Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-73-კ-01 14 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 22 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სს «თ.» მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1999 წლის 28 მაისს მოსარჩელემ სახელმწიფო კომპანია «ს.» გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელზე გასცა კრედიტი _ 3000000 აშშ დოლარი. საკრედიტო ხელშეკრულებით გაცემული სესხი მსესხებელს უნდა დაეფარა 1999 წლის 1 დეკემბერს. კრედიტით სარგებლობის საპროცენტო განაკვეთი წელიწადში შეადგენდა სესხის თანხის 24%-ს.

1999 წლის 10 ივნისს მოსარჩელემ სახელმწიფო კომპანია «ს.» გააფორმა მეორე საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი _ 1500000 აშშ დოლარი. აღნიშნული ხელშეკრულებით გაცემული სესხი მსესხებელს უნდა დაეფარა 1999 წლის 10 დეკემბერს, ხოლო კრედიტით სარგებლობის საპროცენტო განაკვეთი წელიწადში შეადგენდა სესხის თანხის 24%-ს.

ორივე საკრედიტო ხელშეკრულების შესრულება უზრუნველყოფილი იყო მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1999 წლის 11 ივნისის ¹27 და 1999 წლის 26 ივლისის ¹22-06\1703 თავდებობებით, რომლებიც აქცეპტირებული იყო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.

საკრედიტო ხელშეკრულებებით გაცემული კრედიტის ძირითადი თანხისა და დარიცხული საპროცენტო განაკვეთის სს «თ.» ანაზღაურების ვალდებულება იკისრა თავდებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

თავდების მიერ მოსარჩელისათვის თანხის გადარიცხვა უნდა მომხდარიყო საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსთა სამინისტროს ¹000102599 ანგარიშიდან მოსარჩელის მიერ წარდგენილი წერილის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა, რომ წერილის წარდგენის დღეს სახელმწიფო კომპანია «ს.» არ შეასრულა მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

სახელმწიფო კომპანია «ს.» 1999 წლის 6 და 9 სექტემბრის წერილებით აცნობა სს «თ.» ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ და მიუთითა, რომ ორივე საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაფარვა მოხდებოდა თავდების, ფინანსთა სამინისტროს, მიერ.

1999 წლის 13 სექტემბერს სს «თ.» წერილით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ხოლო 17 სექტემბერს _ საქართველოს ეროვნულ ბანკს და აცნობა სახელმწიფო კომპანია «ს.» მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე, რის გამოც მოითხოვა საქართველოს ეროვნულ ბანკში თავდების, ფინანსთა სამინისტროს, ¹000102599 ანგარიშიდან ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით მომხდარიყო სესხის ძირითადი ნაწილისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნება სს «თ.» სასარგებლოდ.

აღნიშნული თანხის მოსარჩელის სასარგებლოდ გადარიცხვა საბოლოოდ განხორციელდა 6 თვის დაგვიანებით.

მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადებში ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობამ მას მიაყენა მატერიალური ზარალი 2 162 614 აშშ დოლარის ოდენობით.

აღნიშნულ ზარალს შეადგენდა:

1. საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» პუნქტითა და 252-ე მუხლით გათვალისწინებული საურავი _ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,2%, სულ _ 755850 აშშ დოლარი;

2. საკურსო სხვაობით გამოწვეული ზარალი _ 23205 აშშ დოლარი, რაც განპირობებული იყო იმით, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში ბიუჯეტის ანგარიშზე ჩარიცხული ყოველდღიური თანხის 8%-ის დაფიქსირება აშშ დოლარებში ხდებოდა ჩარიცხვის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსით, მაგრამ ფაქტობრივი ჩარიცხვა სს «თ.» წარმოებდა მეორე დღეს. შესაბამისად, აღნიშნული თანხის კონვერტაცია ლარიდან აშშ დოლარში წარმოებდა მეორე დღის კურსით, რამაც საერთო ჯამში საკურსო სხვაობის სახით შეადგინა 23205 აშშ დოლარი.

