Facebook Twitter

3გ-ად-92-კ-02 17 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა, თბილისის გლდანის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილების არამართლზომიერად ცნობა და სადავო მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 9 ივლისს პ. ჯ-ავამ სარჩელით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს და მიუთითა, რომ გლდანის რაიონის გამგეობის 1998წ. 25 მარტის ¹55 გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნა გლდანის მე-.... და მე-..... მ\რ შორის არსებულ ტერიტორიაზე სარგებლობის უფლებით ავტოსადგურის მოწყობის მიზნით ფართის გამოყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ საკუთარი სახსრებით მოაწესრიგა ტერიტორია და საქმიანობა წამოიწყო.

პ. ჯ-ავამ 1998წ. ოქტომბერში მუნიციპალიტეტის წინაშე დააყენა საკითხი მიწის ნაკვეთის დამაგრების მოთხოვნით, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

1999წ. თებერვალში პ. ჯ-ავასთან შპს «ე-ის» წარმომადგენელი გამოცხადდა, 1999 წლის იანვრით დათარიღებული ¹..... საჯარო რეესტრის ამონაწერი წარუდგინა და გლდანის მე-.... და მე-..... მ/რ-ებს შორის არსებული ტერიტორიის გამოთავისუფლება მოთხოვა. შპს «ე-ის» წარმომადგენლის თქმით, სადავო ტერიტორია მას თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ საკუთრების უფლებით ჰქონდა გადაცემული.

პ. ჯ-ავამ «ე-ის» წარმომადგენლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ გლდანის მე-.... და მე-.... მ\რ-ებს შორის არსებული ტერიტორია მას ჰქონდა სარგებლობის უფლებით გადაცემული, შპს «ე-ას» კი _ გლდანის მე-..... და მე-...... მ\რ-ებს შორის არსებული მიწის ნაკვეთი ჰქონდა მიზომილი.

იმავე წლის აპრილში შპს «ე-ის» წარმომადგენელმა პ. ჯ-ავას საჯარო რეესტრის 1999წ. 15 აპრილის ¹..... ამონაწერი წარუდგინა, რომლის მიხედვით შპს «ე-ის» სახელზე გლდანის მე-.... და მე-..... მ\რ-ებს შორის არსებული ტერიტორია იყო დარეგისტრირებული. საჯარო რეესტრში ამგვარი ჩანაწერის საფუძვლად კი 1999წ. 4 თებერვლის ამონაწერი და 1999წ. 14 აპრილის ¹6\233 წერილი იყო მითითებული.

მოსარჩელე, ზემოთქმულიდან გამომდინარე მიუთითებდა, რომ შპს «ე-აზე» გაცემული ცნობა და საჯარო რეესტრის მონაცემები ურთიერთსაწინააღმდეგო იყო, არ გამომდინარეობდნენ «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან და, ამდენად, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი საჯარო რეესტრის 1999წ. 15 აპრილის ¹..... ჩანაწერი სადავო ნაკვეთის შპს «ე-ისათვის» გადაცემის თაობაზე.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999წ. 19 ნოემბრის განჩინებით პ. ჯ-ავას საქმე გაერთიანდა ამავე სასამართლოში არსებულ შპს «ე-ის» წარმომადგენლის ლ. მ-შვილის საქმის წარმოებასთან. სარჩელით ლ. მ-შვილი გლდანის რაიონის გამგეობის 1998წ. 25 მარტის გადაწყვეტილების არამართლზომიერად ცნობას, სადავო მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლებას და ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა. მ-შვილი აღნიშნავდა, რომ 1990წ. 27 სექტემბერს თბილისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის ¹15.11.400 გადაწყვეტილებით შპს «ე-ას» გლდანის მე-.... და მე-.... მ\რ-ებს შორის არსებული მიწის ნაკვეთი გამოეყო. 1998წ. 29 იანვარს მიწის პრივატიზაცია განხორციელდა და შპს «ე-ას» გლდანის მე-.... და მე-.... მ\რ-ებს შორის არსებული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა. ამასთან, მოგვიანებით, 1999წ. 14 აპრილს ქალაქის მთავარი არქიტექტორის მიერ მიწის ფართობის ფაქტიური მისამართი დაზუსტდა, მისთვის გადაცემულად გლდანის მე-.... და მე-.... მ/რ-ებს შორის არსებული ტერიტორია განისაზღვრა და აღნიშნული ცვლილება დარეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში. ამდენად, ლ. მ-შვილი სადავო ტერიტორიას თავის საკუთრებად მიიჩნევდა, პ. ჯ-ავაზე გაცემული გლდანის რაიონის გამგეობის 1998წ. 25 მარტის ¹55 გადაწყვეტილების არამართლზომიერად ცნობა და სადავო ფართის გამოთავისუფლება მოთხოვა.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 21 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა პ. ჯ-ავას სარჩელი _ ბათილად იქნა ცნობილი შპს «ე-ას» საკუთრებაში გლდანის მე-.... და მე-.... მ/რ-ებს შორის არსებული მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე საჯარო რეესტრში ¹.... რეგისტრაცია. ლ. მ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ გლდანის მე-.... და მე-..... მ\რ-ებს შორის მდებარე მიწის პ. ჯ-ავასათვის გადაცემის თაობაზე თბილისის გლდანის რაიონის გამგეობის 1998წ. 25 მარტის ¹55 გადაწყვეტილება არამართლზომიერად იქნა ცნობილი, ხოლო შპს «ე-ის» წარმომადგენლის მოთხოვნას დაკავებული ფართიდან პ. ჯ-ავას გამოსახლების შესახებ უარი ეთქვა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ პ. ჯ-ავასათვის გაცემული გამგეობის გადაწყვეტილება არამართლზომიერად უნდა მიჩნეულიყო, რადგან აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ქ. თბილისის მერიის კომპეტენციაში შედიოდა და რაიონის გამგეობას პირისათვის მიწის სარგებლობაში გადაცემის უფლება არ ჰქონდა.

ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ «ე-ისათვის» გადასაცემად გათვალისწინებული იყო გლდანის მე-.... და მე-..... მ\რ შორის არსებული ფართობი და ქალაქის არქიტექტურის სამსახური არ იყო უფლებამოსილი აღმასკომის მითითებულ აქტში თვითნებურად შეეტანა ცვლილება. თვით არქიტექტურის უწყების წერილი კი არ უნდა გამხდარიყო საჯარო რეესტრში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველი.

ამდენად, გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან შპს «ე-ა» სადავო მიწის მესაკუთრეს არ წარმოადგენდა და იგი არ იყო უფლებამოსილი დაკავებული ფართიდან პ. ჯ-ავას გამოსახლება მოეთხოვა.

პ. ჯ-ავამ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი სარჩელის არ დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება და «ე-ის» არასათანადო მხარედ მიჩნევა მოითხოვა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობამაც გაასაჩივრა გამგეობის ¹55 გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში და მიუთითა, რომ რაიონის გამგეობა უფლებამოსილი იყო თავისი გადაწყვეტილებით პირისათვის მიწის ნაკვეთი გამოეყო. ამასთან, მისი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის უფლება შპს «ე-ას» არ გააჩნდა, რადგან მას სადავო მიწაზე არანაირი უფლება არ ჰქონდა.

რაიონული სასამართლოს 2000წ. 21 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შპს «ე-ამაც» გაასაჩივრა. ლ. მ-შვილი აღნიშნავდა, რომ პ. ჯ-ავა არასათანადო მოსარჩელე იყო და აღნიშნული მოთხოვნის უფლება თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტს გააჩნდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 24 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით შპს «ე-ამ» გაასაჩივრა და მიუთითა, რომ სასამართლომ განჩინების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, რაც მისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და განჩინების გაუქმების საფუძველია.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ შპს «ე-ის» წარმომადგენლის ლ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამრათლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 24 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება საოლქო სასამრათლოს მოსაზრებას და დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შპს «ე-ას», თბილისის საქალაქო სამსახურის საბჭოს აღმასკომის 1990წ. 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით, საკაბელო და თანამგზავრული სისტემის და ავტონომიური სატელევიზიო სტუდიის ასაშანებელად მიწის ნაკვეთი გლდანის მე-.... და მე-.... მ\რ-ებს შორის გამოეყო და საჯარო რეესტრში შესაბამისი რეგისტრაცია განხორციელდა. აღნიშნული ფაქტი თვით «ე-ის» წარმომადგენელ ლ. მ-შვილის მიერაც არაერთხელ იქნა დადასტურებული. ზემოხსენებული გადაწყვეტილების შესაბამისად, თბილისის არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის მთავარ სამმართველოს სამშენებლო პასპორტის შედგენა და ე.წ. «წითელი ხაზების» დამუშავება დაევალა, რომელმაც თვითნებურად შეიტანა ცვლილება აღმასკომის 1990წ. 27 სექტემბრის გადაწყვეტილებაში და შპს «ე-აზე» გაცემული მიწის ნაკვეთის მისამართი დააზუსტა. შედეგად, გენგეგმაში მე-....-მე-.... მ\რ-ების ნაცვლად, გლდანის მე-.... და მე-.... მ\რ-ის შორის არსებული ტერიტორია დაფიქსირდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია საოლქო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ თბილისში მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი ორგანოა თბილისის მერია (იმ დროს ქალაქის მუნიციპალიტეტი), რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება და შპს «ე-ას» მიწის ნაკვეთი გლდანის მე-.... და მე-.... მ\რ-ებს შორის მიუზომა, აღნიშნული გადაწყვეტილება აღმასკომის მიერ არ ყოფილა შეცვლილი ან გაუქმებული და იგი კანონიერ ძალაშია შესული. ქალაქის მთავარი არქიტექტორი კი, კანონმდებლობის თანახმად, არ იყო უფლებამოსილი გადაწყვეტილების გამომტანი კოლეგიური ორგანოს _ აღმასკომის 1990წ. 27 სექტემბერის ¹400 გადაწყვეტილება თვითნებურად შეეცვალა და «ე-აზე» სხვა მიწის ფართობი გაეცა. კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანა მხოლოდ იმავე კოლეგიურ ორგანოს შეეძლო, რომელმაც მიიღო იგი. აღსანიშანვია, რომ «თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების» თანახმად, იგი თბილისის მთავრობას წარმოადგენს, მაგრამ მითითებული არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სფეროს ეხება მხოლოდ და არქიტექტურის სამსახურს არ აძლევს უფლებას, შეცვალოს მიწის გამოყოფის თაობაზე აღმასკომის (კოლეგიური ორგანოს) გადაწყვეტილება.

