Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-82-კ-02 19 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: სახელმწიფო ბიუჯეტში კანონდარღვევით ჩარიცხული თანხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 10 აგვისტოს საქველმოქმედო-ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია «ი-მ» სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1999 წელს ი. და მასში შემავალი ორგანიზაციები პერიოდულად აწარმოებდნენ სხვადასხვა სახის პროდუქციის იმპორტს, რაზედაც შესაბამისად იხდიდნენ საბაჟო გადასახადს. აღნიშნული თანხა, რომელიც იმ პერიოდისათვის შეადგენდა 1762470,45 ლარს, «საქართველოს 1999წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უნდა ჩარიცხულიყო საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზაციათა სპეციალურ ანგარიშზე, მაგრამ მის ნაცვლად ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში, რის გამოც ვერ მოხერხდა ინვალიდთა სოციალური პროგრამების მიზანმიმართული დაფინანსება.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს საბაჟო დეპარტამენტმა ფაქტობრივად აღიარა დაშვებული შეცდომა, ზემოთ აღნიშნული თანხის არასწორ ანგარიშზე ჩარიცხვის თაობაზე.

მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა, რომ ვინაიდან არ მოხერხდა აღნიშნული თანხის ინვალიდთა საკოორდინაციო საბჭოს სპეციალურ ანგარიშზე დაბრუნება, საქართველოს საბაჟო დეპარტამენტს დავალებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში შეცდომით ჩარიცხული თანხიდან, 1731220,06 ლარის შესაბამისად «ი-ისა» და მასში შემავალი ორგანიზაციების სასარგებლოდ საბაჟო აქტივების გახსნა, აგრეთვე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მოპასუხე საბაჟო დეპარტამენტს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებოდა 312500 ლარის გადახდა.

მოპასუხემ წარმოადგინა წერილობითი შეპასუხება, რომელშიც სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ «საქართველოს 1999წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა «საქართველოს 2000წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონით, რის გამოც არამართლზომიერი იქნებოდა ძალადაკარგული კანონის საფუძველზე თანხის დაბრუნება. გარდა ამისა, თანხის მოცულობა, რომლის დაბრუნებასაც მოსარჩელე მოპასუხისაგან ითხოვდა, განსაზღვრული უნდა ყოფილიყო მხოლოდ იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომელთა ჩამონათვალს, აგრეთვე, განსაზღვრავდა ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში საქმის ზეპირი განხილვის დროს საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ: 1) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 2) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური; 3) საქართველოს ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო.

2001წ. 20 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა და შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, ითხოვა მოპასუხეს დავალებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხული თანხიდან 1675235,21 ლარისა და საურავის 299060,64 ლარის ოდენობით კავშირის «ი-ის» (საქველმოქმედო ჰუმანიტარული ორგანიზაცია) და კავშირში შემავალი ორგანიზაციების სასარგებლოდ საბაჟო აქტივების გახსნა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის, კავშირი «ი-ის» (საქველმოქმედო ჰუმანიტარული ორგანიზაცია) სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაევალა კავშირი «ი-ისა» და მასში შემავალი ორგანიზაციების სასარგებლოდ საბაჟო აქტივის _ 1675235 ლარის ოდენობით _ გახსნა. სარჩელის სხვა ნაწილში დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.

საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, კანონი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეები ითხოვდნენ თანხის დაბრუნებას, გაუქმებულია «საქართველოს 2000წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონით. გაუქმებული კანონის საფუძველზე თანხების დაკისრება საბაჟო დეპარატმენტისათვის კი არამართლზომიერია. გარდა ამისა, ამავე კანონის თანახმად დღგ-დან, აქციზიდან და საბაჟო გადასახადიდან მისაღები შემოსავლის მოცულობას და დასაფინანსებელი ღონისძიებების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» კანონის მე-9 მუხლის თანახმად ბიუჯეტის ყველა შემოსავალი უნდა აღირიცხოს ეროვნულ ბანკში გახსნილ სახაზინო ანგარიშებზე. დაუშვებელია ბიუჯეტის შემოსავლებში თანხების აღრიცხვა ხაზინის შესაბამის ანგარიშებზე მათი სრულფასოვანი ასახვის გარეშე. აღნიშნული კანონის გამოუყენებლობა გახდა არამართლზომიერი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.

საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა ის კანონი, რომელიც გამოიყენა. კერძოდ, «საქართველოს 1999წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ინვალიდთა და ომის ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული ორგანიზაციების მიერ გადახდილი თანხები უნდა ასახულიყო სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშებზე, ხოლო ამ ანგარიშებზე მიღებული ფაქტობრივი შემოსავალი ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ უნდა აღრიცხულიყო ინვალიდთა და ომის ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული ორგანიზაციების ანგარიშზე.

