¹ 3გ-ად-99-კ-02 11 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: მიწის მიმღები მოქალაქის კატეგორიის განსაზღვრა.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. თ.-მ მიმართა ბაღდათის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მიწის მიმღებ მოქალაქეთა პირველი კატეგორიის მინიჭება. გ.თ.-მ აღნიშნა, რომ 1993 წელს სოფ. ...-ის ყრილობამ აირჩია მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარედ. მუშაობის პერიოდში სოფლის საკრებულოს გამგებლის მოადგილესთან უთანხმოების გამო დატოვა კომისია. ვინაიდან იგი მიეკუთვნებოდა მიწის მიმღებ მოქალაქეთა პირველ კატეგორიას, მოითხოვა მიწის ნაკვეთის ზღვრულ ნორმამდე შევსება იჯარით გაპიროვნებული მიწის ნაკვეთებიდან. 30.04.95წ. ბაღდათის რაიონის მიწის მართვის განყოფილების გამგე ვ. ფ.-მ თვითნებურად შეუცვალა პირველი კატეგორია და მიაკუთვნა იგი მიწის მიმღებთა მეორე კატეგორიას, რის გამო გ. თ.-ეს შეეზღუდა მიწის მიღების უფლება. მოსარჩელის მოთხოვნით, მიწის მართვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ქ. კ.-ის წერილის საფუძველზე, ...-ის თემის საკრებულოს გამგეობის 28.12.95წ. გადაწყვეტილებით მას კვლავ აღუდგა პირველი კატეგორია, რის შემდეგაც გამოიყო კომისია, რომელმაც მოახდინა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის აზომვა. მიუხედავად ამისა, ვ.ფ.-ემ არ შეცვალა უკანონო გადაწყვეტილება, რის გამო მას შეეზღუდა მიწის მიღების უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ.თ.-ემ მოითხოვა მიწის მიმღებ მოქალაქეთა პირველი კატეგორიის მინიჭება. ვანის რაიონული სასამართლოს 06.03.2000წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბაღდათის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსმა ვ.ფ.-ემ და ...-ის თემის საკრებულოს თავმჯდომარემ გ.ტ.-ემ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 25.05.01წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ვანის რაიონული სასამართლოს 06.03.2000წ. გადაწყვეტილება, გ.თ.-ის სარჩელი მისთვის მიწის მიმღებ მოქალაქეთა პირველი კატეგორიის მინიჭების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 30.10.01წ. განჩინებით, რომლითაც გ.თ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოერკვია ეკუთვნოდა თუ არა წყალტუბოს სარაიონთაშორისო სასწავლო ...-ის ბაღდათის ფილიალი განათლების სამინისტროს სისტემას, ხოლო გ. თ.-ე – განათლების სფეროში დასაქმებულ მუშაკს, რადგანაც «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ» კანონის ამოქმედების თაობაზე» საქართველოს პარლამენტის 22.03.96წ. დადგენილების მე-4 პუნქტით სოფლად მცხოვრები მედიცინის, განათლების, კულტურის სფეროს მიკუთვნებული მუშაკების კომლები გაუთანაბრდნენ სოფლად მცხოვრებ და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ კომლებს და შესაძლებლობის შემთხვევაში მათ უნდა გამოყოფოდათ მიწის ნაკვეთი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში პირველი კატეგორიიისათვის განსაზღვრული ნორმის მიხედვით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 27.02.02წ. გადაწყვეტილებით ბაღდათის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს და ...-ის თემის საკრებულოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ვანის რაიონული სასამართლოს 06.03.2000წ. გადაწყვეტილება, გ.თ.-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გ.თ.-ემ 1992წ. 1 იანვრისათვის მუშაობდა ბაღდათში სასწავლო ...-ის გამგედ, საიდანაც გავიდა პენსიაზე. მისი ოჯახის დანარჩენი ორი წევრი მუშაობდა სოფ. დ.