Facebook Twitter

3/ად-95-კ-01 14 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: შპს «ა-ისათვის» 24.04.98წ. ¹5 ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად წარმოშობილი სალიზინგო საზღაურის დაუფარავი თანხის და მომსახურეობის დავალიანების გადახდის დაკისრება; ძლიერი გაყინვის არსებული, არასათანადო სპეციფიკაციის დანადგარების ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სპეციფიკაციის შესაბამისი სიმძლავრის ძლიერი გაყინვის დანადგარებით შეცვლის დაკისრება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსათვის; შპს «ა-ის» სასარგებლოდ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება; ზარალის ანაზღაურების სახით დაკისრებული თანხიდან სალიზინგო საზღაურის და შპს «ს-ოს» მომსახურების გადასახადის გაქვითვა.

აღწერილობითი ნაწილი:

26.01.01წ. თბილისის საოლქო სასამართლოს განცხადებით ყადაღის დადების შესახებ მიმართა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ. განმცხადებელი ითხოვდა სარჩელის შეტანამდე შპს «ა-ის» კუთვნილ საწარმოზე და მის უძრავ-მოძრავ ქონებაზე და კომპანიის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებას. კოლეგიის 31.01.01წ. განჩინებით დაკმაყოფილდა 26.01.01წ. განცხადება, შპს «ა-ის» ქონებასა და საბანკო ორგანოებში გახსნილ ანგარიშებს დაედო ყადაღა.

31.01.01წ. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ სარჩელი შეიტანა შპს «ა-ის» მიმართ. მოსარჩელე ითხოვდა ლიზინგის საგნის ღირებულების დაუფარავი თანხის _ 546.813 ლარის და შპს «ს-ოს» მომსახურების გადასახადის დავალიანების _ 20150 აშშ დოლარის (შესაბამისი კურსით ლარებში) შპს «ა-ისათვის» დაკისრებას.

28.02.01წ. თბილისის საოლქო სასამართლოს შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს «ა-მა». მოპასუხე ითხოვდა მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმას და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას, კერძოდ, ძლიერი გაყინვის არსებული, არასათანადო სპეციფიკაციის დანადგარების შეცვლას ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სპეციფიკაციის შესაბამისი სიმძლავრის ძლიერი გაყინვის დანადგარებით, სამინისტროსათვის ზიანის ანაზღაურების გადახდის დაკისრებას _ 1.814205 ლარის ოდენობით, სალიზინგო საზღაურის და შპს «ს-ოს» მომსახურების გადასახადის გაქვითვას ზიანის ანაზღაურების სახით დაკისრებული თანხიდან.

საქმის განხილვის შედეგად საოლქო სასამართლოს კოლეგიამ დადგენილად ცნო შემდეგი: 08.04.97წ. იაპონიის და საქართველოს მთავრობებს შორის ნოტების ურთიერთგაცვლის საფუძველზე იაპონიის მთავრობამ საქართველოს მთავრობას გამოუყო უსასყიდლო დახმარება (გრანტი). საქართველოს პრეზიდენტის 28.08.97წ. ¹466 ბრძნებულებით გრანტის მმართველ საქართველოს მთავრობის უფლებამოსილ ორგანოდ (მმართველ ორგანოდ) დამტკიცდა საქართველოს ვაჭრობის და საგარეო ურთიერთობათა სამინისტრო, რომელსაც დაევალა გრანტის ფარგლებში შესაძენი პროდუქციის მომხმარებლის გამოსავლენად ტენდერის ჩატარება. გრანტის ათვისებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო და ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება დაეკისრა საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს სახაზინო საწარმო «ს-ს», რის თაობაზეც სამინისტროსა და ცენტრს შორის დაიდო ხელშეკრულება რწმუნებულების დელეგირების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის 28.08.99წ. ¹466 ბრძანებულებითვე განისაზღვა გრანტის ათვისების მექანიზმი, რომლის მიხედვითაც გრანტის მმართველ ორგანოს დაევალა გრანტის ფარგლებში შეძენილი პროდუქციის გადაცემა ტენდერში გამარჯვებული მომხმარებლებისათვის: ნედლეული გაესხვისებინა განვადება-ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმით, ხოლო მანქანა-დანადგარები ლიზინგის ხელშეკრულების ფორმით.

