3გ-ად-98-კ-02 1 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება და ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 2 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ მოპასუხეების: ა., ც., მ. გ-ძეების, მ. ს-ძის, ქ. ბათუმის ნოტარიუს ვ. ნ-ძისა და ქ. ბათუმის ... კანტორის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელეს სამართალმემკვიდრეობის წესით გადაეცა რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ¹2016 სამხედრო ნაწილის სახელზე რიცხული სამსახურებრივი ბინები, მათ შორის ქ. ბათუმში, ... ¹94 მდებარე ბინა, რომელშიც უკანონოდ ცხოვრობდნენ მოპასუხე ფიზიკური პირები. 1995 წლის 12 აპრილს მათ უკანონოდ გააკეთეს აღნიშნული ბინის პრივატიზაცია, ... კანტორასთან დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე.
მოსარჩელის განმარტებით, სადავო ბინის პრივატიზაცია უკანონოა, რადგანაც იგი ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამსახურებრივი ბინები პრივატიზაციას არ ექვემდებარება.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოპასუხე ფიზიკურ პირებს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან რაიმე სამსახურებრივი ურთიერთობა არ გააჩნდათ. ისინი მოსარჩელის მიერ გაფრთხილებული იქნენ სადავო ბინის გამოთავისუფლების თაობაზე, მაგრამ მოპასუხე ფიზიკური პირები ნებაყოფლობით სადავო ბინის დატოვებას არ აპირებდნენ.
მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა ზემოთ აღნიშნული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება და მოპასუხე ფიზიკური პირების გამოსახლება სადავო ბინიდან.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 1 თებერვალს განიხილა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სააპელაციო საჩივარი და არ დააკმაყოფილა იგი.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველო საკასაციო საჩივარში ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 1 თებერვლის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, რომლითაც დაკმაყოფილდება თავდაპირველი სარჩელი.
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებში მოიპოვება ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის 2001წ. 19 ივლისის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ტექაღრიცხვის სამსახურის მასალების თანახმად ქ. ბათუმში, ... ¹94 და ... ¹94-ა მდებარე საცხოვრებელი სახლები ირიცხებოდნენ ქ. ბათუმის მერიის სახელზე. რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილის საქართველოდან გაყვანამდე მათ მომსახურებას უწევდა ადგილობრივი საბინაო-საექსპლუატაციო უბანი. აღნიშნული წერილით ტექინვენტარიზაციის სამსახურის უფროსი აცნობებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსს, რომ ბათუმის აღმასკომის 1988წ. 27 აპრილის ¹389 გადაწყვეტილების თანახმად, ზემოთ აღნიშნული საცხოვრებელი სახლები უნდა ირიცხებოდეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სახელზე, რაც ტექინვენტარიზაციის სამსახურის მასალებში არ იყო რეგისტრირებული და რამაც გამოიწვია ამ სამსახურის მიერ არასწორი ცნობების გაცემა. 2001წ. 17 ივლისიდან კი აღნიშნული სახლები რეგისტრირებულ იქნა ¹2016 სამხედრო ნაწილის სახელზე.
საქმის მასალებში, აგრეთვე, მოიპოვება ქ. ბათუმის ვიცე-მერის რ. ბადოევის 2001წ. 7 სექტემბრის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ ქ. ბათუმში, ... ¹94 და ... ¹94-ა მდებარე საცხოვრებელი სახლები «ქ. ბათუმის აღმასკომის 1987წ. 22 დეკემბრის ¹1179 გადაწყვეტილებით გადაცემულ იქნა რუსეთის სამხედრო ნაწილი 2016-ის საბინაო ფონდში».
აღნიშნული წერილის თანახმად ქ. ბათუმში, ... ¹94 და ... ¹94-ა მდებარე საცხოვრებელი სახლები 1987 წლიდან 1999 წლამდე ფაქტობრივად ირიცხებოდა რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის ბალანსზე. ხოლო 1999წ. ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის საქართველოს ტერიტორიიდან გასვლასთან დაკავშირებით, მისი კუთვნილი ქონება სამართალმემკვდირეობით გადაეცა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს.
აღნიშნულ წერილში მითითებულია, რომ ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მონაცემებით ქ. ბათუმში, ... ¹94 და ... ¹94-ა მდებარე საცხოვრებელი სახლები რეგისტრირებულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სახელზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სრულყოფილად არ გამოარკვია, სადავო ბინის პრივატიზაციის დროს რომელი უწყება იყო სადავო ბინის მესაკუთრე, რის გამოც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საჭიროა ფაქტობრივი გარემოებების დამატებით გამოკვლევა, რის გამოც საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ქვემდგომ სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 1 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.