Facebook Twitter

3გ-ად-91-კ-02 24 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: გამოთავისუფლებული ფართის განაწილება.

აღწერილობითი ნაწილი:

1985-86 წ.წ. ქ. თბილისში, ..... მდებარე ორსართულიანი სახლის მაცხოვრებელი 3 ოჯახი დაკმაყოფილდა ახალი საცხოვრებელი ბინებით, რის შედეგადაც აღნიშნულ მისამართზე გამოთავისუფლებული 3 ოთახი, მდებარე პირველ და მეორე სართულზე მოყვანილ იქნენ არასაცხოვრებელ მდგომარეობაში. პირველ სართულზე მდებარე გათავისუფლებული ორი ოთახიდან ერთ-ერთი დაკავებული იქნა იმავე მისამართზე მცხოვრები ვ. ჩ-ევის მიერ, რომელმაც ამ ფართით სარგებლობა შეწყვიტა ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 01.02.99წ. გადაწყვეტილების საფუძველზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გამგეობის სარჩელი და ვ. ჩ-ევი და გ. მ-შვილი თანმყოფ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნენ სადავო ფართიდან, გამონთავისუფლებული ფართი ჩაბარდა მის კანონიერ მესაკუთრეს – ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობას. გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და იგი ძალაშია შესული. 1998 წელს აღნიშნულ მისამართზე მეორე სართულზე მცხოვრებმა მოქ. მ. ჭ-ძის ოჯახმა მიმართა თხოვნით გამგეობას, რათა ამავე მისამართზე 1-ლ და მე-2 სართულზე მდებარე ოთახები გამოეყოს მათ საცხოვრებელ ფართად კოოპერატიულ ბინათმშენებლობაში შეტანილი გარკვეული თანხის სანაცვლოდ. ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის 08.10.99წ. ¹4-27/122 განკარგულებით ვ. ჩ-ევს უარი ეთქვა მითითებული გამონთავისუფლებული სათავსოს გამოყოფაზე, გამონთავისუფლებული ფართის არასაცხოვრებელი ოთახი გამოეყო მოქ. მ. ჭ-ძის ოჯახს, მ. ჭ-ძეს დაევალა გამოყოფილ ფართში აუცილებელი გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება. ამავე განკარგულებით დადგინდა, რომ თ. მ-შვილის და ე. მ-ძის მიერ უნებართვოდ დაკავებული დანარჩენი ოთახების განაწილების საკითხი განიხილება მათ მიერ დაკავებულ ოთახებზე სასამართლოში დავის საბოლოო გადაწყვეტის შემდეგ.

