3გ-ად-80-კ-02 16 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს 2000წ. 31 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართა გ. ბ-იამ და ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის 1994წ. პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა. მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე ბინა წარსულში სამხედრო ფონდში ირიცხებოდა და რუსეთის ჯარების საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილს (კეჩს) ეკუთვნოდა. 1986წ. 11 აგვისტოს ¹..... ორდერის საფუძველზე აღნიშნულ ბინაში რუსეთის ჯარების სამხედრო მოსამსახურე ვ. კ-ოვი ჩასახლდა. 1994 წელს, რუსეთის ჯარების შემადგენლობის დისლოკაციის შეცვლასთან დაკავშირებით, ვ. კ-ოვი რუსეთში გადაიყვანეს, სადაც მას ქ. სტავროპოლში ქ. თბილისში არსებული ბინის სანაცვლოდ შესაბამისი ბინა გამოუყვეს. მიუხედავად ამისა, ვ. კ-ოვმა ქ. თბილისში არსებული ბინის პრივატიზაცია მოახდინა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმ გარემოებაზე დაამყარა, რომ ვ. კ-ოვმა სამხედრო ფონდის კუთვნილი სადავო ბინის პრივატიზაციისას კანონმდებლობის მოთხოვნები დაარღვია.
ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 2000წ. 20 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად, გ. ბ-ია არასათანადო მოსარჩელედ ცნო და 2000წ. 1 დეკემბრის განჩინებით იგი საქმეში მესამე პირად ჩააბა, ხოლო თავდაცვის სამინისტროს საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილი სათანადო მოსარჩელედ მიიჩნია.
რაიონულმა სასამართლოს 2000წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ქ. თბილისში ..... მდებარე ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება (რეგისტრაციის ¹3-555) ვ. კ-ოვთან გაუქმდა.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილება ვ. კ-ოვის წარმომადგენელმა ლ. კ-ოვამ თბილისის საოლქო სასამართლოში სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა მიუთითა, რომ რაიონულ სასამართლოს საქმეში ვ. კ-ოვთან ერთად მეუღლე _ ლ. კ-ოვა, შვილი _ ს. კ-ოვი, მოპასუხე მხარედ უნდა ჩაება. სახელმწიფო ნოტარიუსი კ-შვილი კი მესამე პირად უნდა მიეჩნია. ლ. კ-ოვამ სააპელაციო მოთხოვნა იმ გარემოებას დაამყარა, რომ თავდაცვის სამინისტროს საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილი, ისევე როგორც გ. ბ-ია, არასათანადო მოსარჩელეა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ მოსამზადებელ სხდომაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის შესაბამისად, არასათანადო მოსარჩელე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბინაო_საექსპლუატაციო ნაწილი, სათანადო მოსარჩელით _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროთი შეიცვალა. სასამართლომ ამავე კოდექსის 85-ე მუხლის მიხედვით, ვ. კ-ოვთან ერთად, მოპასუხედ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობა, ხოლო მესამე პირად თბილისის მე-16 სახელმწიფო სანოტარო კანტორა ჩააბა.
მოპასუხე თავდაცვის სამინისტრომ და მესამე პირმა გ. ბ-იამ 2001წ. 12 აპრილის შესაგებლით სააპელაციო სარჩელი არ ცნო შემდეგი მოტივებით:
მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის დადგენილების მე-5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. 1994წ. 21 აპრილს კი ვ. კ-ოვი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებისა და «საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების, აღრიცხვაზე აყვანისა და მათი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ” დროებითი დებულების მე-17, მე-18-ე, მე-20 პუნქტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრებს სამხედრო ნაწილში სულ ცოტა 10 წლის სამსახურის გავლის შემდეგ ეძლევათ პრივატიზაციის უფლება, ვ. კ-ოვი კი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 9 წლის განმავლობაში მსახურობდა.”
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. კ-ოვის წარმომადგენლის, ლ. კ-ოვას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისში ... მდებარე ბინაზე ვ. კ-ოვთან დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულება.
2002წ. 22 თებერვალს ვ. კ-ოვის წარმომადგენელმა ლ. კ-ოვამ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა. კასატორმა თავისი მოთხოვნა სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 394-ე მუხლზე დააფუძნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ვ. კ-ოვის წარმომადგენლის _ ლ. კ-ოვას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საოლქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისში, ... მდებარე სადავო ბინა კასატორ _ ვ. კ-ოვს გადაცემული ჰქონდა სამხედრო უწყების წარდგინების საფუძველზე და სამსახურებრივი დანიშნულების იყო, იგი რუსეთის ჯარების თბილისის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის ბალანსზე ირიცხებოდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგან წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული პრეტენზია. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო ბინის პრივატიზაციაზე ვ. კ-ოვს სათანადო სამხედრო უწყების ნებართვა მიღებული არ ჰქონდა.
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით დამტკიცებული «საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანისა და მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ» დროებითი დებულება ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურეების მიერ მათთვის მფლობელობაში გადაცემული ბინების პრივატიზაციის წესსა და პირობებს. აღნიშნული დებულების მე-17 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს უფლება აქვთ სამსახურებრივი დანიშნულების ბინის მიღებისა და სამხედრო ნაწილში არანაკლებ ათი წლის მსახურობიდან დაკავებული ბინების პრივატიზება მოახდინონ. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული პუნქტი შენიშვნას მოიცავს, რომელშიც განსაზღვრულია, რომ მოსამსახურეთა მფლობელობაში არსებული ბინების პრივატიზების უფლება ვრცელდება მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო უწყებათა სამხედრო მოსამსახურეებზე. ამავე დებულების 22-ე პუნქტის შესაბამისად, დადგენილია, რომ სამხედრო მოსამსახურეების მიერ ბინების პრივატიზაციის ხელშეკრულების გასაფორმებლად სამხედრო უწყებათა შესაბამისი სამსახურის ნებართვაა აუცილებელი.
ამასთან, ნიშანდობლივია მინისტრთა კაბინეტის «საბინაო ფონდის მოვლა-პატრონობისათვის მოქალაქეთა დაინტერესების გაზრდის შესახებ» 1992წ. 1 თებერვლის დადგენილების მოთხოვნებიც, რომლებიც სამსახურებრივი ბინების სამხედრო მოსამსახურეების მიერ პრივატიზებისას გარკვეულ წესებს ადგენს, კერძოდ საჭიროა იმ სამხედრო უწყების თანხმობა, რომლის ბალანსზეცაა სადავო ბინა, ამასთან, «საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან».
ყოველივე ზემოხსენებულ მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლომ სწორად განმარტა მითითებული დებულების ნორმები, მიუთითა რა, რომ ვ. კ-ოვის მიერ განხორციელებული სადავო ბინის პრივატიზება ბათილად უნდა ყოფილიყო მიჩნეული, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან: ვ. კ-ოვი რუსეთის მოქალაქე იყო, იგი სადავო ფართში ცხოვრობდა 9 წლის მანძილზე, ამას გარდა, ბინის პრივატიზაციის განსახორციელებლად კ-ოვს არ მიუღია შესაბამისი სამხედრო უწყების თანხმობა. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვ. კ-ოვს ბინის პრივატიზაცია კანონის მოთხოვნათა დარღვევით აქვს განხორციელებული, რაც სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ პრივატიზებისას კ-ოვს სადავო ბინის (უძრავი ნივთის) შეძენისათვის სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიც არ აქვს დაცული, კერძოდ, უძრავი ნივთის შეძენა არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. კ-ოვის წარმომადგენლის _ ლ. კ-ოვას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. კ-ოვის წარმომადგენლის _ ლ. კ-ოვას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.