3გ-ად-76-კ-02 5 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: მიწის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ბ. დ-შვილმა სარჩელით მიმართა წყალტუბოს რაიონის სასამართლოს და მიუთითა, რომ მიწის პრივატიზაციის დაწყებისას, მათ კომლს საკარმიდამო ნაკვეთის შევსების მიზნით კუთვნილი ეზოს გაგრძელებაზე მამა-პაპისეული ნაკვეთიდან 3000 კვ.მ მიეზომა. მიუხედავად იმისა, რომ კომლის უფროსის – რ. კ-ძის სახელზე მიწის მიღება-ჩაბარების 1998წ. 25 აპრილის ¹.... აქტი იყო გაცემული, მეზობლად მცხოვრები კომლის წევრები – ნ. ფ-ძე და ო. კ-ძე მოსარჩელეს მიზომილი ფართის სარგებლობაში ხელს უშლიდნენ. მოგვიანებით, მოსარჩელემ სარჩელი დააზუსტა და მოპასუხე ნ. ფ-ძეზე გაცემული 1993წ. 15 ნოემბრის ¹....-ე მიწის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოპასუხე ნ. ფ-ძემ შეგებებული სარჩელი წარადგინა სასამართლოში და მოსარჩელეზე გაცემული 1998წ. 25 აპრილის ¹.... მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მის საკარმიდამო მიწის ნაკვეთს წარმოადგენდა და რეფორმის შედეგად საკუთრების უფლებით მას გადაეცა.
მოპასუხის შუამდგომლობით საქმე განსახილველად ცაგერის რაიონის სასამართლოს დაექვემდებარა, რომელმაც 2001წ. 2 მაისის გადაწყვეტილებით ბ. დ-შვილის სარჩელი და ნ. ფ-ძის შეგებებული სარჩელი დააკმაყოფილა და ბათილად ცნო 1993წ. 15 ნოემბრის ¹..... და 1998წ. 25 აპრილის ¹..... მიწის მიღება-ჩაბარების აქტები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. დ-შვილმა და მისი ბაბუის _ რ. კ-ძის სახელზე გაცემული 1998წ. 25 აპრილის ¹.... აქტის კანონიერად ცნობა მოითხოვა.
სააპელაციო წესით საქმის განხილვისას ნ. ფ-ძემ სასამართლოში შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა და მის სახელზე გაცემული 1993წ. 15 ნოემბრის ¹..... მიწის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ამ აქტის კანონიერად ცნობა მოითხოვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბ. დ-შვილის სააპელაციო საჩივარი, ხოლო ნ. ფ-ძეს შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ფ-ძემ და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და არ გაითვალისწინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი რეფორმამდე ნ. ფ-ძის საკარმიდამო მიწის ნაკვეთს წაარმოადგენდა. მიწის რეფორმის შესახებ მიღებული ნორმატიული აქტებით 1992 წლამდე კანონიერ სარგებლობაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთები აღიარებულ იქნა მფლობელთა საკუთრებად და რადგან კასატორი სადავო საკარმიდამო ნაკვეთს 1978 წლიდან ფლობდა, იგი მის საკუთრებას შეადგენდა. კასატორის მოსაზრებით, მასზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი კანონიერად უნდა ყოფილიყო მიჩნეული, ამასთან, ამ აქტის გაუქმება ხანდაზმულობის გამო სასამართლოს არ შეეძლო.
ბ. დ-შვილმა საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა სასამართლოში, ნორა ფხაკაძის საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია და ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და საფუძვლიანობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობა და თვლის, რომ ნ. ფ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, თბილისის საოლქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს, რის გამოც გადაწყვეტილება ყოველთვის კანონის დარღვევით მიღებულად ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საოლქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას საფუძვლიანად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები და სათანადოდ არ შეაფასა ისინი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ბ. დ-შვილი და მოპასუხე – ნ. ფ-ძე მეორე კატეგორიის კომლს წარმოადგენდნენ და ორივეს 0,75 ჰა მიწის ნაკვეთის ზღვრული ნორმა უნდა მიკუთვნებოდათ. ამასთან, სადავო 0,30 ჰა მიწის ნაკვეთი რეფორმამდე ნ. ფ-ძის საკარმიდამო მიწის ნაკვეთს წარმოადგენდა და ზღვრულ ნორმაზე მეტი არ იყო. საქმეში არ მოიპოვება არანაირი დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ ნ. ფ-ძისათვის სადავო მიწის ნაკვეთი ჩამორთმეული იყო, უფრო მეტიც, იგი დაფიქსირებულია მის 1993წ. 15 ნოემბრის ¹..... მიწის მიღება-ჩაბარების აქტში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლომ დავის განხილვისას არ გამოიყენა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილება, რომლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადავიდა მათ კერძო საკუთრებაში. აღნიშნული განმტკიცებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 6 თებერვლის ¹128 და 1992წ. 10 მარტის ¹290 დადგენილებებით. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 11 თებერვლის ¹166 ბრძანებულებითაც განისაზღვრა, რომ საქართველოს მოქალაქეთა კომლებისათვის, ოჯახებისათვის გაცემული მიწის ნაკვეთები, მათ შორის 1992 წლამდე მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკარმიდამო ნაკვეთები მათ კერძო საკუთრებად იქნა მიჩნეული. ამდენად, სადავო საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 1992 წლიდან ნ. ფ-ძის საკუთრებას წარმოადგენდა და იგი მეორე კატეგორიის კომლისათვის გათვალისწინებულ ზღვრულ ნორმაზე მეტს არ ფლობდა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, თუ რა საფუძვლით შეეძლო მიწის რეფორმის კომისიას ნ. ფ-ძისათვის მის საკუთრებაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ჩამოერთვა და იგი სხვა პირისათვის გადაეცა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საოლქო სასამართლომ განმეორებით მიწის კანონმდებლობის გამოყენებით უნდა იმსჯელოს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიღოს გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ფ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს Qქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.