ვ. ჩ-ევმა სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ისნის რაიონის გამგეობის 08.10.99წ. ¹4-27/122 განკარგულების გაუქმება, სათავსოს მისთვის მიკუთვნება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სადავო ფართის გამაგრებაზე გაწეული აქვს გარკვეული სამუშაოები, ოთახით სარგებლობდა 15 წლის მანძილზე და ისნის რაიონის 01.02.99წ. გადაწყვეტილების გამოტანამდე იყენებდა მას როგორც საკუთარს. ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 01.03.2000წ. გადაწყვეტილებით ვ. ჩ-ევის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ისნის რაიონის გამგეობის 08.10.99წ. ¹4-27/122 განკარგულება, სსსკ-ს 255-ე მუხლის შესაბამისად გამგეობას დაევალა ვ. ჩ-ევის მოთხოვნის დაკმაყოფილება სადავო ფართის მისთვის მიკუთვნების თაობაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ისნის რაიონის გამგეობის მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.12.01წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 01.03.01წ. გადაწყვეტილება, საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. ჩ-ევის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დავის ადმინისტრაციული ხასიათის მიუხედავად პირველი ინსტანციის სასამართლომ დავა განიხილა სამოქალაქო-სამართლებრივი წესით. რაიონულმა სასამართლომ არ გამოიყენა სასკ 22-ე, 32-ე მუხლები, იმსჯელა გამგეობის აქტის გაუქმებაზე მაშინ, როდესაც მოქმედი ადმინისტრაციული კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება და ბათილად ცნობა და არა გაუქმება. ვინაიდან რეგისტრაცია წარმოებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, უმართებულოდ იქნა მიჩნეული რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ რეგისტრაცია არ წარმოშობს უფლებას საცხოვრებელ ადგილზე. ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 01.02.99წ. გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ისნის რაიონის გამგეობის სარჩელი და ვ. ჩ-ევი, გ. მ-შვილი, მათთან მყოფ პირებთან ერთად გამოსახლდნენ ..... მდებარე სახლთმფლობელობის ავარიულ ნაწილში დაკავებული ფართიდან, მიჩნეულ იქნა პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე ფაქტად. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გამგეობის სადავო აქტი მიღებულია მ. ჭ-ძის განცხადების საფუძველზე, რომელიც ითხოვდა პირველ და მეორე სართულზე მდებარე არასაცხოვრებელი ოთახების გამოყოფას კოოპერატიულ ბინათმშენებლობაში შეტანილი გარკვეული თანხის სანაცვლოდ. სასამართლომ მიუთითა, რომ ისნის რაიონის გამგეობის განკარგულება არ ეწინააღმდეგებოდა «სახელმწიფო ვალის შესახებ» კანონს და ემსახურება სახელმწიფო ვალდებულების შესრულებას. პალატის აზრით, ვ. ჩ-ევის მიერ 1989წ. ..... მდებარე 25 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის და დამხმარე სათავსოს შესყიდვით სადავო ფართზე უპირატესი უფლება არ მოუპოვებია.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.12.01წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ვ. ჩ-ევის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატა უთითებს რა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ს.ა.ს.კ 22-ე და 32-ე მუხლების დარღვევით დავის საგნის დაუზუსტებლობაზე, თავადაც არ დააზუსტა დავის საგანი. სააპელაციო სასამართლომ, კასატორის აზრით, არასწორად განმარტა «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ» კანონი, როცა მიუთითა, რომ რეგისტრაცია წარმოშობს უფლებას საცხოვრებელ ადგილზე. აღნიშნული კანონის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სსკ-ს 20-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით კი პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა სსკ-ს 20 მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელიც არ გამოიყენა. სსსკ-ს 249-ე მუხლის დარღვევით, სასამართლომ არ იმსჯელა თუ რა გარემოების დასადასტურებლად მიუთითა ისნის რაიონის სასამართლოს 01.02.99წ. გადაწყვეტილებით მისი სადავო ფართიდან გამოსახლება, მით უფრო, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ ზღუდავდა ვ. ჩ-ევს შემდგომში მიემართა გამგეობისათვის იმავე ფართის გამოყოფის მოთხოვნით. კასატორის აზრით, პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ გამგეობა გამოხატავდა სახელმწიფო ნებას და უფლება ჰქონდა კოოპერატიული ბინათმშენებლობისათვის შეტანილი თანხის სანაცვლოდ მ. ჭ-ძისათვის გამოეყო არასაცხოვრებელი ფართი, ე.ი. თვითონ გადაეწვიტა მ. ჭ-ძესა და სახელმწიფოს ურთიერთვალდებულებები. «სახელმწიფო ვალის შესახებ» კანონში ვალის გადახდის მსგავს წესზე მითითებული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვს სააპელაციო პალატის 10.12.01წ. გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ისნის რაიონის გამგეობის 08.10.99წ. ¹4-27/122 განკარგულება ..... თავისუფალი არასაცხოვრებელი ფართის განაწილების შესახებ» არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. სადავო ფართი განეკუთვნება კომუნალურ ფონდს, შესაბამისად გამგეობა უფლებამოსილი იყო განეკარგა იგი კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ შორის სახელმწიფო ვალის ჩასათვლელად. უმართებულოა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობისათვის შეტანილი თანხის სანაცვლოდ სადავო ფართის გაცემა კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული. მმართველობის ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (5.1 მუხლი) არ კრძალავს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას, უკეთუ ადმინისტრაციული ორგანოს აქტი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. გამგეობა გამოხატავდა რა სახელმწიფო ნებას, სახელმწიფოს შესასრულებელი ვალდებულების სანაცვლოდ უფლებამოსილი იყო მ. ჭ-ძისათვის გამოეყო გამონთავისუფლებული ფართი. «სახელმწიფო ვალის შესახებ» კანონის 48-ე მუხლის თანახმად, კოოპერატიული ბინათმშენებლების წინაშე სახელმწიფოს შეუსრულებელი ვალდებულებანი სახელმწიფოს შიდა ვალად იქნა აღიარებული. «ზოგიერთი სახის სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 30.06.99წ. ¹413 ბრძანებულებით შექმნილი სახელმწიფო კომისიის 17.09.99წ. ¹3 საოქმო გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველსაყოფად, «სახელმწიფო ვალის შესახებ» კანონის, სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 11.10.99წ. ¹226 ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესის» მე-3 მუხლი ითვალისწინებს ქ. თბილისის საქალაქო ბიუჯეტიდან აღნიშნული სახელმწიფო საშინაო ვალის დასაფარავად გამოყოფილი ასიგნებების განაწილებას, ბიჯეტიდან გასაცემი თანხების მნიშვნელოვანი შემცირების და კოოპერატიული ბინათმშენებელთა სურვილის დასაკმაყოფილებლად, საკომპენსაციო თანხის მიღების ნაცვლად, სხვა ზომებთან ერთად (საკომპენსაციო ერთჯერადი განაცემის სანაცვლოდ მიწის ფართობების გამოყოფა, საპრივატიზაციო ობიექტების შესყიდვა და სხვ), ერთჯერადი აქტების სახით ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების მიერ მუნიციპალური და საუწყებო დაქვემდებარების სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი შენობა-ნაგებობისა და საცხოვრებელი სახლების პირველ და ბოლო სართულებზე განთავსებული არასაცხოვრებელი ფართობების საბინაო ფონდში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. ანალოგიურ ზომებს ითვალისწინებს აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის 12.10.99წ. ¹592 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის ხელშემწყობ ღონისძიებათა განხორციელების პროგრამა”. ამდენად, გამგეობა უფლებამოსილია კოოპერატიული ბინათმშენებლობისათვის შეტანილი თანხის სანაცვლოდ გამოუყოს არასაცხოვრებელი ფართი მ. ჭ-ძეს.

