3გ-ად-78-კ-02 4 სექტემბერი, 2002 წ. ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა შემადგენლობა:
ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: დავალიანებიდან წარმოშობილი თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2000 წლის 20 მარტს აჭარის ა\რ საბაჟო დეპარტამენტმა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში შპს «ა-ის» მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1997 წლის სექტემბრიდან შპს «კ-ს» სახელმწიფო კომპანია «ს-სთან» საბიუჯეტო თანხების ურთიერთჩათვლის ნიადაგზე აჭარის ა\რ საბაჟო დეპარტამენტთან წარმოეშვა დავალიანება 314153,83 ლარის ოდენობით. სახელმწიფო კომპანია «ს-ს» 1997 წლის 3 სექტემბრის ¹10-22\1684 წერილის თანახმად ელექტროენერგიის გადაცემისა და რეალიზაციის აჭარის დირექციას აჭარის ა\რ საბაჟო დეპარტამენტისთვის 1997 წლის ბოლომდე ზემოთ აღნიშნული თანხიდან ეტაპობრივად თვეში 100000 ლარი უნდა ჩაერიცხა.
მოსარჩელის განმარტებით, 1997 წლის 29 სექტემბერს მოპასუხემ სკბ «შ-ს» წარუდგინა საგადასახადო დავალება აჭარის ა\რ საბაჟო დეპარტამენტისათვის 93539,29 ლარის ჩარიცხვის თაობაზე, მაგრამ თანხა აჭარის ა\რ საბაჟო დეპარტამენტის ანგარიშზე არ ჩარიცხულა. სკბ «შ-ის» მიერ მოსარჩელისათვის გაგზავნილი წერილის თანახმად, ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე თანხის არარსებობის გამო საგადასახადო დავალება ვერ შესრულდა, რისთვისაც იგი აღდგა აჭარის ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის აჭარის დირექციის საანგარიშსწორებო ანგარიშზე.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხებოდა 140000 ლარის დავალიანება.
მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ზემოთ აღნიშნული თანხების დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 18 მაისის განჩინებით მოპასუხის მხარეზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაება შპს «კ.».
2000 წლის 7 ივლისს აჭარის ა\რ საბაჟო დეპარტამენტმა დამატებითი სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე შპს «ა-ის» მიმართ.
დამატებით სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1997 წელს შპს «კ-მ» ქ. ბათუმის საბაჟო ტერიტორიაზე შეიტანა სხვადასხვა სახის საქონელი, რომლის საბაჟო გადასახადების გადახდა იკისრა სახელმწიფო კომპანია «ს-მ». საერთო დავალიანება შეადგენდა 314153,83 ლარს. «ს-ს» 1997 წლის 3 სექტემბრის ¹10-22\1684 წერილის თანახმად ელექტროენერგიის გადაცემისა და რეალიზაციის აჭარის დირექციამ იკისრა ვალდებულება, აჭარის ა\რ საბაჟო დეპარტამენტისათვის 1997 წლის ბოლომდე ეტაპობრივად ყოველ თვეში ჩაერიცხა 100000 ლარი, მაგრამ აღნიშნული თანხა არ გადაუხდია.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის თანახმად 1997 წლის ბოლოდან გადასახდელ 314153,83 ლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა დარიცხვოდა 0,2% საურავი, რის გამოც სარჩელის სასამართლოში შეტანის დროისათვის აჭარის ა\რ საბაჟო დეპარტამენტთან არსებულმა დავალიანებამ შეადგინა 499000 ლარი.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ, მართალია, 2000 წლის თებერვალში «ს-ს» ფილიალ «ელექტროენერგიის გადაცემისა და რეალიზაციის აჭარის დირექციას გამოეყო და ცალკე რეგისტრაციაში გატარდა შპს «ა-ა», მაგრამ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 თებერვლის ¹177 განკარგულებით მას გადაეცა 35 კვ და 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები, რომლებიც ეკუთვნოდა «ს-ს». მოსარჩელის განმარტებით, «მეწარმეთა შესახებ» კანონის 14.6 მუხლის თანახმად შპს «ა-ა» უნდა ჩათვლილიყო «ს-ს» უფლებამონაცვლედ.
მოსარჩელემ ითხოვა მოპასუხე შპს «ა-ას» დაკისრებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 499000 ლარის გადახდა აჭარის ა\რ საბაჟო დეპარტამენტისათვის.
