გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-77-კ-02 3 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
1998წ. 31 მარტს კასატორ _ ... ფონდსა და მოწინააღმდეგე მხარე _ საზოგადოებრივი ... ცენტრს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანი იყო სადეზინფექციო და ეპიდსაწინააღმდეგი ღონისძიებების 1998 წლის სამხარეო პროგრამით გათვალისწინებული სადეზინფექციო საშუალებების შეძენა და შესაბამისი საფასურის დაფარვა. იმავე მხარეებს შორის 1998წ. 3 აპრილს დაიდო მეორე ხელშეკრულება ¹ს/ჯ12, რომლის საგანსაც წარმოადგენდა იმერეთის მხარის მოსახლეობის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა 1998წ. სამხარეო პროგრამით გათვალისწინებული იმერეთის სამხარეო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენახვის ხარჯების დაფარვა. 1999წ. 1 ოქტომბერს მხარეთა შორის დადებულ იქნა მესამე ¹ს/ჯ7 ხელშეკრულებაც. აღნიშნული ხელშეკრულებებით საზოგადოებრივი ... ცენტრი კისრულობდა ვალდებულებას შეესრულებინა გარკვეული სამუშაოები, ხოლო ... ფონდი ვალდებული იყო დაეფინანსებინა იგი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხებით.
თავის მხარივ, საზოგადოებრივი ... ცენტრს ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული თანამშრომლებთან, რომელთა ხელფასი უნდა დაფარულიყო ... ფონდიდან მიღებული სახსრებით.
2000წ. 18 დეკემბერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ლ. შ-ძემ და მიუთითა, რომ 1998-2000 წლებში მათი ორგანიზაციის მიერ შესრულებულ იქნა ხელშეკრულებებით და პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები, რის გამოც ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებისათვის მოპასუხეს მათ მიმართ აქვს დავალიანება 47306 ლარის ოდენობით, ნაცვლად მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული და ურთიერთშედარების აქტებით დაფიქსირებული 86246 ლარისა. პროგრამით გათვალისწინებული და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების სხვაობა განაპირობა დეფიციტურმა და არასტაბილურმა დაფინანსებამ. მოპასუხისაგან თანხების მიუღებლობის გამო, ცენტრი ვერ უხდის სახელფასო დავალიანებას თავის თანამშრომლებს და მოსარჩელემ ჯანდაცვის სამხარეო ფონდისაგან მოითხოვა 47306 ლარის გადახდა.
მოპასუხემ _ ... ფონდმა არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის თნახმად, მათ დაფინანსება უნდა მიეღოთ ქუთაისის საფინანსო განყოფილებიდან. მაგრამ საფინანსო განყოფილებიდან თანხის მიღება ხდებოდა არასრულად და ისიც მხოლოს «ჩათვლის" წესით, რამაც წარმოშვა დავალიანება მოსარჩელის მიმართ. ამის გამო, მოპასუხე უნდა იყოს არა ... ფონდი, არამედ ქუთაისის მერიის საფინანსო სამმართველო. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნლი თანხა არ ემთხვევა შედარების აქტებით დაფიქსირებულ თანხას, რომლის მიხედვითაც მათი დავალიანება მოსარჩელისადმი შეადგენს არა 47306 ლარს, არამედ 44306 ლარს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ სამხარეო ფონდის შუამდგომლობის საფუძველზე საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმულ იქნა ქუთაისის საფინანსო სამმართველო. მისმა წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ისინი სათანადოდ აფინანსებდნენ ... ფონდს, რომელიც თვითონვე იყო პასუხისმგებელი გადარიცხული თანხების მიზანმიმართულ განაწილებასა და მართვაზე. ამ პროცესში სამმართველო არ ერეოდა. «ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ამ თანხებით ჯერ უნდა გაცემულიყო სახელფასო დავალიანება და შემდეგ სხვა დავალიანებები. ამასთან, შრომის ხელშეკრულება გაფორმებულია მოსარჩელესა და ... ფონდს შორის, რის გამოც მოცემულ დავაში ისინი წარმოადგენენ არსათანადო მოპასუხეს.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა 44306 ლარის გადახდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და ქუთაისის მერიის საფინანსო განყოფილებას საზოგადოებრივი ... ცენტრის სასარგებლოდ დაეკისრა 44268 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც საფინანსო სამმართველომ, ასევე მოსარჩელემ. მოსარჩელე არ დაეთანხმა თანხის დაკისრებას საფინანსო სამმართველოსათვის, რადგან ეს გამოიწვევს თანხის ამოღების გაჭიანურებას, რასაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში მოჰყვება სერიოზული გართულებები. მოსარჩელემ _ საზოგადოებრივი ... ცენტრმა თანხის დაკისრება მოითხოვა თავდაპირველი მოპასუხე _ ... ფონდისაგან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და ... ფონდს საზოგადოებრივი ... ცენტრის სასარგებლოდ დაეკისრა 44268 ლარის დავალიანების გადახდა, ხოლო ქუთაისის საფინანსო სამმართველო ცნობილ იქნა არასათანადო მოპასუხედ. ამასთან, საოლქო სასამართლომ აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე გადაწყვეტილება მიაქცია დაუყოვნებლივ აღსასრულებად.