¹3გ-ად-97-კ-02 17 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი; უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 31 ოქტომბერს კასატორმა ნ. მ-შვილმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხე – ქ. ქუთაისის მერიის მიმართ და სკ-ს 172-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ქ. ქუთაისში ... მდებარე სახლის გამოთხოვა. მოსარჩელემ მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მის ბაბუას _ კ. მ-შვილსა და ბაბუის ძმას ს. მ-შვილს 1917წ. 13 ივნისს ქ. ქუთაისში ... ა. ბ-ოვისაგან შეუძენიათ ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, რაც დასტურდება ქუთაისის ცენტრალური სახელმწიფო არქივიდან 1990წ. 15 მარტს გაცემული ¹51/M საარქივო ცნობით. მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მათ ოჯახებს, როგორც ქუთაისელ ვაჭრებს, დევნა დაუწყეს, აიძულეს ქუთაისის მიტოვება და საცხოვრებლად სოფელში გადასვლა, ხოლო ... ქუჩაზე მდებარე სახლთმფლობელობას კანონის დარღვევით ქალაქის მმართველობა დაეუფლა. ქუთაისის ტექ.ინვენტარიზაციის ბიუროს 1999წ. 25 იანვრის ¹მ/24 ცნობის მიხედვით, 1938 წლიდან სადავო სახლი, კუთვნილების დამადასტურებელი ყოველგვარი საბუთის გარეშე, აღრიცხულია ქუთაისის საბინაო სამმართველოს სახელზე. მოსარჩელის აზრით, გასაბჭოების შემდეგ ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება ძალმომრეობით ისე დაეუფლა მათ სახლს, რომ ქონების ჩამორთმევის ან მუნიციპალიზაციის შესახებ აქტიც არ მიუღია. დღეისათვის სადავო სახლის ნაწილში, რომელიც ქალაქ-მუზეუმის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება, 34,2კვ.მ ფართზე განთავსებულია მინერალური წყლების შემსწავლელი ლაბორატორია. მოსარჩელის ბაბუა – კ. მ-შვილი გარდაიცვალა 1939 წელს, მისი ძმა ს. – 1948 წელს. 1992 წელს კ. და ს. მ-შვილების შვილებმა – ვ., ვე. და ქ. მ-შვილებმა სარჩელით მიმართეს ქ. ქუთაისის სასამართლოს და სკ-ს 146-ე მუხლის საფუძველზე, უკანონო მფლობელობიდან სახლის გამოთხოვა მოითხოვეს, მაგრამ ქ. ქუთაისის სასამართლოს 1992წ. 24 აპრილის განჩინებით, მოსარჩელეთა შუამდგომლობით, საკმარისი მტკიცებულებების უქონლობის გამო, სარჩელი განუხილველი დარჩა. ამჟამად, კ. და ს. მ-შვილების გარდაცვალების გამო, ნ. მ-შვილი, როგორც მათი უფლებამონაცვლე და პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, ითხოვს მერიის უკანონო მფლობელობიდან შენობის გამოთხოვას.
