3გ-ად-101-კ-02 2 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე.
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვარში მომხდარი მოვლენების შედეგად დაზარალდა მოსარჩელე ნ. ღ.-ე, რომლის ზარალმაც გაცემული დეკლარაციის საფუძველზე შეადგინა 1546930 საბჭოთა მანეთი. საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულების მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროთა დასკვნების საფუძველზე ნ. ღ.-ის მატერიალური ზარალი განისაზღვრა 51564 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხით ეროვნულ ვალუტაში. 1992 წლიდან ნ. ღ.-მ თბილისის მერიისაგან ფულადი სახით მიიღო 1924 აშშ დოლარი, ხოლო ზარალის დარჩენილმა თანხამ 1996 წლისათვის შეადგინა 49640 დოლარი.
1999წ. 14 ივლისს ნ. ღ.-მ სარჩელით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და თბილისის მერიისაგან მატერიალური ზარალის სახით მოითხოვა მიყენებული ზიანის დარჩენილი თანხის _ 49 640 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება.
თბილისის მერიის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
საქმის ზეპირი განხილვისას მოსარჩელის რწმუნებულმა ზ. კ.-მ სარჩელში მითითებული თანხის დაკისრება სოლიდარულად მოითხოვა როგორც თბილისის მერიის, ისე ფინანსთა სამინისტროსაგან. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა დააფუძნა საქართველოს პრეზიდენტის 1995წ. 28 ნოემბრის ¹741 დადგენილებას, 1996წ. 28 თებერვლის ¹197 ბრძანებულებას, 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულებას, 1997წ. 1 დეკემბრის ¹704 ბრძანებულებას, ასევე მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 31 მაისის ¹336 დადგენილებას, რომელთა მიხედვითაც საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ აღიარა 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად თბილისელთათვის 8 მილიონი აშშ დოლარის ზიანის მიყენების ფაქტი და დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზიანის კომპენსაციის ვალდებულება.
პირველმა მოპასუხემ - თბილისის მერიამ არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მათ ევალებოდათ 1991-92 წლების მოვლენებით დაზარალებულთათვის მხოლოდ ბინების მშენებლობა, რაც პირნათლად შეასრულეს. მატერიალური ზარალის ანაზღაურება კი უნდა მომხდარიყო ფინანსთა სამინისტროს მიერ ცენტრალური ბიუჯეტიდან.
სარჩელი ასევე არ ცნო თანამოპასუხე ფინანსთა სამინისტრომ, რომლის განმარტებითაც სამინისტრო ვალდებული იყო შეემუშავებინა კონკრეტული წინადადება შესაბამისი ფინანსური სახსრების გამოსაძებნად და ეს აესახა ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტში, ხოლო ამ თანხების ასათვისებლად შემდგომი ღონისძიების გატარება ევალებოდა ქ. თბილისის მერიას. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ღ.-ის სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად იქნა დაკმაყოფილებული. რაიონული სასამრათლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც თბილისის მერიამ, ასევე ფინანსთა სამინისტრომ.
აღნიშნული საქმე რამდენჯერმე იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლო ორგანოების მიერ. საბოლოოდ, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მოსარჩელე ნ. ღ.-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში დავის საგნის შემცირებული ოდენობის _ 45995 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში გათვალისწინებით. საოლქო სასამართლოს განჩინება ემყარება შემდეგ გარემოებებს:
1. მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 31 მაისის ¹336 დადგენილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები ვალდებული იყვნენ თბილისის მერიისათვის რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტში გაეთვალისწინებინათ ცნობილი მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად გრძელვადიანი შეღავათიანი სესხის გამოყოფა 500 მლრდ. კუპონის ოდენობით თითოეულ კვარტალში, ხოლო მე-9 პუნქტის მიხედვით, თბილისის მერია ვალდებული იყო ვაჭრობისა და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად შეემუშავებინა და წარმოედგინა წინადადება დაზარალებული მოქალაქეებისათვის განადგურებული ქონების შესაძენად საჭირო სახსრების გამოყოფის შესაძლებლობის შესახებ;
2. საოლქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 28 თებერვლის ¹197 ბრძანებულების მე-3 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც დაზარალებულებისათვის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მიყენებული მატერიალური ზარალის ეტაპობრივი ანაზღაურების მიზნით თანხის გამოყოფა, მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადება და გამოყოფილი სახსრების ეფექტური ათვისება დაევალა თბილისის მერიას, ხოლო მე-4 პუნქტით ფინანსთა სამინისტროს დაევალა 1996წ. დამატებითი, მათ შორის არასაბიუჯეტო სახსრების გამოყოფა მშენებლობის გასაგრძელებლად და ზარალის ასანაზღაურებლად;
3. საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულების მე-2 პუნქტის თანახმად, თბილისის მერიას დაევალა დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაფინანსების უზრუნველყოფა, ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს დაევალა მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად დაფინანსების დამატებითი წყაროების გამოძებნის შესახებ წინადადებების შემუშავება და პარლამენტისათვის წარდგენა;
4. საოლქო სასამართლო ასევე დაეყრდნო პრეზიდენტის 1997წ. 1 დეკემბრის ¹704 ბრძანებულებას, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, ცნობად იქნა მიღებული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და თბილისის მერიის გადაწყვეტილება დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის მიზნით, მათთვის აშენებულ და მშენებარე საცხოვრებელ სახლებში განთავსებული არასაცხოვრებელი ფართის აუქციონის წესით პრივატიზაციის შესახებ, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად დადგინდა, რომ პრივატიზებიდან შემოსული თანხები გამოყენებული იქნებოდა მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციისათვის, რისთვისაც თბილისის ბიუჯეტში შეიქმნა მიზნობირივი ფონდი;
5. საოლქო სასამართლოს მითითებით, თბილისის მერია დღემდე აგრძელებს გარკვეული თანხების გაცემას დაზარალებულ მოსახლეობაზე, რაც არ უარყო მერიის წარმომადგენელმაც. ამას ისიც ადასტურებს, რომ მერიას ნ. ღ.-ზე უკვე გაცემული აქვს გარკვეული თანხები;
6. საოლქო სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 42.9, 81.1 მუხლების, «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონის მე-2, მე-13 მუხლების, «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» კანონის 1.2 მუხლის, სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის შესაბამისად მიიჩნია, რომ ფინანსთა სამინისტროს და თბილისის მერიას ნ. ღ.-ის მიმართ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 45995 დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს თბილისის მერია, რომელიც შემდეგი მოტივით ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და თანხის ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრებას:
1. მერია არ დაეთანხმა საოლქო სასამართლოს მიერ «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ», ასევე “თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» ორგანული კანონის 1.2 მუხლზე მინიშნებას, რადგან მოცემული დავა შეეხება არა აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ნაკისრ ვალდებულებას. პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულების თანახმად, ფინანსთა სამინისტროს ევალებოდა დაზარალებულთათვის მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად დაფინანსების წყაროს გამოძებნა, ხოლო მერიის ვალდებულებას შეადგენდა მხოლოდ საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაფინანსება თბილისის 1996წ. ბიუჯეტით გათვალისწინებული 5 მილიონი ლარის ფარგლებლში. ფინანსთა სამინისტროს მიერ დაფინანსების დამატებითი წყარო უნდა გამოძებნილიყო 1996წ. ბიუჯეტიდან, ხოლო დანარჩენი თანხა უნდა ანაზღაურებულიყო 1997წ. ბიუჯეტიდან;
2. კასატორი არ დაეთანხმა ფინანსთა სამინისტროს მითითებას იმის თაობაზე, რომ «სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ა/რ და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ» 1997წ. 17 დეკემბრის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანით, ქ. თბილისის ბიუჯეტში განისაზღვრა დღგ-დან ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივი, უკანასკნელი ორი წ. განმავლობაში 15%-ის ოდენობით. მერიის განმარტებით, ხსენებული თანხით არ იყო გათვალისწინებული 1991-92 წლების დაზარალებულთა მატერიალური ზარალის ანაზღაურება;
3. კასატორის მითითებით, თბილისის მერია პრეზიდენტის 1997წ. 1 დეკემბრის ¹704 ბრძანებულების საფუძველზე მართლაც ახდენდა თანხების გაცემას დაზარალებულებისათვის, მაგრამ ამის შესაძლებლობას იძლეოდა დაზარალებულთათვის აშენებულ და მშენებარე საცხოვრებელ სახლებში განთავსებული არასაცხოვრებელი ფართობების პრივატიზებიდან შემოსული სახსრები, რომელიც დაზარალებულებზე ნაწილდებოდა პროპორციულად და რაც მხოლოდ 15 ოჯახის დასაკმაყოფილებლად იყო საკმარისი.
