¹601აპ 10 ოქტომბერი, 2007 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც ზ. ჭ-ნი ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საბრალდებო დასკვნით ზ. ჭ-ნს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:
ზ. ჭ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,---”, რასაც უკანონოდ ინახავდა.
ზ. ჭ-მა განიზრახა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალების გასაღება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ---ის ტუბერკულიოზით დაავადებულთა სამკურნალო დაწესებულების მსჯავრდებულ ა. გ-ზე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება მოათავსა მის მიერ მომზადებულ ამანათში არსებულ ლობიანში და 2006 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 15 საათზე, გამოცხადდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ---ის ტუბ-დაავადებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც წერილობითი განცხადებით მიმართა ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას, რომ ამანათი რომელშიც კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ იყო გადაეცათ ამავე დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულ ა. გ-სათვის.
შემოწმების შედეგად ზ. ჭ-ის მიერ წარმოდგენილ ამანათში, კერძოდ ლობიანში აღმოჩენილი იქნა გამჭირვალე ცელოფნის ნაგლეჯში შეფუთული, სიგარეტის ვერცხლისფერ ფოლგაში შეხვეული ქარხნული წესით დამზადებული აბის ფორმის ნატეხი.
სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის 2006 წლის 28 აპრილის დასკვნის თანახმად ზ. ჭ-ის ამანათის ჩხრეკისას ამოღებული თეთრი ფერის აბის ნატეხი, წონით 0.164 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკული ნივთიერება ,,---ის” შემცველელ აბის ნატეხს, რომელშიც ,,---ის” შემცველობაა 0.0032 გრამი.
წინასწარი გამოძიებით ზ. ჭ-ის ქმედება დაკვალიფიცირებული იქნა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 ნოემბრის განაჩენით ზ. ნ-ის ძე ჭ-ნი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილით და სასჯელად შეეფარდა – 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ჭ-ნს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2006 წლის 28 აპრილიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. ჭ-მა და მისმა ადვოკატმა ლ. პ-მა, რომლითაც მოითხოვეს მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 თებერვლის განაჩენით უცვლელად იქნა დატოვებული მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. ჭ-მა, რომელიც მოითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეთა ჩვენებებით, ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, მსჯავრდებულის მიერ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს და გულწრფელად ინანიებს დანაშაულს, იგი ხასიათდება დადებითად, ნასამართლობის არმქონეა, პალატა შესაძლებლად მიიჩნევს, რომ ზ. ჭ-ნს, შეფარდებული სასჯელი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 1 წლით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 თებერვლის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ: ზ. ნ-ის ძე ჭ-ნს სასჯელის ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.