მოპასუხემ – ქ. ქუთაისის მერიამ, ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოტივით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამასთან მიუთითა, რომ იმავე დავის საგანზე, ქუთაისში ... ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მემკვიდრედ ცნობაზე არ დაკმაყოფილდა თ. მ-შვილის წარმომადგენლის მ. მ-შვილის სარჩელი ქუთაისის მერიის მიმართ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 25 ივლისის აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-შვილს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა არასაპატიო მიზეზით ხანდაზმულობის ვადის გასვლისა და უსაფუძვლობის გამო. ვინაიდან მოპასუხის – ქ. ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა მოითხოვა დავის განხილვა 1997 წლამდე მოქმედი სამოქალაქო კოდექსით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა 1964წ. სსკ-ით. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. მ-შვილის წარმომადგენელის მ. მ-შვილის მიერ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 იანვრის განჩინებით ნ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა შემდეგი მოტივით:
1. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის სამართლებრივ ინსტიტუტს თითქმის ერთნაირად არეგულირებდა საქართველოს 1923წ. სკ-ს 59-ე, 1964წ. სსკ-ს 146-ე და 1997 წლის სკ-ს 170-ე, 172-ე მუხლები;
2. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა რა საერთო წესით, ჩათვალა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა, როცა პირმა შეიტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, უნდა დაიწყოს 1921 წლიდან, როცა მოსარჩელის განმარტებით, მის წინაპრებს ნამდვილად ჩამოართვეს სადავო ქონება, მაგრამ მოსარჩელემ რადგან ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით 1992წ. მარტის თვემდე მესაკუთრეთა სასამართლოში მიმართვას დაადასტურებდა, მიიჩნია, რომ არასაპატიო მიზეზით გაშვებულია როგორც 1923წ. სსკ-ს 44-ე, ასევე 1964წ. სსკ-ს 75-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;
3. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა შეჩერებულიყო დაუძლეველი ძალის (დაბრკოლების) გამო, რაც 1921-91წ.წ. საქართველოში საბჭოთა ხელისულების არსებობისა და 1992 წლიდან დღემდე უკანონო ფაქტობრივი ხელისულების დამყარებით გამოიხატება. მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა თუ 2000წ. ნოემბრამდე პერიოდში საქართველოში არსებული სახელმწიფო წყობილება როგორ უშლიდა ხელს მოსარჩელეს სარჩელის წარდგენაში, როცა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ფუნქციონირებდა სასამართლო სისტემა და სამოქალაქო სამართლისა და საპროცესო კოდექსები;
4. სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 25 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. მ-შვილს უარი ეთქვა სადავო უძრავი ქონების მემკვიდრედ ცნობაზე, ვინაიდან მოქმედი სკ-ს 1336-ე მუხლის თანახმად, კ. და ს. მ-შვილებს ჰყავდათ პირველი რიგის მემკვიდრეები, რომლებსაც სანოტარო წესით უარი არ უთქვამთ მემკვიდრეობის მიღებაზე და ამიტომ მოსარჩელესთან შედარებით უპირატესი უფლება გააჩნდათ მემკვიდრეობის აღდგენაზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს მოსარჩელე ნ. მ-შვილის წარმომადგენელი მ. მ-შვილი, ითხოვს საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას შემდეგი საფუძვლით:
1. სახელმწიფომ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, ... ქუჩაზე მდებარე მისი წინაპრების საცხოვრებელი სახლი 1938 წლიდან სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხა. საბჭოთა სამართლის სისტემა შენობა-ნაგებობების მიმართ სახელმწიფოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვაზე სარჩელს არ ითვალისწინებდა. ვინაიდან კ. და ს. მ-შვილები უკვე გარდაცვლილები იყვნენ, მათი ოჯახის წევრებს კი საცხოვრებლად სხვა სახლი ჰქონდათ, ხოლო სამოქალაქო სამართლის კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილი მოქალაქეთა პირად საკუთრებაში მხოლოდ ერთი საცხოვრებელი სახლის ან სახლის ნაწილის ქონას ითვალისწინებდა, ამიტომ კ. და ს. მ-შვილების მემკვიდრეებისათვის არ არსებობდა სახელმწიფოს უკანონო მფლობელობიდან სადავო სახლის გამოთხოვის შესაძლებლობა, ასეთი უფლება წარმოიშვა 1997წ. 25 ნოემბრიდან, ახალი სამოქალაქო კოდექსის მე-20, 172-ე მუხლებით და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლაც ამ მომენტიდან, 1997წ. 25 ნოემბრიდან, უნდა დაიწყოს. მოსარჩელემ სასამართლოს 2001წ. 23 დეკემბერს მიმართა, უძრავ ნივთზე მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან 6-წლიანი ხანდაზმულობის პერიოდში და ამდენად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა დაცულია;