შემდგომში აჭარის ა\რ საბაჟო დეპრატამენტმა დააზუსტა დამატებითი სარჩელი და აღნიშნა, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ აიღო ვალდებულება 140000 და 93534,29 ლარის, სულ _ 233534,29 ლარის გადახდაზე. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღნიშნულ თანხაზე 0,2% საურავის დარიცხვამ შეადგინა 378325,08 ლარი, ანუ მოპასუხის მთლიანი დავალიანება მოსარჩელის მიმართ გახდა 611859,37 ლარი. მოსარჩელე კი ითხოვდა მოპასუხისათვის მხოლოდ 499000 ლარის ანაზღაურების დაკისრებას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 25 სექტემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში მოპასუხეებად ჩაებნენ სს «ე.» და შპს «ს. _ 2000», ხოლო შპს «კ.» მოცემულ საქმიდან ამოირიცხა.
მოპასუხე შპს «ა-ამ» სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი შეიქმნა აჭარის ა\რ მინისტრთა საბჭოს 2000 წლის 10 იანვრის დადგენილებისა და აჭარის ა\რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 14 თებერვლის ¹1-5\25 ბრძანების საფუძველზე. აღნიშნული საწარმოს დამფუძნებელია აჭარის ა\რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო. მოპასუხის განმარტებით, აჭარის ა\რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 14 თებერვლის ¹1-5\25 ბრძანებასა და შპს «ა-ის» წესდებაში აღნიშნულია, რომ ეს საწარმო შეიქმნა ქ. ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს მუნიციპალური ენერგოკომპანიების ბაზაზე და არის მათი სამართალმემკვიდრე. მოპასუხე აღნიშნავდა, რომ არც ერთ სადამფუძნებლო დოკუმენტში არ არის მითითებული, რომ შპს «ა-ა» იყო სახელმწიფო ენერგოკომპანია «ს-ს» და მისი ფილიალის _ «ელექტოენერგიის გადაცემისა და რეალიზაციის აჭარის დირექციის»_ სამართალმემკვიდრე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე შპს «ა-ამ» ითხოვა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის თანხმობით მოცემულ საქმეში ცნობილი ყოფილიყო არასათანადო მოპასუხედ, ხოლო აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელის უარის შემთხვევაში, არ დაკმაყოფილებულიყო სარჩელი.
მეორე მოპასუხემ, სს «ე-მ», სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სს «ე.» შეიქმნა საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის 1997 წლის 1 დეკემბრის ბრძანებით და რეგისტრაციაში გატარდა ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოში ჯერ როგორც «ენერგეტიკის ელექტროგადამცემ ნაგებობათა საწარმო», შემდეგ, 1998 წლის 12 მაისს, _ როგორც «სახელმწიფო კომპანია ე.», ხოლო ბოლოს, 1999 წლის 10 სექტემბერს_ როგორც სს «ე-».
2001წ. 5 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა აღნიშნული საქმე და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც აჭარის ა\რ საბაჟო დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს «ა-ას», შპს «ს- 2000»-სსა და სს «ე-ს» სოლიდარულად დაეკისრათ 499000 ლარის გადახდა აჭარის ა\რ საბაჟო დეპარტამენტის სასარგებლოდ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხოლოდ შპს «ა-ამ» და სს «ე-მ».
საქმე რამდენჯერმე განიხილეს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებმა.
ბოლოს, აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 14 იანვრის განჩინებით შპს «ა-ისა» და სს «ე-ის» სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრები შეიტანეს შპს «ა-ამ» და სს «ე-მ».
მეორე მოპასუხის განმარტებით, «ს-ს» გენერალური დირექტორის 1998 წლის 20 იანვრის ბრძანებით მას გადაეცა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საქსელო საწარმოები, მათ შორის _ ელექტროენერგიის გადაცემისა და რეალიზაციის აჭარის საქსელო საწარმო მხოლოდ საქსელო მეურნეობის ნაწილში. შპს «ა-ის» დაფუძნების შემდეგ სს «ე-მ» 2000 წლის 15 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად შპს «ა-ას» გადასცა 24281166 ლარის მატერიალური ფასეულობა, რაც შევიდა აღნიშნული საწარმოს საწესდებო კაპიტალში. მეორე მოპასუხის განმარტებით, შპს «ა-ის» საწესდებო კაპიტალში შესვლამდე მითითებული მატერიალური ფასეულობა, წარმოადგენდა ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის აჭარის გაერთიანებული დირექციის საკუთრებას.
გარდა ამისა, მოპასუხემ აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 22 თებერვლის ბრძანებით დაფუძნდა და კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ რეგისტრაციაში გატარდა შპს «ს.-2000», რომელიც წესდების შესაბამისად წარმოადგენს სახაზინო საწარმო «ს-ს» უფლებამონაცვლეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სს «ე-» თვლიდა, რომ აჭარის ა\რ დეპარტამენტის მითითებულ ვალდებულებებზე მას არ შეიძლებოდა, დაკისრებოდა პასუხისმგებლობა.