შპს «ა-მა» გაიმარჯვა გამოცხადებულ ტენდერში და 24.04.98წ. გრანტის მმართველ ორგანოს _ საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს (ამჟამად მისი უფლებამემკვიდრეა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო) ანუ ლიზინგის გამცემ მხარესა და შპს «ა-ს» შორის გაფორმდა ¹5 ლიზინგის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ლიზინგის გამცემი კისრულობდა ვალდებულებას გადაეცა ლიზინგის მიმღებისათვის: ნაყინის გასაყინი და ასავსები დანადგარი; პრესფორმები ვაფლის გამოსაცხობად; ნაყინის გასაცივებელი კარადა; ნაყინის დასატარებელი თერმოსიანი მოტოროლერი. ლიზინგის გამცემი კისრულობდა ვალდებულებას მიეწოდებინა ლიზინგის მიმღებისათვის მანქანა-დანადგარები ხელშეკრულების დანართში აღნიშნულ ვადებში. ლიზინგის საგნის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო «ინკოტერმესის» პირობებით ჩIF თბილისი. ლიზინგის მიმღები კისრულობდა ვალდებულებას რეგულარულად დაეფარა ლიზინგის მთლიანი ფასი, რომელიც შესდგებოდა ლიზინგის საზღაურისა და ლიზინგის მომსახურების ღირებულებიდან. ლიზინგის მიმღებს ლიზინგის საგნის მიღების დღიდან ყოველკვარტალურად, თანაბარწილად უნდა გადაეხადა ლიზინგის საგნის ღირებულება (გადახდის თავისუფალი პერიოდი შეადგენდა _ პროდუქციის მიღების დღიდან 9 თვე). მთლიანი ფასის სრულ დაფარვამდე ლიზინგის გამცემი ინარჩუნებს საკუთრების უფლებას ლიზინგით გადაცემულ ქონებაზე. ლიზინგის მიმღები კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა ლიზინგის გამცემისათვის ლიზინგური გარიგების მთელი პერიოდისათვის გაწეული მომსახურების ღირებულება ყოველ კვარტალში მოთხოვნილი პროდუქციის შეძენაზე გრანტიდან დახარჯული თანხის 0,5 პროცენტი პლიუს დღგ, სახაზინო საწარმო «ს-ის» (ამჟამად შპს «ს-ოს») ანგარიშზე. ამასთან, თანხების ჩარიცხვა უნდა დაწყებულიყო ლიზინგის ხელშეკრულების ხელმოწერის მომდევნო თვიდან, ყოველკვარტალურად, სალიზინგო საზღაურის სრულ დაფარვამდე. ლიზინგის მიმღებსვე ევალებოდა ეღიარებინა და გადაეხადა დოკუმენტალურად დამტკიცებული ხარჯები, წარმოშობილი ლიზინგის გარიგების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში.

24.04.98წ. ¹5 ლიზინგის ხელშეკრულების მეათე კარის თანახმად, ლიზინგის ფასის გადახდა უზრუნველყოფილია სადაზღვევო პოლისით და ლიზინგის საზღაურის მინიმუმ 20%-ის ღირებულების საბანკო გარანტით, რომელიც შეადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. 22.04.98წ. სს «ბ-სა» (ანუ გარანტსა) და შპს «ა-ს» შორის (ანუ პრინციპალს შორის) გაფორმდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება ბენეფიციარის _ საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს სასარგებლოდ. პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის შემდგომში ლიზინგის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გარანტი კისრულობდა ვალდებულებას ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გადაეხადა ბენეფიციარისათვის საგარანტიო თანხა 100.000 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოადგენს სალიცენზიო პროდუქციის ღირებულების თანხის 20%.

შპს «ა-ისათვის» პროდუქცია უნდა ყოფილიყო მიწოდებული თვრამეტი კვირის ვადაში ხელშეკრულების დადების დღიდან. რეალურად პროდუქციის მიწოდება შპს «ა-ისათვის» განხორციელდა შემდეგ ვადებში: 20.10.98წ. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად «ს-მა» შპს «ა-ს» გადასცა დაზიანების და დანაკარგის გარეშე იაპონური გრანტის ფარგლებში შეძენილი 20 ცალი APE 50 მარკის მოტოროლერი თერმოსით. 04.11.98წ. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად «ს-მა» შპს «ა-ს» გადასცა ნაყინის გასაყინი და ასავსები დანადგარი, ხოლო 18.11.98წ. ორი ცალი პრესფორმა.

საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად 2000 წლის მაისში გრანტის მმართველ ორგანოდ დამტკიცდა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო. 24.08.99წ. სახაზინო საწარმო «ს-ის» რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა შპს «ს-ი» (30.08.2000 წლიდან მისი სახელწოდებაა «ს-ო). 24.11.2000წ. ახალ მმართველ ორგანოსა და შპს «ს-ოს» შორის გაფორმდა ¹1 ხელშეკრულება «რწმუნებულების დელეგირების (დავალების) და საკუთრების მინდობის შესახებ» ლიზინგის მთლიანი თანხის გადაუხდელობის გამო (რომელიც შეადგენდა სალიზინგო საზღაურის დაუფარავ თანხას 524 187 ლარის ოდენობით და მომსახურეობის გადასახადის დავალიანებას _ 20 150 აშშ დოლარის ოდენობით) 31.01.01წ. ლიზინგის გამცემმა დავალიანების გადახდევინების შესახებ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს. თავის მხრივ, ლიზინგის მიმღებმა მიმართა საოლქო სასამართლოს შეგებებული სარჩელით, რომლითაც მოპასუხე ითხოვდა ნაკლოვანი დანადგარების შეცვლას მოთხოვნილი სიმძლავრის მქონე სპეციფიკაციის დანადგარებით, სამინისტროს მიერ დანადგარების დაგვიანებით მიწოდებისა და ნაკლოვანი დანადგარების მიღების შედეგად განცდილი ზარალის _ 1 814 205 ლარის მოსარჩელეზე დაკისრებას.

შპს «ა-ი» შეგებებულ სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ დანადგარების დამონტაჟება და ექსპლუატაციაში გაშვება განხორციელდა 1998 წლის დეკემბერში, დანადგარის მწარმოებელი ფირმის მოვლენილი სპეციალისტის მიერ. ზაფხულის პერიოდის დადგომისთანავე, როდესაც ძლიერი გაყინვის დანადგარებში ჩატვირთეს ნახევარფაბრიკატი, დანადგარების ტემპერატურულმა რეჟიმმა ნაცვლად საწარმოო სიმძლავრით გათვალისწინებული _ 350-დან – 400 ჩ-მდე ტემპერატურისა, უჩვენა დატვირთულ რეჟიმში _ 290ჩ, ხოლო ცარიელ რეჟიმში _ 320ჩ, რაც არ იყო საკმარისი სტანდარტული პროდუქციის გამოსაშვებად. შპს «ა-მა» დანადგარის მწარმოებელ ფირმასთან კონსულტაციების შემდეგ საკუთარი ხარჯით შეასრულა დამატებითი თერმოსაიზოლაციო სამუშაოები, რომლის საშუალებითაც ნაწილობრივ ლიკვდირებულ იქნა დაბალი ტემპერატურის დაკარგვა, შპს-მ საკუთარი ხარჯით დაამონტაჟა აგრეთვე ძაბვის სტაბილიზატორები. შპს «ა-მა» მოიწვია საკუთარი ხარჯით გამყიდველი ორგანიზაციის ანუ უშუალო დამამზადებელი ორგანიზაციის წარმომადგენელი არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. 09.06.99წ. შპს «ა-მა» წერილობით აცნობა მოსარჩელე ორგანიზაციას, რომ შეძენილი დანადგარები თავისი პარამეტრებით ვერ პასუხობენ იმ მოთხოვნებს, რაც გათვალისწინებული იყო ლიზინგის ხელშეკრულებით. შპს «ა-ი» უთითებდა, რომ სამინისტრომ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, სამინისტრომ ვერ შეძლო დანადგარების მიწოდების უზრუნველყოფა ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, რამაც გამოიწვია 1998 წლის სეზონზე შპს «ა-ის» სიმძლავრეების პარალიზება. სამინისტრომ ვერ შეძლო ლიზინგის ხელშეკრულებით და დანართებით გათვალისწინებული სიმძლავრის და ტექნიკური პარამეტრების მქონე დანადგარების მიწოდება. ამასთანავე, სწორედ სამინისტროს ევალებოდა პროდუქციის დამამზადებელთან, შუამავალ აგენტთან ან ლიზინგით ქონების ამღებთან ყველა საკითხის მოგვარება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 23.04.01წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სარჩელი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა სრულად, შპს «ა-ის» შეგებებულ სარჩელს მოპასუხის _ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიმართ მთლიანად ეთქვა უარი. კოლეგიამ აღნიშნა, რომ სამინისტროს მხრიდან ადგილი ჰქონდა სრულ წარმომადგენლობას, ლიზინგის გამცემმა ნაწილობრივადაც კი ვერ აღადგინა თავისი უფლებები 22.04.98წ. საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით, მოსარჩელის მოთხოვნა სრულიად შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის I ნაწილის პირობებს, შპს «ა-მა» არ დაიცვა სამოქალაქო კოდექსის 578-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული უფლების აღდგენის წესი.

