3გ-ად-84-02 17 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: სახალხო დამცველის მიერ თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარისადმი გაგზავნილი წერილის უარყოფა, ბოდიშის მოხდა და მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება, სახალხო დამცველისათვის 250000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 7 მაისის კორპორაცია «ქ-ის» შპს «ა-ას» მეანაბრეების ჯგუფის რწმუნებულმა და კორპორაცია «ქ-ის» დაზარალებულმა მეანაბრემ – ნ. გ-ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მიუთითა შემდეგზე:
კორპორაცია «ქ-ის» მიმართ სისხლის სამართლის საქმე იქნა აღძრული და გამოძიების მიმდინარეობისას «ქ-ის» ქონებას ყადაღა დაედო, შეიქმნა დაზარალებულ მეანაბრეთა საინიციატივო ჯგუფი (ე. გ-იას თავმჯდომარეობით), რომელმაც «ქ-ის» ბალანსზე რიცხული 120ტ. ჩაი გაყიდა და მისი რეალიზაციით ამოღებული და სხვა გზებით მოპოვებული თანხები ურთიერთშორის გაინაწილა. აღნიშნულ საქმიანობაში «ქ-ის» საინიციატივო ჯგუფს ხელს უწყობდნენ საგამოძიებო უწყების ის მუშაკები, რომლებიც «ქ-ის» მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს იძიებდნენ. გ-ძე დაამატებდა, რომ აღნიშნულ საქმეში მოსარჩელეები დაზარალებულად იქნენ ცნობილი.
მოსარჩელე აქვე აღნიშნავდა, რომ შემდგომ პერიოდში «ქ-ის» პროდუქციის რეალიზაციის შედეგად ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით თანხები, რომლის აღწერა არ მომხდარა და გამოძიებას აღნიშნულზე რეაგირება არ მოუხდენია. მაშინ, როცა «ქ-ის» მეანაბრეებისათვის წესდებით გათვალისწინებული კუთვნილი წილის ანაზღაურება არავის გახსენებია.
საქმის გამოძიებისას საქმის მასალებიდან 4000 ფურცელი დაიკარგა, რაზეც რესპუბლიკის პროკურატურამ საქმე აღძრა, მთაწმინდის რაიონის პროკურატურამ კი უკანონოდ შეწყვიტა იგი გამომძიებლის გარდაცვალების მოტივით, მაშინ, როცა გარდაცვლილი გამომძიებელი ჩამოცილებულ იქნა «ქ-ის» საქმის გამოძიებისაგან და საქმიდან დოკუმენტების გაქრობა სხვა გამომძიებლის მიერ საქმის წარმოებისას მოხდა. შემდგომში, პროკურატურამ, მართალია, გაანახლა საქმის წარმოება, მაგრამ რეალურად ჩადენილ დანაშაულს რეაგირება არ მოჰყოლია.
1997-1998 წლებში «ქ-ის» მეანაბრეებმა თავიანთი კუთვნილი ქონების დასაბრუნებლად სასამართლოში დავა წამოიწყეს.
თბილისის მთაწმინდის რაიონის, ვაკისა და სამგორის რაიონის გადაწყვეტილებებით კორპორაცია «ქ-ის» სამართალმემკვიდრე შპს «ა-ას» მოსარჩელეთა სასარგებლოდ თანხების გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე სააღსრულებო ბიურომ უარი განაცხადა. შემდგომში მოსარჩელეები მოვალესთან მოლაპარაკებაზე წავიდნენ და ვალის დასაფარავად იაფასიანი და გაძარაცვული ქონების ნატურით მიღებას დათანხმდნენ, თუმცა პროკურატურის ჩარევისა და აღმასრულებლის მოქმედების გამო, მოსარჩელეებს არც აღნიშნული ქონება მიუღიათ.
მრავალი ცდის უშედეგოდ დასრულებას შემდეგ მოსარჩელეებმა დახმარებისათვის სახალხო დამცველ – ნანა დ-ანს მიმართეს, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ.
მეტიც, სახალხო დამცველმა წერილით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარეს და რეკომენდაციის წესით დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 1999წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე მიუთითა, რომ 1999წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით «ქ-ის» სამართალმემკვიდრედ ცნობილ იქნენ კორპორაცია «ქ-ისა» და შპს «ა-ას» ზოგიერთი მეანაბრე და არა კონკრეტულად გ. ჩ-ძე, თუმცა ამავე წერილში აღნიშნულია, რომ გ. ჩ-ძეს «ქ-ის» ბალანსზე რიცხულ ქონებაზე სრული უფლება აქვს. მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ წერილში ხსენებული გადაწყვეტილებით «ქ-ის» 7 მეანაბრე ცნობილ იქნა «ქ-ის» სამართალმემკვიდრედ, მათ შორის, გ. ჩ-ძეც.
სახალხო დამცველის წერილით, მოსარჩელეთა აზრით, სახალხო დამცველმა მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია, გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და ერთი პირის _ გ. ჩ-ძის ინტერესების დასაცავად 11 პირის – მოსარჩელეთა ინტერესები შელახა.
მოსარჩელეებმა საკითხის გასარკვევად სახალხო დამცველთან შეხვედრა ვერ შეძლეს, რადგნ მოპასუხემ მათთან შეხვედრა არ ისურვა.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, მოსარჩელეებმა სახალხო დამცველის მიერ მათთვის ბოდიშის მოხდა, საოლქო სასამართლოში გაგზავნილი წერილის უარყოფა და მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 250000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვეს.