მოსარჩელის განმარტებით, 1999 წლის 30 ნოემბრიდან 2000 წლის 31 ოქტომბრამდე სს «თ.» დაფიქსირდა «კლიენტურის გადინება» 1520670 აშშ დოლარის ოდენობით, რამაც შექმნა ბანკის ლიკვიდურობის პრობლემა და გამოიწვია ზარალი;

3. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისათვის ვადაზე ადრე თანხის გადახდით მიყენებული ზარალი _ 600000 აშშ დოლარი;

4. შემცირებული და მიუღებელი შემოსავალი 425000 აშშ დოლარი;

5. შვეიცარიულ ბანკ «….»-თან 2000 წლის 16 მარტს ურთიერთობის გაწყვეტის გამო შემოსავლის შემცირებით გამოწვეული ზარალი _ 368000 აშშ დოლარი;

6. «ე.» საკრედიტო ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობის გამო სს «თ.» დამატებითი ხარჯები 512748 აშშ დოლარი;

7. თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით «ე.» სასარგებლოდ სს «თ.» პირგასამტეხლოს დაკისრებით გამოწვეული ზარალი _ 33175 აშშ დოლარი;

8. საქართველოს ეროვნული ბანკის საკრედიტო აუქციონზე ძვირადღირებული კრედიტის აღებით გაზრდილი საპროცენტო ხარჯები_ 44636 აშშ დოლარი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-400 მუხლის «ა» პუნქტისა და 411-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელემ ითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 2 162 614 აშშ დოლარის დაკისრება.

მოსარჩელემ, აგრეთვე, ითხოვა იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი 20000 აშშ დოლარისა და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 5000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2000 წლის 3 ივლისის ურთიერთშედარების აქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს ვალდებულება კრედიტორის სასარგებლოდ შეწყვეტილად ითვლებოდა შესრულების გამო. მოპასუხის განმარტებით, მოვალის ვალდებულება შესრულდა ჯეროვნად და დათქმულ დროს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლით გათვალისწინებულ მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებას ადგილი არ ჰქონია, რადგანაც შესრულების ვადის დადგომიდან, ანუ 1999 წლის 1 და 10 დეკემბრიდან კრედიტორს თავდები არც ერთხელ არ გაუფრთხილებია.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით სს «თ.» უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სს «თ.» საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე და 249-ე მუხლების თანახმად საქმის განმხილველ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა ემსჯელა მოსარჩელის ყველა მოთხოვნაზე, უნდა შეეფასებინა მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილი ყველა მტკიცებულება, როგორც მოთხოვნის საფუძველი და გამოტანილ გადაწყვეტილებაში უნდა მიეცა შესაბამისი შეფასება.

კასატორის განმარტებით, სასამართლო კოლეგიამ საერთოდ არ მისცა შეფასება სარჩელის შემდეგ მოთხოვნებს:

1. საკურსო სხვაობიდან მიღებულ ზიანს;

2. პარტნიორ შვეიცარულ ბანკ «...»-თან კომერციული ურთიერთობის გაწყვეტის შედეგად მიღებულ ქონებრივ დანაკლისს (შემოსავლების შემცირება);

3. სს «თ.» შექმნილი რთული ფინანსური მდგომარეობის გამო გაღებულ იძულებით საპროცენტო ხარჯებს;

4. სს «თ.» შექმნილი რთული ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების გამო საქართველოს ეროვნული ბანკიდან იძულებით აღებული კრედიტების გამო გამოწვეულ ზიანს.

კასატორს მიაჩნია, რომ მხოლოდ ზემოთ აღნიშნული საფუძველიც საკმარისია პირველ ინსტანციის სასამართლოს 2001 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების გასაუქმებლად.

რაც შეეხება გადაწყვეტილების იმ ნაწილს, სადაც სასამართლო კოლეგია მსჯელობს მოსარჩელის ფაქტობრივ და იურიდიულ საფუძვლებზე, კასატორს მიაჩნია, რომ იგი არის იურიდიულად დაუსაბუთებელი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად არსებობს მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