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეში ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს ... ცენტრი. ქუთაისის საფინანსო სამმართველოს მოსარჩელესთან არანირი ხელშეკრულება დადებული არა აქვს. სამმართველოს ხელშეკრულება დადებული აქვს მხოლოდ ... ფონდთან, რომელთა შორის ურთიერთობა რეგულირდება კანონის საფუძველზე. მართალია, ქუთაისის საფინანსო სამმართველოს გააჩნია დავალიანება ... ფონდთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საფინანსო სამმართველოს დაეკისროს თანხის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. გადახდის მოვალეობა ეკისრება ... ფონდს, ხოლო თავის მხრივ, მას უფლება აქვს სარჩელი აღძრას ქუთაისის მერიის მიმართ, რომლის განყოფილებასაც წარმოადგენს ქუთაისის საფინანსო სამმართველო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს ... ფონდი, რომელიც საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას ითხოვს შემდეგი მოტივით:
1. ... ფონდმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 1998-2000 წლებში საფინანსო განყოფილებიდან მათ დააკლდათ 367000 ლარი, რამაც გამოიწვია დავალიანება მოსარჩელის მიმართ. ამის გამო სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკისრა მათ თანხის გადახდა და დავალიანების გადახდა უნდა დაეკისროს მერიის საფინანსო სამმართველოს;
2. კასატორის აზრით, რადგან ... ფონდი საზოგადოებრივი ... ცენტრი და ქუთაისის საფინანსო სამმართველო წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ამიტომ საოლქო სასამართლოს საქმე უნდა განეხილა არა სამოქალაქო საპროცესო, არამედ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
მოწინააღმდეგე მხარეების _ საზოგადოებრივი ... ცენტრისა და ქუთაისის საფინანსო სამმართველოს წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი უსაფუძლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნეს, ითხოვენ მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გადაწყვეტილებების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ... ფონდის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. მოსარჩელე _ საზოგადოებრივი ... ცენტრი კასატორი (მოპასუხე) _ ... ფონდისაგან 1998წ. 31 მარტს, 3 აპრილსა და 1999წ. 1 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე ითხოვს დავალინების დაფარვას. აღნიშნული ხელშეკრულებების მხარეები არიან ... ცენტრი და ... ფონდი, ქ. ქუთაისის მერიის საფინანსო სამმართველო ხელშეკრულებების კოტრაჰენტი (მხარე) არ არის;
2. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების 2.3.1 პუნქტის მიხედვით, კასატორი _ ფონდი «მოვალეა იკისროს პროგრამით განსაზღვრული სადეზინფექციო საშუალებების შეძენის დაფინანსება მხოლოდ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, ფონდში სათანადო სახსრების აკუმულირების შემთხვევაში"; 2.3.3 მუხლით კი ფონდი მოვალეა «დადგენილი წესითა და განსაზღვულ ვადებში შესრულებული სამუშაოს დამადასტურებული საფინანსო დოკუმენტაციის წარმოდგენისთანავე მოამზადოს საგადასახადო დავალება საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, რომლითაც მოხდება სამუშაოს ანაზღაურება საბანკო გადარიცხვის წესით, ფონდის ფინანსური შესაძლებლობის მიხედვით".
ამდენად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების 2.3.1 და 2.3.3 მუხლები ფონდს ნათლად აკისრებენ პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების განსახორციელებლად ცენტრის დაფინანსების ვალდებულებას.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 316-ე მუხლის თანხამად, კრედიტორი (ცენტრი) უფლებამოსილია მოსთხოვოს ფონდს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება _ პროგრამების დაფინანსება. კასატორი არ დავობს და პრეტენზიას არ უყენებს მოსარჩელე _ ცენტრს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებობაზე ან არაჯეროვან შესრულებაზე, სადეზინფექციო სამუშაოების ჩაუტარებლობაზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლვათა ცენტრის 2001წ. 22 ივნისის ¹103/17 ექსპერტის დასკვნაც ადატურებს, რომ მოსარჩელეს 1998-2000წ.წ. შესრულებული აქვს 110227 ლარის ღირებულების ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ჯანდაცვის პროგრამის სამუშაოები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებისა და შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურების მოვალეობა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ეკირება ფონდს და ცენტრის მხრიდან ფონდისათვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნა კანონიერია, უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პროგრამების დაფინანსების მოთხოვნის უფლება ცენტრს ქუთაისის მერიის საფინანსო სამმართველოს მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, არ გააჩნია ხელშეკრულების არარსებობის გამო, ამიტომ კონკრეტულ დავაში საფინანსო სამმართველო ცენტრის მიმართ არასათანადიო მოპასუხეა და სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ცენტრის სასარგებლოდ დავალიანების თანხების ქუთაისის მერიისათვის დაკისრების გაუქმების ნაწილში კანონიერია.
