3გ-ად-90-კ-02 19 ივლისი, 2002 წ., ქ. .თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: ადმინისტრაციული აქტის გაუქმება, უძრავი ქონების დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 25 თებერვალს მ. ბ-ძემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების: გ. ბ-ძისა და თელავის რაიონის სოფ. ... საკრებულოს გამგეობის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელის მაზლმა, მოპასუხე გ. ბ-ძემ მიითვისა მოსარჩელის გარდაცვლილი მეუღლის, გ. ბ-ძის მიერ 1962 წელს აშენებული სახლი და 0,8 ჰა მიწის ნაკვეთი.
მოსარჩელის განმარტებით, 1999წ. 28 მაისს თელავის რაიონის სოფ. ... გამგეობამ განიხილა მ. ბ-ძესა და გ. ბ-ძეს შორის არსებული სადავო საკითხი, ყურადღება არ მიაქცია მ. ბ-ძის ახსნა-განმარტებას, წარდგენილ საბუთებს და რამდენიმე მეზობლის ტენდენციური ახსნა-განმარტების საფუძველზე სადავო სახლი და 0,8 ჰა მიწის ნაკვეთი მიაკუთვნა გ. ბ-ძეს.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ სოფ. ... საკრებულოს გამგეობის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა მის მიერვე 1998წ. 22 ივნისს გაცემულ ცნობას, სადაც მითითებული იყო, რომ მ. ბ-ძის სახელზე ირიცხებოდა 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი, სადაც აშენებული იყო ორი საცხოვრებელი ბინა, ხოლო გ. ბ-ძის სახელზე ბინა და ნაკვეთი არ ირიცხებოდა.
მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა თელავის რაიონის სოფ. ... საკრებულოს გამგეობის 1999წ. 28 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, აგრეთვე, სადავო ბინისა და 0,08 ჰა მიწის ნაკვეთის მოსარჩელისთვის Dდაბრუნება.
თელავის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას, მთავარ სხდომაზე, მოსარჩელე მ. ბ-ძემ შეამცირა სარჩელი და ითხოვა მხოლოდ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. ბ-ძემ და ითხოვა ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობასთან ერთად სადავო ბინისა და მიწის ნაკვეთის დაბრუნება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 12 თებერვალს განიხილა მ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი და არ დააკმაყოფილა იგი. შესაბამისად უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნულ განჩინებაზე მ. ბ-ძემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც ითხოვა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყევტილების გამოტანით მისი სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა 1507-ე და 1513-ე მუხლები, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ, აგრეთვე, დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ბ» პუნქტის მოთხოვნა, რადგანაც საქმე განიხილა მხარის _ მოპასუხე სოფ. ... გამგეობის დაუსწრებლად. ეს კი გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» კანონის მე-8 და 25-ე მუხლების შესაბამისად, თელავის რაიონის სოფ. ... გამგეობის კომპეტენციას არ მიეკუთვნებოდა ფიზიკურ პირებს შორის ქონებრივი დავის გადაწყვეტა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თელავის რაიონის სოფ. კურდღელაურის გამგეობის სხდომის ოქმი ¹5, რომლითაც მ. ბ-ძესა და გ. ბ-ძეს შორის სადავო საგნად გამხდარი ბინა და 0,08 ჰა მიწის ნაკვეთი მიეკუთვნა გ. ბ-ძეს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის «დ» ქვეპუნქტის თანახმად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რადგანაც იგი ეწინააღმდეგება «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» კანონის მე-8 და 25-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სრულყოფილად არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა.
გარდა ამისა, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის სრულყოფილად დასაბუთებული, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თავად ვერ მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას, რადგანაც საჭიროა მტკიცებულებების დამატებითი გამოკვლევა, რის გამოც საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ქვემდგომ სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შემდეგ საქმეში არსებული დავა განეკუთვნება კერძო სამართლის ურთიერთობების კატეგორიას და არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, კერძოდ, მ. ბ-ძესა და გ. ბ-ძეს შორის არსებულ დავის საგანი არ განეკუთვნება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დავის საგნების კატეგორიებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 თებერვლის განჩინება.
3. მ. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს თელავის რაიონის სოფ. ... გამგეობის 1999წ. 28 მაისის საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში.
4. ბათილად იქნეს ცნობილი თელავის რაიონის სოფ. ... გამგეობის 1999წ. 28 მაისის საოქმო გადაწყვეტილება.
5. საქმე დანარჩენ ნაწილში (მ. ბ-ძის სარჩელი სადავო ბინისა და 0,08 ჰა მიწის ნაკვეთის დაბრუნების თაობაზე) განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
6. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.