-ში და 1992წ. 1 იანვრისათვის არცერთი მათგანი არ ყოფილა დასაქმებული სოფ. ...-ის კოლმეურნეობაში, ე.ი. მიწის რეფორმის დაწყების დროისათვის გ.თ.-ის ოჯახი განეკუთვნებოდა მოსამსახურეთა კატეგორიას და არა სოფლად მცხოვრებ საკოლმეურნეო კომლს. პალატამ მიიჩნია, რომ წყალტუბოს სარაიონთაშორისო სასწავლო ...-ის ბაღდათის ფილიალი, სადაც იგი მუშაობდა პენსიაზე გასვლამდე, მიეკუთვნებოდა სოფლის მეურნეობის სისტემას და არავითარი შეხება არ ჰქონია განათლების სამინისტროს სისტემასთან, რის გამო გ.თ.-ე არ იქნა მიჩნეული განათლების სფეროში დასაქმებულ მუშაკად, რომელიც «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ» კანონის ამოქმედების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 22.03.96წ. დადგენილების მე-4 პუნქტის მიხედვით უთანაბრდება სოფლად მუდმივად მცხოვრებ და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირველი კატეგორიის კომლს. პალატამ აღნიშნა აგრეთვე, რომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილ იქნა ...-ის თემის საკრებულოს 26.07.2000წ. ¹19 დადგენილება, რომლის მიხედვით გ.თ.-ე აღირიცხა პირველი კატეგორიის კომლად და გადაწყდა ნაკვეთის შევსება სამი ალტერნატიული ნაკვეთიდან, რისი უფლებამოსილებაც გააჩნდა საკრებულოს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 27.09.02წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ.თ.-ის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ რაიონის მიწის მართვის კომისიამ თვითნებურად, ...-ის საკრებულოს გამგეობასთან შეთანხმების გარეშე და კასატორის დაუსწრებლად განიხილა საკითხი და პირველი კატეგორია შეუცვალა მეორეთი. სოფ. ...-ის საკრებულოს გამგეობამ, ზემდგომი ორგანოებიდან დაშვებული წერილობითი განმარტების საფუძველზე, 28.12.95წ. სხდომაზე გ.თ.-ის კომლი ცნო პირველი კატეგორიის კომლად. აღნიშნულ საკითხზე სხვა რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ ...-ის ფილიალის გამგედ დამსახურებულ პენსიაზე გავიდა 1988 წელს, რომლის შემდეგ კვლავ განაგრძობდა იქ მუშაობას ...-ის გაუქმებადე – 1991წ. 1 იანვრამდე, რის შემდეგ მუშაობდა სოფ. ...-ის კოლმეურნეობაში ფიზიკურად, გაპიროვნებული ჰქონდა 0,12 ჰა ვენახის და 0,25 ჰა საყანე მიწა. სასწავლო ...-ის ბაღდათის ფილიალი ექვემდებარებოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სადაც მზადდებოდა სოფლის მეურნეობაში მომუშავე კადრები, რის გამო იქ მომუშავე მასწავლებლები და ხელმძღვანელი სოფლის მეურნეობის სპეციალისტებად უნდა იქნენ მიჩნეულნი. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ან საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება.
ბაღდათის მიწის მართვის სამმართველოს უფროსი გ. ფ.-ე წარმოდგენილი შესაგებლით საკასაციო საჩივარს არ ცნობს და აღნიშნავს, რომ სოფ. ...-ის საკრებულოს 28.12.95წ. ¹115 გადაწყვეტილებით გ.თ.-ის კომლი მიეკუთვნა პირველი კატეგორიის კომლს, გადაწყვეტილება დღესაც უცვლელია, რის შესაბამისადაც საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიამ გ.თ.-ეს მრავალჯერ შესთავაზა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის შევსება სარეფორმო მიწის ფონდიდან. ფართობის მიღებაზე გ.თ.-ე უარს აცხადებს და დაჟინებით მოითხოვს მის ძმაზე, აწ გარდაცვლილ ნ.თ.-ეზე კანონის შესაბამისად გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ჩამორთმევას და მასზე გადაცემას, რასაც საკრებულო ვერ აკმაყოფილებს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. გაუკრვეველია რისთვის სჭირდება გ.თ.