2. ქუთაისის მერია კ. და ს. მ-შვილების კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე სკ-ს 167-ე მუხლით გათვალისწინებულ ხანდაზმულობით საკუთრებას ვერ შეიძენს, რადგან 1507-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ამ პირობით საკუთრების შეძენის ვადა 1997წ. 23 ივნისიდან აითვლება და 15 წელი არ გასულა, ხოლო ნივთის მფლობელობა ქ. ქუთაისის მერიისათვის წყდება სადავო სახლზე კასატორის მიერ სარჩელის წარდგენით, თანახმად 168-ე მუხლისა;
3. ვინაიდან კ. და ს. მ-შვილები და მათი მემკვიდრეები (შვილები) დღეისათვის გარდაცვლილები არიან, კასატორს მიაჩნია, რომ იგი, ნ. მ-შვილი, სკ-ს 1336-ე მუხლის თანახმად, სადავო საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეების _ კ. და ს. მ-შვილების პირველი რიგის კანონიერი მემკვიდრეა, ამიტომ კასატორი ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას სკ-ს მე-20, 167-ე, 168-ე, 172-ე, 184-ე, 1507-ე, 1339-ე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-19 მუხლების საფუძველზე და საქმის ხელახლა განილვისათვის ქუთაისის საოლქო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნებას.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ნ. მ-შვილის წარმომადგენელმა დამატებით მიუთითა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს ჩადენილ პროცესუალურ დარღვევებზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის დარღვევაზე, რომ მოსამართლე ფ. ბ-ამ ორჯერ მიიღო მონაწილეობა აღნიშნული დავის სასამართლო განხილვაში და ამავე კოდექსის მე-19 მუხლის დარღვევაზე, რაც სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას ინკვიზიციურობის უფლების გამოუყენებლობაში, თავისი ინიციატივით მტკიცებულებების მოუპოვებლობაში გამოიხატა.
მოწინააღმდეგე მხარის – ქ. ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნო, ითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და ქუთაისის საოლქო სასამართლოს კანონიერი განჩინების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 იანვრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო სასამართლო, აშკარა უსაფუძვლობისა და უსწორობის მოტივით, ვერ გაიზიარებს ნ. მ-შვილის საკასაციო საჩივრის არგუმენტს, თითქოს საბჭოთა სამართლის სისტემა შენობა-ნაგებობების მიმართ არ ითვალისწინებდა სახელმწიფოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლებას და აღნიშნული მხოლოდ ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, 1997 წლიდან, გახდა შესაძლებელი. პალატა ეთანხმება საოლქო სასამართლოს მოტივაციას, რომ ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ინსტიტუტს თითქმის ერთნაირად არეგულირებდა საქართველოს 1923 წლის სამოქალაქო კოდექსის 59-ე, 1964წ. სსკ-ს 146-ე მუხლები, რომლის მიხედვითაც მესაკუთრეს უფლება ჰქონდა თავისი ქონება გამოეთხოვა სხვისი უკანონო მფლობელობიდან და ქონებაში, ბუნებრივია, 103-ე მუხლის თანახმად, იგულისხმებოდა უძრავი ქონებაც – საცხოვრებელი სახლი. 1964წ. სსკ-ს 104-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მართალია, მოქალაქეს პირად საკუთრებაში ერთ დასახლებულ პუნქტში შეიძლება ჰქონოდა მხოლოდ ერთი საცხოვრებელი სახლი ან სახლის ნაწილი, მაგრამ აღნიშნული ნორმა მოქალაქე-მესაკუთეს არ უზღუდავდა 146-ე მუხლის საფუძველზე, სხვისი უკანონო მფლობელობიდან თავისი საკუთრების გამოთხოვას, რადგან ამავე კოდექსის 105-ე მუხლი სწორედ ერთზე მეტ სახლზე პირადი საკუთრების უფლების საკითხებს არეგულირებდა. კერძოდ, 105-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენდა: «თუ კანონით დაშვებული საფუძვლით მოქალაქეს ... პირად საკუთრებად აღმოაჩნდება ერთზე მეტი საცხოვრებელი სახლი, მესაკუთრეს უფლება აქვს თავისი არჩევანით დაიტოვოს საკუთრებად ერთ-ერთი მათგანი, სხვა სახლი (სახლები) მესაკუთრემ ერთი წლის განმავლობაში უნდა გაყიდოს, გააჩუქოს და სხვა წესით გაასხვისოს”.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განჩინებას და მიაჩნია, რომ ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე ს. და კ. მ-შვილების, ასევე მათი მემკვიდრეების მესაკუთრის უფლება დაცული იყო იმჟამად მოქმედი 1923-1964 წლების სამოქალაქო კანონმდებლობით, მათ როგორც მესაკუთრეს, უფლება ჰქონდათ სახელმწიფოს უკანონო მფლობელობიდან გამოეთხოვათ სადავო სახლთმფლობელობა და თუ ორ სახლზე მეტი აღმოაჩნდებოდათ საკუთრებაში, 105-ე მუხლის მიხედვით, ერთ-ერთი სახლი აერჩიათ საცხოვრებლად და მეორე გაესხვისებინათ დადგენილი წესით, რაც ს. და კ. მ-შვილებს არ განუხორციელებიათ თავიანთ სიცოცხლეში და სასამართლოსათვის არ მიუმართავთ მესაკუთრის დარღვეული უფლების აღდგენისა და უკანონო მფლობელობიდან სადავო სახლის გამოთხოვის თაობაზე;
