ, როდესაც ეს საკითხი ცალკე განხილვის საგანს წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, შეხებოდა ამ საკითხს.

4) მოსარჩელეებს გორის რაიონის გამგეობისათვის მიწის იჯარით აღების სურვილით არასდროს მიუმართავთ. ისინი თვითნებურად შეიჭრნენ ა. ბ-შვილზე იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთში, რის გამოც გორის მიწის მართვის სამმართველოს გორის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებამ და სხვა ორგანოებმა რამდენჯერმე სიტყვიერად და წერილობით გააფრთხილეს მოსარჩელეები, მაგრამ უშედეგოდ.

მეორე კასატორი, გორის რაიონის გამგეობა, ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანას.

კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რადგან მოსარჩელეთა მიერ სახელმწიფო მიწის ნაკვეთის მიტაცება მათ კანონიერ უფლებას არ წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვა არაერთხელ გადაიდო მხარეთა გამოუცხადებლობის გამო. საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმე განხილულიყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზეპირი მოსმენის გარეშე.

საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეები: ი. დ-შვილი, ლ. და თ. თ-ძეები სათანადო მოსარჩელეებად არიან ცნობილი, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სადავო ადმინისტრაციული აქტით პირდაპირი და უშუალო ზიანი ადგება მათ კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. ამდენად, ა. ბ-შვილის მოთხოვნას, სააპელაციო პალატის 2001წ. 21 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, უარი უნდა ეთქვას.

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის დანარჩენ დასაბუთებას ვერ გაიზიარებს შემდეგი გარემოებების გამო:

საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი ა. ბ-შვილის განცხადება, რომლის საფუძველზეც გორის რაიონის გამგეობამ 2000წ. 17 მაისს გამოიტანა სადავო ¹126 დადგენილება.

კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაუწერია. მან გორის რაიონის გამგეობას განცხადებით სთხოვა სადავო დადგენილებაში ცვლილების შეტანა.

ამის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოარკვია, იქნა თუ არა წარდგენილი გორის რაიონის გამგეობაში ა. ბ-შვილის მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 179-ე და 181-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საჩივარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოების გამოურკვევლად საკასაციო სასამართლოს არასწორად მიაჩნია სააპელაციო პალატის მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე და 183-ე მუხლების გამოყენება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არასრულყოფილად დაასაბუთა გორის რაიონის გამგეობის 2000წ. 17 მაისის ¹126 დადგენილებით როგორ დაირღვა საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ» დებულების მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნები. ეს კი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია, რადგანაც ამ ნაწილში სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მოცემულ საქმეზე თავად ვერ გამოიტანს გადაწყვეტილებას, რის გამოც საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ბ-შვილისა და გორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 21 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 21 დეკემბრის განჩინება დარჩეს ძალაში.

4. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.