-ეს სასამართლოს გადაწყვეტილების ძალით პირველი კატეგორიის მინიჭება მაშინ, როდესაც ...-ის საკრებულოს 28.12.95წ. ¹115 გადაწყვეტილებით მის კომლს მინიჭებული აქვს პირველი კატეგორია. მოწინააღმდეგე მხარის აზრით, კასატორმა სასამართლოში სარჩელი აღძრა არასწორად, ვინაიდან მას სარჩელი უნდა დაეყენებინა არა კატეგორიის მინიჭებაზე, არამედ მის ძმაზე, აწ გარდაცვლილ ნ.თ.-ეზე სარეფორმო ფონდიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შევსებული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევაზე და მისთვის გადაცემაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბაღდათის მიწის მართვის სამმართველოს უფროსმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს 27.02.02წ. განჩინების ძალაში დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, სააპელაციო პალატის განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით არ დასტურდება სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გ. თ.-ე 1992წ. 1 იანვრისათვის (მიწის რეფორმის დაწყებისათვის) მუშაობდა სასწავლო ...-ის გამგედ, საიდანაც გავიდა პენსიაზე. პალატის ეს მოსაზრება არ ემყარება საქმის მასალებს, კერძოდ სოცუზრუნველყოფის ფონდის ბაღდათის რაიგანყოფილების გამგის 13.12.2000წ. ცნობაში აღნიშნულია, რომ კასატორი პენსიაზე 25.02.88წ. გავიდა. ამასთანავე, გ. თ.-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ...-ში მუშაობდა ...-ის ფილიალის გაუქმედამდე – 1991წ. 1 იანვრამდე, რის შემდეგაც ფიზიკურად მუშაობდა სოფ. ...-ის კოლმეურნეობაში გაპიროვნებულ ნაკვეთზე. ამასთანავე, საქმის მასალებში არ მოიპოვება კასატორის მუდმივად სხვაგან ცხოვრების დამადასტურებელი მტკიცებულება.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 18.01.92წ. ¹48 დადგენილების მე-8, 06.02.92წ. ¹128 დადგენილების 1-ლი, 10.03.92წ. ¹290 დადგენილების მე-6 პუნქტების მიხედვით განისაზღვრა მიწის მიმღებ მოქალაქეთა კატეგორიები და კატეგორიებისდამიხედვით გადასაცემი საკარმიდამო მიწის ზღვრული ნორმები. «სასროფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ» კანონის ამოქმედების თაობაზე» საქართველოს პარლამენტის 22.03.96წ. დადგენილების მე-4 პუნქტის თანახმად, სოფლად მცხოვრებ მედიცინის, განათლების, კულტურის სფეროს მიკუთვნებული მუშაკების კომლები (ოჯახები) გაუთანაბრდნენ სოფლად მცხოვრებ და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ კომლებს, რომლებსაც შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა გამოეყოთ მიწის ნაკვეთი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში პირველი კატეგორიისათვის განსაზღვრული ნორმების მიხედვით. გ. თ.-ე მიუთითებს, რომ 1952 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ...-ში, განათლებით არის სოფლის მეურნეობის ინჟინერ-მექანიზატორი, 1949 წლიდან მუშაობდა მანქანა-ტრაქტორის სადგურში ინჟინრად, დირექტორად, წყალტუბოს სარაიონთაშორისო სასწავლო ...-ის ფილიალის გამგედ, საკურსო სასწავლებელი ამზადებდა სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს, მიწის რეფორმის დაწყებისას მას განპიროვნებული ჰქონდა 0,25 ჰა სახნავი და 0,12 ჰა ვენახი. აღნიშნულიდან გამომდინარე, «იმ მუშებისა და მოსამსახურეების, აგრეთვე მასწავლებლების, ექიმებისა და სხვა სპეციალისტების ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ და მუშაობენ სოფლად და უფლება აქვთ ისარგებლონ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებით» მინისტრთა საბჭოს 30.10.74წ. ¹583 დადგენილების, «საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის პირველი ეტაპის განხორციელების ღონისძიებებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 18.01.92წ. ¹48 და 06.02.92წ. ¹128 დადგენილებებში ნაწილობრივ ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ» მინისტრთა კაბინეტის 10.03.92წ. ¹290 დადგენილების მე-6 პუნქტის და «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ» კანონის ამოქმედების თაობაზე» საქართველოს პარლამენტის 22.03.96წ. დადგენილების მე-4 პუნქტის თანახმად, გ. თ.