ამასთან, სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მიწის მართვის დეპარატმენტის მიერ, არქიტექტურის სამსახურის 1999წ. 14 აპრილის ¹6\233 წერილის თანახმად, საჯარო რეესტრში მისამართის კორექტირების მიზნით ცვლილების შეტანა არაკანონიერი იყო, რადგან, მართალია, მიწის მართვის დეპარატმენტი უფლებამოსილია მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთის შესაბამისად, საჯარო რეესტრში მოახდინოს ფაქტის რეგისტრაცია, მაგრამ აღნიშნულ შემთხვევაში საოლქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ქალაქის მთავარი არქიტექტორის წერილი მიწის მართვის დეპარატმენტის მიერ საჯარო რეესტრში ცვლილების განხორციელების საფუძვლი არ უნდა გამხდარიყო.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს და ეთანხმება საოლქო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ პ. ჯ-ავას სადავო ნაკვეთი გამოეყო გამგეობის გადაწყვეტილებით, მას თვითნებურად არ დაუკვებია იგი, 1998 წლიდან მოაწყო ავტოსადგომი სადავო ფართზე და დღეისათვის ფაქტობრივ მფლობელს წარმოადგენს, რაც მის არასათანადო მოსარჩელედ მიიჩნევს გამორიცხავს.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია შპს «ე-ის» საკუთრებაში გლდანის მე-.... და მე-..... მ\რ-ებს შორის არსებული მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა და აქვე დაამატებს, რომ შესაბამისად, კანონიერია «ე-ის» წარმომადგენლისათვის პ. ჯ-ავას დაკავებული ფართიდან გამოსახლების მოთხოვნაზე უარის თქმა, რადგან კასატორს არანაირი უფლება არ გააჩნია სადავო ფართზე.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს და ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზეც, რომ არამართლზომიერად უნდა იქნეს ცნობილი გლდანის რაიონის გამგეობის 1998წ. 25 მარტის ¹55 გადაწყვეტილება გლდანის მე-.... მე-..... მ\რ-ებს შორის არსებული ფართის პ. ჯ-ავასათვის გადაცემის შესახებ, რადგან დაცული არ ყოფილა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები. პირისათვის მიწის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება შეთანხმებულ უნდა იქნეს თბილისის მერიას, მთავარ საარქიტექტურო სამსახურსა და მიწის მართვის დეპარტამენტთან.

საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის მერიის დებულების 2-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» საქართველოს კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თავისუფალი მიწის ნაკვეთების შემდგომი გამოყენების თაობაზე საკითხების მომზადება და გადაწყვეტილების მისაღებად თბილისის მთავრობის სხდომაზე წარდგენა რაიონის გამგეობის კომპეტენციაში შედის, თუმცა აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას თბილისის მერია იღებს.

საკასაციო სასამართლო აქვე მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გლდანის რაიონის გამგეობის 1998წ. 25 მარტის გადაწყვეტილება პ. ჯ-ავასათვის მიწის დამაგრების საკითხის თბილისის მუნიციპალიტეტის წინაშე დაყენებას ითვალისწინებს, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა დაცული არ ყოფილა.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზეც, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით არამართლზომიერად იყო მიჩნეული პ. ჯ-ავაზე მიწის დამაგრების თაობაზე გამგეობის გადაწყვეტილება და არა მისთვის ავტოსადგომის მოწყობის ნებართვის გაცემა. ამ უკანასკნელის უფლებამოსილება, «თბილისის დებულების» 50-ე მუხლის «თ» პუნქტის თანახმად, რაიონის გამგეობას გააჩნია, ხოლო მიწის ნაკვეთის პირისათვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა ყველა შემთხვევაში ქ. თბილისის მერიის კომპტენციაში შედის.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს «ე-ის» წარმომადგენლის ლ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «ე-ის» წარმომადგენლის ლ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 24 დეკემბრის განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.