3გ/ად-93-კ-01 5 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ქ. ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოსა და შპს «ქ-ს» შორის 1997 წლის 14 ივლისს დადებული ¹35-სგ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტილად ცნობა და შპს «ქ-ის» სადავო ფართიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 13 აპრილს ქუთაისის ........ სახელობის კულტურის სახლის ყოფილმა თანამშრომლებმა, ფიზიკურმა პირებმა: ი. გ-ძემ, ი. ჭ-შვილმა, პ. ბ-ძემ, რ. ს-ძემ და ნ. ვ-ძემ სარჩელი აღძრეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და მიუთითეს, რომ ქ. ქუთაისის მერიის 1997 წლის 2 იანვრის ¹1 განკარგულებით ქ. ქუთაისის კულტურის სახლების (მათ შორის ....... სახელობის კულტურის სახლის) გამოყენების უფლებაზე გამოცხადდა ტენდერი და დამტკიცდა ტენდერის პირობები. 1997 წლის 24 იანვარს ჩატარდა ტენდერი, გამარჯვებულად გამოცხადდნენ ........ სახელობის კულტურის სახლის მეთოდისტი ი. მ-ძე და ქორეოგრაფი პ. გ-ძე, დამტკიცდა ტენდერის შედეგების ოქმი. ქ. ქუთაისის მერიის 1997 წლის 31 იანვრის ¹59-ე განკარგულებით მოხდა ...... სახელობის კულტურის სახლის ლიკვიდაცია, ხოლო 1997 წლის 1 ივლისის ¹339 ბრძანებით ქ. ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოს დაევალა შპს «ქ-ისათვის», (დამფუძნებლები: ი. მ-ძე და პ. გ-ძე), 5 წლის ვადით, სამეურნეო გამგებლობის უფლებით, გადაეცა ....... სახელობის კულტურის სახლის ბალანსზე რიცხული 842,94 კვ.მ. და წმ. ნინოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული 95.12 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი. 1997 წლის 14 ივლისს ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოსა და შპს «ქ-ს» შორის გაფორმდა ¹35-სგ კონტრაქტი, რომლის 1.1 პუნქტის თანახმადაც შპს «ქ-მა» სამეურნეო გამგებლობის უფლებით მიიღო უძრავი ქონება, საერთო ფართით 938,06 კვ.მ. მოსარჩელეთა განმარტებით, 3 წლის მანძილზე შპს «ქ-მა» ვერ შეასრულა ტენდერის პირობები, კერძოდ, ვერ დაასაქმა და ხელფასით ვერ უზრუნველყო ....... კულტურის სახლის ყოფილი თანამშრომლები, ამჟამინდელი მოსარჩელეები. რის გამოც მათ თავიანთი უფლებების აღდგენა და ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვეს. მოპასუხეები ვერ ასრულებენ იმ ვალდებულებებს, რომლის შესრულების პირობითაც მათ გაიმარჯვეს ტენდერში. მოპასუხეები ამ პირობათა შეუსრულებლობას იმ მიზეზით ხსნიან, რომ შენობა ძველია, მე-19 საუკუნეში აგებული. შენობის სიძველე არ უხსნის მხარეს პასუხისმგებლობას ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის. ტენდერის შედეგი, ¹35 კონტრაქტი გაფორმდა იმისათვის, რომ შესრულებულიყო ის პირობები, რისთვისაც მოპასუხეებმა ტენდერში გაიმარჯვეს. საბოლოოდ, მოსარჩელეებმა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და ტენდერის ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა. მათ დამატებით მიუთითეს, რომ სარჩელი არ არის ხანდაზმული, ვინაიდან არ არის გასული ¹35 კონტრაქტის მოქმედების ვადა და საბოლოოდ მათი დარღვეული უფლებების აღდგენა, ტენდერის შედეგების გაუქმება და მოპასუხის გამოსახლება მოითხოვეს.
მოპასუხე – ქუთაისის ქონების მართვის სამმართველომ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და შპს «ქ-თან» 1997 წელს გაფორმებული ¹35-აგ კონტრაქტის ვადამდე მოშლა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მეორე მხარემ დაარღვია კონტრაქტის პირობები.
