გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა*
¹ 3გ/ად-72-კს-01 15 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბრძანებებისა და ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის მერიის სპორტის სამმართველოს სპორტული კომპლექსის ყოფილმა დირექტორმა გ. ე-ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 17.04.97წ. ¹1-3/255, 07.05.99წ. ¹1-3/217, 04.05.2000წ. ¹1-31304 ბრძანებებისა და ქ. თბილისის საკრებულოს 25.05.2000წ. ¹7-7 გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
გ. ე-ძემ სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოსაგან იმ დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე, რომელიც გასაჩივრებულ სამართლებრივ აქტებთან იყო დაკავშირებული. მოსარჩელე, ასევე, ითხოვდა საქართველოს უშიშროების საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის კომიტეტისგან იმ დოკუმენტაციის გამოთხოვას, რომლებიც შპს «ნ. B.» დაკავშირებით მათ სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოსაგან ჰქონდათ მიღებული.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ ჩატარებულ მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე გ. ე-ძე არ გამოცხადდა, ამდენად, სასამართლომ არ იმსჯელა დოკუმენტების გამოთხოვის შესახებ მოსარჩელის მიერ წარდგენილ შუამდგომლობაზე, რადგან მოსარჩელეს განცხადებით არ ჰქონდა დაკონკრეტებული, თუ რომელი დოკუმენტების გამოთხოვას ითხოვდა იგი.
მოსამზადებელი სხდომის დამთავრების შემდეგ გ. ე-ძემ კვლავ მიმართა სასამართლოს უკვე დაყენებული შუამდგომლობის განხილვისა და დაკმაყოფილების თაობაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2001წ. 8 თებერვლის განჩინებით გ. ე-ძის შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოთხოვისა და მესამე პირად თბილისის მერიის ჩაბმის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საკრებულოდან გამოთხოვილ იქნა 2000წ. 29-31 მარტის და 2000წ. 23-25 მაისის სხდომის ოქმების ამონაწერები. ამავე განჩინებით საქმეში მესამე პირად იუსტიციის სამინისტროს ჩაბმის შესახებ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, რადგან იუსტიციის სამინისტრო რეგისტრაციაში ატარებდა მხოლოდ ნორმატიულ აქტებს, მაშინ, როცა მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული აქტები ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს წარმოადგენდნენ. ამასთან, არ დაკმაყოფილდა ე-ძის შუამდგომლობა სხვა მტკიცებულებების გამოთხოვის ნაწილშიც.
თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2001წ. 8 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ე-ძემ და მის მიერ წარდგენილი შუამდგომლობის სრულად დაკმაყოფილება, მტკიცებულებათა უზრუნველყოფა და საქმეში მესამე პირად საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და თბილისის მერიის ჩაბმა მოითხოვა.
სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 1 მარტის განჩინება გ. ე-ძის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაუგზავნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 6 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მესამე ნაწილი, რომელიც განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის დაუშვებლობას ეხებოდა, გაუქმდა, ხოლო სხვა ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.
2001წ. 1 აგვისტოს გ. ე-ძემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ზემოთმითითებული განჩინების განმარტება და დამატებითი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
2001წ. 2 სექტემბრის განჩინებით გ. ე-ძის განცხადება არ დაკმაყოფილდა დაუშვებლობის მოტივით, რადგან მხოლოდ აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება დაიშვებოდა, გასაჩივრებული განჩინება კი კერძო საჩივარს ეხებოდა და საქმე საბოლოოდ გადაწყვეტილი არ იყო. იმავე მიზეზით არ იქნა შესაძლებელი დამატებითი გადაწყვეტილების მიღება.
2001წ. 25 ოქტომბერს გ. ე-ძემ კვლავ მიმართა საოლქო სასამართლოს კოლეგიას შუამდგომლობით სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და შპს «ნ. ბ.» ქონებაზე, რომელიც საზოგადოების საწესდებო კაპიტალშია ჩადებული, ყადაღის დადება მოითხოვა, რადგან ქონების მართვის სამინისტროს ერთ-ერთი გასაჩივრებული ¹1-3/304 ბრძანება სწორედ მითითებულ საწარმოს დაფუძნებას ეხებოდა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მითითებული საწარმოს ქონება უნდა დაყადაღებულიყო. ამასთან, მოსარჩელემ ახალი განცხადებით დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა მოითხოვა.
ამასთან, მოსარჩელემ ახალი განცხადებით მტკიცებულებათა განმეორებითი უზრუნველყოფა და ერთხელ უკვე დაყენებულ შუამდგომლობაში მითითებულიყო დოკუმენტაციის გამოთხოვა მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2001 წ. 26 ოქტომბრის განჩინებით გ. ე-ძის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და მას განემარტა, რომ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვებოდა.
2001 წლის 21 ნოემბერს გ. ე-ძემ კვლავ მიმართა საოლქო სასამართლოს კოლეგიას შუამდგომლობით სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე და შპს «ნ. ბ.» ქონებაზე, რომელიც საზოგადოების საწესდებო კაპიტალშია ჩადებული, ყადაღის დადება მოითხოვა.