კასატორის განმარტებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისათვის გადახდილი თანხა მოსარჩელეს საერთოდ არ ჰქონდა დაანგარიშებული, როგორც ცალკე, დამოუკიდებლად აღებული ზიანი 600000 აშშ დოლარის ოდენობით. მისი უკან დაბრუნება მოსარჩელეს არ უთხოვია, არამედ სარჩელში ნაჩვენები იყო აღნიშნული ვადამდელი გადახდით სს «თ.» თანხის გადინების გამო შექმნილი ლიკვიდურობის პრობლემა, რის გამოც ვეღარ მოხერხდა ზემოთ აღნიშნული 600000 აშშ დოლარის, როგორც ნაღდი ფულის, შემოსავლიან ოპერაციებში დაბანდება. ამან კი გამოიწვია სწორედ მიუღებელი შემოსავალი, რომელიც გათვლილი იყო სს «თ.» ვადამდე გატანილი ჯამური თანხის _ 2120670 აშშ დოლარის წლიური 24%-ის გაანგარიშებით 10 კალენდარულ თვეზე, რომელიც საერთო ჯამში შეადგენდა 525000 აშშ დოლარს. კასატორი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ზიანი (525000 აშშ დოლარი) მიღებული იყო არამხოლოდ 600000 აშშ დოლარიდან გაანგარიშებით, არამედ 2120670 აშშ დოლარიდან (600000 აშშ დოლარს დამატებული 1520670 აშშ დოლარი), რომლის 24%-ს შეადგენდა 525000 აშშ დოლარი მიუღებელი შემოსავალი. რაც შეეხება 1520000 აშშ დოლარს, კასატორის განმარტებით, ამ თანხის გაერთიანება 600000 აშშ დოლართან განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ისიც წარმოადგენდა ვადამდელი მოთხოვნების გამო სს «თ.» გასულ თანახას, რომლის შემოსავალთან დაბანდებაც ოპერაციებში ვერ მოხერხდა ბანკიდან მისი ვადამდელი გატანის გამო.

კასატორი აღნიშნავს, რომ 1520000 აშშ დოლარის გადინების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარდგენილი იყო სასამართლო კოლეგიაში, მაგრამ მას საერთოდ არ მიეცა შეფასება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილს სასამართლო კოლეგიამ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა.

კასატორი არ იზიარებს სასამართლო კოლეგიის მოტივაციას, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა 600000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი. კასატორის განმარტებით, აღნიშნული საკითხი მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, ხოლო საქმეში არსებული მასალები კი ადასტურებენ გადახდის ფაქტს.

კასატორი სადავოდ ხდის გადაწყვეტილების იმ ნაწილსაც, სადაც სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ არასრულყოფილად შევსებული და რეგისტრაციაში გატარებული კრედიტის მიღების განაცხადების ასლებით მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა 525000 აშშ დოლარის ზიანი.

კასატორის განმარტებით, საკრედიტო განაცხადები ადასტურებდნენ, რომ სს «თ.» შეიქმნა ლიკვიდურობის პრობლემა, ანუ ბანკში შესული საკრედიტო განაცხადები დარჩა დაუკმაყოფილებელი. კასატორი არ ეთანხმება სასამართლო კოლეგიას, რომ საკრედიტო განაცხადები არასრულყოფილად შევსებული და რეგისტრაციაში გაუტარებელი იყო.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილებაში იმსჯელა იმ საკითხზე, რომლის შესახებ მოთხოვნა არც მოსარჩელეს ჰქონია და არც მოპასუხეს. კერძოდ, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა კერძო სამარათლით უნდა მოწესრიგებულიყო თუ საჯარო სამართლით, ამის განსაზღვრა არც ერთი მხარის მოთხოვნაში არ შედიოდა. მიუხედავად ამისა, სასამრათლო კოლეგია გაცდა მხარეთა მოთხოვნებს, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი. კასატორს მიაჩნია, რომ სამართლებრივი ურთიერთობის ბუნებას განსაზღვრავს არა სასამართლო, არამედ ურთიერთობის მონაწილე მხარეები, ანუ მხოლოდ მხარე არის უფლებამოსილი, წინასწარ განსაზღვროს, ურთიერთობის თუ რომელ სახეს აირჩევს მხარესთან მიმართებაში.

კასატორის განმარტებით, სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილებაში არასწორად აღნიშნა, რომ 2000 წლის 3 ივლისის ურთიერთშედარების აქტის 1-ლი და მე-2 პუნქტებით დამტკიცებული იყო მოპასუხის მიერ კრედიტის ძირითადი თანხისა და პროცენტის მთლიანად მოსარჩელისათვის დაბრუნება. კასატორი მიუთითებს, რომ ზემოთ აღნიშნული ურთიერთშედარების აქტი აფიქსირებდა მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების დარღვევას და არა შესრულებას. მოპასუხის მიერ გაცემული თავდებობები უნდა შესრულებულიყო მოსარჩელის მიერ საპრეტენზიო წერილის წარდგენის დღეს, მაგრამ მოპასუხემ აღნიშნული ფულადი ვალდებულება თვითნებურად შეასრულა ექვსი თვის დაგვიანებით.