შპს «ა-ა» საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა («მეწარმეთა შესახებ» კანონის 14.6 მუხლი), არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა (საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მე-8, მე-9 პუნქტები, «საბაჟო ტარიფისა და გადასახადების შესახებ» კანონის მე-8 მუხლი) და არასწორად განმარტა კანონი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა და დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რაც გახდა მოცემულ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.
შპს «ა-ამ» საკასაციო საჩივარში ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2002 წლის 14 იანვრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც აჭარის ა\რ საბაჟო დეპარტამენტს უარი ეთქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
მეორე კასატორი, სს «ე-ც» ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2002 წლის 14 იანვრის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმას იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად კასაციის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის მე-6, 24-ე, 27-ე, 28-ე, 316-ე, 317-ე მუხლები, «მეწარმეთა შესახებ» კანონის მე-16 მუხლი, საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მე-9 ნაწილი, საბაჟო კოდექსის 74-ე მუხლი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8, მე-9, 65-ე, 66-ე მუხლები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-4 მუხლები, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებისა და საკასაციო საჩივრების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ელექტროენერგიის გადაცემისა და რეალიზაციის აჭარის დირექციისადმი სახელმწიფო კომპანია «ს-ს» მიერ 1997 წლის 3 სექტემბერს გაგზავნილი ¹10-22\1684 წერილის თანახმად 1997 წლის 24 ივნისისათვის შპს «კ-ს» გააჩნდა 800000 ლარის აქტივი სახელმწიფო კომპანია «ს-ს» მიმართ. ამავე წერილით ელექტროენერგიის გადაცემისა და რეალიზაციის აჭარის დირექციას ეთხოვა, აჭარაში მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის მომხმარებლებიდან ამოღებული თანხების ეტაპობრივად (ყოველთვიურად საშუალოდ 100000 ლარი) ჩარიცხვა შპს «კ-სთვის», რაც დამადასტურებელი საბუთების წარდგენის შემდეგ რეგიონს ჩაეთვლებოდა მიმდინარე თვეების გადახდაში, «ს-ს» კი შესრულებული ექნებოდა ვალდებულებები შპს «კ-ს» მიმართ (ს.ფ. 352).
სახელმწიფო კომპანია «ს-მ» ელექტროენერგიის გადაცემისა და რეალიზაციის აჭარის დირექციას, შპს «კ-სა» და ქ. ბათუმის საბაჟოს 1997 წლის 3 დეკემბერს ¹10-06\43-2530 ცნობით შეატყობინა, რომ 1997 წლის ნოემბერში ჩათვლილი იქნებოდა 140000 ლარი, ხოლო 93534,29 ლარი კი უკვე ჩათვლილი იყო 1997 წლის სექტემბერში (ს.ფ. 42).
სახელმწიფო კომპანია «ს-მ» ელექტროენერგიის გადაცემისა და რეალიზაციის აჭარის დირექციას 1998 წლის 16 აპრილს გაუგზავნა ¹02-03/-416-1067 წერილი, რომლითაც ამ უკანასკნელს სთხოვა «ს-ს» ურთიერთჩათვლებისა და ბარტერული ოპერაციების განხილვის მუდმივმოქმედი კომისიის 1998 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების (ოქმი ¹27 პ.14) საფუძველზე ა-ებიდან შპს «კ-სათვის» 140000 ლარის ეტაპობრივად გადარიცხვა (ს.ფ. 5).
შპს «კ.» ელექტროენერგიის გადაცემისა და რეალიზაციის აჭარის დირექციისადმი 1998 წლის 15 აპრილს გაგზავნილ წერილში ამ უკანასკნელს სთხოვს, მათ შორის შეთანხმების საფუძველზე ზემოთ აღნიშნული 140000 ლარის გადარიცხვას ბათუმის რეგიონალური საბაჟოსათვის (ს.ფ. 6).
სკბ «შ-ის» მიერ აჭარის ა\რ საბაჟო დეპარტამენტისადმი 1999 წლის 1 აპრილს გაგზავნილი ¹1-10\108 წერილში აღნიშნულია, რომ აჭარის ელექტროენერგიის გადაცემისა და რეალიზაციის დირექციის მიერ აჭარის ა\რ საბაჟო დეპარტამენტისათვის გადასარიცხი 93534,29 ლარი, რომელიც ჩამოეწერა ანგარიშიდან 1997 წლის 29 სექტემბერს, არ გადაირიცხა საკორესპონდენტო ანგარიშზე თანხის უქონლობის გამო და აღნიშნული თანხა 1997 წლის 31 დეკემბერს აღდგა აჭარის ელექტროენერგიის გადაცემისა და რეალიზაციის ანგარიშზე (ს.ფ. 7).