2. კ. და ს. მ-შვილების მემკვიდრეებმა (შვილებმა) ვ., ვე. და ქ. მ-შვილებმა, მართალია, 1992 წელს მიმართეს სასამართლოს ქუთაისის მერიის წინააღმდეგ და სწორედ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 146-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვეს უკანონო მფლობელობიდან სახლის გამოთხოვა, მაგრამ იმავე მოსარჩელეთა შუამდგომლობით, მტკიცებულებათა უქონლობის მოტივით, სარჩელი განუხილველი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1992 წლის განჩინებით. საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის (1964წ.) 230-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან სარჩელის განუხილველად დატოვება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადას არ წყვეტდა, ამიტომ საკასაციო პალატა ეთანხმება საოლქო სასამართლოს ნ. მ-შვილის სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ და მიაჩნია, რომ უკანონო მფლობელობიდან სახლის გამოთხოვის შესახებ ნ. მ-შვილის მიერ 2000წ. 31 ოქტომბერს სარჩელის შეტანით გაშვებულია როგორც 1923 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 44-ე, ასევე 1964წ. სსკ-ს 75-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები, ხოლო ახალი სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადების გამოყენება, კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლებრივად დაუშვებელია;
3. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის მოტივით ასევე არ იზიარებს საკასაციო საჩივარში მითითებულ პროცესუალურ დარღვევებს, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოსამართლის ორჯერ მონაწილეობის აკრძალვა გაუქმდა 2000წ. 25 ოქტომბრის ცვლილებით და დღეს მოქმედი ნორმის მიხედვით, მოსამართლე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ მიიღებს საქმის განხილვაში მონაწილეობას, თუ იგი საქმესთან დაკავშირებით სასამართლომდე მონაწილეობდა ადმინისტრაციულ წარმოებაში, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია და მოსამართლე ფ. ბ-ას ორჯერ მონაწილეობა ნ. მ-შვილის სარჩელის განხილვაში არ წარმოადგენს პროცესუალურ დარღვევას.
უმართებულოა ასევე მეორე საპროცესო დარღვევაზე მითითებაც, თითქოს სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის მოთხოვნა და თავისი ინიციატივით, ინკვიზიციურობის პრინციპის უგულვებელყოფით არ გამოითხოვა საჭირო მტკიცებულებები, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან სამოქალაქო სკ-ს (1964წ.) 84-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა იყო სარჩელზე უარის თქმის საფუძველი, ხოლო ნ. მ-შვილის სარჩელი სასამართლოში სწორედ ხანდაზმულობის ვადის გაშვებით იყო შეტანილი, ამიტომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ ისარგებლა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ინკვიზიციურობის უფლებით (რომელიც სასამართლოს უფლებაა და არა მოვალეობა) და არ გამოითხოვა დამატებითი მტკიცებულებები, რადგან ახალი მტკიცებულებები სამართლებრივად ვერ შეცვლიდა სარჩელის ხანდაზმულობისა და საქმის განხილვის შედეგს.
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, ნ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, სსკ-ს 410-ე მუხლის შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 იანვრის განჩინება, ვინაიდან მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებული გამოყენებითა და განმარტებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და გამოიტანა კანონიერი განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართელოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით, 47-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 იანვრის განჩინება;
3. ნ. მ-შვილი, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გათავისუფლდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.