Facebook Twitter

3გ-ად-74-კ-02 12 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე, ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: ზარალის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 7 აგვისტოს ა. ლ-შვილმა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ქ. ქუთაისის არქიტექტურის სამმართველოს მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1994წ. 15 დეკემბრის ¹564 ნებართვით ქუთაისის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამმართველომ ნება დართო მოსარჩელეს ქ. ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე მდებარე ¹1 საავადმყოფოს ტერიტორიის სამხრეთ მხარეს, გამწვანებისაგან თავისუფალ მონაკვეთში განეთავსებინა საწვავგასამართი სადგური, რაც შეთანხმებული იყო ¹1 საავადმყოფოს ადმინისტრაციასთან და ემყარებოდა ქ. ქუთაისის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებულ პროექტს.

1995წ. ივლისში, ქ. ქუთაისის მერიაში შექმნილი კომისიის დასკვნით აღნიშნული საწვავგასამართი სადგური, რომელიც იმ დროისათვის მზად იყო ექსპლუატაციაში გასაშვებად, ჩათვალეს სამშენებლო წარმოების დარღვევით აგებულად, კერძოდ, ¹1 საავადმყოფოს საზღვრიდან დაცილებული იყო 20 მეტრით, მაშინ, როდესაც დაცილება უნდა ყოფილიყო არანაკლებ 25 მეტრით.

მოსარჩელის განმარტებით, ქ. ქუთაისის მერიის 1995წ. 18 ივლისის ¹553 განკარგულებით შექმნილმა კომისიამ არასწორი პროექტის გაცემა დააბრალა ქ. ქუთაისის არქიტექტურის სამმართველოს და მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული პროექტის გაუქმების შესახებ. ამასთან, დაადგინა მითითებულ ობიექტზე საწვავის რეალიზაციის აკრძალვა. ქუთაისის არქიტექტურისა და მშენებლობის სამმართველოს 1995წ. 15 აგვისტომდე დაევალა კომისიის დასკვნის საფუძველზე განეხილა შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი და არქიტექტურის სამმართველოს კი დაავალა მოსარჩელისათვის იმ ზარალის ანაზღაურება, რაც მიადგა სადავო ობიექტის აშენების გამო. არაერთხელ მიმართვის მიუხედავად, ქ. ქუთაისის არქიტექტურის სამმართველოს მოსარჩელისათვის ზარალი არ აუნაზღაურებია.

მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა თავის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 21070 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამმართველო ჩაითვალა არასათანადო მოპასუხედ და იგი შეიცვალა სათანადო მოპასუხე ქუთაისის მერიით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 17 ივლისის გადწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 27 დეკემბერს განიხილა ქუთაისის მერიის სააპელაციო საჩივარი და არ დააკმაყოფილა იგი, შესაბამისად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 17 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის მერიამ.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინების გამოტანისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორი განმარტება მისცა კანონს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” პუნქტების თანახმად საკასაციო საჩივრის საფუძველია.

კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქ. ქუთაისის მთავარი არქიტექტორის მიერ შეთანხმებული პროექტით გათვალისწინებული იყო კაპიტალური ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა და მთავარი არქიტექტორის 1994წ. 26 დეკემბრის ¹564 წერილით ნება დაერთო ა. ლ-შვილს ეწარმოებინა მშენებლობა. საქმეში არსებული მასალებით კი დასტურდება, რომ ა.Aლ-შვილს აღნიშნული ტერიტორია გამოეყო დროებით, კონტეინერული ტიპის ავტოგასამართი სადგურის მოსაწყობად და არა კაპიტალური შენობის ასაგებად. კასატორის განმარტებით, ქ. ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს მოსარჩელისათვის კაპიტალური შენობის ასაგებად ნებართვა არ მიუცია. ქ. ქუთაისის მთავარი არქიტექტორის მიერ შეთანხმებული პროექტის თანახმად ავტოგასამართი სადგური უნდა ყოფილიყო ლითონის დათბუნებული კონსტრუქციისაგან აგებული, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უძრავ ნივთს არ შეიძლება მიეკუთვნოს. ა. ლ-შვილმა კი გამოყოფილ ტერიტორიაზე ააგო ავტოგასამართი სადგურის კაპიტალური ნაგებობა, რაც უნებართვო მშენებლობას წარმოადგენს.

საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლომ თავის განჩინებაში არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 394-ე, 408-ე მუხლები და არ გამოიყენა ამავე კოდექსის 415-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ, აგრეთვე, არასწორად განმარტა კანონი, რომელიც შეეხება სასარჩელო ხანდაზმულობას, კერძოდ სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ა. ლ-შვილს სასარჩელო მოთხოვნა წარმოეშვა 1999წ. ივნისის შემდეგ, როდესაც მან ზიანის ასანაზღაურებლად მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს. კასატორი თვლის, რომ ასეთი შეფასება არასწორია, რადგანაც თუ ა. ლ-შვილს ზიანი მიადგა ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებით, მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად გაშვებული აქვს ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რადგანაც ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის უფლების წარმოშობის დღიდან და არა ადმინისტრაციულ ორგანოში მოთხოვნით მიმართვის დღიდან. მოთხოვნის უფლება კი ა. ლ-შვილს წარმოეშვა 1995წ. თებერვალში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 27 დეკემბრის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, რომლითაც არ დაკმაყოფილდება ა. ლ-შვილის სარჩელი.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქ. ქუთაისის მერიის 1994წ. 12 აპრილის ¹257 განკარგულებით კონტეინერული ტიპის საწვავით გასამართი სადგურების მოწყობისათვის განისაზღვრა “ლ-ის ქუჩის დასაწყისში ტერიტორია საავადმყოფოს აღმოსავლეთით – ქალაქის II ზონა”.

ქ. ქუთაისის მერიამ 1995წ. 23 თებერვალს გამოსცა ¹168 განკარგულება, რომლითაც გაუქმდა კონტეინერული ტიპის ავტოგასამართი სადგურების ფუნქციონირებისათვის დროებით გამოყოფილი ადგილი ლ-ის ქუჩის დასაწყისში, საავადმყოფოს აღმოსავლეთით არსებულ ტერიტორიაზე.

საქმეში არსებული პროექტის თანახმად კი სადავო საწვავგასამართი სადგური განთავსებულია ¹1 საავადმყოფოს ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში.

საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს ა. ლ-შვილის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღნიშნული საწვავგასამართი სადგური მდებარეობს ¹1 საავადმყოფოს ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში და არა ზემოთ აღნიშნული ქ. ქუთაისის მერიის განკარგულებებში მითითებულ ¹1 საავადმყოფოს აღმოსავლეთ მხარეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე ირკვევა, რომ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი ადმინისტრაციული აქტი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს გამოეყო ტერიტორია საწვავგასამართი სადგურის ასაგებად. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოარკვია, მოსარჩელეს დროებით, კონტეინერული ტიპის ავტოგასამართი სადგურის მოსაწყობად გამოეყო ტერიტორია, თუ კაპიტალური შენობის ასაგებად.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები არ არის სავალდებულო საკასაციო სასამართლოსათვის, რადგანაც კასატორმა წამოაყენა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ამასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, რადგანაც საქმეში არსებული მტკიცებულებები ყოველმხრივ არ გამოიკვლია, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი თვალსაზრისით სრულყოფილად არ შეამოწმა.

საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, თვლის, რომ მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შემოწმების შემდეგ სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა იმსჯელოს სასარჩელო ხანდაზმულობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.