თბილისის საოლქო სასამართლოს 23.04.01წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს «ა-ის» წარმომადგენლის მიერ. კასატორისთვის გაუგებარია თუ რომელი გარემოების შეფასების შედეგად დაადგინა სასამართლომ, რომ «ა-მა» არ დაიცვა თავისი უფლებების აღდგენის საპრეტენზიო წესი. კასატორი აღნიშნავს, რომ ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგანი მიწოდებულ იქნა ნოემბრის თვეში, დანადგარის დამონტაჟება განხორციელდა დეკემბერში, რის შედეგადაც ლიზინგის მიმღებს სპეციფიკის გათვალისწინებით წაერთვა შესაძლებლობა მოეხდინა დანადგარის ჯეროვანი გამოცდა ზაფხულის პირობებში. ლიზინგის მიმღებმა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ შედიოდა მის მოვალეობაში, მიიღო ყველა ზომა დეფექტის აღმოსაფხვრელად, რისი დამამტკიცებელი საბუთების დართვით ლიზინგის მიმღებმა წერილობითი ფორმით შეატყობინა ლიზინგის გამცემს და მოსთხოვა ზომების მიღება საკითხის გადასაწყვეტად. ქონების დაგვიანებით მიწოდებისა და ნაკლის მქონე ქონების მიწოდებისათვის, სამოქალაქო კოდექსის 578-ე მუხლის თანახმად, პასუხისმგებლობა ლიზინგის გამცემს უნდა დაეკისროს. უკანასკნელი, ქონების მიწოდების ვადის გადაცილებისათვის, ნაკლის მქონე ქონების მიწოდებისათვის პასუხს აგებს ქირავნობის ხელშეკრულების წესების მიხედვით. თავის მხრივ ქირავნობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ურთიერთობების მომწესრიგებელი 537-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ «თუ ნაკლი, რომელიც ნივთის ვარგისიანობას ამცირებს, ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებობს ან შემდგომში აღმოჩნდება იმ გარემოებათა გამო, რაზედაც გამქირავებელი პასუხს აგებს, ან თუ გამქირავებელი ნაკლის გამოსწორებას დააყოვნებს, დამქირავებელს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ისე, რომ არ ეკარგება ქირის შემცირების მოთხოვნის უფლება». აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა «ლიზინგის გამცემისათვის» ძლიერი გაყინვის არსებული, არასათანადო სპეციფიკაციის დანადგარების შეცვლის მოვალეობის დაკისრება ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სპეციფიკაციის შესაბამისი სიმძლავრის ძლიერი გაყინვის დანადგარებით, ლიზინგის გამცემისათვის 1 360 200 ლარის ოდენობით ზარალის ანაზღაურება, სალიზინგო საზღაურის და შპს «ს-ოს» მომსახურების გადასახადის გაქვითვა ზარალის ანაზღაურების სახით დაკისრებული თანხიდან.

კასატორის მიერ წარდეგნილ დამატებით საკასაციო საჩივარში კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ უმართებულოა სააპელაციო პალატის მითითება სამოქალაქო კოდექსის 578-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ უფლების აღდგენის წესზე, ვინაიდან არ არსებობს ნორმის ამოქმედების გარემოება _ ნორმით გათვალისწინებული შეთანხმება. ლიზინგის ობიექტის დაგვიანებით მიწოდებით, ლიზინგის თანხის ჩარიცხვის ბოლო ვადის გადაწევის მიუხედავად, ადგილი აქვს კოდექსის 578-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებას _ მიწოდების ვადის გადაცილებას, რისთვისაც კანონი ითვალისწინებს ლიზინგის გამცემის პასუხისმგებლობას კოდექსის ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილის 394-ე, 405-ე, 407-ე, 352-ე მუხლებით გათვალისწინებული სანქციების სახით. კასატორის აზრით, სამოქალაქო კოდექსის 580-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ქირავნობის ურთიერთობების მომწესრიგებელი 533-ე, 535-ე და 537-ე მუხლები.

