3გ-ად-96-კ 6 სექტემბერი, 2002 წ. ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:
ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების და სამემკვიდრეო მოწმობების ბათილად ცნობა, გადახდილი ბეს ორმაგად დაბრუნება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2001 წლის 11 სექტემბერს ი. მ-ა_ს-ამ სარჩელი აღძრა მოპასუხე რ. დ.ის ძე ე-ის მიმართ ქობულეთის რაიონულ სასამართლოში და მისი და მისი ოჯახის წევრების ქ. ქობულეთში, ... ქ. ¹166ა, ¹26-ე ბინიდან გამოსახლება მოითხოვა. სარჩელის საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ აღნიშნული ბინა მის საკუთრებას წარმოადგენდა, რომელიც სამკვიდრო უფლების მოწმობის საფუძველზე 2001 წლის 21 აგვისტოს მემკვიდრეობით მიიღო აწ. გარდაცვლილი მამის_ მ. მ-ისაგან, ხოლო ამ უკანასკნელს აღნიშნული ბინა 1994 წლის 5 აგვისტოს მემკვიდრეობით დუტოვა დედამ _ ა. მ-ამ, ი. მ-ა_ს-ას ბებიამ. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე რ. ე-ი დაუკითხავად შეიჭრა მის კუთვნილ ბინაში და დღესაც განაგრძობს მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად იქ ცხოვრებას. მოსარჩელემ, დამატებით, მოპასუხისა და მისი ოჯახის წევრების სადავო ბინიდან გამოსახლებასთან ერთად, მის მიერ გაწეული ხარჯების _ 385 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.
მოპასუხე _ რ. ე-მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ქ. ქობულეთში, ...ის ქ. ¹166ა-ში მდებარე ¹26-ე ბინა მამამისმა _ დ. ე-მა მოსარჩელის მამის _ მ. მ-ისაგან შეიძინა და მას გადასცა. ამასთან, მამამისის მიერ გადახდილ იქნა მხოლოდ 700 აშშ დოლარი, 800 აშშ დოლარი ერთი წლის შემდეგ უნდა გადაეხადა, მაგრამ მ. მ-ი მოულოდნელად გარდაიცვალა, რის გამოც 800აშშ დოლარის გადახდა და ბინის ყიდვა_გაყიდვის გაფორმება ვერ მოახერხეს. მოპასუხის განმარტებით, მამამისს_ დ. ე-ს მ. მ-ზე 700აშშ დოლარის გადაცემის ფაქტს მოწმეები დაუდასტურებენ, რადგან წერილობითი საბუთი არ გააჩნია.
მოპასუხე რ. ე-მა 2001 წლის 10 ოქტომბერს შეგებებული სარჩელი შეიტანა ქობულეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ი. მ-ა_ს-ას, ქობულეთის საქალაქო საკრებულოს, ქობულეთის ტექინვენტარიზაციის ბიუროს, ქობულეთის ნოტარიუსის მიმართ და ი. მ-ა_ს-ას ბებიის ა. მ-ას მიერ 1993 წლის 6 აპრილს განხორციელებული, ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების, ასევე მ. მ-სა და ი. მ-აზე გაცემული სამემკვიდრეო მოწმობების ბათილად ცნობა და ბეს _ 700 აშშ დოლარის ორმაგად დაბრუნება მოითხოვა.
საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა რ. ე-ის მამამ _ დ. ე-მა დამოუკიდებელი სასარჩელო განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს და სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და სამემკვიდრეო მოწმობების ბათილად ცნობა, ორმაგი ბესა და ხარჯების, სულ _ 4490 ლარის მოსარჩელეზე დაკისრება მოითხოვა. დ. ე-მა, დამატებით, აღნიშნული ბინის კომუნალურ ფონდში ჩარიცხვა ან მ. მ-თან ბინის ყიდვა_გაყიდვის ხელშეკრულების დადებულად ცნობა და მისთვის სადავო ბინის საკუთრების უფლებით გადაცემა მოითხოვა.
ქობულეთის საქალაქო საკრებულომ თავდაპირველად მხარი დაუჭირა მოთხოვნას სადავო ბინის კომუნალურ ფონდში ჩარიცხვის თაობაზე, ხოლო საკასაციო სასამართლოში უარი ეთქვა აღნიშნული ბინის საკრებულოსათვის გადაცემაზე.
ქობულეთის ნოტარიუსმა მ. კ-ემ არ ცნო არც რ. ე-ის შეგებებული სარჩელი და არც დ. ე-ის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა. მისი განმარტებით, სადავო ბინის პრივატიზაციაც და სამემკვიდრეო მოწმობებიც კანონის სრული დაცვითაა გაცემული და მათი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. მ-ა_ს-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და რ. ე-ი, მეუღლესთან და შვილებთან ერთად ქ. ქობულეთში, ...ის ქ. ¹166ა-ში მდებარე ¹26-ე ბინიდან იქნენ გამოსახლებულნი. ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ. ე-ის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა და მის სასარგებლოდ ი. მ-ა_ს-ას 1400 აშშ დოლარის დაბრუნება დაეკისრა. ამასთან, ბათილად იქნა ცნობილი ა. მ-ას მიერ 1993 წლის 6 აპრილს განხორციელებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება და მ. მ-სა და ი. მ-ა_ს-აზე გაცემული სამემკვიდრეო მოწმობები. სადავო ბინა თავისუფალ მდგომარეობაში ქობულეთის საქალაქო საკრებულოს გადაეცა.
