3გ-ად-71-კ-02 02 აგვისტო 2002 წ. ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:
ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე (მომხსენებელი),ბ. კობერიძე
დავის საგანი: შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ს.ს. «ზ-ის» დირექტორმა თ. კ-მა 05.06.2000წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომელშიც მიუთითა, რომ 02.02.90.წ. ზესტაფონის რაიონის სოფ. ქვედასაქარის თემის საკრებულოს (იმჟამად სოფ. ...ის სასოფლო საბჭოს) და სს «ზ-ს» (იმჟამად ტრესტ «ზ-ს») შორის დაიდო ხელშეკრულება სოფ. ...აში ბუნებრივი გაზით გაზიფიცირების სამონტაჟო_საამშენებლო სამუშაოების ჩატარების შესახებ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 58311 საბჭოთა მანეთს, რაც 01.01.98.წ. მდგომარეობით უდრიდა 8483 ლარს. 1991 წლის დეკემბრისათვის ს.ს. «ზ-ის» მიერ შესრულებულ იქნა ნაკისრი ვალდებულება. 1998 წელს რაიონის საფინანსო განყოფილებამ არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით 5000 ლარი გამოუყო სოფ. ...ის საკრებულოს, რომელმაც თავის მხრივ ეს თანხა ს.ს. «ზ-ს» ჩაურიცხა. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის დარჩენილი თანხის _ 3483 ლარის გადახდის დაკისრება.
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 29.08.2000წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა, მოპასუხეს სს «ზ-ის» სასარგებლოდ დაეკისრა 3483 ლარის გადახდა. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა მოსაზრება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ და მიუთითა, რომ მხარეთა მთავარი ბუხჰალტრების მიერ 23.02.99.წ. შედგენილი შედარების აქტით და 28.04.98.წ. მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე გადარიცხული თანხით მოპასუხემ ფაქტიურად ცნო სარჩელი, სსკ 137-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
სოფ. ...ის საკრებულომ სააპელაციო საჩივრით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობისა და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ საქმის განხილვის შედეგად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობები 1964წ. სს კოდექსით უნდა დარეგულირდეს. 1964წ. სსკ 75-ე, 80-ე, 83-ე, მუხლების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია და 02.07.01.წ. გადაწყვეტილებით უარი თქვა მის დაკმაყოფილებაზე, აპელანტს დაუბრუნდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 29.08.2000.წ. გადაწყვეტილების საფუძველზე ს.ს. «ზ-ის» სასარგებლოდ გადახდილი თანხა.
ს.ს. «ზ-მა» 22.10.01.წ. განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება იმ მოტივით, რომ აპირებდა გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრებას, ხოლო სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების ტექსტი, მისთვის გადაწყვეტილების გაგზავნის შესახებ საქმეში არსებული 17.07.01.წ. მიმართვის მიუხედავად არ მიუღია. სააპელაციო პალატის 15.11.01.წ. განჩინებით იმის გამო, რომ პალატის 02.07.01.წ. გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო წარმოება ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო, განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ გადაეგზავნა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს, რომლის 07.12.01.წ. განჩინებით გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდა.
სს «ზ-მა» საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის 02.07.01.წ. გადაწყვეტილება. კასატორი აღნიშნავს, რომ სოფლის ცალკეული უბნების ბუნებრივი აირით გაზიფიკაციის სარემონტო_სამშენებლო სამუშაოების შესრულების პერიოდში ცნობილი გახდა, რომ წარმოშობილ დავალიანებაში სოფლის საკრებულოსათვის დახმარება უნდა აღმოეჩინა რაიონის ხელმძღვანელობას. კასატორს ბიუჯეტიდან ჩატარებული სამუშაოების ასანაზღაურებლად გამოეყო 5000 ლარი, დარჩენილი თანხა 3483 ლარის ოდენობით კასატორის ანგარიშზე გადაირიცხა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 29.08.2000წ. გადაწყვეტილების საფუძველზე. კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის 03.12.01.წ. ¹9-16 ცნობის მიხედვით 58311 მანეთი, ინფლაციის პროცესების გათვალისწინებით, 2001 წლის ივნისისათვის 14491 ლარს შეადგენს. ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარეს ანაზღაურებული აქვს 8483 ლარი, ასანაზღაურებელი რჩება 6008 ლარი. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა განპირობებული იყო იმით, რომ მოპასუხე მხარეს არასოდეს განუცხადებია უარი დავალიანების ანაზღაურებაზე. დავალიანების ანაზღაურება კასატორმა მოითხოვა სააქციო საზოგადოების ჩამოყალიბებისთანავე (1998.წ.), სწორედ საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნის შედეგად მოხდა ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა დავალიანების ნაწილის დასაფარავად. სააქციო საზოგადოების წინამორბედს _ ტრესტ «ზ-ს» მუშაობა უხდებოდა რესპუბლიკაში შექმნილ უმძიმეს პოლიტიკურ და კრიმინოგენურ ვითარებაში, გაზის მოწოდების შეწყვეტის გამო იგი თითქმის არ ფუნქციონირებდა. შექმნილ ვითარებაში შეუძლებელი იყო საპრეტენზიო და სასარჩელო დოკუმენტაციის შეგროვება და მისი დანიშნულებისამებრ წარდგენა. ამდენად, სასარჩელო ხანდაზმულობის გაცდენაში, კასატორის აზრით, გამორიცხულია მისი ბრალი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს ხანდაზმულობის ვადის აღდგენას, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და მოწინააღმდეგე მხარეზე დამატებით 6008 ლარის დაკისრებას.
