Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-100-კ-02 28 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: უძრავი ქონების ბათილად ცნობა, სადავო საცხოვრებელ ფართზე საკუთრების აღიარება და ამ ფართიდან ყველა პირის გამოსახლების მოთხოვნა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 26 ივნისს დედა-შვილმა ლ. კ-ძემ და მ. მ-შვილმა-კ-შვილმა სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ქუთაისის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან გამოყოფილი ნაწილის საბინაო სამმართველოზე აღრიცხვის ბათილად ცნობა, სადავო სახლის გამოყოფილ ნაწილზე მათი საკუთრების უფლების ცნობა და სადავო ფართში მცხოვრები პირების გამოსახლება მოითხოვეს. მოსარჩელეები თავიანთ მოთხოვნას შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდნენ:

1918წ. 19 ივნისს მოსარჩელეების მეუღლესა და ბაბუას, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნაყიდი ჰქონდა ქუთაისში, ... საცხოვრებელი სახლი, რომელიც ერთი სართულისა და 5 ოთახისაგან შედგებოდა.

1919წ. 4 ოქტომბრის პროექტის საფუძველზე ბაბუამ _ დ. მ-შვილმა სახლს მეორე სართული დააშენა და მისი მესაკუთრე გახდა. მისი გარდაცვალების შემდგომ, ქუთაისის სასამართლოს 1978წ. 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით სადავო სახლზე დ. მ-შვილს შვილის _ ვ. მ-შვილის მემკვიდრეობა იქნა დადგენილი. მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ სადავო 44,13 კვ.მ. ფართი რეალურად შედიოდა დ. მ-შვილის საკუთრებაში და მისი საბინაო სამმართველოს სახელზე აღრიცხვა კანონდარღვევით იქნა განხორციელებული, რითაც მათ კონსტიტუციით აღიარებული საყოველთაო უფლებები შეელახათ.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს შუამდგომლობის საფუძველზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე შპს «საუნჯე» ჩააბა, რადგან აღნიშნული სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით იყო დაფუძნებული და სადავო ფართი ჰქონდა დაკავებული.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. მ-შვილს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხოლო ლ. კ-ძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სადავო ფართის საბინაო სამმართველოზე რეგისტრაცია, სადავო 44,13 კვ.მ-ის ფართზე დადგენილ იქნა ლ. კ-ძის საკუთრების უფლება და სადავო ფართიდან გამოსახლებულ იქნა ყველა პირი, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებამდე ფლობდნენ აღნიშნულ ფართს.

ზემოხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ქუთაისის ქონების მართვის სამმართველომ გაასაჩივრა და მიუთითა, რომ არქივში არსებობდა ცნობა, რომელიც ადასტურებდა დ. მ-შვილის მიერ 1939წ. 20 ნოემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო ფართის ე. გ-ინისათვის გადაცემის ფაქტს, აღნიშნული ხელშეკრულება სანოტარო წესით იყო დამოწმებული და მითითებული საკითხი არც დ. მ-შვილს და არც მისი გარდაცვალების შემდგომ მის შვილს – ვ. მ-შვილს სადავოდ არ გაუხდიათ. საარქივო ცნობიდან დასტურდებოდა, რომ სადავო ფართი არასოდეს წარმოადგენდა მ-შვილების საკუთრებას. ქონების მართვის სამმართველომ აქვე დაამატა, რომ ლ. კ-ძის მოთხოვნაც ხანდაზმული იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოს სააპელაციო საჩივარზე ლ. კ-ძემ სასამართლოში შესაგებელი წარადგინა და აღნიშნა, რომ ე. გ-ინსა და დ. მ-შვილს შორის დადებული ხელშეკრულება სადავო ფართს არ შეხებია. ამასთან, ტექბიუროში სადავო ფართის საბინაო სამმართველოს სახელზე რეგისტრაცია კანონსაწინააღმდეგოდ იყო განხორციელებული.

ლ. კ-ძე აქვე აღნიშნავდა, რომ მას სასარჩელო ხანდაზმულობა გაშვებული არ ჰქონდა, რადგან დარღვეული უფლების შესახებ მისთვის მხოლოდ 2001წ. ივნისში გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც ქუთაისის ტექაღრიცხვის ბიუროს მიერ ცნობა იქნა გაცემული. კ-ძე აქვე დაამატებდა, რომ მისი შვილის _ მ. მ-შვილის მიერ 1992 წელს სასამართლოსათვის სადავო ქონების დაბრუნების თაობაზე მიმართვის შესახებ არაფერი იცოდა.

ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი მ. მ-შვილმაც შეიტანა და მიუთითა, რომ მას დედამისის თანაბარი უფლება გააჩნდა მამის _ ვ. მ-შვილის ქონებაზე, რადგან მისი მემკვიდრეობა სათანადო წესით იყო რეგისტრირებული. მ. მ-შვილის მოსაზრებით, მართალია, მან სადავო ქონების დაბრუნების თაობაზე სასამართლოს ჯერ კიდევ 1992 წელს მიმართა, მაგრამ ამით სადავო ფართზე უფლება არ დაუკარგავს და თუ სასამართლო ხანდაზმულობის ვადას გაშვებულად მიიჩნევდა, აღნიშნული საპატიოდ უნდა ჩაეთვალა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ლ. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა – ლ. კ-ძემ და მ. კ-შვილმა-მ-შვილმა აწ გარდაცვლილი ვ. მ-შვილის მემკვიდრეობა ისე მიიღეს, რომ მასში 44,13 კვ.მ ფართი არ შედიოდა, მაგრამ აღნიშნული საკითხი არც დ. და არც ვ. მ-შვილს სადავოდ არ გაუხდიათ, მოსარჩელეების მხრიდან კი მითითებული მოთხოვნა ხანდაზმული იყო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. კ-ძემ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა. კასატორი თვლის, რომ საქმე განხილული იყო არაკანონიერი შემადგენლობის მიერ, რადგან პირველი ინსტანციასა და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილობდა ერთი და იგივე მოსამართლე, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანხმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. კასატორი აქვე დაამატებს, რომ საოლქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი.

ლ. კ-ძემ საოლქო სასამართლოს მიერ გამოკვლეული და დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები გაყალბებულად ჩათვალა და დამატებითი საკასაციო პრეტენზია წარმოადგინა სასამართლოში.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით მ. მ-შვილმა-კ-შვილმაც გაასაჩივრა და გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილი დავა სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად 1997წ. სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად უნდა დარეგულირდეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, კასატორმა ლ. კ-ძემ სასამართლოში საკასაციო პრეტენზია წამოაყენა, მაგრამ საკასაციო სასამართლომ იგი დასაბუთებულად არ მიიჩნია, რადგან წარმოდგენილ დამატებით საკასაციო პრეტენზიაში ნახსენები გარემოებები საქმის მასალებით არ დასტურდება. ამდენად, საკასაციო სასამართლო კვლავ დადგენილად და სავალდებულოდ მიიჩნევს საოლქო სასამართლოს მიერ გამოკვლეულ გარემოებებს და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დ. და ვ. მ-შვილების მიერ სადავო 44,13 კვ.მ. ფართის კუთვნილების ან ფლობის ფაქტი. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, ქუთაისის სასამართლოს 1978წ. 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით სადავო სახლზე დ. მ-შვილის შვილის _ ვ. მ-შვილის მემკვიდრეობა იქნა დადგენილი, მაგრამ სამკვიდრო ქონებაში სადავო ფართი არ შედიოდა. აღნიშნული ფართი სახელმწიფოს საკუთრებადაა აღრიცხული 1938 წლიდან. აქვე აღსანიშნავია, რომ 15 წლის განმავლობაში, 1938 წლიდან, არც კასატორებს და არც მათ მამკვიდრებლებს – დ. და ვ. მ-შვილებს სახელმწიფოს მიერ 44,13 კვ.მ. ფართის ფლობა სადავოდ არ გაუხდიათ. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სარჩელი ხანდაზმულია. აქვე ნიშანდობლივია, რომ კასატორების მტკიცება იმის თაობაზე, თითქოს დ. და ვ. მ-შვილები სადავო ფართის მესაკუთრეები იყვნენ არ გამომდინარეობს მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან, რადგან უძრავ ქონებაზე საკუთრების მოსაპოვებლად საჭიროა საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. სადავო ქონების მესაკუთრედ კი, როგორც ავღნიშნეთ 1938 წლიდან სახელმწიფოა რეგისტრირებული.

საკასაციო სასამართლო მხარის ყურადღებას მიიქცევს იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო ქონება შეიცავს მამკვიდრებლის ქონებრივი უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობას, რომლებიც სიკვდილის მომენტისათვის მას ჰქონდა. დადგენილია, რომ სადავო ქონება არ შედიოდა არც ბაბუის _ დ. მ-შვილის და არც ვ. მ-შვილის სამკვიდრო მასაში და, ამდენად, მითითებულ ქონებაზე კასატორების _ ლ. კ-ძისა და მ. კ-შვილის მემკვიდრეობის უფლება ვერ გავრცელდებოდა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეებს სასარჩელო ხანდაზმულობის, როგორც 1425-ე, ისე 128-ე მუხლების გათვალისწინებული ვადა გაშვებული აქვთ და არ არსებობს გაშვებული ვადის აღდგენის საფუძველი, რადგან სადავო ფართში მრავალი წელია სახელმწიფო მაღაზია «...» განლაგებული.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. კ-ძისა და მ. მ-შვილი-კ-შვილის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. კ-ძის და მ. კ-შვილი-მ-შვილის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილება.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.