მოპასუხე – სახალხო დამცველმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ «საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ» ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის და 21-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანხმად, სახალხო დამცველი უფლებამოსილია სასამართლოში საქმის წარმოების პროცესში ადამიანის უფლებების დარღვევისას, რეკომენდაციით მიმართოს სასამართლოს და მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების გადამოწმება ითხოვოს.
ასეთი რეკომენდაცია კი საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს, შეხედულებისამებრ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ესა თუ ის გადაწყვეტილება მიიღოს.
ამასთან, მოპასუხემ მიუთითა, რომ გ. ჩ-ძის წერილით დასტურდებოდა, რომ მისი უფლებები დედოფლისწყაროს 1999წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით დარღვეულ იქნა, რადგან იგი შპს «ა-ას» უფლებამონაცვლედ არ იქნა მიჩნეული, რაც სახალხო დამცველმა მისი ინტერესების შელახვად ჩათვალა და რეკომენდაციაში არა მოსარჩელეთა უფლებამონაცვლეობის კანონიერების საკითხის გარკვევის, არამედ გ. ჩ-ძის უფლებამონაცვლედ ცნობის მიზანშეწონილობაზე მიუთითა.
მოპასუხე ამასთან დაამატებდა, რომ სახალხო დამცველს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტების გამო, რომელიც მას გაანდეს და იგი მოვალეობების შესრულებისას, გამოთქმული აზრების და შეხედულებებისათვის პასუხისგებაში არ შეიძლება იქნეს მიცემული.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილებით სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სახალხო დამცველის მხრიდან კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, ამასთან, მისი სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისგებაში მიცემა არ დაიშვებოდა, მეტიც, სასამართლომ ჩათვალა, რომ სახალხო დამცველის მოქმედებით მოსარჩელეებს მატერიალური და მორალური ზიანი არ დასდგომიათ და არ დააკმაყოფილა მათი სარჩელი.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს კორპორაცია «ქ-ის» შპს «ა-ას» დაზარალებულმა მეანაბრეებმა და მიუთითეს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. ამასთან, კასატორები აღნიშნავნენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში მათი სარჩელის შინაარსი და ძირითადი მტკიცებულებები არ იქნა სრულყოფილად ასახული, მაშინ, როცა სახალხო დამცველის შეპასუხების ყველა არგუმენტი უკლებლივ იქნა გათვალისწინებული მათი კონტრარგუმენტების გვერდის ავლით. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალების, შემოწმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ კორპორაცია «ქ-ის» შპს «ა-ას» მეანაბრეთა ჯგუფის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საოლქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი.
საკასაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია საოლქო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ რეკომენდაციის სახით საოლქო სასამართლოს თავმჯდომარისათვის წერილის გაგზავნით მას მოქმედი კანონმდებლობა არ დაურღვევია.
«სახალხო დამცველის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, სახალხო დამცველი უფლებამოსილია, შეამოწმოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტები და შემოწმების შედეგების მიხედვით, სასამართლოს რეკომენდაციით მიმართოს ძალაში შესული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების თაობაზე («სახალხო დამცველის შესახებ» ორგანული კანონის 21-ე მუხლის «ე» პუნქტი).
ამდენად, სახალხო დამცველს რეკომენდაციის გაცემით კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება არ დაურღვევია, ხოლო რაც შეეხება კასატორებისათვის მორალური და მატერიალური ზიანის მიყენებას, აღნიშნულზე საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება საოლქო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მოხმობას. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით იმ ცნობების უარყოფა მოითხოვოს, რომლებიც მის პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობას ან საქმიან რეპუტაციას ლახავენ. საოლქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მე-18 მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები არ ყოფილა, კერძოდ, რეკომენდაციაში მითითებული ინფორმაციით არ შელახულა კასატორთა ინტერესები, რაც სახალხო დამცველის მხრიდან კასატორებისათვის მორალური ზიანის მიყენებას გამორიცხავას.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ ბოდიშის მოხდა სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახეს არ წარმოადგენს და თუნდაც მოსარჩელეთა ინტერესების დარღვევის შემთხვევაში მისი გამოყენება არ იქნებოდა შესაძლებელი. მეტიც, საოლქო სასამართლომ სწორად განმარტა «სახალხო დამცველის შესახებ» ორგანული კანონის მე-5 მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნები და მიიჩნია, რომ სახალხო დამცველისათვის სკ-ს მე-18 და 419-ე მუხლებით გათვალისწინებული სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას იზიარებს იმის თაობაზეც, რომ სახალხო დამცველის მოქმედებას კასატორებისათვის ქონებრივი ზიანი არ გამოუწვევია, რადგან გაგზავნილ რეკომენდაციას არ
მოჰყოლია არანაირი შედეგი, რომელიც კასატორთა ქონებრივ ინტერესებს ხელყოფდა. ამასთან, საოლქო სასამართლო სწორად განმარტავს, რომ მოცემულ საქმეში სამოქალაქო-სამართლებრვი პასუხისმგებლობის არცერთი წინაპირობა _ დამდგარი ზიანის, ზიანის მიმყენებლის არამართლზომიერი ქმედების, მიზეზობრივი კავშირისა და ბრალის სახით არ არსებობს, რაც პირისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას გამორიცხავს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და სამოქალაქო კოდექსის 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კორპორაცია «ქ-ისა» და შპს «ა-ას» მეანაბრეთა ნ. გ-ძის და სხვათა საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.