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ საკასაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ლიზინგის გამცემს ეკისრება პასუხისმგებლობა დანადგარების დაგვიანებით მიწოდების გამო, ვინაიდან ხელშეკრულების 9.4. პუნქტით შპს «ა-ს» შესაბამისი ვადით გადაუვადდა ლიზინგის მთლიანი თანხის გადახდის დაწყების და დასრულების ვადა. მანქანა-დანადგარების ნაკლის გამო ზარალის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ლიზინგით გადაცემული ნაყინის ძლიერი გაყინვის დანადგარებში არსებული ნაკლის და შესაბამისად კამპანიისათვის მიყენებული ზარალის შესახებ სამინისტრო პირველად 09.06.99წ. წერილით იქნა ინფორმირებული. წერილის თანახმად, 1998წ. დეკემბერში დანადგარების დამონტაჟება და მათი გამოცდა მოხდა შესაბამისი პროდუქციის გამოუშვებლად, ვინაიდან კომპანია ამ პერიოდში ნაყინს ვერ აწარმოებდა. მაისის თვეში, სანაყინე საკნებში ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული ოდენობის ნაყინის განლაგების შემდეგ, დანადგარებში ვერ დაფიქსირდა საპასპორტე ტემპერატურა, რის გამოც ვერ იქნა უზრუნველყოფილი კომპანიის ფუნქციონირება გათვალისწინებული სიმძლავრით. სანაყინე საკნებში საპასპორტო ტემპერატურის მიუღწევლობა დაადასტურა 01.06.99წ. დანადგარების მწარმოებელი ფირმის წარმომადგენლის და მათი დამმონტაჟებელი ინჟინრის თანდასწრებით ჩატარებულმა ექსპერტიზამ, რომელსაც წინ უსწრებდა დანადგარების რემონტი. ექსპერტიზის დროს ვერ იქნა მიღწეული საპასპორტო სიმძლავრით გათვალისწინებული ტემპერატურული რეჟიმი. 06.08.99წ. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ, შპს «ა-ისაგან» არსებული პრობლემის შესახებ მიიღო განმეორებითი შეტყიბინება, რომლითაც კომპანია ითხოვდა სამინისტროს მიერ ლიზინგის ხელშეკრულების 5.5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას. ნაყინის ძლიერი გაყინვის დანადგარებში არსებული ხარვეზების დასადგენად 22.07.99წ. კომპანიამ განმეორებით ჩაატარა ექსპერტიზა «თ-ის» სპეციალისტების მიერ. ექსპერტის შედეგების შესაბამისად, დატვირთულ რეჟიმში სანაყინე საკანში დაფიქსირდა 25, ხოლო ცარიელ რეჟიმში _ 30 გრადუსი. 21.06.99წ. საქართველოს ვაჭრობის და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ დანადგარებში არსებული პრობლემებისა და საწარმოს მიერ განცდილი ზარალის შესახებ აცნობა მისი სახელით ფირმა «ზ-ისაგან» აღნიშნული პროდუქციის შემძენ კომპანია «ქ-ს», რომლის მეშვეობით, «ზ-იდან» მიღებულ იქნა გარკვეული მითითებანი, რომელთა აღსრულების მიუხედავად ვერ იქნა მიღწეული საპასპორტო სიმძლავრე. ფირმა «ზ-ის» ინჟინერთა ჩამოსაყვანად და არსებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გრანტიდან სპეციალურად გამოიყო 5 000 დოლარის შესაბამისი თანხა, მიუხედავად არაერთგზის დაპირებისა კომპანიამ არ გამოაგზავნა თავისი ინჟინრები. 2000წ. აპრილში სამინისტრომ არსებული პრობლემების თაობაზე აცნობა იაპონიის საელჩოს.

საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ აღიარა, რომ კასატორი თითოეულ გამოშვებულ პროდუქციაზე რენტაბელობის დონის კლების გამო განიცდის ზარალს. ნაყინის ძლიერი გაყინვის დანადგარების ტექნიკური ნაკლოვანება დასტურდება აგრეთვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვებისა და სამაცივრო საწარმოთა მოწყობილობების და წარმოების ავტომატიზაციის კათედრის გამგის დასკვნით. თბილისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას სამინისტრო ეყრდნობოდა სსკ-ის 578-ე მუხლის მეორე ნაწილს. ამასთანავე, ორივე მხარისათვის ობიექტურად ცნობილი ფაქტია, რომ ლიზინგის ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი ამგვარ შეთანხმებაზე. ამასთანავე, ლიზინგის მიმღებს არ გააჩნია დანადგარების მწარმოებელ ფირმასთან ან შუამავალთან პრეტენზიის წაყენების უფლება, ხოლო სამინისტროს აქვს რეგრესის უფლება. სამინისტრო საჭიროდ თვლის ქართული კომპანიის ინტერესების დაცვას და აღიარებს ხარვეზიანი დანადგარის მიწოდების გამო სამინისტროს პასუხისმგებლობას. მანქანა-დანადგარების არასტაბილური მუშაობის გამო მიყენებულ ზარალი. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა ცნო 517 869,9 ლარის ოდენობით. ამასთანავე, კვლავ ითხოვს სალიზინგო საზღაურის სახით კასატორისათვის 524 187 ლარის და მომსახურების გადასახადის დავალიანების 21 199,02 აშშ დოლარის დაკისრებას.

