Facebook Twitter

3გ-ად-94-კ-02 1 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: მეორე პენსიის დანიშვნა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 15 ივნისს გ. გ-იანმა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე აჭარის ა/რ სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის მიმართ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა შემდეგი გარემოებები:

მოსარჩელე 1943 წლის 17 მაისიდან მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში. არმიიდან დემობილიზაციის შემდეგ იგი შინაგან საქმეთა ორგანოების სისტემაში ოფიცრის ჩინით მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე და აქედანვე გავიდა პენსიაზე.

აჭარის ა/რ სამხედრო კომისრის მიერ გაცემული ცნობიდან ირკვევა, რომ «ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა შესახებ» კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე მოსარჩელე ითვლება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ პირად. იგი ღებულობს შსს-ში წელთა ნამსახურების პენსიას 105 ლარის ოდენობით.

მოსარჩელე გ. გ-იანი პენსიაზე გასვლის შემდეგ მუშაობს ქ. ბათუმის ¹13 საშუალო სკოლის სამხედრო ხელმძღვანელად.

მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-60 მუხლის თანახმად სოციალური უზრუნველყოფის ფონდიდან მეორე _ მოხუცებულობის პენსიისა და მოხუცებულობის პენსიაზე მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით დანამატის დანიშვნა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 23 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 თებერვლის განჩინებით.

საკასაციო საჩივარში გ. გ-იანმა ითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის განმარტებით, «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად მეორე პენსიის მიღების უფლება ეძლევათ ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი ან არიან პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები.

საკასაციო სასამართლოში საქმის მომზადების სტადიაზე გ. გ-იანმა შეიტანა განცხადება, რომლითაც ითხოვა საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვა მისი დასწრების გარეშე.

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ აჭარის ა\რ სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა, საკასაციო საჩივარი განხილულიყო ზეპირი მოსმენის გარეშე მხარეთა დაუსწრებლად.

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

«სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის მე-60 მუხლის თანახმად ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი ან არიან პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობისა და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) _ ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან, მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე გ. გ-იანს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან არა აქვს დანიშნული ინვალიდობის პენსია და იგი პენსიას ღებულობს მხოლოდ წელთა ნამსახურობისათვის, ამიტომ კანონშეუსაბამოა, მოსარჩელემ მოპასუხე აჭარის ა\რ სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდიდან მიიღოს წელთა ნამსახურობისათვის, მეორე პენსია, რადგანაც მას უკვე ღებულობს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ გამოიტანა სამართლებრივად სწორი განჩინება და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. გ-იანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 12 თებერვლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.