საოლქო სასამართლოს კოლეგიამ 2001 წლის 27 ნოემბრის განჩინებით გ. ე-ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე არ დააკმაყოფილა და მიუთითა, რომ განმცხადებელმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა, თუ რატომ გახდიდა შეუძლებელს ან გაართულებდა გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა. აღნიშნული განჩინებით გ. ე-ძეს განემარტა, რომ განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა. მიუხედავად ამისა, გ. ე-ძემ კერძო საჩივრით მიმართა საოლქო სასამართლოს კოლეგიას და მიუთითა, რომ საოლქო სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე ჯერ კიდევ 2001 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით და უსაფუძვლოდ განუმარტა, რომ განჩინება არ გასაჩივრდებოდა. ასევე, უსაფუძვლოდ უთხრა საოლქო სასამართლომ უარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე 2001 წლის 27 ნოემბრის განჩინებით და კვლავ არასწორად განუმარტა, რომ განჩინება არ გასაჩივრდებოდა, მაშინ, როცა კანონმდებელი ითვალისწინებდა გასაჩივრების უფლებას. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 194-ე, 197-ე და 199-ე მუხლები.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 21 დეკემბრის განჩინებით გ. ე-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ნ. ბ.» გ. ე-ძის კერძო საჩივარს დაუშვებლად და დაუსაბუთებლად მიიჩნევს და თვლის, რომ უცვლელად უნდა დარჩეს საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ გ. ე-ძის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 27 ნოემბრისა და 21 დეკემბრის განჩინებები იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა გ. ე-ძეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით შპს «ნ. ბ.» ქონების დაყადაღებაზე, რომელიც მის საწესდებო კაპიტალშია შესული, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო საოლქო სასამართლოს კოლეგიისა და მოწინააღმდეგე მხარის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ გამოტანილი განჩინებების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული მუხლი ისე უნდა იყოს განმარტებული, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლი უშვებდეს როგორც სარჩელის უზრუნველყოფის დაკმაყოფილების შესახებ განჩინების, ისე მასზე უარის თქმის თაობაზე მიღებული განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობასაც. ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიას გ. ე-ძისათვის უნდა მიეცა საშუალება როგორც ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 26 ოქტომბრის განჩინების, ისე იმავე კოლეგიის 2001 წლის 27 ნოემბრის განჩინების გასაჩივრებისა, რადგან მითითებული მუხლის ასეთი ინტერპრეტაცია სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით უკვე პრაქტიკაში დანერგილია. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიამ, მართალია, დაუშვებლად მიიჩნია ზემოხსენებული განჩინებების კერძო საჩივრით გასაჩივრება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დაუშვა გ. ე-ძის კერძო საჩივარი, განიხილა იგი არსებითად და მის დაკმაყოფილებაზე ე-ძეს უარი უთხრა არა დაუშვებლობის, არამედ უსაფუძვლობის მოტივით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შპს «ნ. ბ.» სამეწარმეო საქმიანობის შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა მოპასუხის მდგომარეობას და მიუთითებს, რომ მოსარჩელეს სასამართლოსათვის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, არ წარუდგენია მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, საოლქო სასამართლოს კოლეგიის უარი სარჩელის უზრუნველყოფის სახით შპს «ნ. ბ.» სამეწარმეო საქმიანობის შეჩერების თაობაზე საფუძვლიანია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გ. ე-ძემ ვერ შეძლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოში წარდგენილი განცხადებით დაესაბუთებინა ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ შპს «ნ. ბ.» ქონების დაყადაღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მითითებული გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების შემდგომში აღსრულებას და მიუთითებს, რომ შპს «ნ. ბ.», «მეწარმეთა შესახებ» კანონის 44-ე მუხლის თანახმად, კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს საწესდებო კაპიტალის ფარგლებში მთელი თავისი ქონებით. ამასთან, საზოგადოებას შეუძლია შეამციროს თავისი საწესდებო კაპიტალი და გაასხვისოს ქონება. აღნიშნული გარემოება კი, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, შეუძლებელს გახდის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ე-ძის შუამდგომლობა შპს «ნ. ბ.» ქონების დაყადაღების თაობაზე, რომელიც მის საწესდებო კაპიტალშია შესული, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე შეტანილ განცხადებაში ე-ძის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლით გათვალისწინებული იმ გარემოებების მიუთითებლობა, რომელიც ასაბუთებს, რომ წარდგენილი განცხადების დაუკმაყოფილებლობა შეუძლებელს გახდის ან გააძნელებს გადაწყვეტილების აღსრულებას, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად. მითითებულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში განცხადების განმხილველ სასამართლოს მხარისათვის (გ. ე-ძისათვის) უნდა მიეცა შესაძლებლობა ამ კუთხით შეევსო და დაესაბუთებინა წარდგენილი განცხადება და შემდგომ ემსჯელა მის საფუძვლიანობაზე.
საკასაციო სასამართლო აქვე დაამატებს, რომ რადგან მხარეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თავდაპირველად წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2001 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობა არ ჰქონდა, მან (გ. ე-ძემ) საოლქო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე ახალი განცხადებით მიმართა, თუმცა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ე-ძის მიერ წარდგენილი ზემომითითებული განცხადება არა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლას ეხება, არამედ განმცხადებელი რეალურად კვლავ სარჩელის უზრუნველყოფას ითხოვს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტით, 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ე-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 26 ოქტომბრის და 27 ნოემბრის განჩინებები იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა გ. ე-ძეს შპს «ნ. ბ.» ქონების დაყადაღებაზე, რომელიც მის საწესდებო კაპიტალშია შესული.
3. დაკმაყოფილდეს გ. ე-ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა დაედოს შპს «ნ. ბ.» ქონებას, რომელიც მის საწესდებო კაპიტალშია შესული.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
* am saqmesTan dakavSirebiT ix. susg, 2001, #8, admin., gv. 665-668.