სადავო ფართის კასატორის მიერ თვითნებური, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკავება, მიუხედავად ხანგრძლივი სარგებლობისა, ვერ წარმოშობს მასზე საკუთრების უფლებას. ამ თვალსაზრისით ისნის რაიონის სასამართლოს 01.02.99წ. გადაწყვეტილებას, რომლითაც დაკმაყოფილდა ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის სარჩელი და ვ. ჩ-ევი, გ. მ-შვილი თანმყოფ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნენ ..... მდებარე სახლთმფლობელობის ავარიულ ნაწილში დაკავებული ფართიდან, აქვს პრეიუდიციული მნიშვნელობა, ვინაიდან ვ. ჩ-ევს სარჩელში გამგეობის 08.10.99წ. ¹4-27/122 განკარგულების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მოყვანილი იყო სადავო ოთახით 15 წლის მანძილზე სარგებლობა, ფართის როგორც საკუთარის გამოყენება, მისი შეკეთება. ამ მიმართებით სააპელაციო პალატის მიერ განსახილველი დავისადმი, სსსკ-ს 106-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე, ისნის რაიონის სასამართლოს 01.02.99წ. განკარგულების პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე ფაქტად მიჩნევა დასაშვებია, რაც ცხადია არ გამორიცხავდა ვ. ჩ-ევის მიერ გამგეობის სადავო აქტის გასაჩივრების შესაძლებლობას.

სასამართლო ითვალისწინებს აგრეთვე იმას, რომ კასატორის ოჯახი გაფართოვდა 1975 წელს, 1989 წელს კასატორის 4 სულისაგან შემდგარ ოჯახს გამოეყო 3 ოთახიანი საცხოვრებელი ბინა, სადაც გადაეწერა ოჯახის ყველა წევრი. შემდგომში ვ. ჩ-ევის მიერ შესყიდულ იქნა ..... მდებარე კომუნალური ფონდის 25 კვ.მ. ბინა, ხოლო მ. ჭ-ძის მრავალსულიანი ოჯახი განიცდის ფართის უკმარისობას. «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ» კანონის მე-3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით რეგისტრაცია წარმოებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მითითებულ მისამართზე მ. ჭ-ძის ოჯახის წევრების რეგისტრაცია მათი იქ მუდმივი საცხოვრებლის მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ის გარემოება, რომ მ. ჭ-ძე ფართის სიმცირის გამო რეგისტრაციის ადგილას არ ცხოვრობდა არ გამორიცხავს გამგეობის უფლებას მიანიჭოს სადავო ფართი მ. ჭ-ძეს.

მთავრობის 11.08.92წ. დადგენილებით დამტკიცებული «საქართველოს რესპუბლიკაში პრივატიზებული საბინაო ფონდის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ჩატარების ორგანიზაციისა და გაწეული დანახარჯების დაფარვის შესახებ» დროებითი დებულების მე-5 პუნქტი, რომლის მიხედვით «სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლებისათვის (ბინებისათვის) მოქალაქეების ხარჯზე მიშენებული (დაშენებული) საცხოვრებელი ოთახები და დამხმარე სათავსები გადაეცემათ მათ საკუთრებაში ბინების (საცხოვრებელი სახლების) საკუთრებაში გადაცემასთან ერთად”, ასევე არ ადასტურებს ვ. ჩ-ევის უფლებას სადავო ფართზე, ვინაიდან იგი არ არის მისი ხარჯებით აშენებული, ხოლო მ. ჭ-ძე, რომელსაც აკმაყოფილებს გამგეობის მიერ გამოყოფილი სათავსო, მზად არის შეაკეთოს და მოიყვანოს ფართი ვარგის მდგომარეობაში. ამდენად, 1989წ. 25 კვ.მ. ოთახის ვ. ჩ-ევის საკუთრებაში გადაცემა არ ქმნის სადავო სათავსოს მისთვის გამოყოფის ვალდებულებას. სადავო ფართი არის კასატორის ბინის არამომიჯნავე, არამედ მოპირდაპირე მხარეს მდებარე, რაც არ ქმნის კასატორისათვის სადავო ფართის გამოყოფის უპირატეს უფლებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.12.01წ. გადაწყვეტილების გაუქმების, ვ. ჩ-ევის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ჩ-ევის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.12.01წ. გადაწყვეტილება.

2. კასატორს სახეელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით, რომლის 70% _ 21 ლარი უნდა ჩაირიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹000141107 ანგარიშზე (კოდი 59), ხოლო 30% _ 9 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.