3გ-ად-73-კ-02 10 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი, ბ. კობერიძე
დავის საგანი: 1. რაიკოოპერატივის ქონების პრივატიზების ბათილად ცნობა; 2. საჩხერის რაიონის გამგეობის დადგენილების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
საჩხერის რაიონის სოფ. ..... მცხოვრები მოსარჩელე ე. ს-ძე 1973 წლიდან მუშაობდა ამავე სოფელში მდებარე შერეული ტიპის სავაჭრო მაღაზიაში გამყიდველად. 1991 წელს ძველი მაღაზიის მაგივრად აშენდა ახალი მაღაზია, რის შემდეგაც საჩხერის რაიკოოპერატივის გამგეობის 1996წ. 3 სექტემბრის დადგენილებით ე. ს-ძეს მიეყიდა ძველი მაღაზია 312 ლარად. ახალი სადავო მაღაზიის პრივატიზაცია განხორციელდა ცეკავშირის გამგეობის 1996წ. 28 ივნისს მიღებული «ცეკავშირის სისტემაში ზედმეტი და გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების და სხვა ქონების გაყიდვის დროებითი დებულებით» დადგენილი წესით: საჩხერის რაიკოოპერატივის წარმომადგენელთა კრებამ 1998წ. 17 სექტემბერს მიიღო დადგენილება სოფ. ..... მაღაზიის პრივატიზების შესახებ, რომელიც 1996-2000 წლებში ფაქტობრივად აღარ ფუნქციონირებდა. მაღაზიის გაყიდვის შესახებ მოსახლეობას ეცნობა ადგილობრივი პრესის, გაზეთ «......» საშუალებით 1998წ. 19 სექტემბერს.
ვინაიდან სადავო მაღაზია დაზიანებული იყო, საჭიროებდა აღდგენას და 1996-2000 წლებში აღარ ფუნქციონირებდა, 2000წ. 4 აგვისტოს საჩხერის რაიკოოპერატივის გამგეობამ მიიღო დადგენილება მაღაზიის პრივატიზაციის შესახებ, რასაც დაეთანხმა ცეკავშირის გამგეობა 2000წ. 26 სექტემბრის დადგენილებით. მაღაზიის შესყიდვის სურვილი გამოთქვა სოფ. ..... მცხოვრებმა დ. გ-ძემ, რომელიც რაიკოოპერატივის წესდების შესაბამისად, მიღებული იქნა მეპაიე წევრად 2000წ. 14 სექტემბერს. დ. გ-ძემ საჩხერის რაიკოოპერატივისაგან სადავო მაღაზია შეისყიდა 2000წ. 3 ოქტომბერს. საჩხერის რაიონის გამგეობის 2001წ. 30 იანვრის ¹9 დადგენილებით 64კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც სადავო მაღაზია მდებარეობს, სარგებლობის უფლებით გადაეცა დ. გ-ძეს.
2001წ. 3 იანვარს ე. ს-ძემ სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა დ. გ-ძეზე მაღაზიის მიყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მოსარჩელის განცხადებით, იგი დიდი ხანია მუშაობს სადავო მაღაზიაში და საერთოდ, რაიკოოპერატივის სისტემაში, რის გამოც მაღაზიის უპირატესი შესყიდვის უფლება ქონდა მას და არა დ. გ-ძეს, რომელიც ხელოვნურად იქნა მიღებული მეპაიედ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ განცხადება მაღაზიის გაყიდვის შესახებ 1998 წელს თუმცა გამოქვეყნდა ადგილობრივ გაზეთში, მაგრამ მისი გაცნობის შესაძლებლობა არ ქონდა, რადგან აღნიშნული გაზეთი ხელმოწერიათ არ ვრცელდება. გარდა ამისა, მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი მაღაზიის გამყიდველად ისევ გაფორმებულია სადავო მაღაზიაში და მისი დანიშვნის ბრძანება ჯერ არ გაუქმებულა.
მოპასუხე _ საჩხერის რაიკოოპერატივის გამგეობამ, ასევე მესამე პირებმა – დ. გ-ძემ და მ. მ-შვილმა არ ცნეს სარჩელი.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით, უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდა ე. ს-ძის სარჩელი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ე. ს-ძემ. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მან გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და სადავო მაღაზიის პრივატიზების ხელშეკრულებასთან ერთად მოითხოვა საჩხერის რაიონის გამგეობის 2001 წლის 30 იანვრის ¹9 დადგენილების გაუქმება, რომლითაც დ. გ-ძეს სარგებლობის უფლებით გადაეცა 64კვ.მ. ფართობის მიწის ის ნაკვეთი, რაზეც განთავსებულია სადავო მაღაზიის შენობა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 5 დეკემბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე მოპასუხედ ჩაერთო საჩხერის რაიონის გამგეობა, რომლის წარმომადგენელმაც, უსაფუძვლობის მოტივით, ასევე არ ცნო სარჩელი.
სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ე. ს-ძის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება; მოსარჩელეს ასევე უარი ეთქვა საჩხერის რაიონის გამგეობის 2001წ. 30 იანვრის დადგენილების გაუქმებაზე შემდეგი მოტივით:
1. საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, საჩხერის რაიკოოპერატივს სადავო მაღაზიის გასხვისებისას არ დაურღვევია «სამომხმარებლო კოოპერაციაში გამოუყენებელი, ზედმეტი ძირითადი საშუალებების და სხვა ქონების გაყიდვის დროებითი დებულების» მოთხოვნები. დ. გ-ძეს სადავო მაღაზიის შენობა მიეყიდა კანონიერად და 2000წ. 3 ოქტომბრის ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, საოლქო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები;
2. სააპელაციო პალატამ ასევე კანონიერად მიიჩნია საჩხერის რაიონის გამგეობის 2001წ. 30 იანვრის ¹9 დადგენილება, რომლითაც დ. გ-ძეს სარგებლობაში გადაეცა 64კვ.მ. მიწის ნაკვეთი. საოლქო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის თანახმად, სადავო მაღაზია არის დ. გ-ძეზე გადაცემული მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, ისინი წარმოადგენენ ერთიან ნივთს და არც ერთი მათგანი არ შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ რადგან არსებობდა დ. გ-ძის საკუთრება სადავო მაღაზიის შენობაზე, ამიტომ საჩხერის რაიონის გამგეობის 2001წ. 30 იანვრის ¹9 დადგენილებით დ. გ-ძეს სარგებლობის უფლებით სწორად გადაეცა 64კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ვინაიდან «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 და მე-4 მუხლების თანახმად, პრივატიზებულ საწარმოთა სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრების უფლებით გადაეცემათ პრივატიზებულ საწარმოთა მფლობელებს, მესაკუთრეებს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს ე. ს-ძე, რომელიც შემდეგი მოტივით ითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას და ხელახლა განსახილველად საქმის საოლქო სასამართლოში დაბრუნებას:
1. კასატორი მიუთითებს, რომ ცეკავშირის გამგეობის 1996წ. 28 ივნისს მიღებული «სამომხმარებლო კოოპერაციაში გამოუყენებელი და ზედმეტი ძირითადი საშუალებების და სხვა ქონების პრივატიზაციის შესახებ დროებითი დებულების» 3.2 მუხლის მიხედვით, არასაჭირო ქონება პირველ რიგში უნდა მიეყიდოს მეპაიეს, შრომით კოლექტივს და სისტემის მუშაკებს. მას, როგორც 27 წლის მეპაიეს, აქვს მაღაზიის უპირატესი შესყიდვის უფლება. ამასთან, კოოპერაციული ქონების გაყიდვა საჯაროდ ხდება საბჭოს კრებაზე, რწმუნებულთა კრებაზე მეპაიეთა მონაწილეობით და არა შინაურული მოლაპარაკებით;
2. კასატორის განმარტებით, 1998 წელს სადავო მაღაზია მართლაც შეიტანეს საპრივატიზაიო ობიექტთა საორიენტაციო ნუსხაში. რაც გამოქვეყნდა კიდეც ადგილობრივ გაზეთში, მაგრამ საორიენტაციო ნუსხა არ ნიშნავს იმას, რომ ობიექტი აუცილებლად გაიყიდებოდა. მთავარი იყო რაიკოოპერატივის გამგეობის საბოლოო გადაწყვეტილება მაღაზიის გაყიდვის შესახებ, რაც მისთვის არ იყო ცნობილი, რამაც გამოიწვია მისი უფლებების შელახვა, რადგან ჯერ კიდევ ითვლება მაღაზიის გამყიდველად და სამსახურიდან მისი დათხოვნის ბრძანება არ არსებობს.
საკასაციო საჩივარს არ ეთახმებიან მესამე პირები – დ. გ-ძე და მ. მ-შვილი. მათ აღნიშნეს, რომ კასატორს მაღაზიის შესყიდვის არანაირი უპაირატესობა არ გააჩნია, რადგან საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის საჩხერის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის წესდების 1.7. პუნქტის თანახმად, სამომხმარებლო კოოპერატივი წარმოადგენს დემოკრატიულ ორგანიზაციას, ყოველი მეპაიე მიუხედავად შენატანის ოდენობისა სარგებლობს ერთი ხმით, გადაწყვეტილების მიღებისას გააჩნია თანაბარი უფლებები და ამ პუნქტში საერთოდ არ არის ლაპარაკი მეპაიედ ყოფნის სტაჟზე.
