Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3გ/ად-80-კ-01 14 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 19 დეკემბერს სს «თ.» სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 2000 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ზ. ნოღაიდელმა საჯაროდ განაცხადა, რომ იგი «გასრესდა» სს «თ.» და ყველაფერს გააკეთებდა მის «გასანადგურებლად». საქართველოს ფინანსთა მინისტრის აღნიშნული განცხადება საქართველოში მოქმედი სატელევიზიო კომპანიების თითქმის ყველა საინფორმაციო პროგრამამ გადასცა. აღნიშნული განცხადება ფართოდ გაშუქდა ქართულ პრესაშიც.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ამ განცხადებით ხელყო სს «თ.» საქართველოს კონსტიტუციითა და საკანონმდებლო აქტებით განმტკიცებული უფლება, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლებით განსაზღვრული საკუთრების ხელშეუხებლობის საყოველთაოდ აღიარებული უფლება, აგრეთვე, თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, რომელიც უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლითა და მოქმედი კანონმდებლობით.

მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოპასუხის აღნიშნული განცხადებით დაირღვა სს «თ.» არაქონებრივი უფლებაც, კერძოდ, საზოგადოებაში შეილახა მოსარჩელის საქმიანი რეპუტაცია და სახელი.

მოსარჩელემ სამოქალაქო კოდექსის მე-18, 992-ე მუხლებისა და 1005-ე მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე სარჩელში ითხოვა დარღვეული არაქონებრივი უფლების _ შელახული საქმიანი რეპუტაციის, სახელისა და იმიჯის _ კომპენსაციის სახით მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 500000 ლარის დაკისრება და საქართველოს ტელევიზიის პირველი არხით მოსარჩელის მიმართ მოპასუხისათვის ბოდიშის მოხდის დავალება.

მოსარჩელემ, აგრეთვე, ითხოვა მოპასუხისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯის _ 20000 ლარის დაკისრება.

მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრ ზ. ნ-ის მიერ საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე გაკეთებული განცხადება სს «თ.» სინამდვილეში წამოჭრილი პრობლემების ადეკვატურია და მინისტრმა, როგორც მოქალაქემ, ემოციების გავლენით გამოხატა თავისი დამოკიდებულება, ხოლო მის განსახორციელებლად ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს.

მოპასუხის განმარტებით, ფინანსთა მინისტრს არ შეეძლო, მკაცრი მსჯელობის საგნად არ ექცია 4,6 მილიონი ლარის ერთდროულად გადახდის საშიშროება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ზ. ნ-ს, როგორც მინისტრს, თანამდებობრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, უფლება ჰქონდა სს «თ.» მოეთხოვა სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულების შესრულება იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო გარანტია გადაიქცეოდა სახელმწიფო ვალად.

მოპასუხე აღნიშნავდა, რომ ფინანსთა მინისტრი, თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, სს «თ.» «გასანადგურებლად» ვერაფერს მოიმოქმედებდა და მისი ერთადერთი საზრუნავი იყო, მიეღო ზომები, რათა 2000 წლის დეკემბერში არ დაკარგულიყო 5 მილიონი ლარი და არ დაზარალებულიყო სახელმწიფო ბიუჯეტი. ასეთ შემთხვევაში მინისტრისაგან ყოველგვარი მკაცრი დაპირება მხოლოდ გაფრთხილება იყო და არა შედეგის მისაღწევად ქმედებაში განხორციელებული იძულების ღონისძიება.

მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის არაქონებრივი უფლებები არ დარღვეულა, რადგანაც მინისტრის განაცხადი არ რეალიზებულა რაიმე ქმედებით. ქმედებაში განუხორციელებელი პოზიციის დაფიქსირება, როგორი მაღალი ტრიბუნიდანაც უნდა ყოფილიყო გაცხადებული, არ წარმოქმნიდა არაქონებრივი უფლებების შელახვის პრეცენდენტს, რადგანაც კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა არც განზრახი და არც გაუფრთხილებელი ქმედება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ განიხილა მოცემული საქმე და 2001 წლის 23 მარტს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სს «თ.» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელე სს «თ.» სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 15000 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის სხვა ნაწილის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილებაში მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ 2000 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე საჯაროდ გამოთქმულმა ინფორმაციამ, რომელიც შეიცავდა მოსარჩელისათვის არასასურველ სამომავლო პერსპექტივას საბანკო სფეროში, შელახა სს «თ.» საქმიანი რეპუტაცია. სასამართლო კოლეგიამ მიზანშეწონილად მიიჩნია მორალური ზიანის ანაზღაურება 15000 ლარის ოდენობით, ვინაიდან სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაცია გაავრცელა რეალურად აღელვებულ ვითარებაში, ხოლო მეორე დღეს მოწყობილ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ამ ფორმით საჭირო არ იყო ინფორმაციის გავრცელება.

