სამინისტროს ბრძანების ბათილობა; განჩინების გაუქმება
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა*
¹ 3გ-ად-74-კს-02 12 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე, ნ. კლარჯეიშვილი
კერძო საჩივრის თხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 3 აპრილს კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ა. პ-მა მოპასუხე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ ითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად სასამართლოს ეღიარებინა (დაედგინა), რომ რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საკონსულოს ფუნქციები არ გაუქმებულა და პირი, რომელიც ასრულებს ამ ფუნქციებს მოქმედი კანონმდებლობით, თანამდებობით არის .... შესაბამისად საელჩოს კონსულის ყოფილი თანამდებობა და იმჟამად ამავე საელჩოს უფროსი მრჩევლის (საკონსულო საქმიანობის ხელმძღვანელი და საკონსულო ფუნქციების განმხორციელებელი) თანამდებობები ერთი და იგივეა. ამასთან, მოსარჩელემ ითხოვა, ა. პ-ის გათავისუფლების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2000წ. 19 სექტემბრის ¹547/2 ბრძანების ბათილად ცნობა და დაუყოვნებლივ აღდგენა რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს უფროსი .... თანამდებობაზე, რომელსაც დავალებული აქვს საკონსულო საქმიანობის ხელმძღვანელობა და საკონსულო ფუნქციების განხორციელება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში შეიტანა შეპასუხება ა. პ-ის სარჩელთან დაკავშირებით.
შეპასუხებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ გაიზიარებს სასარჩელო განცხადებაში მითითებულ მოთხოვნებს, რადგანაც მოსარჩელე ა. პ-მა არ გაითვალისწინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს არ შეუძლიათ ხელახლა მიმართონ სასამართლოს იგივე სასარჩელო მოთხოვნებით იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობები.
შეპასუხებაში მითითებულია, რომ მოსარჩელე ა. პ-მა 2000 წელს სარჩელით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ და ითხოვა საგარეო საქმეთა მინისტრის 2000წ. 19 სექტემბრის ¹547/2 ბრძანების ბათილად ცნობა და რუსეთის ფედერაციაში კონსულის ტოლფას _ საელჩოს უფროსი ... _ თანამდებობაზე აღდგენა.
აღნიშნულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, რომ სასამართლოს მიერ აღიარებულ იქნეს რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს კონსულის ყოფილი თანამდებობისა და ამავე საელჩოს უფროსი მრჩევლის თანამდებობის იგივეობა, შეპასუხების ავტორის განმარტებით, ა. პ-მა აღნიშნული მოთხოვნით ერთხელ უკვე მიმართა სასამართლოს, რაც გახდა სასამართლოში მსჯელობის საგანი.
შეპასუხების ავტორმა ითხოვა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ბ» პუნქტის თანახმად აღნიშნული საქმის წარმოების შეწყვეტა.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ივლისის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამრათლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
2002წ. 4 სექტემბერს ა. პ-მა დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ.
დაზუსტებულ სარჩელში მოსარჩელემ ითხოვა: 1) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს ეღიარებინა (დაედგინა), რომ რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საკონსულოს ფუნქციები არ გაუქმებულა, ხოლო პირი, რომელიც ასრულებს ამ ფუნქციებს მოქმედი კანონმდებლობით თანამდებობით არის კონსული და შესაბამისად საელჩოს კონსულის ყოფილი თანამდებობა და იმჟამად იმავე საელჩოს უფროსი მრჩევლის (საკონსულო საქმიანობის ხელმძღვანელი და საკონსულო ფუნქციების განმხორციელებელი) თანამდებობები ერთი და იგივეა; 2) საგარეო საქმეთა სამინისტროს 2000წ. 19 სექტემბრის 547/2 ბრძანების ბათილად ცნობა და დაუყოვნებლივ აღდგენა რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველის თანამდებობაზე, რომელსაც დავალებული აქვს საკონსულო საქმიანობის ხელმძღვანელობა და საკონსულო ფუნქციების განხორციელება; 3) დაუყოვნებლივი მივლინება როტაციის წესით რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველის თანამდებობაზე სამუშაოდ, რომელსაც დავალებული აქვს საკონსულო საქმიანობის ხელმძღვანელობა და საკონსულო ფუნქციების განხორციელება.
თბილისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა იშუამდგომლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» პუნქტის თანახმად საქმის წარმოების შეწყვეტა საგარეო საქმეთა მინისტრის 2000წ. 19 სექტემბრის ¹547/2 ბრძანების ბათილად ცნობისა და რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე, რომელსაც დავალებული აქვს საკონსულო საქმიანობის ხელმძღვანელობა და საკონსულო ფუნქციების განხორციელება, დაუყოვნებლივ აღდგენის ნაწილში, რადგანაც არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 11 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. რაც შეეხება სარჩელის აღიარებით ნაწილს, მოპასუხემ თანხმობა განაცხადა ამ ნაწილში ემსჯელა სასამართლოს.
მოპასუხე არ დაეთანხმა შუამდგომლობას, რადგანაც მისი სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების ბათილობას და სამუშაოზე აღდგენას, ემყარებოდა და სხვა საფუძველს, კერძოდ, აღიარებითი სარჩელის საფუძველს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 2 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა: 1) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2000წ. 19 სექტემბრის ¹547/2 ბრძანების ბათილად ცნობას; 2) დაუყოვნებლივ აღდგენას და როტაციის წესით მივლინებას რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე, რომელსაც დავალებული ექნებოდა საკონსულო საქმიანობის ხელმძღვანელობა და საკონსულო ფუნქციების განხორციელება.
აღნიშნულ განჩინებაზე ა. პ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, რომელიც დაემყარა მოსარჩელის იმ არგუმენტს, რომ, რადგანაც მოცემული ადმინისტრაციული საქმის დავის საგანი განსხვავდება მხარეთა შორის არსებული სხვა დავების საგნებისგან, შესაბამისად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2000წ. 19 სექტემბრის ¹547/2 ბრძანების ბათილად ცნობისა და რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს უფროსი .... თანამდებობაზე, რომელსაც დავალებული აქვს საკონსულო საქმიანობის ხელმძღვანელობა და საკონსულო ფუნქციების განხორციელება, აღდგენის თაობაზე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნებს გააჩნიათ სხვა, ახალი საფუძველი, რომლითაც დავა მანამდე არ განხილულა სასამართლოში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი თვლიდა, რომ სასამართლო კოლეგია არ იყო უფლებამოსილი სარჩელის ამ ნაწილში შეეწყვიტა საქმის წარმოება.
კერძო საჩივრის ავტორმა ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 2 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ მოპასუხის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 8 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მოტივაციას, რომ მოსარჩელის მოთხოვნებზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს 2000წ. 19 ოქტომბრის ¹547/2 ბრძანების ბათილად ცნობისა და
რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველის თანამდებობაზე, რომელსაც დავალებული ექნება საკონსულო საქმიანობის ხელმძღვანელობა და საკონსულო ფუნქციების განხორციელება, ა. პ-ის დაუყოვნებლივ აღდგენის შესახებ, იმსჯელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2002წ. 11 თებერვალს გამოტანილ გადაწყვეტილებაში.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მის სასარჩელო მოთხოვნებს გააჩნიათ სხვა, ახალი საფუძველი და ამდენად, სასამართლო კოლეგიას არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლი.
საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ ა. პ-ის მიერ კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ განმარტებაში თავად მოსარჩელე უთითებდა სარჩელის საფუძველზე, რომ საკონსულო ფუნქციების განმხორციელებელი პირი, რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს ... მრჩეველი, ან კონსული უნდა ყოფილიყო ან _ გენერალური კონსული.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 თებერვლის გადაწყვეტილებაში მსჯელობა არის იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს კონსულის თანამდებობის ტოლფასი თანამდებობაა რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩევლის თანამდებობა, რომელსაც «საქართველოს რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულებათა შესახებ» კანონის მე-7 მუხლის თანახმად ეკისრება კონსულის ფუნქციები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლი, რომლის თანახმად გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მოდავე მხარეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტარციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ სამართლებრივი თვალსაზრისით, საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ სწორი განჩინება გამოიტანა და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. პ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 2 ოქტომბრის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
* am saqmesTan dakavSirebiT ix. susg 2002, # 4, samoq., gv. 695-700.