საკასაციო საჩივარს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნობენ მოწინააღმდეგე მხარეები – საჩხერის რაიკოოპერატივის გამგეობა და საჩხერის რაიონის გამგეობაც, ითხოვენ საკასაციო საჩივარზე უარის თქმას და ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ს-ძის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ:
«ცეკავშირის სისტემაში ზედმეტი და გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების და სხვა ქონების გაყიდვის შესახებ” დროებითი დებულების შესაბამისად, საჩხერის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის წარმომადგენელთა კრებამ 1998წ. 17 სექტემბერს (ოქმი ¹2) მიიღო გადაწყვეტილება სოფ. .....…მდებარე სადავო მაღაზიის, როგორც 1991წ. მიწისძვრის შედეგად საგრძნობლად დაზიანებული, დანგრეული და გამოუყენებელი სავაჭრო ობიექტის გაყიდვაზე, რის შესახებაც ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდა ადგილობრივ გაზეთ «.....» 1998წ. 19 სექტემბრის ნომერში, რასაც კასატორიც არ უარყოფს და განმარტავს, რომ მაღაზიის შესყიდვის შესახებ განცხადებით რაიკოოპერატივის გამგეობისთვის იმ პერიოდში არ მიუმართავს. საჩხერის რაიკოოპერატივის გამგეობამ 2000წ. 4 აგვისტოს დადგენილებით (ოქმი ¹7), ახლოს გახსნილი კერძო ჯიხურის არსებობის გამო, მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სადავო ჯიხურის შეკეთება მიზანშეუწონლად მიიჩნია და გამგეობას ნება დართო სოფ. ..... მაღაზიის შენობის გაყიდვაზე. მაღაზიის პრივატიზებაზე თანხმობა ცეკავშირის გამგეობის 2000წ. 26 სექტემბრის დადგენილებითაც (ოქმი ¹9) იქნა დადასტურებული. მიწისძვრის შედეგად დანგრეული სოფ. ..... მაღაზიის შესყიდვის სურვილი გამოთქვა მაღაზიის მეზობლად მცხოვრებმა დ. გ-ძემ, რომელიც რაიკოოპერატივის მეპაიე-წევრად მიღებული იქნა 2000წ. 14 სექტემბერს, ხოლო მეპაიე დ. გ-ძესა და საჩხერის რაიკოოპერატივს შორის სადავო მაღაზიის ნასყიდობის (პრივატიზების) ხელშეკრულება დაიდო 2000წ. 3 ოქტომბერს.
«ცეკავშირის სისტემაში ზედმეტი და გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების და სხვა ქონების გაყიდვის დროებითი დებულების» მიხედვით დადგენილია, რომ რაიკოოპერატივის ქონება პირველ რიგში უნდა მიეყიდოს მეპაიე-წევრს, ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებით. ვინაიდან რაიკოოპერატივის ქონების სოფ. ..... სადავო მაღაზიის შენობის პრივატიზების მომენტისათვის _ 2000წ. 3 ოქტომბრისათვის მყიდველი დ. გ-ძე უკვე წარმოადგენდა რაიკოოპერატივის მეპაიე-წევრს და რადგან მაღაზიის შენობის პრივატიზება განხორციელდა ზემოაღნიშნული დებულებით გათვალისწინებული წესისა და პროცედურის დაცვით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მაღაზიის პრივატიზების ბათილობაზე უარის თქმისა და ე. ს-ძის სარჩელის უსაფუძვლობის შესახებ, ვინაიდან მოსარჩელის (კასატორის) მიერ ვერ იქნა მითითებული სადავო პრივატიზების ბათილობის კანონიერ საფუძველზე. მართალია, დ. გ-ძესთან შედარებით კასატორი ე. ს-ძე გაცილებით მეტი ხნის მეპაიე-წევრია, მაგრამ არც ცეკავშირის წესდება და არც ზემოაღნიშნული დებულება რაიკოოპერატივის ქონების გაყიდვის დროს მეპაიე-წევრობის სტაჟის მიხედვით რაიმე უპირატესობას არ ითვალისწინებს. ამასთან საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორმა, როგორც მეპაიე-წევრმა, უკვე ისარგებლა რაიკოოპერატივის ქონების პრივატიზების უფლებით და 1996წ. 3 სექტემბერს 312 ლარად შეიძინა რაიკოოპერატივის ძველი მაღაზიის შენობა;
2. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს ასევე კასატორის მოთხოვნას საჩხერის რაიონის გამგეობის 2001წ. 30 იანვრის ¹9 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე. სადავო აქტით გამგეობამ სარგებლობის უფლებით გადასცა დ. გ-ძეს 64კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც პრივატიზებული მაღაზიაა განთავსებული. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საჩხერის რაიონის გამგეობის ¹9 დადგენილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის თანახმად, მიწა და მაღაზიის შენობა, როგორც ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, ცალკე უფლების ობიექტად მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეიძლება იყოს და მაღაზიის შენობაზე საკუთრების უფლების მოპოვებით დ. გ-ძე იმავდროულად აღიჭურვა შენობის ქვეშ მდებარე მიწის ნაკვეთის კანონიერი სარგებლობის უფლებით.
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით ე. ს-ძის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილება, ვინაიდან პალატამ კანონის (სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის, ცეკავშირის გამგეობის 1996წ. დებულების) მართებული გამოყენებითა და განმარტებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. ს-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.