მხარეების მიერ წარმოდგენილი 15.11.01წ. «ურთიერთვალდებულებათა შედარების აქტის» თანახმად, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლები, შპს «ს-ოს» დირექტორის მოადგილე ზ. მ-შვილი და ადვოკატი ნ. მ-ი, მოქმედნი 14.11.01წ. ¹1-1/537 რწმუნებულების შესაბამისად, ერთი მხრივ, და შპს «ა-ის» დირექტორი ნ. ჩ-ანი და ადვოკატი რ. მიგრიაული, მეორე მხრივ, დააზუსტეს მოთხოვნები და შეთანხმდნენ შემდეგზე:

1. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს (რომლის უფლებამონაცვლესაც წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო) და შპს «ა-ს» შორის 24.04.98წ. გაფორმებული ¹5 ლიზინგის ხელშეკრულების 6.1 პუნქტის საფუძველზე, შპს «ა-ს» ერიცხება ლიზინგის მთლიანი ფასიდან გადაუხდელი დავალიანება – 524 187 ლარი და 21 199,01 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარში, საიდანაც 524 187 ლარი წარმოადგენს ლიზინგის ხელშეკრულების 6.3 პუნქტში განსაზღვრული სალიზინგო საზღაურიდან გადაუხდელ თანხას, ხოლო 21 199,01 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარში წარმოადგენს ხელშეკრულების 6.5 პუნქტში განსაზღვრული მომსახურეობის საფასურიდან გადაუხდელ თანხას და დარიცხულ საურავს.

2. ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს მიერ, შპს «ა-ისათვის» ნაკლოვანი დანადგარების მიწოდების გამო, შპს «ა-ის» მიერ 1999-2000 წელს განცდილი ზარალი (რაც დადასტურებულია დამოუკიდებელი აუდიტორიული ფირმა «ბ-ის» ¹1/167-2001 აუდიტორიული დასკვნით და კომპანიის საფინანსო დოკუმენტაციით) შეადგენს 517869,95 ლარს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზარალის თანხის გამოკლებით, შპს «ა-ს» გადასახდელი აქვს 6 317,05 ლარი, რომელიც უნდა ჩაირიცხოს საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ¹..... სპეციალურ ანგარიშზე და 21199,01 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში, რომელიც უნდა ჩაირიცხოს სს «ბ-ის» ისანი-სამგორის ფილიალში შპს «ს-ოს» ¹..... ანგარიშზე.

მხარეებმა დამატებით ითხოვეს აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შპს «ა-ის» უძრავ-მოძრავ ქონებაზე და საბანკო ანგარიშებზე დავალიანების ფარგლებში დადებული ყადაღის მოხსნა.

სამოტივაციო ნაწილი:

მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრომ აღიარა დავალიანების გაანგარიშებისას დაშვებული შეცდომა და თავდაპირველი მოთხოვნა (546813ლ.) შეამცირა 22626 ლარით, საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შპს «ა-ს» საქართველოს მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სასარგებლოდ 524 187 ლარის ნაცვლად (546 813 ლ. _ 22626 ლ. = 524187 ლ.) დაეკისრა 524 107 ლარი. შესაბამისად, მცდარია აგრეთვე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითება იმაზე, რომ მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა 26521 ლარით შეამცირა.

თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებაში შეცდომითაა აგრეთვე მითითებული შპს «ა-ის» მოთხოვნა. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსადმი შპს «ა-ის» შეგებებული სარჩელის თავდაპირველი მოთხოვნა შეადგენდა 1814205 ლარს, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ საბოლოო მოთხოვნამ შეადგინა 1360200 ლარი. მიუხედავად ამისა, 23.04.01წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტით შპს «ს-ს» უარი ეთქვა თავდაპირველი მოთხოვნის _ 1814205 ლარის საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთვის დაკისრებაზე.

უსაფუძვლოა აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმაზე, რომ შპს «ა-მა» ლიზინგის გამცემთან ურთიერთობისას არ დაიცვა სამოქალაქო კოდექსის 578-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული წესი. სამოქალაქო კოდექსის 578-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ ლიზინგის მიმღებმა ლიზინგის გამცემისათვის პრეტენზიის წაყენებამდე უნდა მოითხოვოს დაკმაყოფილება ქონების მიმწოდებლისაგან. ამასთანავე, 24.04.98წ. დადებული ¹5 ლიზინგის ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს მხარეთა მიერ დეტალურად განსაზღვრული პირობებით შედგენილ ხელშეკრულებას, არ ითვალისწინებს ამგვარ შეთანხმებას. ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით, ლიზინგის საგნის ნაკლის შემთხვევაში ლიზინგის მიმღებმა წერილობით უნდა შეატყობინოს ლიზინგის გამცემს ამის თაობაზე (5.6 პუნქტი), ლიზინგის საგნის მიღებისას აღმოჩენილი დანაკარგები, დეფექტები რეგისტრირდება მიღების აქტში, დეფექტები აღმოჩენილი ლიზინგის საგნის მონტაჟის პერიოდში ან მისი დამთავრებისას რეგისტრირდება ცალკე აქტით (5.5 პუნქტი). ხელშეკრულება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, რომ ლიზინგის მიმღებმა ლიზინგის გამცემისათვის პრეტენზიის წაყენებამდე უნდა მოითხოვოს დაკმაყოფილება ქონების მიმწოდებლისაგან. გარდა ამისა, ლიზინგის ხელშეკრულების 5.5 პუნქტის მიხედვით, ლიზინგის გამცემი ვალდებულია მიიღოს ყველანაირი ზომა, რათა ხელი შეუწყოს ლიზინგის მიმღებს ლიზინგის საგნის მიმწოდებელთან და აგენტთან ლიზინგის საგნის გარშემო წამოჭრილი ყველა საკითხის მოგვარებაში. ამასთანავე, სამოქალაქო კოდექსის 578.2- მუხლიდან და 24.04.98 და ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დანადგარების მწარმოებელ ფირმასთან პრეტენზიის წაყენების უფლება შპს «ა-ს» არ გააჩნია, ის არ წარმოადგენს დანადგარების შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს, არ სარგებლობს დანადგარების მიწოდების შესახებ კონტრაქტით გათვალისწინებული გარანტიებით, ქონების ხარისხის, კომპლექტურობის, მიწოდების ვადების და ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების სხვა არაჯეროვანი შესრულებისათვის გამყიდველისათვის პრეტენზიის წაყენების უფლებით, ხელშეკრულება არ აფუძნებს მისთვის დამოუკიდებელ მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში დანადგარის მწარმოებლის (მიმწოდებლის) მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების რისკი ეკისრება ლიზინგის ხელშეკრულების მხარეს _ ლიზინგის გამცემს, მასვე უნარჩუნდება რეგრესის უფლება. მიწოდებული მანქანა-დანადგარების ხარვეზიანობის შესახებ შპს «ა-ის» პრეტენზიები დასტურდება შპს «ა-ის» და დანადგარების მწარმებელ ფირმას შორის წარმოებული მიმოწერით, 01.06.99წ. შედგენილი აქტით, საქართველოს ვაჭრობის და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის ¹01/1113, 21.01.99წ. წერილით, შპს «ა-ის» 09.06.99წ. 06.08.99წ. 26.06.99წ. მიმართვებით სამინისტროს და დანადგარების მწარმოებლის მიმართ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასტან არსებული «თ-ის» ¹4-802 აქტით, აუდიტორიული ფირმა «ბ-ი» დასკვნით და სხვა დოკუმენტებით. პალატა მხედველობაში იღებს იმას, რომ პროგრამის ფარგლებში მიღებული სამაცივრო დანადგარები წარმოადგენენ ერთიანი საწარმოო ციკლის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს, რომლის არასრულყოფილი ფუნქციონირების პირობებში შეუძლებელია სტანდარტული მზა პროდუქციის წარმოება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ არასათანადო პროდუქციის მიწოდების გამო კომპანია მოიხმარდა საპასპორტო მონაცემებით განსაზღვრული ოდენობის ენერგიას, ფარავდა ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების, დანადგარების ვადის დარღვევით მიწოდების, დანადგარების რემონტის, მუშა-მოსამსახურეთა და ადმინისტრაციის ხელფასის და სხვა ხარჯებს, ხოლო უშვებდა საპასპორტო მონაცემებით განსაზღვრულ ოდენობაზე გაცილებით ნაკლებ პროდუქციას, გამოშვებულ პროდუქციაზე რენტაბელობის დონის გამო განიცდიდა ზარალს.

საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ თვლის აგრეთვე საოლქო სასამართლოს კოლეგიის მითითებას იმაზე, რომ სამინისტრომ არ განახორციელა საბანკო გარანტით მინიჭებული უფლებები. სამინისტროს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ბენეფიციარის მიერ 22.04.98წ. საგარანტიო ხელშეკრულებით მინიჭებული უფლების გამოყენება გამოიწვევდა სარჩელს არასათანადო პროდუქციის მიწოდებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, გაუგებარია თუ რა სამართლებრივ შედეგს უკავშირებს სასამართლო კოლეგია აღნიშნულ მოტივაციას, რა კავშირი აქვს მას ზიანის ანაზღაურების უართან. საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიის 23.04.01წ. გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, გადაწყვეტილებაში მოყვანილი არგუმენტაციით არ დასტურდება კოლეგიის მიერ გაკეთებული დასკვნა, დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. ამასთანავე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეების მიერ წარმოდგენილი ურთიერთვალდებულებათა შეთანხმების აქტი, დადებული ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს და, მეორე მხრივ, შპს «ა-ს» შორის კანონიერია, ურთიერთვალდებულებათა შედარების აქტს ხელს აწერენ საამისოდ უფლებამოსილი პირები, სამინისტროს მიერ მიწოდებული მანქანა-დანადგარების არასტაბილური მუშაობის გამო მიყენებული ზარალის – 517 869, 95 ლარის ანაზღაურების მოთხოვნის აღიარება არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და პასუხობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნას. მიწოდებული მანქანა-დანადგარების არასტაბილური მუშაობის გამო მიყენებული ფაქტობრივი ზარალის ოდენობა დასტურდება დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის «ბ-ი» ¹1/167-2001 დასკვნით და კომპანიის საფინანსო დოკუმენტებით. პალატა მართებულად თვლის აგრეთვე საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მოთხოვნას კასატორისათვის 524187 ლარის სალიზინგო საზღაურის და გაწეული მომსახურების გადასახადის – 21199,02 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხის ეროვნულ ვალუტაში დაკისრების შესახებ. კასატორი – შპს «ა-ი» არც შეგებებულ სარჩელში და არც საკასაციო საჩივარში არ უარყოფს აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულებას, ურთიერთვალდებულებათა შედარების აქტით კასატორის წარმომადგენლები ადასტურებენ ამ თანხის გადახდის ვალდებულებას. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მოთხოვნა შპს «ა-ის» მიმართ საფუძვლიანია და ემყარება 24.04.98წ. ¹5 ლიზინგის ხელშეკრულებას, სამოქალაქო კოდექსის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის პირობებს. ამდენად, მხარეებს ერთმანეთის მიმართ ეკისრებათ ვალდებულებების შესრულება, ორივე მხარის მოთხოვნა ერთმანეთის მიმართ წარმოადგენს მხარეთა საკუთარ, რეალურ, უდავო მოთხოვნას. საკასაციო პალატა, სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის საფუძველზე, შესაძლებლად თვლის ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვას. ვინაიდან მოთხოვნები ერთმანეთს არ ფარავენ, კასატორის მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნაზე ნაკლებია, შპს «ა-ს» საბოლოო ჯამში უნდა დაეკისროს 6 317,05 ლარის და 21 199,01 აშშ დოლარის ექვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა.

პალატა თვლის, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შედეგად შპს «ა-ის» დარჩენილი დავალიანების ოდენობა იძლევა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 31.01.01წ. განჩინებით შპს «ა-ის» კუთვნილ საწარმოსა და უძრავ-მოძრავ ქონებაზე, ასევე საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღის გაუქმების შესაძლებლობას, რასაც ეთანხმებიან საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლები. სსსკ-ის 49-ე მუხლის საფუძველზე, შპს «ა-ს» უნდა დაუბრუნდეს საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი – 2500 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე, 399-ე, 409-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს «ა-ის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს 23.04.01წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

2. მოსარჩელის – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სარჩელი და შპს «ა-ის» შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს:

ა) შპს «ა-ს» დაეკისროს სალიზინგო საზღაურის გადაუხდელი თანხა 524 187 ლარი და გაწეული მომსახურების საფასურიდან გადაუხდელი თანხა და დარიცხული საურავი – 2119901 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ეროვნულ ვალუტაში;

ბ) მოწინააღმდეგე მხარეს – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ნაკლოვანი დანადგარების მიწოდების გამო დაეკისროს შპს «ა-ის» სასარგებლოდ 517 869, 95 ლარი;

გ) ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შედეგად, შპს «ა-ს» გადახდეს 6 317, 05 ლარი, რომელიც ჩაირიცხოს საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ¹..... სპეციალურ ანგარიშზე და 21 199, 01 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში, რომელიც ჩაირიცხოს სს «ბ-ის» ისანი-სამგორის ფილიალში შპს «ს-ოს» ¹...... ანგარიშზე.

3. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 31.01.01წ. განჩინება, შპს «ა-ის» კუთვნილ საწარმოსა და უძრავ-მოძრავ ქონებას, ასევე საბანკო ანგარიშებს მოეხსნას 31.01.01წ. განჩინებით დადებული ყადაღა.

4. შპს «ა-ს» გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 2500 ლარი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.