სახელმწიფო კომპანია «ს-ს» ფილიალის «ელექტროენერგიის გადაცემისა და რეალიზაციის აჭარის დირექციის მიერ ქ. ბათუმის საბაჟო სამმართველოსადმი 1999 წლის 2 ივნისს გაგზავნილი ¹234 წერილ.ნ ირკვევა, რომ შპს «კ-ს» დავალიანება _ 140000 ლარი _ «ს-ს» აჭარის ფილიალის მიერ გადახდილი იქნებოდა 1999 წლის ბოლომდე შესაძლებლობის ფარგლებში. (ს.ფ. 40).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის მასალებით უტყუარად არის დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სახელმწიფო კომპანია «ს-ს» გააჩნდა დავალიანება შპს «კ-ს» მიმართ. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის პერიოდში მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 206-ე მუხლის თანახმად კრედიტორს, კონკრეტულ შემთხვევაში _ შპს «კ-ს», უფლება ჰქონდა ვალის გადახდევინების თაობაზე მოთხოვნა დაეთმო სხვა პირისათვის, ანუ აჭარის ა\რ საბაჟო სამსახურისათვის, ვინაიდან ეს დათმობა არ ეწინააღმდეგებოდა არც მოქმედ კანონმდებლობას და არც მხარეთა შორის არსებულ გარიგებას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 153-ე მუხლის თანახმად კრედიტორს, კონკრეტულ შემთხვევაში უკვე აჭარის ა\რ საბაჟო სამსახურს, უფლება ჰქონდა, მოეთხოვა მოვალე სახელმწიფო კომპანია «ს-სათვის» დავალიანების გადახდა.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების შპს «ა-ისა» და სს «ე-ის» განმარტებებს, რომ ისინი არ არიან სახელმწიფო კომპანია «ს-ს» უფლებამონაცვლეები.
აჭარის ა\რ რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ 2000 წლის 10 იანვარს გამოსცა ¹1 დადგენილება, რომელშიც აღნიშნულია, რომ «დაბალი ძაბვის ელექტროქსელების ადგილობრივი მართვის ორგანოების დაქვემდებარებაში გადაცემის შესახებ» აჭარის ა\რ მინისტრთა საბჭოს 1996 წლის 28 ივნისის დადგენილებით ქ. ბათუმში, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონებში «ს-ს» აჭარის ფილიალ.ნ გადაცემული ქონების ბაზაზე შეიქმნა მუნიციპალური ენერგოკომპანიები, რომლებსაც ევალებოდათ ელექტროენერგიის შესყიდვა, მომხმარებლისათვის მიწოდება, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღება და დაბალი ძაბვის ელექტროქსელების ესპლუატაცია.
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 დეკემბრის ¹1488 განკარგულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით და იმის გამო, რომ ზემოთ აღნიშნულმა ენერგოკომპანიებმა ვერ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობები, აჭარის ა\რ მინისტრთა საბჭოს 2000 წლის 10 იანვრის ¹1 დადგენილებით აჭარის ა\რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დაევალა ქ. ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს სახელმწიფო ენერგოკომპანიების ბალანსზე რიცხული ქონების ბაზაზე 2000 წლის 15 იანვრამდე ასპროცენტიანი სახელმწიფო წილით შპს «ა-ის» დაფუძნება.
აჭარის ა\რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 14 თებერვლის ¹1-5/25 ბრძანებით ქ. ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს მუნიციპალური ენერგოკომპანიების ბაზაზე დაფუძნდა შპს «ა-ა» საწესდებო კაპიტალში არსებული ასპროცენტიანი სახელმწიფო წილით.
შპს «ა-ის» წესდების 1.2 პუნქტის თანახმად აღნიშნული საწარმო წარმოადგენს ქ. ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალური ენერგოკომპანიების სამართალმემკვიდრეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს «ა-ა» ითვლება სახელმწიფო კომპანია «ს-ს» აჭარის ფილიალის უფლებამონაცვლედ, ვინაიდან ქ. ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალური ენერგოკომპანიები შეიქმნენ სახელმწიფო კომპანია «ს-ს» აჭარის ფილიალ.ნ გაცემული ქონების ბაზაზე, ხოლო შპს «ა-ა» წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული მუნიციპალური ენერგოკომპანიების სამართალმემკვიდრეს.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, აგრეთვე, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 10 სექტემბრის დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა სს «ე-», რომელსაც სახელმწიფო კომპანია «ს-ს» დირექტორის 1998 წლის 20 იანვრის ბრძანებით გადაეცა საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე საქსელო საწარმოები, მათ შორის ელექტროენერგიის გადაცემის აჭარის საქსელო საწარმო მხოლოდ საქსელო მეურნეობის ნაწილში.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს «ე-ც» დაფუძნდა სახელმწიფო კომპანია «ს-ს» გარკვეული ქონების ბაზაზე, რაც მისი უფლებამონაცვლეობის საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს «ა-ისა» და სს «ე-ის» საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს «ა-ისა» და სს «ე-ის» საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 14 იანვრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.