მართალია, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებობა, მაგრამ გარდა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებისა, კასატორი _ ფონდის მოვალეობა ცენტრის დაფინანსებაზე და შესაბამისად შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებაზე გათვალისწინებულია ასევე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. კერძოდ, «საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეორგანიზაციის შედეგებისა და მისი სრულყოფის შესახებ” საქარათველოს პრეზიდენტის 1999წ. ¹834 განკარგულების მე-2 მუხლის «გ" პუნქტი იმპერატიულად კრძალავს ჯანდაცვის სამხარეო ფონდის (კასატორის) გვერდის ავლით უშუალოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან (ქ. ქუთაისის მერიის საფინანსო სამმართველოდან) ჯანდაცვის ღონისძიებების დაფინანსებას, ხოლო იმერეთის მხარეში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 1999წ. ¹76ა განკარგულებაც ნათლად განსაზღვრავს, რომ ... პროგრამები ფინანსდება კონკრეტულად კასატორის _ ... ფონდიდან;
3. წარმოდგენილი ხელშეკრულებების მიხედვით ფონდი მოვალე იყო ცენტრის დაფინანსება განეხორციელებინა ფონდის სათანადო სახსრების აკუმულირების შემთხვევაში (2.3.1 პუნქტი), საქართველოს პრეზიდენტის ¹834 განკარგულების მე-2 მუხლის «ა" «,ბ" პუნქტებით და იმერეთის მხარეში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ¹76ა განაკრგულებაც აკისრებდა ქუთაისის მერიას ჯანდაცვის სამხარეო პროგრამის განსახორციელებლად ... ფონდის დაფინანსებასა და დაფინანსებაში არსებული ჩამორჩენის ლიკვიდაციას, მაგრამ საკასაციო პალატის აზრით, სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე მუხლებიდან გამომდინარე, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გახდეს ცენტრის მიმართ სადავო დავალიანების ანაზღაურების ქუთაისის მერიისათვის გადაკისრების საფუძველი, რადგან მერია სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფება უშუალოდ ცენტრთან და შესაბამისად არც რაიმე სახელშეკრულებო ვალდებულება გააჩნია.
ცენტრსა და ფონდს შორის არსებული ხელშეკრულება, საკასაციო პალატის აზრით, სამართლებრივად არც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლით გათვალისწინებულ გარიგებას წარმოადგენს და ცენტრის სასარგებლოდ სადავო დავალიანების გადახდის (დაფინანსების) ვალდებულებას ვერ წარმოშობს ქუთაისის მერიისათვის, ვინადიან არ არსებობს მესამე პირის _ მერიის წერილობითი თანხმობა ამგვარ გარიგებაში მონაწილეობასა და ვალდებულების აღებაზე. მართალია, ფონდის მხრიდან ცენტრისათვის დაფინანსებაში დავალიანება თავის მხრივ განაპირობა ქუთაისის მერიის მიერ ფონდის არასტაბილურმა დაფინანსებამ, მაგრამ ქუთაისის მერიასა და ფონდს შორის სამართლებრივი ურთიერთობა, შეფერხებები დაფინასებაში წარმოადგენს ცალკე დავის საგანს, რომელიც ცალკე სასარჩელო წარმოებით უნდა იქნეს განხილული, ამიტომ მერიის მიერ ფონდის არასტაბილური დაფინასება არ შეიძლება გახდეს ცენტრის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ვალდებულების მერიისათვის გადაკისრების საფუძველი, საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკამყოფილდეს;
4. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივარში მითითებულ პროცესუალურ დარღვევას, თითქოს წინამდებარე ადმინისტრაციული დავა განსჯადობის დარღვევით განიხილა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ, რაც უსაფუძვლოა, რადგან აღნიშნულ საქმეზე ქუთაისის მერიის საფინანსო სამმართველოსა და ცენტრის სააპელაციო საჩივარი 2001წ. 16 და 27 ნოემბრის განჩინებით წარმოებაში მიღებული აქვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას და სააპელაციო წარმოება მიმდინარეობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად, გადაწყვეტილებაც მისი გათვალისწინებითაა გამოტანილი, ამიტომ საკასაციო საჩივრის აღნიშნულ მოტივს პალატა უსაფუძვლობის გამო არ ეთანხმება, თვლის, რომ კასაციაში მითითებულ პროცესუალურ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ადმინისტრაციული დავა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის გათვალისწინებით განიხილა განსჯადმა სასამართლომ _ ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ.
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, ... ფონდის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ... ფონდის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. ... ფონდს საკასაციი საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 1768 ლარის გადახდა;
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.