3გ/ად-84-კ-01 30 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: 10 თვის საპენსიო დავალიანების თანხის გადახდის დაკისრება, საპენსიო დავალიანების დაფარვა ლარის აშშ დოლართან კურსის ცვლილების გათვალისწინებით.
აღწერილობითი ნაწილი:
ო. ნ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომელშიც აღნიშნავდა, რომ არის დიდი სამამულო ომის II ჯგუფის ინვალიდი, ყოფილი მეთაური _ ოფიცერი, სამხედრო პენსიონერი. მიღებული არ აქვს 1998 წლის ექვსი თვის (ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის) და 1999 წლის ოთხი თვის (სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის) პენსია, რაც შეადგენს 828, 64 ლარს. მოსარჩელე მოითხოვდა გადაუხდელი პენსიის თანხის – 1227,6 ლარის გადახდის დაკისრებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე, აღნიშნული თანხა მოიცავდა გადასახდელ პერიოდში ლარის აშშ დოლართან კურსის ცვლილებას.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 02.08.2000წ. გადაწყვეტილებით ო. ნ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა ო. ნ-ძის სასარგებლოდ 1998-99 წლებში მიუღებელი 10 თვის პენსიის გადახდა ინფლაციის გაუთვალისწინებლად. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას საქმეში მოპასუხედ ჩაება საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი. სააპელაციო პალატამ 14.03.01წ. გადაწყვეტილებით გააუქმა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 02.08.2000წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიიღო ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწფიო ფონდს ო. ნ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 10 თვის მიუღებელი პენსიის თანხის – 828,64 ლარის გადახდა. სააპელაციო პალატამ საქართველოს პრეზიდენტის 09.07.2000წ. ¹297 ბრძანებულების საფუძველზე მიიჩნია, რომ ო. ნ-ძისათვის განკუთვნილი მიუღებელი პენსიის გაცემა უნდა დაეკისროს არა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, არამედ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს. ამასთანავე, ვინაიდან ო. ნ-ძისათვის პენსიის გადახდის ვალდებულების წარმოშობის დროისათვის, კერძოდ 1998-99 წლებში ფულის ერთეულის გაზრდას ან შემცირებას ადგილი არ ჰქონია, საქმეში არ მოიპოვება და ვერც მხარის მიერ იქნა წარმოდგენილი ლარის ინფლაციის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, პალატამ მიუღებლად მიიჩნია ინფლაციის გათვალისწინებით პენსიის თანხის დაკისრება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 14.03.01წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწფიო ფონდის მიერ. კასატორი ითხოვს სააპელაციო პალატის 14.03.01წ. გადაწყვეტილების გაუქმებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 09.07.01წ. ¹297, 23.02.01წ. ¹69 ბრძანებულების, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის 07.05.2000წ. ¹181 ბრძანებულებით დამტკიცებული ფონდის წესდების თანახმად, ფონდი მხოლოდ მიღებული შემოსავლების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროდან დაფინანსების მიღების შემდეგ, უზრუნველყოფს პენსიების გაცემისათვის საჭირო სახსრების გადარიცხვას. «საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონის მე-15 მუხლი ითვალისწინებს 80 მლნ. ლ. პენსიების დაფინანსებაში წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანების ნაწილობრივ ანაზღაურებისათვის, ამავე კანონის 29-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული თანხის ხარჯვა უნდა განხორციელდეს პენსიების ანაზღაურებაში არსებული დავალიანებების ნაწილობრივი დაფარვისათვის, დაფინანსება უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან მისაღები შემოსავლების ხარჯზე, რომლის მექანიზმი, კანონის მე-11 მუხლის მიხედვით, უნდა შეემუშავებინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად. ამდენად, სახელმწიფომ აღიარა დავალიანების არესებობა და განსაზღვრა მისი დაფარვის მექანიზმი. კანონის 29.6 მუხლის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს დაევალა საქართველოს პარლამენტში არსებული დავალიანების ნუსხის და წინადადებების წარდგენა მისი შიდა ვალად გაფორმების მიზნით. კასატორი უთითებს აგრეთვე, რომ «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» კანონის 27-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ბიუჯეტის ოპერატიული კონტროლი შემოსავლის დროულ და სრულ მობილიზებაზე, აგრეთვე ამ სახსრების ხარჯვაზე ეკისრებათ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მისი სისტემის ტერიტორიულ სტრუქტურულ ერთეულებს. ამასთანავე, სოცუზრუნველყოფის ფონდის ფორმირებისათვის საჭირო სოციალური გადასახადის ამოღება ხორციელდება საქართველოს შემოსავლების სამინისტროს მიერ, რის შედეგადაც იგი გადაიცემა ფონდისათვის დანიშნულებისამებრ განკარგვის მიზნით. ვინაიდან სადავო საკითხის განხილვა სხვა უწყების კომპეტენციას შეადგენს, კასატორის აზრით, სსსკ 272-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, საქმე წარმოებით უნდა შეწყდეს.