-ე განეკუთვნება მიწის მიმღებთა პირველ კატეგორიას (სოფლად მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეები და სოფლად მუდმივად მცხოვრები სოფლის მეურნეობის სპეციალისტები). ამასთანავე საქმეზე, სოცუზრუნველყოფის ფონდის რაიგანყოფილების 13.12.2000წ. ცნობის გარდა, არ არის წარმოდგენილი კასატორის და მისი ოჯახის წევრების საქმიანობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია, რის გარეშე შეუძლებელია განსახილველი დავის გადაწყვეტა, მიწის მიმღებ მოქალაქეთა კატეგორიის განსაზღვრა. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის და სსკ-ს მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივითაც მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ დავასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულებების წარმოსადგენად. მიუხედავად აღნიშნულისა სააპელაციო პალატას არ მიუღია ზომები წარსულში გ. თ.-ის და მისი ოჯახის წევრების საქმიანობის დასადგენად, სააპელაციო პალატის მიერ არ არის სრულყოფილად გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც არ იძლევა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან და სხვ) საფუძველზე საჭიროა გ. თ.-ის წარსული საქმიანობის დადგენა, მიწის რეფორმის დაწყების დროისათვის მისი და მისი ოჯახის წევრების საცხოვრებელი ადგილის და საქმიანობის გარკვევა, რაც შექმნის გ. თ.-ის მიწის მიმღებთა კატეგორიის განსაზღვრის საფუძველს.
დაზუსტებას საჭიროებს აგრეთვე დავის საგანი, მიწის მიმღებთა პირველი კატეგორიისადმი მიკუთვნების შესახებ გ. თ.-ის მოთხოვნიდან გაურკვეველი რჩება მოიცავს თუ არა აღნიშნული მოთხოვნა ბაღდათის რაიონის მიწის რეფორმის კომისიის 05.04.95წ. აქტის გაუქმებას, გ. თ.-ის მოთხოვნა ეხება ბაღდათის მიწის რეფორმის კომისიის 05.04.95წ. დადგენილებით კასატორისათვის კატეგორიის შეცვლის გაუქმებას, თუ გულისხმობს აგრეთვე კომისიის 05.04.95წ. აქტის იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც 0,60 ჰა ფართობი განაწილდა სხვა პირებზე, დავის საგანს შეადგენს ადმინისტრაციული აქტის ბათილად თუ ძალადაკარგულად გამოცხადება. დადგენას საჭიროებს აგრეთვე პირველი კატეგორიისადმი მიკუთვნების მოთხოვნის ადრესატი, აღნიშნულით გ. თ.-ე ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოსადმი სათანადო აქტის გამოცემის დავალებას თუ სასკ 33-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემას. ვინაიდან სოფ. ...-ის საკრებულოს გამგეობის 28.12.95წ. ¹116 გადაწყვეტილებით გ. თ.-ეს მინიჭებული აქვს მიწის მიმღების პირველი კატეგორია, ...-ის თემის საკრებულოს 26.07.2000წ. ¹19 დადგენილებით გ. თ.-ე აღრიცხულია პირველი კატეგორიის კომლად და მას მიეცა წინადადება საკარმიდამო ნაკვეთის 0,60 ჰა-მდე არაპრივატიზებული მიწებიდან შევსების შესახებ, დაზუსტებას საჭიროებს აგრეთვე გ. თ.-ის განსახილველი დავისადმი სამართლებრივი, უფლებადამცავი ინტერესი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. თ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 27.02.02წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.