სასამართლო სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარემ, სოფ. ...ის საკრებულოს თავმჯდომარემ, საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ სცნო და აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებისათვის თანხის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო რაიონის ბიუჯეტიდან, სოფ. ...ის თემის საკრებულოს თანხის გადახდის ვალდებულება არ უკისრია. შესრულებული სამუშაოების ღირებულების უდიდესი ნაწილი _ 5000 ლარი გადახდილია რაიონის ბიუჯეტიდან, იქედანვე უნდა მოხდეს დარჩენილი თანხის გადახდა, რადგან იმ დროს სასოფლო საბჭოებს საკუთარი ბიუჯეტი არ გააჩნდათ და ისინი რაიონის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ. სამუშაოები შესრულდა 1991 წ. დეკემბრისათვის, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა 1992 დეკემბერში ამოიწურა, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დაცვით არის გამოტანილი და იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა_განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 1507-ე მუხლის 1-ლი, მე-3 ნაწილების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ურთიერთობები 1990 წელს წარმოიშვა, საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეთა შორის არსებული დავა 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის საფუძველზე უნდა გადაწყდეს. მითითებული კოდექსის 80-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან, სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. საქმის მასალების მიხედვით სოფლის ბუნებრივი აირით გაზიფიცირების სამონტაჟო-სამშენებლო სამუშაოები შესრულდა 1991 წ., რაც დასტურდება დამკვეთსა და სამუშაოების მწარმოებელს შორის 1991 წლის დეკემბერში შედგენილი შესრულებული სამუშაოების აქტით. შესაბამისად, ამ პერიოდიდან წარმოიშვა სარჩელის უფლება და დაიწყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა. კოდექსის სსკ 75-ე მუხლის თანახმად უფლების დაცვის საერთო ვადა სამ წელს შეადგენდა, ხოლო სახელმწიფო ორგანიზაციებისა და სხვა კოოპერაციული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ურთიერთშორის სარჩელებისათვის _ ერთ წელს. სს «ზ-მა» სასამართლოს სარჩელით მიმართა 2000 წელს, რის გამო გაცდენილია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რაც 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძლევს წარმოადგენს. საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები (მძიმე პოლიტიკური და კრიმინოგენური ვითარება და სხვ.) არ წარმოადგენს 1964წ. სსკ 82-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეჩერების საფუძველს. 1964წ. სამოქალაქო სამართლის 83-ე მუხლი ითვალისწინებდა სასარჩელო ხანდაზმულობის მიმდინარეობის შეწყვეტას, შეწყვეტის შემდეგ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის ხელახალ დაწყებას, ვალდებული პირის ისეთი მოქმედების გამო, რაც მოვალეობის აღიარებას ადასტურებდა, უკეთუ სამართალურთიერთობის ერთი ან ორივე მხარე მოქალაქეები იყვნენ. ამდენად, მთავარი ბუხჰალტრების მიერ 23.02.99წ. შედგენილი შედარების აქტი და 08.04.98.წ. თანხის სს «ზ-ისათვის» გადარიცხვა არ წარმოადგენს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას სს «ზ-ის» მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენის შესახებ. ხანდაზმულია აგრეთვე კასატორის მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარისათვის დამატებით 6008 ლარის დაკისრების შესახებ. სსკ 406-ე მუხლის მიხედვით დავის საგნის შეცვლა ან გადიდება საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ს «ზ-ის» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 02.07.01.წ. გადაწყვეტილება.
2. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდეს 139,32 ლარი, რომლის 70% _ 98 ლარი უნდა ჩაირიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹000141107 ანგარიშზე (კოდი 59), ხოლო 30% _ 41,32 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივდება.