3გ-ად-88-კ-02 5 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1994წ. 10 თებერვალს, თბილისის სამგორის რაიონის საკუთრების დაცვის პოლიციის განყოფილებამ თბილისის მერიის უნივერსალურ სავაჭრო-შემსყიდველ ბაზასთან ამ ბაზის დაცვის ხელშეკრულება გააფორმა.
1994წ. 11 მაისს, ბაზაზე მოხდა ყაჩაღური თავდასხმა და გატაცებულ იქნა ბაზაში არსებული ქონება, მათ შორის ავტომანქანა «მერსედეს დაიმლერ ბენცი – 320», რომელიც 1994წ. 4 იანვრის ხელშეკრულებით ავტომანქანის მესაკუთრეს დ. მ-ძეს იჯარით ჰქონდა გადაცემული ბაზისათვის. ყაჩაღურ თავდასხმაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეჩერდა გაუხსნელობის მოტივით.
თბილისის მერიის უნივერსალურმა სავაჭრო-შემსყიდველმა ბაზამ თბილისის სამგორის რაიონის საკუთრების დაცვის პოლიციის განყოფილების მიმართ სარჩელი აღძრა უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოში და ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1994წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით თბილისის სამგორის რაიონის საკუთრების დაცვის პოლიციის განყოფილებას სავაჭრო-შემსყიდველი ბაზის სასარგებლოდ ავტომანქანის ღირებულების – 32000 აშშ დოლარის ანაზღაურება დაეკისრა, რაც კანონიერ ძალაში შევიდა და აღსრულდა.
1995წ. 19 სექტემბერს, სამგორის რაიონის საკუთრების დაცვის პოლიციის განყოფილებამ სარჩელი აღძრა სასამართლოში და 1994წ. 4 იანვრის იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
წლების მანძილზე სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმე რამდენჯერმე იქნა განხილული. ბოლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999წ. 22 ოქტომბრის განჩინებით გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1998წ. 17 დეკემბრის დადგენილება და უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998წ. 20 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც გაუქმდა თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1998წ. 21 აგვისტოს გადაწყვეტილება თბილისის სამგორის რაიონის საკუთრების დაცვის პოლიციის განყოფილების სარჩელის დაკმაყოფილებისა და 1994წ. 4 იანვრის იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ამ განჩინების მიღებამდე, 1999წ. 6 ივლისს, თბილისის სამგორის რაიონის საკუთრების დაცვის პოლიციის განყოფილებამ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1994წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განახლება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ დ. მ-ძესა და სავაჭრო-შემსყიდველ ბაზას შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, რომელიც საფუძვლად დაედო უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას, თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1998წ. 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ დაცვის პოლიციის განყოფილების განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999წ. 30 ივლისის განჩინებით განსჯადობით განსახილველად თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 22 მარტის გადაწყვეტილებით თბილისის სამგორის რაიონის საკუთრების დაცვის პოლიციის განყოფილების სარჩელი არ დაკმაყოფილდა და თბილისის მერიის უნივერსალურ სავაჭრო-შემსყიდველ ბაზასა და დ. მ-ძეს შორის 1994წ. 4 იანვარს დადებული იჯარის ხელშეკრულება ავტომანქანა «მერსედეს დაიმლერ ბენც-320»-ის თაობაზე ბათილად არ იქნა ცნობილი. აღნიშნული გადაწყვეტილება საკუთრების დაცვის პოლიციის განყოფილებამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას საპროცესო უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა თბილისის ისანი-სამგორის რაიონის დაცვის პოლიციის სამმართველო და შპს «თ-ა».
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 22 ივნისის განჩინებით გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა. განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რაიონულ სასამართლოს თავდაპირველად დაცვის პოლიციის სამმართველოს განცხადება უნდა განეხილა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების თაობაზე, ხოლო შემდეგ განიხილავდა დაცვის პოლიციის სამმართველოს სარჩელს სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნული მოსაზრება სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას დააფუძნა, რომლითაც უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება პრეიუდიციული ძალის მქონედ იქნა მიჩნეული 1994წ. 4 იანვრის სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ დავის გადაწყვეტისას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონის დაცვის პოლიციის სამმართველომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონის დაცვის პოლიციის სამმართველოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 22 იანვრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოს დ. მ-ძესა და სავაჭრო შემსყიდველ ბაზას შორის 1994წ. 4 იანვარს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების კანონიერებაზე არ უმსჯელია, რადგან აღნიშნული გარემოება დავის საგანს არ წარმოადგენდა. იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა დაცვის პოლიციამ ცალკე სარჩელით იმ მიზნით მოითხოვა, რომ სარჩელის დაკმაყოფილებისა და სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში ის განაახლებდა უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ამ ხელშეკრულების საფუძველზე იქნა მიღებული და რომლითაც მას 32000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. ამდენად, საკასაცო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და თვლის, რომ თავდაპირველად განხილული უნდა იქნეს თბილისის ისანი-სამგორის რაიონის დაცვის პოლიციის სააპელაციო საჩივარი თბილისის ისანი სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 22 მარტის გადაწყვეტილებაზე, ხოლო მოცემულ დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განხილულ უნდა იქნეს დაცვის პოლიციის სამმართველოს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების თაობაზე, მითუმეტეს, რომ განცხადებაში ახლად აღმოჩენილ გარემოებად დაცვის პოლიციის სამმართველო 1994წ. 4 იანვრის იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობას მიიჩნევს.
საკასაციო სასამართლო ამასთან თვლის, რომ რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობისა და კანონიერების შემოწმებისას სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, თუ რამდენად სწორად გამოიყენა და განმარტა რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტი და რამდენად სწორად მიანიჭა უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილას მოცემული დავის გადაწყვეტისას პრეიუდიციული ძალა. სააპელაციო სასამართლომ საქმის არსებითად განხილვისას ასევე უნდა იმსჯელოს იმ საკითხებზე, რაც მოცემულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999წ. 22 ოქტომბრის განჩინებაში, რომლითაც გაუქმდა მანამდე არსებული ყველა გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონის დაცვის პოლიციის სამმართველოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის დაცვის პოლიციის სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 22 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.