კასატორის აზრით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს ავტომატურად არ უნდა დაეკისრებინა საბაჟო დეპარტამენტისათვის მოსარჩელის მიერ ცენტრალურ ბიუჯეტში გადახდილი თანხის ოდენობა. სასამართლოს მოსარჩელისათვის უნდა დაებრუნებინა მის მიერ გადახდილი თანხის მხოლოდ ის მოცულობა, რომელიც განსაზღვრული იქნებოდა ფინანსთა სამინისტროს მიერ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სარჩელი.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეების, მესამე პირების განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე საბაჟო დეპარტამენტმა მისდამი დაქვემდებარებული სამსახურების მეშვეობით 1999წ. პერიოდში ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საბჭოში გაერთიანებული ცალკეული ორგანიზაციების მიერ ცენტრალურ ბიუჯეტში 1999წ. გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადი, აქციზის გადასახადი და საბაჟო გადასახადი, რაც მთილანად დაკავშირებული იყო სხვადასხვა სახის საქონლის იმპორტთან, გადარიცხა სახელმწიფოს ცენტრალურ ბიუჯეტში და არ ჩარიცხა ინვალიდთა არასამათავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოებში გაერთიანებული შესაბამისი არასამათავრობო ორგანიზაციის ანგარიშზე, საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლის ანგარიშიდან გამოცალკევებით.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგანაც წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. გარდა ამისა, მოპასუხე საბაჟო დეპარატმენტისა და მესამე პირი ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დაადასტურეს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ «საქართველოს 1999წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვდა თანხის დაბრუნებას გაუქმებულია «საქართველოს 2000წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონით, ხოლო გაუქმებული კანონის საფუძველზე თანხის დაკისრება საბაჟო ორგანოსათვის არამართლზომიერია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «საქართველოს 2000წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონში არსად არ არის მითითებული, რომ აღნიშნული კანონის ამოქმედებით გაუქმდა «საქართველოს 1999წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონი. შესაბამისად უსაფუძვლოა კასატორის აღნიშნული მოსაზრება.

«საქართველოს 1999წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტის თანახმად ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოებში გაერთიანებული ცალკეული ორგანიზაციების მიერ ცენტრალურ ბიუჯეტში 1999წ. გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადიდან, აქციზიდან (აქციზური მარკით მარკირებული საქონლის გარდა) და საბაჟო გადასახადიდან მიღებული ფაქტობრივი შემოსავალი 1999 წ. განმავლობაში უნდა ჩარიცხულიყო აღნიშნულ საბჭოში გაერთიანებული შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშზე, საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლის ანგარიშიდან გამოცალკევებით.

აღნიშნული ნორმის მოქმედების პერიოდში მოსარჩელისა და მასში შემავალი ორგანიზაციების მიერ გადასახადების სახით გადახდილმა თანხამ საქმის მასალებში არსებული წერილობითი მტკიცებულებების შესაბამისად, საბაჟო გადასახადის, დღგ-სა და აქციზის გათვალისწინებით შეადგინა 1675235 ლარი, რაც «საქართველოს 1999წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტის მოთხოვნის დარღვევით მოპასუხემ ჩარიცხა საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლის ანგარიშზე, იმის მაგივრად, რომ ჩაერიცხა ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოებში გაერთიანებული შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშზე, საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლის ანგარიშიდან გამოცალკევებით. აღნიშნული გარემოება კასატორს და ფინანსთა სამინისტროს სადავოდ არ გაუხდიათ და ადასტურებენ მას.

საკასაციო სასამართლო სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებიდან და მის მიერ წარმოდგენილი ცნობიდან ირკვევა, რომ საქართველოს ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოსათვის, 1998-99 წლებში საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებული პროგრამების ჯამური კვოტა შეადგენდა 46946000 ლარს, ხოლო იმავე წლებში საქართველოს ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოსათვის აღნიშნული წესით ჩარიცხულმა თანხამ შეადგინა 35629175 ლარი, ხარჯებმა კი _ 34889147 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე საფუძველს მოკლებულია ვარაუდი იმისა, რომ სადავო თანხა შეიძლება ყოფილიყო აღნიშნული პროგრამებისა და კვოტის ფარგლებს ზემოთ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და იგი სწორად დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლომ.

რაც შეეხება კასატორის განმარტებას, რომ სასამართლო კოლეგიამ არ გამოიყენა «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» კანონის მე-9 მუხლი, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მხარეთა შორის სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალური ნორმა არის სადავო ურთიერთობების დროს მოქმედი «საქართველოს 1999წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რაც თავის გადაწყვეტილებაში სწორად გამოიყენა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევას არ აქვს ადგილი და გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. შესაბამისად საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.