ამდენად, სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მორალური ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ამით მისი დარღვეული უფლება კომპენსირებული იქნება.

რაც შეეხება მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ ბოდიშის მოხდას, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ასეთს სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს, ამიტომ სარჩელს ამ ნაწილში უარი უნდა ეთქვას, ხოლო, რადგან მოსარჩელემ არ მოითხოვა მოპასუხისაგან საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფა, სასამართლო კოლეგია ვერ გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 9 ივლისის განჩინებით სს «თ.» საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მან საკასაციო სასამართლოს მიერ 2001 წლის 25 მაისის განჩინებით მიცემულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, კერძოდ, საკასაციო სასამართლოში არ წარმოადგინა საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი.

რაც შეეხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარს, მასში კასატორი ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელზე უარის თქმას, ხოლო დანარჩენ ნაწილში _ გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას.

კასატორის განმარტებით, სასამართლო კოლეგიამ არასწორად განმარტა კანონი, რის გამოც გადაწყვეტილება გამოიტანა სამართლის ნორმის დარღვევით. ეს კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ის ინფორმაცია, რაც ფინანსთა მინისტრმა გაავრცელა პარლამენტის სხდომაზე სს «თ.» ვალებთან დაკავშირებით, სინამდვილეს რომ შეესაბამებოდა, ეს თვით მოსარჩელესაც არ გაუხდია სადავოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას. სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, კი საქმიანი რეპუტაციის შელახვის ქვეშ უნდა იგულისხმებოდეს პირის მიერ არარეალური ცნობების გავრცელება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის მიერ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე სს «თ.» მისამართით წარმოთქმულ გამონათქვამებს: «გავსრეს» და «გავანადგურებ», მათ გამო მოსარჩელეს არა აქვს იურიდიული საფუძველი, მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება ფულადი სახით, რადგანაც საქმის მასალებიდან ირკვევა და სასამართლო კოლეგიამაც დადგენილად ჩათვალა, რომ ფინანსთა მინისტრმა საქართველოს პარლამენტის სხდომაზე სს «თ.» დაკავშირებით ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს მოწყობილ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ საჭირო არ იყო აღნიშნული ფორმით ინფორმაციის გავრცელება. ამ განცხადებით, ფაქტობრივად, უარყოფილ იქნა ის ინფორმაცია (მინისტრმა უარი თქვა გამონათქვამებზე «გავსრეს» და «გავანადგურებ»), რომლითაც, როგორც მოსარჩელე თვლიდა, შეილახა მისი საქმიანი რეპუტაცია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის სხდომაც და პრესკონფერენციაც ფართოდ შუქდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ფაქტობრივად, ფინანსთა მინისტრის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განმარტება შეიძლება ჩაითვალოს ინფორმაციის გავრცელებად იმავე საშუალებით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის განმარტებას, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული სიკეთე დაცულ იქნა ფინანსთა მინისტრის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, რის გამოც გადაწყვეტილება გამოიტანა სამართლის ნორმის დარღვევით. ეს კი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

ვინაიდან სასამართლო კოლეგიამ საქმის გარემოებები დაადგინა საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, ამიტომ საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას მოცემულ საქმეზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელ გ. გაბაიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდეს სს «თ.» სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. სს «თ.» უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მორალური ზიანის დაკისრების ნაწილში.

4. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

5. სს «თ.» დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 600 ლარის გადახდა შემდეგი წესით: გადასახდელი თანხის 70%, ანუ 420 ლარი ჩაირიცხოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე. (ეროვნული ბანკი, ¹1 ხაზინა, ანგარიშის ¹000141107 კოდი-59), ხოლო 30%, ანუ 180 ლარი _ სახელმწიფო ბიუჯეტში.

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.