მოწინააღმდეგე მხარეთა _ ნ. ღ.-ის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 23 იანვრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო პროცესუალურად უფლებამოსილია საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება-განჩინების კანონიერება (სამართლის ნორმების სწორად გამოყენება-განმარტება) შეამოწმოს მხოლოდ საკასაციო საჩივრის ფარგლებში და ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საოლქო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი, დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ვინაიდან 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის ¹192 ცნობისა და თბილისის მთავრობის 2001წ. 24 იანვრის ¹01.15.12 დადგენილების დანართის საფუძველზე, მოსარჩელე ნ. ღ.-ე სააპელაციო პალატის მიერ ცნობილ იქნა დაზარალებულ პირად, რომლის ზარალის ოდენობამაც დავის გადაწყვეტისას შეადგინა 45995 აშშ დოლარი, რაც არც კასატორს – თბილისის მერიას და არც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სადავოდ არ გაუხდიათ, ამიტომ საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, საკასაციო სასამართლო პროცესუალურად არაუფლებამოსილია სადავოდ გახადოს ნ. ღ.-ისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა და სასამართლო, საკასაციო საჩივრის შესაბამისად (ფარგლებში) იმსჯელებს მხოლოდ ნ. ღ.-ის სასარგებლოდ 45995 აშშ დოლარის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად თბილისის მერიისათვის სოლიდარულად დაკისრების კანონიერების შესახებ;
2. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს საოლქო სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტისას «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის», ასევე «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» კანონების უსწოროდ გამოყენების თაობაზე, რადგან კონკრეტული დავა ეხება არა აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლებას ორგანოების _ თბილისის მერიისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ იმ ვალდებულებათა ჯეროვან შესრულებას, რომელიც სახელმწიფომ იკისრა საქართველოს სახელმწიფოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის (კონსტიტუციის 69-ე მუხლის პირველი პუნქტი), საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულების მე-4 პუნქტით «თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ»;
3. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით ასევე ვერ გაიზიარებს თბილისის მერიის მოსაზრებას ნ. ღ.-ის სასარგებლოდ 45995 აშშ დოლარის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად თბილისის მერიისათვის სოლიდარულად დაკისრების უკანონობის შესახებ, რადგან საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ¹180 განკარგულების, ასევე სააპელაციო პალატის მიერ მართებულად მითითებული სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების: «ქ. თბილისში 1991წ. დეკემბერ - 1992წ. იანვრის მოვლენების დროს დაზარალებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. ¹336 დადგენილების, «თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსალეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობის და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. ¹197 ბრძანებულების, «თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ» პრეზიდენტის 1997წ. ¹704 ბრძანებულების თანახმად, 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად რიგი ღონისძიებების გატარება დაევალა როგორც თბილისის მერიას, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და თითოეულს უნდა მიეღო მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში _ მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებასა და სახლების მშენებლობაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო პალატამ, სკ-ს 463-ე მუხლის თანახმად, მართებულად ცნო თბილისის მერია და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სოლიდარულ მოვალეებად. მართალია, თბილისის მერიამ ნაწილობრივ შეასრულა ზემოაღნიშნული აქტებით დაკისრებული ვალდებულება საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნაწილში მაგრამ, რადგან სკ-ს 465-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე სოლიდარული მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება, ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაზარალებული ნ. ღ.-ის სასარგებლოდ თბილისის მერიასა და ფინანსთა სამინისტროსათვის სოლიდარულად 45995 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების თაობაზე. ამასთან სასამართლო განუმარტავს კასატორს, რომ სკ-ს 473-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულების მთლიანად შემსრულებელ მოვალეს აქვს დანარჩენი მოვალის მიმართ უკუმოთხოვნის უფლება, წილთა თანაბრობის კვალობაზე.
ამდენად, საკასაციო პალატა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, არ იზიარებს თბილისის მერიის საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 იანვრის განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს, ვინაიდან კანონის მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, სააპელაციო პალატამ საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სწორი შეფასებითა და შესაბამისი ნორმატიული აქტების (ბრძანებულება-განკარგულება, სამოქალაქო კოდექსი) მართებული გამოყენება _ განმარტებით გამოიტანა სწორი გადაწყვეტილება, რომელიც არ ემყარება კანონის დარღვევას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 იანვრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.