საკასაციო პალატას შეგებებული საკასაციო საჩივრით (განცხადებით) მიმართა ო. ნ-ძემ, რომელმაც მოითხოვა მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, 828, 64 ლარის ნაცვლად მოპასუხეებისათვის 1227 ლარის გადახდის დაკისრება იმ მოტივით, რომ სამხედრო პენსიის დანიშვნისას 1 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 1, 35 ლარს, სადღეისოდ 1 აშშ დოლარის ექვივალენტი 2 ლარს შეადგენს, ინფლაციის შედეგად ლარის კურსის დაცემის გამო კასატორი ითხოვს მოპასუხისათვის დამატებით 399 ლარის დაკისრებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი და ო. ნ-ძის შეგებებული საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 14.03.01წ. გადაწყვეტილებაზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატის 14.03.01წ. გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საყოველთაოდ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ფულადი ვალდებულებების შესრულების დროს მოქმედების ე.წ. ნომინალიზმის პრინციპი, რომლის თანახმად, ვალი ნომინალურად იმ თანხაში უნდა დაიფაროს, რომლის შესაბამისადაც იყო ნაკისრი ვალდებულება. პალატა თვლის, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების დროს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს დენომინაციას ანუ ფულის ერთეულის (კურსის) გაზრდას ან შემცირებას (ასეთს ადგილი ჰქონდა მაგ. სსრ კავშირის არსებობის პერიოდში, როდესაც 10 მანეთის ნომინალი შეიცვალა 1 მანეთის ნომინალით), ასევე ვალუტის შეცვლას (აღნიშნულს ადგილი ჰქონდა, როდესაც რუსული რუბლი შეიცვალა კუპონით, ხოლო უკანასკნელი – ლარით). ვინაიდან ქართული ეროვნული ვალუტის _ ლარის მიმართ ზემოთ მითითებულ პროოცესებს არ ჰქონია ადგილი, ფულადი ვალდებულებების შესრულების დროს დაუშვებელია სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის გამოყენება. ამ მუხლის გამოყენება დაუშვებელია აგრეთვე ფულის კურსის ნორმის ფარგლებში ცვალებადობის, კერძოდ მისი გაუარესების დროს, ამგვარი პროცესი ყველა ქვეყანაში აღინიშნება. იგი თანაზომიერად მოქმედებს ურთიერთობის ორივე მხარეზე. აღნიშნულ პერიოდში ადგილი არ ჰქონია აგრეთვე ეროვნული ვალუტის ჰიპერინფლაციას (საქონლის ფასების და მიმოქცევაში არსებული ფულის მასის უაღრესად სწრაფ ზრდას, რომელიც იწვევს ფულადი ერთეულის მკვეთრ გაუფასურებას, საგადასახადო ბალანსის მოშლას და ნორმალური სამეურნეო კავშირების დარღვევას, რომლის დროსაც სახელმწიფო მიმოქცევაში უშვებს დიდი რაოდენობის ფულს, რომელიც რეალურ საქონელბრუნვის საჭიროებას აღემატება, რასაც მოსდევს ფულის კურსის მკვეთრი დაცემა, ოქროს საბაზრო ფასების ზრდა). ამასთანავე, ლარის კურსის დაცემის კრიტერიუმად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს რომელიმე უცხოურ ვალუტასთან მისი შეფარდება, ვინაიდან ო. ნ-ძისათვის კუთვნილი პენსიის თანხის გადახდა დანიშნული აქვს ეროვნულ ვალუტაში და არა აშშ დოლარით, ლარის კურსი უცხოურ ვალუტასთან შეფარდებაში მერყევია, ზოგი ქვეყნის ვალუტასთან მიმართებით იგი მცირდება, ხოლო ზოგიერთი ქვეყნის ვალუტის მიმართ – იზრდება. განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების საგანია ფულადი ერ თეულის ესა თუ ის რაოდენობა და არა ამ ერთეულთა მსყიდველობით უნარიანობა. ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ სწორად განსაზღვრა ო. ნ-ძისათვის კუთვნილი თანხის ოდენობა 828, 64 ლარის ოდენობით.