აღნიშნული გადაწყვეტილება დ. ე-ის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით ი. მ-ა_ს-ამ გაასაჩივრა. რ. და დ. ე-ებს სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. მ-ა_ს-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ე-ის შეგებებული სარჩელი და დ. ე-ის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და სადავო ბინა ი. მ-ა_ს-ას გადაეცა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება დ. ე-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 1996 წლის 2 აპრილის ¹1 დადგენილება «საბინაო ფონდის პრივატიზაციის შესახებ»
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილება «საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებისათვის ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ»
კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილების მიღებასა და მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოითხოვს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ დ. ე-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა «საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლო გადაცემის) შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილება, რომლითაც მოქალაქეებს ნებაყოფლობით, უვადოდ და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცათ მათ მიერ სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში დაკავებული საცხოვრებელი ბინები. თავისი ბუნებით, აღნიშნულ საცხოვრებელ ბინებზე მოქალაქეთა მიერ საკუთრების უფლების შეძენა განსხვავდება როგორც ძველი, ისე ახალი სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესებისაგან უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შეძენის შესახებ, რადგან ამ ბინების მოქალაქეებზე გადაცემა ხდება უსასყიდლოდ. მართალია კანონმდებელმა განსაზღვრა აღნიშნული საცხოვრებელი ბინების მოქალაქეებზე უსასყიდლოდ გადაცემის ფორმა, მაგრამ ამასთან, არსად დადგენილებაში მითითებული არ არის, რომ ამ ფორმის დაუცველობა იწვევს მოცემული საცხოვრებელი ბინების პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილობას. აუცილებელი პირობა, რომელიც დადგენილებით არის განსაზღვრული, ეს არის ნებაყოფლობა, ე.ი. მოქალაქის ნება, უსასყიდლოდ მიიღოს მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ბინა. სწორედ ამიტომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა «საბინაო ფონდის პრივატიზაციის შესახებ» 1996 წლის 2 აპრილის ¹1 დადგენილებით განმარტა, რომ «ბინების უსასყიდლო პრივატიზაციის პირობებში მოქალაქის გარდაცვალება, რომელსაც განცხადება ჰქონდა შეტანილი პრივატიზაციაზე და საბინაო ორგანოები უარს ვერ ეტყოდნენ, არ წარმოადგენს ამ ბინის სამკვიდრო მასაში შეუტანლობის საფუძველს, ვინაიდან სამკვიდროში შედის არა მარტო სამკვიდროს დამტოვებლის კუთვნილი ქონება, არამედ მისი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები» (მე-5 პუნქტი).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ზემოაღნიშნული დადგენილება, ისევე როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მითითებული დადგენილება არ გაუქმებულა და დღესაც მოქმედებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, «ზოგადი ხასიათის კანონი არ აუქმებს სპეციალურ კანონს, თუ ამგვარი გაუქმება არ წარმოადგენს კანონმდებლის პირდაპირ მიზანს».
საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სავალდებულოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუ წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. მ-ა_ს-ას ბებიამ _ა. მ-ამ თავის სიცოცხლეშივე გამოხატა ნება მოეხდინა მის მიერ დაკავებული სადავო საცხოვრებელი ბინის პრივატიზაცია და განცხადებით მიმართა ¹9 საბინაო საექსპლუატაციო უბნის ადმინისტრაციას. ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება სანოტარო წესით გააფორმა 1993 წლის 6 აპრილს, ხოლო 1994 წლის 18 იანვარს გარდაიცვალა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ კასატორ დ. ე-ის მოთხოვნა ქ. ქობულეთში, ... ქ. ¹166ა-ში მდებარე ¹26-ე ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა მოთხოვნა მ. მ-სა და ი. მ-ა_ს-აზე გაცემული სამემკვიდრეო მოწმობების ბათილად ცნობის თაობაზეც.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ დ. ე-ის მიერ მ. მ-თან სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის კანონიერი საფუძველი არ არსებობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად უძრავი ნივთების მიმართ ახალი წესები გამოიყენება. ამავე კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად კი «უძრავი ნივთების შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში», რაც კასატორ დ. ე-ს არ განუხორციელებია. უსაფუძვლოა მისი მოთხოვნა ბეს _ 700 აშშ დოლარის ორმაგად დაბრუნების თაობაზეც. რადგან, ჯერ ერთი ნებისმიერი თანხის გადაცემა შეუძლებელია სასამართლოს მიერ დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით და მეორეც, ბე წარმოადგენს უკვე შემდგარი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას. მოცემულ შემთხვევაში კი კასატორ დ. ე-სა და მ. მ-ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება კანონით დადგენილი წესით არ დადებულა და შესაბამისად ვერც ბეზე იქნება საუბარი. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლის გამოყენება («ბეს ჩათვლა ზიანის ანაზღაურების ანგარიშში») მოცემულ საქმეზე დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორ დ. ე-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ე-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.