Facebook Twitter

3გ-ად-79-კ-02 31 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: ხელშეკრულების შეუსრულებლობით წარმოშობილი დავალიანების და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციასა და შპს «23მაისს» შორის 12.01.98წ. გაფორმდა ხელშეკრულება ¹41/98 «რადიოსამაუწყებლო ტექნიკური საშუალებების მეშვეობით საქტელერადიო კორპორაციის რადიოპროგრამების გავრცელების შესახებ 1998 წლის განმავლობაში». შპს «.. ..-მა» 2000 წლის სექტემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სსიპ «საქართველოს ტელემაუწყებლობის» მიმართ და მიუთითა, რომ მოსარჩელემ მთლიანად შეასრულა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობები, ხოლო მოპასუხემ გათვალისწინებული თანხა არ გადაიხადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა «საქართველოს ტელერადიო კორპორაციისათვის» ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულების და პროცენტის გადახდის დაკისრება. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 27.09.2000წ. განჩინებით შპს «.. ..-ის» სარჩელი დარჩა უმოძრაოდ, ხოლო შემდეგ, ხარვეზის შეუვსებლობის (სახელმწიფო ბაჟის გადაუხდებლობის) გამო, სარჩელი დაუბრუნდა მოსარჩელეს.

შპს «.. ..-ს» და ლ. გ-შვილს შორის დაიდო «მოთხოვნის დათმობის» ხელშეკრულება, რის შემდეგაც ლ.გ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სსიპ «საქართველოს ტელემაუწყებლობისათვის» 12.01.98წ. ¹4198 ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის 776 696 ლარის დაკისრება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 06.02.02წ. გადაწყვეტილებით ლ. გ-შვილს მთლიანად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სასამრთლო კოლეგიამ მიუთითა, რომ შპს «.. ..-ი» შექმნილია «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის საფუძველზე და რეგისტრირებულია ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში. 23.04.01წ. სამეწარმეო რეესტრში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, საზოგადოების პარტნიორები არიან ფიზიკური პირები: ჯ. ვ-ძე, ზ. ჯ-ელი და ა. შ-შვილი, ხოლო საზოგადოების დირექტორი – მ. ჯ-შვილი. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ მოთხოვნის დათმობისას ხელშეკრულება გაფორმებულია «მეწარმეთა შესახებ» კანონის 47.4 მუხლის და წესდების 7.5 პუნქტის დარღვევით, ვინაიდან მოთხოვნის დათმობის თაობაზე პარტნიორთა კრებას გადაწყვეტილება არ მიუღია. პარტნიორების მიერ აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა სასამართლო კოლეგიის აზრით არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებად, ამასთანავე, ხელმოწერები ხელშეკრულებაზე არ არის დამოწმებული ნოტარიულად. სასამართლო კოლეგიამ ასევე განმარტა, რომ «მოთხოვნის დათმობის» ხელშეკრულება არ არის დათარიღებული, მითითებული არ არის წელი და რიცხვი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ლ.გ-შვილს არ ჰქონდა მოთხოვნის უფლება.

სასამართლო კოლეგიის 06.02.02წ. გადაწყვეტილება საკასაიცო წესით გაასაჩივრა ლ.გ-შვილმა. კასატორმა მიუთითა, რომ კოლეგიის გადაწყვეტილება არის უკანონო, ვინაიდან მიღებულია საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება დადებული იყო კანონით გათვალისწინებული ფორმის დაუცველად და იგი არავითარ სამართლებრივ საფუძველს არ წარმოშობდა, რითაც კასატორის აზრით, იგი ფაქტიურად ცნობილი იქნა არასათანადო მხარედ. კასატორმა განმარტა, რომ სასამართლო კოლეგიას უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლი და შეეცვალა იგი სათანადო მოსარჩელით, სასამართლომ კი განიხილა საქმე არსებითად და უარი თქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 06.02.02წ. გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება იმავე სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამე, რომ საკასაიცო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის I ნაწილის თანახმად სასამართლო, რომელიც საქმის განხილვის დროს დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, შეუძლია მოსარჩელის თანხმობით საქმის შეუწყვეტლად შეცვალოს თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით. ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით დადგენილია არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლის, არასათანადო მოსარჩელისათვის სარჩელზე უარის თქმის წესი. საოლქო სასამართლო კოლეგიამ 06.02.02წ. გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას საფუძვლად დაედო ის, რომ შპს «.. ..-ს» და ლ.გ-შვილს შორის დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას («მეწარმეთა შესახებ» კანონის 47.4 მუხლის, სსკ 58-ე, 198-ე მუხლებს), საზოგადოების წესდების (7.5 პ.) მოთხოვნებს, რის გამო ხელშეკრულებას არ შეეძლო მოთხოვნის რაიმე სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობა. 06.02.02წ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში გაანგარიშებულია არა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციასა და შპს «.. ..-ს» შორის 12.01.98წ. დადებული ¹41/98 ხელშეკრულება «რადიოსამაუწყებლო ტექნიკური საშუალებების მეშვეობით საქტელერადიოკორპორაციის რადიოპროგრამების გავრცელების შესახებ 1998 წლის განმავლობაში», არამედ შპს «.. ..-სა» და ლ.გ-შვილს შორის დადებული მოთხოვნების დათმობის ხელშეკრულება. კანონმდებლობის მოთხოვნებთან უკანასკნელის შეუსაბამობა წარმოადგენდა სარჩელზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველს, ვინაიდან კოლეგიამ არ იქონია მჯელობა არსებითად სადავო ურთიერთობებზე. ამდენად, საკასაციო კოლეგიამ ფაქტიურად არასათანადო მოსარჩელედ სცნო ლ.გ-შვილი. ამასთანავე, კოლეგიამ მიიღო ზომები პროცესში სათანადო მოსარჩელის ჩართვაზე, რაც შესაძლებელი იყო არასათანადო მოსარჩელის პროცესიდან გასვლის თანხმობის და არასათანადო მოსარჩელის პროცესში შესვლის თანხმობის შემთხვევაში. სასამართლო კოლეგია საქმის განხილვისას მიიჩნია რა რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, სსკ-ს 84-ე მუხლის თანახმად ვალდებული იყო მიეცა მოსარჩელისათვის წინადადება საქმის შეუწყვეტლად მისი სათანადო მოსარჩელით შეცვლაზე და საქმე განეხილა არსებითად (მანამდე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო 27.09.2000წ. განჩინებით შპს «.. ..-ის» სარჩელის უმოძრაოდ დატოვება და შემდგომში ხარვეზის შეუვსებლობის გამო სარჩელის დაბრუნება არ ართმევდა შპს «.. ..-ს» საქმეში ჩაბმის, ხელახალი სარჩელის წარდგენის უფლებას). შეცვლაზე უარის თქმის შემთხვევაში სათანადო მოსარჩელე საქმეში უნდა ჩაბმლიყო მესამე პირად. ნავარაუდევი სათანადო მოსარჩელის მიერ საქმეში ჩაბმაზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილი იყო უარი ეთქვა არასათანადო მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, მითითებული დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, რაც სსსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლო კოლეგიას, რათა საქმეზე დადგენილი იქნეს სათანადო მოსარჩელე, სასამართლო კოლეგიამ სადავო ურთიერთობებზე არსებითად მსჯელობის შედეგად გამოიტანოს კანონიერი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 408-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 06.02.02წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს საოლქო სასამართლოს იმავე კოლეგიას.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.