სააპელაციო სასამართლოში მესამე პირად ჩართულმა ქ. ქუთაისის მერიამ დამოუკიდებელი სარჩელით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ ქუთაისის მერიის 1997 წლის 2 იანვრის ¹1 განკარგულებით ქალაქის ¹1 და ¹2 კულტურის სახლების გამოყენების უფლებაზე გამოცხადდა ტენდერი. ამავე განკარგულებით დამტკიცდა ტენდერის პირობები, რომელიც გულისხმობდა: ტენდერის ფართის ოპტიმალურ დატვირთვას, შენობის მოვლა-პატრონობას, შეკეთებას, რეკონსტრუქციის პერსპექტივებს, ქონების იჯარის ქირის გადახდისუნარიანობას, კულტურის სახლში იმჟამად მომუშავეთა მაქსიმალურ დასაქმებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სხვ. ტენდერში გაიმარჯვა საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც შემდეგ შპს «ქ-ად» ჩამოყალიბდა. ამის შემდგომ,M ქუთაისის მერიის 1997 წლის 1 ივლისის ¹339 ბრძანების საფუძველზე ქუთაისის ქონების მართვის სამმართველომ შპს «ქ-თან» გააფორმა ¹35-სგ კონტრაქტი და მოპასუხეს სამეურნეო გამგებლობის უფლებით გადასცა 938 კვ.მ. ფართი. მოპასუხემ 3 წლის განმავლობაში ვერ შეძლო ტენდერის პირობებით გათვალისწინებული და მათ მიერ ნაკისრი ვერც ერთი ვალდებულების შესრულება. მოპასუხეს არ გადაუხდია ფართით სარგებლობისათვის ქირა, რაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული. საბოლოოდ, მოპასუხის მიერ საერთოდ არ არის შესრულებული ტენდერის არც ერთი პირობა, რომლითაც უხეშად დაირღვა ¹35 კონტრაქტის 2.4, 2.5, 2.9, 3.1 მუხლები.
ამასთან, ქუთაისის მერიის განმარტებით, ქუთაისის ქონების მართვის სამმართველო გასცდა თავის უფლებამოსილებას და ქუთაისის მერიის გარეშე გაუგრძელა მხარეს საიჯარო ვადა და გაანთავისუფლა გადასახადებისაგან, მაშინ, როცა ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს ქუთაისის მერია. ქუთაისის ქონების მართვის სამმართველომ გამოასწორა შეცდომა და თავისივე ბრძანებით (¹231), 2000 წლის 5 სექტემბერს ბათილად ცნო ¹110 ბრძანება.
ამდენად, დამოუკიდებელი სარჩელის ავტორმა – ქუთაისის მერიამ შპს «ქ-სა» და ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოს შორის 1997 წელს გაფორმებული ¹35 კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტილად ცნობა და სადავო ფართიდან მოპასუხის გამოსახლება მოითხოვა.
შპს «ქ-მა» არ ცნო არც ფიზიკურ პირთა სარჩელი და არც ქუთაისის მერიის დამოუკიდებელი სარჩელი. მისი განმარტებით, ფიზიკური პირები არ წარმოადგენენ კულტურის სახლს და არანაირი პასუხისმგებლობა მათ მიმართ შპს «ქ-ს» არ გააჩნია. ტენდერის მოქმედების ვადა ჯერ კიდევ გრძელდება 10 წლის განმავლობაში, ხოლო რაც შეეხება ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოს ¹231 ბრძანებას, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ამავე სამმართველოს ¹110 ბრძანება, მოპასუხისათვის მხოლოდ პროცესზე გახდა ცნობილი. ტენდერის ჩატარების დღიდან ყველანაირი ხელშეშლა მიმდინარეობს, რომ ტენდერის პირობები შპს-მ ვერ შეასრულოს. ფართი შპს «ქ-ში» ოპტიმალურად არის დატვირთული. რაც შეეხება საიჯარო ქირის გადაუხდელობას, სარემონტო სამუშაოები, რომელიც მათ აწარმოეს, საიჯარო ქირაში ჩაითვალა სწორედ ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოს ¹110-ე ბრძანებით. ამდენად, შპს «ქ-ის» განმარტებით, მას არც ტენდერისა და არც კონტრაქტის პირობები არ დაურღვევია.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით მთლიანად იქნა გაზიარებული შპს «ქ-ის» მოსაზრებებები და უარი ეთქვათ მოსარჩელეებს ფიზიკურ პირებს: ი. გ-ძეს, ნ. ვ-ძეს, მ. ჭ-შვილსა და პ. ბ-ძეს სარჩელის, ხოლო მესამე პირს – ქუთაისის მერიას, დამოუკიდებელი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ფიზიკურმა პირებმა: ი. გ-ძემ, ნ. ვ-ძემ და მ. ჭ-შვილმა, ასევე, მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით – ქ. ქუთაისის მერიამ, რომელთა მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის შესაბამისად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან იგი არ არის იურიდიულად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია. ამასთან, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ მოსარჩელე ფიზიკური პირების: ი. გ-ძის, ნ. ვ-ძის და მ. ჭ-შვილის საკასაციო საჩივარი, ასევე მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით – ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ამასთან, სასამართლომ ყოველმხრივ და სრულყოფილად არ შეაფასა მტკიცებულებები.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქ. ქუთაისის მერიის მოსაზრებას, რომ ტენდერში გამარჯვებულის გამოცხადებით არ დამთავრებულა ქ. ქუთაისის მერიასა და ტენდერში გამარჯვებულ შპს «ქ-ს» შორის ურთიერთობა. პირიქით, მხარეებს წარმოეშვათ ურთიერთვალდებულება: მერიას – გადაეცა ფართი გამარჯვებულისათვის, ხოლო გამარჯვებულს – შეესრულებინა ტენდერზე წარდგენილი ბიზნეს გეგმა, რომელიც მოიცავდა ტენდერის პირობებს: 1) შენობის ფართის ოპტიმალური დატვირთვა; 2) შენობის მოვლა-პატრონობა; 3) ქონების იჯარის ქირის გადახდისუნარიანობა; 4) კულტურის სახლში ამჟამად მომუშავეთა მაქსიმალურად დასაქმება; 5) ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; 6) მომუშავეთათვის მინიმალური ხელფასის – თვეში 50 ლარის გადახდა და სხვ. სწორედ ტენდერის საფუძველზე გაფორმდა ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოსა და შპს «ქ-ს» შორის 1997 წლის 14 ივლისის ¹15-სგ კონტრაქტი, რომელსაც წინ უსწრებდა ქ. ქუთაისის მერიის 1997 წლის 1 ივლისის ¹339 ბრძანება ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოსათვის კონტრაქტის გაფორმების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ. ამდენად, ქ. ქუთაისის მერიას, რომლის საკუთრებასაც წარმოადგენდა სადავო ქონება, ტენდერის პირობების შეუსრულებლობისათვის სრული უფლება ჰქონდა 1997 წლის 14 ივლისს დადებული ¹35-სგ კონტრაქტის ვადამდე მოშლა მოეთხოვა.
საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დავის საგანს სასამართლოში არც ტენდერისა და არც კონტრაქტის კანონიერება არ წარმოადგენდა, არც ერთი მხარე მათ ბათილად ცნობას არ მოითხოვდა, მათი მოთხოვნა მხოლოდ გარიგებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასა და ამის საფუძველზე გარიგების ვადამდე მოშლას შეეხებოდა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსაზრებას, რომ მოსარჩელე ფიზიკური პირები სათანადო მხარეს არ წარმოადგენენ და დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. ქუთაისის მერიის მიერ მოწყობილ ტენდერში მათი ინტერესებიც იყო გათვალისწინებული, რადგან ერთ-ერთი პირობა მათი დასაქმება და ხელფასით უზრუნველყოფა იყო. მოსარჩელე ფიზიკური პირები სწორედ ამ პირობების შეუსრულებლობით დარღვეული უფლებების აღდგენასა და ხელშეკრულების გაუქმებას მოითხოვენ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქ. ქუთაისის მერიის მოსაზრებას, რომ აღნიშნული დავა უნდა მოწესრიგდეს ძველი, 1964 წლის სამოქალაქო სამართლის და არა ახალი სამოქალაქო კოდექსით, ვინაიდან მხარეებს უფლებები და მოვალეობები წარმოეშვათ გარიგების დადებისთანავე, რაც ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე (1997 წლის 25 ნოემბერი) მოხდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს, გადაწყვეტილების გამოტანისას, უნდა ეხელმძღვანელა ძველი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 153-ე, 164-ე, 165-ე და 166-ე მუხლებით, რომელთა თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან, ხელშეკრულების პირობების ცალმხრივად შეცვლა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ დაიშვება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქ. ქუთაისის მერიის მოსაზრებას, რომ ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოს არ გააჩნდა უფლებამოსილება, ქუთაისის მერიის გარეშე შეეცვალა ¹15-სგ კონტრაქტის პირობები, ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოს 2000 წლის 5 სექტემბრის ¹231 ბრძანების კანონიერებაზე, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ამავე სამმართველოს ¹110-ე ბრძანება, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა მხარეს არ დაუყენებია. ამდენად, საკასაციო სასამართლო მხარეთა შორის ¹15-სგ კონტრაქტით დადებულ გარიგებას პირობების შეცვლის გარეშე განიხილავს და დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს «ქ-მა» არა მარტო დაარღვია ტენდერის პირობები, არამედ ვერ შეასრულა ¹15-სგ კონტრაქტის ძირითადი მოთხოვნა, 3 წლის მანძილზე არ გადაიხადა საიჯარო ქირა, ყოველთვიურად 313.80 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ხელშეკრულების ვადამდე მოშლის საფუძველია (საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 285-ე მუხლის მე-3 პუნქტი).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე ფიზიკური პირების: ი. გ-ძის, ნ. ვ-ძის, მ. ჭ-შვილის საკასაციო საჩივარი და მესამე პირის დამოუკიდებელი სარჩელით – ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ი. გ-ძის, ნ. ვ-ძის, მ. ჭ-შვილისა და ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. მოსარჩელე ფიზიკური პირების: ი. გ-ძის, ნ. ვ-ძის, მ. ჭ-შვილის სარჩელი და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირის – ქ. ქუთაისის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
4. მოიშალოს ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოსა და შპს «ქ-ს» შორის 1997 წლის 14 ივლისს გაფორმებული ¹35-სგ კონტრაქტის მოქმედება.
5. შპს «ქ-ი» გამოსახლებულ იქნეს სადავო შენობიდან.
6. დაეკისროს «ქ-ს» სახელმწიფო ბაჟის 40 ლარის გადახდა სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.