მართებულია აგრეთვე ო. ნ-ძისათვის კუთვნილი პენსიის თანხის დაკისრება საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდზე. «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-8 და მე-9 მუხლების თანახმად, სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან სამსახურიდან თადარიგში დათხოვილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფა ხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საპენსიო უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. «საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 07.05.2000წ. ¹181 ბრძანებულების მე-4, 5 პუნქტების თანახმად, სამინისტროს ეკისრება საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სახელმწიფიო კონტროლის განხორციელება, მინისტრი წარმოადგენს საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლობისათვის უფლებამოსილი პირის (დირექტორის), სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და წევრების კანდიდატებს. ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის 07.05.2000წ. ¹181 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის» დებულების 2-9 მუხლების მიხედვით, ფონდი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია ფონდის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისათვის. ფონდის მიზანია მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა, მას შეუძლია იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში, იგი უფლებამოსილია უზრუნველყოს სახელმწიფო პენსიების და დახმარებების დანიშვნა, მიღებული შემოსავლების (დაფინანსების) ფარგლებში პენსიების და დახმარებების გაცემისათვის საჭირო სახსრების გადარიცხვის ოპერატიულად უზრუნველყოფა, დადგენილი წესით განსაზღვროს ფონის შემოსავლებისა და ხარჯების ბალანსით გათვალისწინებული სახსრების ხარჯვის კონკრეტული მიმართულებანი. გარდა ამისა, ფონდის დაფინანსების წყაროს, გარდა საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდიებისა და მიზნობრივი ტრანსფერებისა, შეადგენს სოციალური გადასახადის თანხები და სხვა შემოსავლები (დებულების VI თავი). ამდენად, ფონდი ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში უფლებამოსილია უზრუნველყოს საპენსიო დავალიანების დაფარვა. საქართველოს სოციალური ურზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდზე დავალიანების დაკისრების მართლზომიერება დასტურდება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის 09.07.2000წ. ¹297 ბრძანებულების I პუნქტის «ბ» ქვეპუნქტით, რომლითაც დადგინდა სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის საპენსიო საქმიანობის და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის გადაცემა.
,,საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის მე-15 მუხლით განისაზღვრა პენსიების დაფინანსებაში წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანების ნაწილობრივი ანაზღაურებისათვის განკუთვნილი თანხა, ამავე კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის «ე» ქვეპუნქტით განისაზღვრა წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მიმართულებები, მათ შორის პენსიონერთა პენსიების ანაზღაურებაში არსებული დავალიანების ნაწილობრივი დაფარვის ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის ძალით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დავალების მიცემა, რათა მას წარედგინა წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების სრული ნუსხა მათი სახეებისა და მოცულობის მიხედვით და წინადადებები დავალიანების სახელმწიფო შიდა ვალად გაფორმების თაობაზე, არ გამორიცხავს დარღვეული უფლების აღსადგენად საქართველოს კონსტიტუციით და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 272-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 14.03.01 წ. გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის «ზ» და «მ» ქვეპუნქტების საფუძველზე საკასაციო პალატა ათავისუფლებს კასატორებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი და ო. ნ-ძის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა 14.03.01წ. გადაწყვეტილება.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.