კასატორს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლი სწორედ მსგავსი თვითნებური შესრულებისათვის სჯის მოვალეს, ხოლო კრედიტორს აძლევს უფლებას, მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები და ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ მხოლოდ მხარეები არიან უფლებამოსილნი, წინასწარ განსაზღვრონ ერთმანეთთან ურთიერთობები კერძოსამართლებრივი უნდა იყოს, თუ _ საჯაროსამართლებრივი, ხოლო, რადგანაც მხარეთა შორის არსებული ურთიერთობების ბუნების განსაზღვრა არც ერთი მხარის მოთხოვნაში არ შედიოდა, სასამართლო კოლეგიამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი და გაცდა მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მხარეთა შორის ურთიერთობები კერძო სამართლით უნდა მოწესრიგდეს, თუ _ საჯარო სამართლით, ამას წყვეტს მხოლოდ სასამართლო და ამდენად, სასამართლო კოლეგიას ამაზე მსჯელობით არ დაურღვევია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ სწორად განსაზღვრა, რომ საქართველოს მიერ საშინაო კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემის უფლებამოსილების მინიჭებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს კანონი «სახელმწიფო ვალის შესახებ».

საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლო კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაციას, რომ კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემის გართულებული პროცედურა განპირობებულია კონსტიტუციური ნორმის არსებობით, რომლის თანახმად სახელმწიფო ხაზინიდან ხარჯის გაღება დასაშვებია მხოლოდ კანონით (საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ სწორად გამოიყენა «სახელმწიფო ვალის შესახებ» კანონის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობისა და პარლამენტის მიერ რატიფიკაციის გარეშე ვალის აღებასა და გარანტიაზე დადებული შეთანხმება არ წარმოადგენს სახელმწიფო ვალს ან კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიას. საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას, რომ პარლამენტის მიერ რატიფიკაციის გარეშე გარანტიაზე დადებული შეთანხმება არ წარმოშობს კრედიტების დაბრუნების უზრუნველყოფის სახელმწიფო ვალდებულებას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ 1999 წლის 26 მაისსა და 11 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ კრედიტების დაბრუნების უზრუნველსაყოფად გაცემული თავდებობები თავისი არსით წარმოადგენენ სახელმწიფო გარანტიებს, რომელთა გაცემა არ მომხდარა «სახელმწიფო ვალის შესახებ» კანონის შესაბამისად, რადგანაც ამავე კანონის 39-ე მუხლის თანახმად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგენით საქართველოს პრეზიდენტი «სახელმწიფო ვალის შესახებ» კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო გარანტიის გაცემაზე. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ფორმდება ხელშეკრულება, რომლის რატიფიკაციას ახდენს საქართველოს პარლამენტი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ სწორად არ იმსჯელა თავდებობათა ბათილობაზე, რადგანაც ასეთი მოთხოვნა მხარეებს

არ დაუყენებიათ, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად სასამართლო კოლეგიას უფლება არ ჰქონდა გაცდენოდა მხარეთა მოთხოვნებს.

«სახელმწიფო ვალის შესახებ» კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო გარანტია უზრუნველყოფს გარანტირებული კრედიტის ძირითადი თანხისა და კუთვნილი პროცენტის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას. საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლო კოლეგიის მოტივაციას, რომ საქმეში არსებული 2000 წლის 3 ივლისის ურთიერთშედარების აქტის 1-ლი და მე-2 პუნქტებით დადასტურებულია მოპასუხის მიერ კრედიტის ძირითადი თანხისა და კუთვნილი პროცენტის მთლიანად მოსარჩელისათვის დაბრუნება და ამდენად, მოპასუხისადმი ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების არავითარი საფუძველი არ არსებობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სასამართლო კოლეგიამ არ იმსჯელა სარჩელის მოთხოვნის საფუძვლებზე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ სამართლებრივი თვალსაზრისით კანონიერი გადაწყვეტილება გამოიტანა და მისი გაუქმების არავითარი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს «თ.» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.